სიახლეები
პიროვნება

„თანამედროვე სკოლაში მასწავლებელიც მუდმივად სწავლობს... პედაგოგმა მოსწავლის „წაკითხვა“ უნდა იცოდეს“... - ჟუჟუნა ლობჯანიძე, პიპილეთის სკოლის დირექტორი
27-08-2025
-
+


ონის მუნიციპალიტეტის, პიპილეთის საჯარო სკოლას მალე მოსწავლეთა ჟრიამული აახმაურებს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებიც განსაკუთრებულად ემზადებიან ბავშვების შესახვედრად. etaloni.ge-ს დირექტორი, ჟუჟუნა ლობჯანიძე ესაუბრება და აღნიშნავს, რომ სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა: „მომზადება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს - სასწავლო გეგმების გადახედვა, მასწავლებლების მეთოდური მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და უსაფრთხოების ნორმების განახლება“... 

როგორც ქალბატონი ჟუჟუნა გვეუბნება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მასწავლებელთა მზაობასა და სასწავლო გარემოს გადახალისებას, რათა მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ. 

„ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა ემოციური მდგომარეობა. ვცდილობთ, შევქმნათ მშვიდი, მეგობრული გარემო, რათა თითოეულ მათგანს ჰქონდეს განცდა, რომ ელოდებიან და ზრუნავენ მასზე. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები პოზიტიური განწყობით შეუდგნენ სწავლას“, - აცხადებს პიპილეთის სკოლის დირექტორი და განგვიმარტავს, რომ ეს მიდგომები განსაკუთრებით ყურადსაღებია პირველკლასელთა მიღებისას: „პირველკლასელების მიღება ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და საზეიმო დღეა. ტრადიციულად ვამზადებთ პატარა მისალმებების ცერემონიას, რომელშიც მონაწილეობენ უფროსკლასელებიც. მათთვის ეს პასუხისმგებლობისა და მოსწავლეებში ერთობის გრძნობის გაღვივებაა. თითოეულ პირველკლასელს ვხვდები პირადად, ვაცნობ სასწავლო გარემოს, კლასელებს, მასწავლებლებს და ვაძლევთ დროს ადაპტაციისთვის. სპეციალურად ადაპტირებული სასწავლო გრაფიკი და ინტერაქციული თამაშები ეხმარება მათ ახალი გარემოს უკეთ შეგუებაში“.

როგორია იდეალური პირველი დღე სკოლაში? - ამ კითხვაზე მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს თავისი, ორიგინალური პასუხი აქვს, თუმცა დირექტორის გადმოსახედიდან, ის უნდა იყოს შთამაგონებელი და მშვიდი: „სავსე სითბოთი, ურთიერთგაგებით, კეთილგანწყობითა და მხარდაჭერით. ეს დღე არ უნდა იყოს მხოლოდ პროგრამული, შინაარსის მიწოდებაზე ორიენტირებული. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც ის უყვართ, მისი ესმით და ეხმარებიან მას.

პირველ დღეს მოსწავლეს ყველაზე მეტად ჭირდება სიმშვიდე, უსაფრთხოების განცდა და მოტივაცია. სწორედ, ამ ფუნდამენტზეა დამყარებული მთელი სასწავლო წელი“. 

ქალბატონი ჟუჟუნა რჩევებს არც დამწყები პედაგოგებისთვის იშურებს და ამბობს, რომ მოთმინება,  გულწრფელ ინტერესი მოსწავლეების მიმართ წარმატებულ პედაგოგს უნდა ახასიათებდეს:

„ბავშვები კარგად გრძნობენ, როდესაც მასწავლებელს ნამდვილად აინტერესებს მათი წარმატება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა იყოს დაფუძნებული ურთიერთპატვისცემასა და საჭიროებების გათვალისწინებაზე, როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან. გამჭვირვალობა და გულწრფელი კომუნიკაცია მშობლებთან აყალიბებს ნდობას. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის. 

ასევე პედაგოგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემპათიის გრძნობა - მოსწავლის მდგომარეობაში შესვლა და მისი საჭიროებების დანახვა; კომუნიკაციის კარგი უნარი, ორგანიზებულობა და მოქნილობა, რადგან სასწავლო პროცესი ხშირად მოითხოვს სიტუაციისადმი ადაპტირებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, თვითგანვითარების სურვილი. თანამედროვე სკოლაში მასწავლებელი თავადაც მუდმივად სწავლობს... რაც მთავარია, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შთაგონების უნარი, მოსწავლეებში გააღვივოს წარმატების სურვილი. 

გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის, ყველაზე დიდი სირთულე იყო ყველა მოსწავლის განსხვავებული საჭიროებებისა და თითოეულის ტემპის გათვალისწინება. რთული იყო იმ ბალანსის პოვნა, როდესაც კლასის ყველა მოსწავლე ერთდოულად ჩართული და მოტივირებული იქნებოდა. ამ პროცესის გამკლავებისთვის არსებობს თანდაყოლილი უნარები, საჭიროა პრაქტიკა, დაკვირვება და თვითრეფლექსია. დროთა განმავლობაში, ვისწავლე მოსწავლეების უკეთ „წაკითხვა“, მათი ინტერესების გათვალისწინება და სწავლების ინდივიდუალურად მორგება. ამ პროცესს დაეხმარა კოლეგებთან კონსულტაციაც, რადგან გამოცდილების გაზიარება ძალიან ღირებული რესურსია დამწყები (ახალბედა) პედაგოგისთვის“.

რაც შეეხება დირექტორის როლს, ჟუჟუნა ლობჯანიძე გვიმხელს, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უკვე ამზადებს მასწავლებელთა გუნდს წინასწარი დაგეგმვითა და საერთო მიზნების ფორმულირებით: „ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს, ვსაზღვრვთ პრიორიტეტებს, განვიხილავთ გასულ წელს გამოვლენილ გამოწვევებს და ვმოქმედებთ შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლის ერთწლიანი გეგმის მიხედვით. 

აქცენტს ვაკეთებ კოლაბორაციულ მუშაობასა და პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე. ასევე უზრუნველვყოფ მასწავლებელთა საჭირო გადამზადებას, ვქმნი გარემოს, სადაც გუნდი გრძნობს მხარდაჭერას და მზად არის ახალი გამოწვევებისათვის. 

ყველაზე ეფექტური მიდგომად მოტივაციის ასამაღლებლად მიმაჩნია აღიარება და ჩართულობა.  როდესაც პედაგოგი ხედავს, რომ მისი შრომა ფასდება და შეუძლია გავლენა მოახდინოს სკოლის განვითარებაზე, მის პროფესიულ მოტივაციას ეს მნიშვნელოვნად ზრდის. 

მოსწავლეთა შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხედავდნენ განათლების მიღების საჭიროებას - როგორ უკავშირდება ცოდნა რეალურ ცხოვრებას. აქვე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინო მათი ინდივიდუალიზმი, რადგან ყველა ადამიანში განსხვავებული გზით იღვიძებს მოტივაცია. 

დამწყები პედაგოგისთვის, უპირველესად, ვქმნი მხარდაჭერის მექანიზმებს. ახალ პედაგოგს ვაწყვილებ გამოცდილ პედაგოგთან, რომელიც მას დაეხმარება სასწავლო პროცესის დაგეგმასა და ანალიზში. ვთავაზობ მონაწილეობას ტრენინგებში, სემინარებსა და პროფესიულ ჯგუფებში. მაქვს მასთან მუდმივი უკუკავშირი და ვგრძნობ, მხარდაჭერის ატმოსფერო ეხმარება თავდაჯერებულობის მოპოვებასა და განვითარებაში.  მიმჩანია, რომ დამწყებ პედაგოგთა მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა სკოლის მომავალი განვითარებისათვის. 

ზემოთჩამოთვლილი ჩვენი მცდელობების წარმატების ნათელი დადასტურებ კი გახლავთ წინა წელს მიღებული სკოლის სრული ავტორიზაცია“.


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

საჯარო სკოლების დაფინანსებასა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ცვლილებები შეეხება - დეტალები

„მასწავლებელთა კვალიფიკაციის ხელშეწყობა პრიორიტეტია“ - გივი მიქანაძე

რა უფლებამოსილება ენიჭება სკოლას - ცვლილება სახელმძღვანელოს გრიფირების წესში შევიდა

189 000 ლარი „მასწავლებლის ჰიმნის“ ვიდეორგოლისთვის - მასწავლებლის სახლი „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ ღონისძიებისთვის ემზადება

ვის ჩაუტარდება აცრები უფასოდ - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - როდის ელიან სპეციალისტები ვირუსების პიკს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და საყვარელ პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის საკუთარი შემოქმედებით გადაუხადეს მადლობა

საინტერესო

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება