| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი მარინა გოცირიძე მოსწავლეებთან მეგობრული და უშუალო ურთიერთობით გამოირჩევა. ის, ბავშვებს მათ ინტერესებზე ორიენტირებულ და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს, ეს კი მოსწავლეებს სწავლის წყურვილს მეტად უღვივებს. „ზოგადად, ბავშვი არაფრით არ უნდა დავაშინოთ, ის ლაღი და ბედნიერი უნდა იყოს და სკოლა, სწავლა, მასწავლებელი მისთვის არ უნდა ასოცირდებოდეს შიშთან“, - ამბობს დირექტორი, მარინა გოცირიძე. დირექტორი ასევე ბავშვებს ყოველთვის საინტერესო და გამოსადეგ რჩევა-დარიგებებს აძლევს და აბედნიერებს, როდესაც ხედავს თუ როგორ იკვლევენ მისი ყოფილი მოსწავლეები მისგან მიღებული რჩევებით ცხოვრების გზას. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარინა გოცირიძესთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სიახლეების გაზიარებისა და განხორციელების, სასკოლო საზოგადოების ცხოვრების ყველა მიმართულების ახლებური მიდგომებით გააქტიურების, თანამედროვე მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად გაწეული მუშაობის წელი.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- შვილები პოზიტიურად განაწყონ სკოლის, სწავლისა და მასწავლებლის მიმართ. შვილებს არასოდეს უთხრან: „სკოლაში რომ შეხვალ მასწავლებელი ამისთვის დაგსჯის (რომელიმე არასასურველი ქმედებისთვის)“ არასოდეს შეაშინონ შვილები სკოლით, მასწავლებლითა და დირექტორით. ზოგადად, ბავშვი არაფრით არ უნდა დავაშინოთ, ის ლაღი და ბედნიერი უნდა იყოს და სკოლა, სწავლა, მასწავლებელი მისთვის არ უნდა ასოცირდებოდეს შიშთან. მისგან სასურველი ქმედებების მისაღებად
უმჯობესია რჩევების მიცემა, აღმზრდელობითი საუბრები მისთვის გასაგებ დონეზე და სხვა. მშობლების ნაწილი სკოლის, მასწავლებლის სახელს იყენებს იმისათვის, რომ მათმა შვილმა აღარ ჩაიდინოს არასასურველი ქმედება. სკოლა ბავშვისთვის არ უნდა წარმოჩნდეს „საფრთხობელად“, რადგან ეს ისეთ დაღს ტოვებს ბავშვზე, რომ მას წლების მანძილზე ვეღარ წაშლი.
მასწავლებლებს ძალიან დიდი ძალისხმევა ესაჭიროებათ ამის წასაშლელად თუ დასათრგუნად, ეს კი დიდ დროს მოითხოვს, რაც ზრდის სასწავლო დანაკარგებს. უმჯობესია შვილების სწორი ქმედებები
მივიღოთ აღმზრდელობითი მეთოდებით.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- დიდ, ლამაზ ზარს და წარწერას: „ლამაზ ფერებში ვხედავ მომავალს...“
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- არ დავდიოდი რეპეტიტორებთან. სკოლაში მიღებული ცოდნით უნდა გავსულიყავი მისაღებ გამოცდებზე. ვნერვიულობდი იმიტომ, რომ მაშინ ყველა რეპეტიტორებთან მეცადინეობდა და ჩემი ბავშვური ფიქრებით მეგონა ისინი ჩემზე ძლიერები იქნებოდნენ, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ ჩემი სკოლის მასწავლებლების (ქალაქ ტყიბულის N 1 საშუალო სკოლა).
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- თქვენ უნიკალურები ხართ, გვახარებთ თქვენი არსებობით, თქვენ ახლა იწყებთ საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებას, რომელიც თქვენ გასწავლით როგორ უნდა იყოთ ძალიან კარგები, როგორ უნდა შეძლოთ ცხოვრების გზაზე სვლა, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება და წარმარტებული მომავალი როგორ უნდა შეიქმნათ.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- „რა კარგი იყო ეს გაკვეთილი, მადლობა მასწავლებელო“ ( მე-6 კლასი) და „რა კარგი იყო, კარგად ვიხალისე და გავერთე“ (მე-4 კლასი, ფერადი ქაღალდებით გეომეტრიულ ფიგურებზე მუშაობისას)... ეს სიტყვები ბოლო წლებში უფრო ხშირად მესმის გაკვეთილის ბოლოს. ვფიქრობ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბავშვებს ძალიან მოსწონთ საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას სხვადასხვა აქტივობის გამოყენება, ერთფეროვნების ჩანაცვლება საინტერესო აქტივობებით. ადრე, როცა განსხვავებულ გაკვეთილებს ვატარებდით, მაშინდელი მოსწავლეებისგან ახლა მიღებული კომპლიმენტია: რა კარგად გვიხსნიდით, თავში „გვიდებდით“... სოციალურ ქსელში ხშირად მწერენ ჩემი მოსწავლეები: „თქვენ შემაყვარეთ მათემატიკა, მადლობა ამისათვის“.
- მოტივაციას მაძლევს...
- პირველ რიგში, მიღებული ცოდნის გამომჟღავნება მოსწავლეებისგან ყოველდღიურად და როცა ვხედავ, რომ ჩემგან მიღებული ცოდნით როგორ იკვლევს ცხოვრების გზას ჩემი ყოფილი მოსწავლე - ანუ, როცა ვხედავ ჩემი შრომის შედეგს...
ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის
პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო