სიახლეები
სიახლეები, სკოლები, საინტერესო

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ
08-10-2025
-
+


ერთი თვე არ არის, რაც საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი - 2025-2026 სასწავლო წელი დაიწყო. რამდენად არიან მოსწავლეები მოტივირებულნი, მიიღონ განათლება, შეიმეცნონ სხვადასხვა საგნების საფუძვლები და შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც მათ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს? - ამ კითხვებს ყველაზე უკეთ სკოლის ხელმძღვანელები უპასუხებენ, რომლებიც დღენიადაგ ზრუნავენ მომავალი თაობების განათლებაზე. etaloni.ge თანამოაზრე სკოლების ხელმძღვანელებს გაესაუბრა.

ნატო ბენდელიანს, აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის დირექტორს ეამაყება მოსწავლეთა ენთუზიაზმი, რასაც პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებად მიიჩნევს: „სამიოდე კვირაა სწავლა დაიწყო და მე, როგორც ხელმძღვანელს, უდავოდ მეამაყება ჩემი ბავშვების ენთუზიაზმი; მოტივირებულები არიან ისწავლონ, შეიმეცნონ, აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში, რაც ჩვენი პროფესიონალი პედაგოგების დიდი დამსახურებაა. გარდა ამისა, მოდი, ვაღიაროთ, რომ სწავლა-სწავლების ხარისხზე მნიშვნელოვანწილად მოქმედებს სასწავლო პროცესის ორგანიზებულობა, სახელმძღვანელოები, საკლასო ოთახების კეთილმოწყობა... ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით და მათი შედეგებით, რაც ნათლად ჩანს ხოლმე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“, - აღნიშნავს ქალბატონი ნატო და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, ბავშვებს ჰუმანიტარული საგნები მეტად მოსწონთ, ძალისხმევას არ იშურებენ, ისწავლონ ფიზიკა და ქიმია: „ჩვენთვის ბავშვის ინტერესები პრიორიტეტია. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ სამომავლო არჩევანმა სასკოლო მოსწრებაზე არ უნდა იმოქმედოს... ამიტომ თანაბარი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყოველი საგნის დასწავლას. პატარა სკოლა გვაქვს და ძალიან კარგი ბავშვები გვყავს“.

მზია მუთოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ომალოს საჯარო სკოლის დირექტორიც აცხადებს, რომ მოსწავლეთა ენთუზიაზმი წელს გაცილებით მაღალია, მეტად მოტივირებულები არიან და განსაკუთრებით ახარებთ ის ფაქტი, რომ შეიქმნა მათემატიკის წრე, სადაც სრულიად უსასყიდლოდ, პედაგოგები ზუსტი მეცნიერების „ლაბირინთების“ დაძლევაში ეხმარებიან აღსაზრდელებს:

„უდავოდ მეამაყება ჩვენი მოსწავლეების დამოკიდებულება სწავლისადმი, რაც მასწავლებლების დიდი დამსახურებაა. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ შევქმენით მათემატიკის წრე - ჩვენი ბავშვები ამ საგანში დამატებით მეცადინეობენ და ვერ წარმოიდგენთ, როგორი ინტერესი აქვთ... როგორც სკოლის ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ ბავშვმა სკოლაში ზოგადი განათლება უნდა მიიღოს იმის მიუხედავად, საბოლოოდ რა სპეციალობას აირჩევს. ამიტომ ჩვენი, პედაგოგების ვალია, შევაყვაროთ ყველა საგანი, უკეთ ავუხსნათ, უკეთ დავაკვალიანოთ, რათა მიღებული ცოდნა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგეთ“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორის, გიორგი იაკობიძის განმარტებით, მარტივი არაა არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეების სასწავლო რეჟიმში ჩაყენება, თუმცა აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ბავშვებიც ენთუზიაზმით ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში: „გარდა ამისა, ჩვენმა სკოლამ გაიარა ავტორიზაცია, რაც ვფიქრობ, ყოველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საკმაოდ პრესტიჟულია - მთავარია, გვქონდეს უსაფრთხო, კეთილმოწყობილი გარემო, რათა მომავალ თაობებს განათლების მიღების გარდა, სხვა საზრუნავი სკოლაში არ ჰქონდეთ“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი, ზურაბ აკობიძე etaloni.ge-სთან არა მხოლოდ მოსწავლეთა წარმატებებზე საუბრობს, არამედ გულისტკივლს გამოთქვამს იმის გამო, რომ სოფლიდან მოსახლეობა გაედინება, რაც, თავისთავად, მოსწავლეთა რაოდენობაზე აისახება:

„მაქსიმალურს ვაკეთებთ მეც, პედაგოგებიც, რათა ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ზოგადი განათლება, დაეუფლონ ამა თუ იმ საგნის საფუძვლებს, ისწავლონ მეგობრობა, უფროსების პატივისცემა და ჩამოყალიბდნენ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად... ბუნებრივია, სასწავლო პროცესის ხარისხზე გარემო მოქმედებს და სიამაყით გეტყვით, გასაოცარი ინფრასტრუქტურა გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ, ეს არაა საკმარისი. სოფლიდან მოსახლეობის გადინება ხდება, რაც მოსწავლეთა რაოდენობაზე უარყოფითად მოქმედებს. ოთხი შვილიშვილი მყავს და ძალიან მინდა, დაბრუნდნენ... ეს არის ჩემი გულისტკივილი - ამ სოფლის შვილი ვარ და მინდა, მაგალითი მივცე ახალგაზრდობას“.

ნუნუ სილაგავა, ბესიკ ხულორდავას სახელობის, მარტვილის მუნიციპალიტეტის, სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი კი აცხადებს, რომ სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყეს: „სწავლა ჩვეულ რეჟიმში დავიწყეთ, საზეიმოდ დავხვდით ჩვენს ბავშვებს, ყოველმხრივ მომზადებულები, საჭირო რესურსებით და სრულიად სასკოლო საზოგადოების დიდი ენთუზიაზმით - 2025-2026 სასწავლო წელს ძალიან კარგი შედეგები გვექნება. გარდა ამისა, ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვანი სიახლეა - დაგვემატა პროფესიული მიმართულება და ვერ წარმოიდგენთ, როგორი დაინტერესებაა ბავშვების მხრიდან. ძალიან გვინდა, თუკი ინფრასტრუქტურა ხელს შეგვიწყობს, დავამატოთ კიდევ ერთი პროგრამა. ფაქტია, პროფესიული სწავლების ინტეგრირებამ სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციაც აამაღლა და ისიც წარმოაჩინა, რომ მათ პროფესიების დაუფლების სურვილი უდავოდ აქვთ“. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის, მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ ნაჭყებია მოსწავლეთა საყვარელ საგნებზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, ადამიანი ყველა საგანს ერთნაირად ვერ ისწავლის, დიდია ბავშვების დაინტერესება ფიზიკით, ქიმიით, მათემატიკას კი ყველაფრის საწყისად მიიჩნევს.

„და კიდევ ძალიან უყვართ სამოქალაქო განათლება - საგანი, რომელიც მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. სამოქალაქო განათლება ხომ ისეთ საკითხებს მოიცავს, რომელიც 21-ე საუკუნის ადამიანმა უნდა იცოდეს; უვითარებს საჭირო უნარებს და კიდევ ძალიან მოსწონთ ასტრონომია - ბავშვები ისე ინტერესდებიან, სიღრმისეულად ცდილობენ, გაერკვიონ თითოეულ დეტალში. ეს არცაა გასაკვირი - სკოლა ხომ ის ადგილია, სადაც ბავშვები გარესამყაროს შეიმეცნებენ, იღებენ ზოგად განათლებას და იძენენ ისეთ უნარებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე უპირობოდ სჭირდებათ“.

ქედის მუნიციპალიტეტის, მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორი უშანგი დუმბაძე კი ღიმილით გვიმხელს, რომ „საწყისი კარგია“: „2025-2026 სასწავლო წელი უდავოდ კარგად, გასაოცარი შემართებით დაიწყეს ჩვენმა ბავშვებმა, რაც მეამაყება; იმედია ასევე გაგრძელდება, მით უმეტეს, ჩვენი სკოლა საბაზოა და ყველას გვახარებს, რომ სავალდებულო განათლება 10-წლიანი გახდა. ასე უკეთ დაისწავლიან საგნებს და მეტ წარმატებას მიაღწევენ ცხოვრებაში“.

ოთარ ვანაძის, წალკის მუნიციპალიტეტის, ხანდოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელისთვის მართლაც პრიორიტეტულია, მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი და დასწრების მაჩვენებელიც მაღალი იყოს. აქედან გამომდინარე, სიამაყით აღნიშნავს, რომ ის ბავშვებიც აქტიურობენ, რომლებსაც თუნდაც შარშან, ცოტა სიზარმაცე მოეძალებოდათ ხოლმე. 

„არ აცდენენ გაკვეთილებს, რაც ძალიან მახარებს... და იცით, ეს რამ განაპირობა? - მასწავლებლებისა და სკოლის სიყვარულმა! ის ბავშებიც კი დადიან, ვინც შარშან ცოტას ზარმაცობდა... ასე რომ, ხანდოს საჯარო სკოლაში ომახიანად დაიწყო სასწავლო წელი. მჯერა, წინ უამრავი წარმატება გველის“.

სასწავლო პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილია წალკის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი კაკო ანთაძეც, რომელიც დარწმუნებულია, რომ სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი გახდება არაერთი მიღწევისა და გამარჯვების საფუძველი მისი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.

მარტვილის მუნიციპალიტეტის, დოშაყეს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, მოგელი ახალაია ამაყობს მოსწავლეთა მიღწევებითა და სწავლისადმი ენთუზიაზმით, რაც მისი აზრით, განაპირობა იმან, რომ სავალდებულო განათლება 10-წლიანი გახდა:

„კმაყოფილი ვარ, რომ სასწავლო წელი მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც შემართებით დავიწყეთ... ჩვენი სკოლა საბაზოა, მცირეკონტინგენტიანი და ვფიქრობ, ენთუზიაზმი გააათკეცა საბაზო საფეხურისთვის ერთი წლის დამატებამ. ბავშვები მშობლიურ სკოლაში რჩებიან, თავის სოფელში, თავის ოჯახში და ბუნებრივია, ეს დიდი მოტივატორია“. 

10-წლიანი სავალდებულო სწავლებით კმაყოფილია ხობის მუნიციპალიტეტის, საგვიჩიოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელიც. თეონა მეგრელიშვილი etaloni.ge-სთან მოსწავლეთა მიღწევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბაზო საფეხურის გაზრდამ ყველას მოტივაციაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა: „ბავშვები აღარ გადადიან სხვა სკოლაში; მშობლებიც კმაყოფილები არიან, პედაგოგებიც და რა თქმა უნდა, ბავშვებიც. რთულია განშორება - ამდენ წელს ერთად ვატარებთ და მერე უწევთ სხვა გარემოსთან შეგუება. ახლა კი დამატებით ერთი წელი იქნებიან ჩვენთან, მეტად ჩამოყალიბებული, უფრო გაზრდილები და მეტი ცოდნით დაიწყებენ ცხოვრების ახალ ეტაპს“. 

დადებითად აფასებს 10-წლიან სავალდებულო სწავლებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის, კორტანეთის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ზურაბ გელაშვილი, თუმცა დასძენს, რომ „დიდად არაფერი შეცვლილა“ და მოსწავლე-მასწავლებლები ჩვეული ენთუზიაზმით წარმართავენ სასწავლო-საგაკვეთილო პროცესს.

დიდი შემართებით დაიწყო სასწავლო წელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სვერის საჯარო სკოლაშიც. დირექტორი, ბაგრატ ცუცქირიძე დარწმუნებულია, რომ მის მოსწავლეებს უამრავი წარმატება ელით:

„როგორც ხელმძღვანელი, კმაყოფილი ვარ სასწავლო წლის მიმდინარეობით, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ზაფხულის არდადეგები ბავშვებზე თავის კვალს ტოვებს... ამის გამო არ ვუწყრები, პირიქით, ადმინისტრაცია და მასწავლებლები ერთად ვცდილობთ, მივცეთ ჩვენს ბავშვებს მოტივაცია, ისწავლონ, იღვაწონ და შეიძინონ ყველა საჭირო უნარი, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ“.

ასე აფასებენ სკოლის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დასაწყისს. etaloni.ge კი კიდევ არაერთხელ დაინტერესდება, სკოლების, მოსწავლეების, პედაგოგებისა და სასკოლო საზოგადოების მიღწევებით.

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

საგამოცდო პროგრამა საგნების მიხედვით - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

პედაგოგებს ტრენინგებს მასწავლებლის სახლი სთავაზობს - ვადები რეგისტრაციის ბმული და სხვა დეტალები 

ყველა სკოლაში გაკვეთილები საქართველოს ჰიმნით დაიწყება - „მივიღეთ გადაწყვეტილება!“

რეჟისურაში „რუსთავი 2“-ის დირექტორს, ბაკურ ბაკურაძეს, 20 000 ლარს გადაუხდიან, სიმღერისთვის თამრიკო ვერდწითელს 11000 -ს,  ლიზა ბაგრატიონს 6500-ს...  იხილეთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა

ბოლო 24 საათში სკოლებში 100-ზე მეტი ახალი ვაკანსია გამოცხადდა

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეთა მოგზაურობა რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში არაერთი საინტერესო აქტივობით გრძელდება

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს საინტერესო შესაძლებლობისთვის

ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები, გაწეული შრომისათვის, მადლობას უხდიდნენ  და ქედს იხრიდნენ აღმზრდელი მასწავლებლების წინაშე
 
საინტერესო

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება