მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა და რატომ არის ქუთაისის N19 საჯარო სკოლა გამორჩეული და რა განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებას - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სკოლის ხელმძღვანელი ნატო კუხიანიძე გვესაუბრა.
- დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით და იმავე წელს შევედი სკოლაში მასწავლებლებად, შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგე ვიყავი და ბოლო 8 წელიწადია დირექტორი ვარ. დღეს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს, ამასთან ვარ სერტიფიცირებული და საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი, უფრო სწორად მოვალეობის შემსრულებელი, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ორი წელია ყველა დირექტორს ვადა ამოეწურა.
- ქალბატონო ნატო, თუ გაეცანით მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტს და როგორ აფასებთ მას?
- დიახ, დოკუმენტს გავეცანი და თითქმის ყველაფერი მისაღებია. მოქმედი მასწავლებელი რომელიც მუშაობს სკოლაში აგროვებს გამოცდილებას, თუმცა გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანია პედაგოგმა ფეხი აუწყობს სიახლეებს და თანამედროვე სტანდარტებს. უწყვეტი პროფესიული წინსვლა არის აუცილებელი მასწავლებლისთვის, ჩვენ მივესალმებით ამას და ვფიქრობ ამ დოკუმენტის მიზანიც სწორედ ეს არის.
- თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად გვესმის პედაგოგებისგან, რომ ახალი აქტივობების და ვალდებულებების დამატებით, პროფესიულ განვითარებაზე და წინსვლაზე ზრუნვით საბოლოოდ მოსწავლე უკანა პლანზე გადადის...
- არა, რატომ, ეს ყველაფერი ხომ მოსწავლისთვის კეთდება?! რაც უფრო მაღალკვალიფიციურია მასწავლებელი მით უფრო კარგად და ხარისხიანად აღწევს მიზანს - გავიდეს მოსწავლესთან მაღალ აკადემიურ შედეგზე.
ყველაზე მთავარი ამ პროცესში არის ცოდნის ტრანსფერი, მიიტანო შენი ცოდნა მოსწავლესთან. ეს ძალიან კარგად ხერხდება იმ თანამედროვე მიდგომებით და ტექნოლოგიებით რომელიც ინერგება.
პანდემიის პერიოდში ჩავერთეთ ახალი სკოლის მოდელშიც, ყველა მასწავლებელმა საგნობრივ ქოუჩებთან გაიარა ონლაინ გადამზადების კურსი, ტრენინგები, შედგა კურიკულუმები და მე კმაყოფილი ვარ, საკმაოდ კარგ შედეგს ვდებთ საბოლოო ჯამში.
- სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება ახსენეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით სასკოლო საზოგადოებაში აზრი ორად იყოფა, ნაწილი მიიჩნევს რომ ზედმეტად არიან მოსწავლეები გადართულნი ტექნიკაზე, რაც მატ ყურადღებას უფანტავს და საბოლოოდ ეს სწავლების ხარისხზეც აისახება. თქვენს სკოლაში რამდენად ხდება ამ საკითხის რეგულირება და ზოგადად როგორია თქვენი შეხედულება?
- 21-ე საუკუნეში სწავლა-სწავლების პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის საგაკვეთილო პროცესის ყოველდღიურობის ნაწილი. ჩვენ გვაქვს პროექტორები, ლეპტოპები და ამ ყველაფერს პედაგოგები იყენებენ.
დიახ, ბავშვებს აქვთ მობილურებთნ და ეკრანებთან მიჯაჭვულობა, თუმცა ეს საგაკვეთილო პროცესის მიღმა არსებული პრობლემაა და ამაში აუცილებელია, როგორ პედაგოგების, ისე მშობლების ჩართულობა. სასწავლო პროცესში კი მისაღებია, როგორც ტექნოლოგიების, ისე, სახელმძღვანელოების გამოყენება. წიგნი უპირველესია და მისი ჩანაცვლება შეუძლებელია, მაგრამ მასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიები არის აუცილებელი მაღალი ხარისხის განათლებისთვის.
- წელს ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევიდა მეათე კლასში, რამდენად კმაყოფილი ხართ ამ წიგნების და რეალურად არის თუ არა მორგებული იმ თანამედროვე სტანდარტებს, რომელსაც განათლების სამინისტრო ითხოვს?
- მეათე კლასში ავირჩიეთ ახალი სახელმძღვანელოები და კარგი იყო რომ გვქონდა ალტერნატივა. პედაგოგებს შეეძლოთ რამდენიმე ვარიანტიდან მათთვის უფრო სასურველი აერჩიათ. ძალიან საინტერესო და აუცილებელი სიახლე იყო პროექტებით სწავლების შემოღება. ვფიქრობ, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს უნდა შეეძლოთ პროექტების შექმნა-ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ახალი არ არის, ძალიან კარგია რომ ეს კომპონენტი სასწავლო პროცესში ჩაჯდა.
- საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, როგორც პედაგოგობის, ისე სკოლის ხელმძღვანელობის - როგორ ფიქრობთ, რას უნდა აძლევდეს სკოლა მოსწავლეს და ახერხებს თუ არა ამას?
- მოსწავლეს 12 წელი უწევს სკოლაში სიარული და მის პიროვნულად ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თამაშობს. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელიც სკოლაში და კლასში აქვს მოსწავლეს.
სკოლაში უნდა იყოს, მეგობრული, მშვიდი, თბილი გარემო და ეს მრავალ ფაქტორს უკავშირდება. მაგალითად, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება, სწავლის მოტივაცია, კლასში უნდა იყოს ჩართულობა, თანამშრომლობითი კულტურა, რასაც ხელს სწორედ მასწავლებელი უწყობს. მნიშვნელოვანია საქმიანი და გახსნილი ურთიერთობა იმისთვის რომ მოსწავლეებს შორის დადებითი ატმოსფერო შეიქმნას კლასში.
როგორც სკოლის ხელმძღვანელი ვთვლი, როცა მასწავლებელი მოდის სამსახურში, მას უნდა მოეჩქარებოდეს სკოლისკენ და სიხარულით აკეთებდეს თავის საქმეს, ასევე უნდა იყოს მოსწავლე, მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის მეორე სახლში მიდის, სადაც ძალიან თბილი მეგობრული გარემო ხვდება და შეუძლია მაქსიმალურად გაიხსნას თითოეულ მასწავლებელთან.
მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ აზრის გამოთქმის და სასკოლო ცხოვრებაში ცვლილებების შეტანის საშუალება, ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეების ზრდა-განვითარებაზე. მთავარი ცენტრი არის მოსწავლე და მის გარშემო ვერთიანდებით ყველანი: მშობლები, პედაგოგები, თემი.
სკოლა უნდა იყოს მოსწავლისთვის ცხოვრების გზის გამკვალავი. სკოლიდან გასული მოსწავლე, უკვე ზრდასრული ადამიანია და ის მზად უნდა იყოს ცხოვრებისთვის, ახალი პროფესიისთვის და ა.შ. ანუ უკვე ცხოვრებისთვის მომზადებული პიროვნება უნდა გავუშვათ სკოლიდან.
- გვითხარით, როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით წარმატებული სკოლა?
- წარმატებულ სკოლამდე მისვლა ძალიან რთულია, თუმცა ეს ალბათ თავიდან ბოლომდე მასწავლებელზეა დამოკიდებული. წარმატებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც არიან მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში ბავშვის სიყვარულით შედიან. არიან თავიანთი საგნის პროფესიონალები და შეუძლიათ ცოდნისა და საგნის სიყვარულის მოსწავლეებამდე მიტანა.
მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს განვითარებაზე და ამისთვის მას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა სკოლისგან.
ამასთან, აუცილებელია შესაბამისი ფიზიკური გარემო. 21-ე საუკუნეში საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიებით და ინვენტარით მოწყობილი გარემო, რათა მოსწავლემ მაღალი ხარისხის განათლების მიღება შეძლოს. ამ მხრივ ჩვენი სკოლა ამ ეტაპზე ცოტას „მოიკოჭლებს“ თუმცა მომავალ წელს დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის.
ჩვენს სკოლას გამორჩეული ისტორია აქვს და ორმაგად გვიხარია, რომ განახლდება ის გარემო რომელშიც ვიმყოფებით. სკოლა მეოცე საუკუნიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველად ეს ტერიტორია კერძო პირის, გენერალ სპირიდონ მაჭავარიანის საკუთრებაში იყო. იგი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა აქ და მას ჰქონდა საშინაო სკოლა. ეს იყო ადგილი სალონური შეხვედრებისთვის, სადაც დადიოდნენ აკაკი წერეთელი და სხვა ცნობილი ადამიანები, შესაბამისად ეს ადგილი საკმაოდ ბევრი საინტერესო ისტორიის მომსწრეა. უკვე ხანშიშესულმა გენერალმა მიწა სახელმწიფოს გადასცა, ერთადერთი პირობით - რომ ტერიტორიაზე დაარსდებოდა სკოლა. თავიდან ორკლასიანი სასწავლებელი აშენდა. დროსთან ერთად რამდენჯერმე შეიცვალა ფუნქცია ამ შენობამ თუმცა ბოლოს ვაჟთა სასწავლებლად გადაკეთდა და არაერთი სასახელო და ღირსეული ადამიანი გაზრდა. ჩვენც ვცდილობთ, ეს ტრადიცია გავაგრძელოთ და მაქსიმალურად ბევრი სასახელო ახალგაზრდა აღვუზარდოთ ქვეყანას.
ყოველწლიურად გვყავს წარჩინებული და მედალოსანი მოსწავლეები, აქტიურად ვართ ჩართულნი კლუბურ საქმიანობებში. სხვადსხვა თემატიკის კლუბი გვაქვს გახსნილი, მათ შორის სამოქალაქო განათლების, ნორჩ ქიმიკოსთა და ა.შ. სკოლაში დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ამასთან დაკავშირებით საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ატარებენ სხვადსხვა ტიპის ღონისძიებებს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, უსაფრთხო სკოლა და უსაფრთხო გარემო არის წარმატებული სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამ უსაფრთხო გარემოს ვქმნით ჩვენ: მასწავლებელბი, მშობლები, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებთან შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში
სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები