სიახლეები
სიახლეები

„პროექტით სწავლება უფრო მნიშვნელოვანი ხდება“ - დირექტორები სამინისტროს ინიციატივებს აფასებენ
21-09-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა. პირველკლასელებისთვის სავალდებულო გახდა ჭადრაკის სწავლება, II-VI კლასებებში კი, კომპიუტერული ტექნოლოგიები. ამასთან მეათე კლასში ცაკლე საგნად შევიდა „საქართველოს ისტორია“. მაღალმთიანი რეგიონების 18 საჯარო სკოლაში კი ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება დაიწყო.... 

აღნიშნული საიხლეებს შეფასებისთვის საჯარო სკოლის დირექტორებს მივმართეთ - რომელი ცვლილება მიაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად, რომელს ემხრობიან და რატომ, ამ კიტხვებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელები გვპასუხობენ:  

ქეთევან ჩოქური, სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, მიღებული სიახლეები ძალიან რაციონალური და სწორია. ჩემი გადასაწყვეტიც რომ ყოფილიყო, თითოეულ ამ ინიციატივას ხელს დიდი სიამოვნებით მოვაწერდი, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან სასარგებლოა. ჩვენთან, სასკოლო საზოგადოებაში, საქართველოს ისტორიის საკითხმა განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება გამოიწვია, მათ შორის, მშობლებშიც. ჭადრაკზე მოთხოვნა სკოლაში მანამდეც იყო, წრე ფუნქციონირებდა და რა საკვირველია, ამანაც დადებითი შეფასება გამოიწვია. კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება პირველი კლასიდან ჩვენ უკვე შარშან დავნერგეთ, საპილოტე რეჟიმში ვიყავით. უკვე ძალიან წარმატებულად და კარგად მუშაობს ეს სიახლე და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ეფექტურია, რადგან აიტი ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი უფრო თანამედროვე, საინტერესო და მისაღებია მოსწავლეებისთვის. ელექტრონული რესურსები კი იმდენად მდიდარია, რომ გაკვეთილზე მათი გამოყენება საინტერესო და შედეგიანია.

შაქრო ხიმშიაშვილი, შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს შემოთავაზებულ ყველა სიახლეს პატივს ვცემ და ვიზიარებ. ზოგადად, სანამ სამინისტრო პირველ კლასში ჭადრაკის სწავლებას სავალდებულოს გახდიდა, ჩვენ მე-2 და მე-3 კლასში ჭადრაკი არჩევით საგნად გვქონდა და ბავშვებს ვასწავლიდით. საქართველოს ისტორიის საკითხი იყო აუცილებლობა. ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიის გაყოფა და ისე სწავლება მისაღები და რელევანტურია. ამ გადაწყვეტილებას მე პირადად ყველანაირად მხარს ვუჭერ.

თინათინ ბიჭოლაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოში რომ ჭადრაკი უნდა ისწავლებოდეს, ეს უდავოა. ამიტომაც ძალიან გამიხარდა, რომ სავალდებულო საგნად შემოვიდა. ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ჩინელები ბავშვებს ჭადრაკს დაწყებითებში ასწავლიდნენ და რაღაცნაირად მსოფლიო ჩემპიონობა ჩამოგვართვეს. ძალიან კარგია, რომ ბავშვმა ეს სპორტი ელემენტარულ დონეზე მაინც იცოდნენ და ვინ იცის მერე მათ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეთ. რაც შეეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, დისტანციურმა სწავლებამ დაგვანახა, რომ აუცილებელია მოსწავლემ უფრო უკეთ იცოდეს კომპიუტერის გამოყენება. საქართველოს ისტორიაც უკვე რამდენი ხანია დანარჩენთან ინტეგრირებულად ისწავლებოდა, ძალიან კარგია, რომ გამოიყო და ცალკე საათები დაეთმო. მართალია, ჩემი სკოლა არ არის იმ სკოლებს შორის, თუმცა მე ძალიან მიხარია, რომ სამხედრო საქმის სწავლება დაიწყო. ბევრი საზღვრისპირა რეგიონი გვაქვს, საჭიროა, რომ ბავშვმა თავისი უსაფრთხოებისთვის სამხედრო საქმე რაღაც დონეზე იცოდეს. პროექტებით სწავლება თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში, ხელოვნებაში. პროექტებით მოსწავლეები კიდევ უფრო რეალიზდებიან.

თამაზ დიასამიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, ყველა სიახლე მნიშვნელოვანია, ეს იქნება სამხედრო საქმე, ჭადრაკი თუ საქართველოს ისტორია. ახლა ჩვენ პირველი კლასი არ გვყავს, თუმცა ჭადრაკის სავალდებულოდ სწავლება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება, მე-2 - მე-4 კლასებში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას, ეს დაგეგმილი იყო და მისასალმებელია. მე-5 კლასში რომ გადმოდის ბავშვი შემდეგი ეტაპისთვის უკვე მზად არის, ფლობს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. ჩვენ საპილოტე სკოლებში არ შევდივართ, თუმცა სამხედრო საქმის სწავლება მისასალმებელია. ჩვენ შემოთავაზებულ სიახლეებს მხოლოდ მივესალმებით.

თინა ზარიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის დირექტორი:

მე ისტორიის მასწავლებელი ვარ და აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ საქართველოს ისტორია ცალკე ისწავლება და საათები დაემატა. ამის აუცილებლობა იყო, რადგან მოსწავლეები თავიანთი ქვეყნის ისტორიას უკეთ შეისწავლიან. ზოგადად, არც ერთი სიახლის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, ყველაფერი სასარგებლოა. ამაზე ჩვენზე კომპეტენტურმა პირებმა იფიქრეს. ჭადრაკს პირველ კლასში მოსწავლეები რამდენად ისწავლიან, არ ვიცი, საათობრივი ბადეც გადატვირთული აქვთ.

თენგიზ გობაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი გადმოსახედიდან, ჭადრაკის სავალდებულოდ სწავლება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რადგან ეს მხოლოდ სპორტი არაა, მას ბავშვებისთვის გონების გახსნა შეუძლია. კარგი იქნებოდა, რომ მხოლოდ პირველ კლასში კი არა, რამდენიმე კლასში ერთად დაწყებულიყო, რადგან სწავლება ასე დროში უფრო გაწელილი გამოდის. იმ შემთხვევაში კი თუ რამდენიმე კლასი დაიწყებდა, პროცესი დაჩქარდებოდა. ახალი სასწავლო გეგმაც უხარვეზოდ მუშაობს, ახალი სკოლის მოდელში ჩავერთეთ და ალღო სწრაფად ავუღეთ. თვითშეფასება ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, თავისი გამართული პროგრამით და მოგვწონს. ახალი სასწავლო წლიდან შემოთავაზებული სიახლეები მისაღები კი არა, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დაგვიანებულიცაა, აქამდეც რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. ჩვენ მე-10 კლასი არ გვყავს, თუმცა საქართველოს ისტორიის სწავლება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ასე მოსწავლეები მეტად დაინტერესდებიან და საკუთარი ქვეყნის წარსულს უკეთ შეისწავლიან.

თემურ ჯანიბეგაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლის დირექტორი:

სიახლეებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოს ისტორიის სწავლებას მივიჩნევ, რადგან აქ მცხოვრებმა ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ქვეყნის ისტორია, ის თუ სად დაიბადა, რა წარსული აქვს, სად უნდა განვითარდეს. ზოგადად, უბრწყინვალესი ინიციატივები განხორციელდა, მით უმეტეს, პატრიოტული სულისკვეთების აღზრდის კუთხით. საქართველოში სამხედრო საქმის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რაც შეეხება ჭადრაკს, კარგი იდეაა მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.

ლეილა მერაბიშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე პირადად, ძალიან მივესალმები საქართველოს ისტორიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას, ეს ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღესდღეობით, მოსწავლეები ისე არიან დამოკიდებული კომპიუტერზე, რომ ისტორიას შესაძლოა ნაკლები დრო დაუთმონ, ამიტომაც ცალკე საათების დათმობა კარგი გადაწყვეტილება იყო. ასევე, დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიები თუ არ იცი, ცოტა ძნელია ცხოვრებას დაეწიო.

მარო ჩხიტუნიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა სიახლე, რომელიც წელს დაინერგა, ნამდვილად დროული და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მივესალმები პირველ კლასში ჭადრაკის სწავლებას. ის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საგანია. პირველი კლასიდან სწავლება კი ნამდვილად სერიოზული და კარგი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება საქართველოს ისტორიის საკითხს, ყოველთვის მაკლდა რაღაც და  როგორც მოქალაქე, ხელმძღვანელი და ისტორიის სპეციალისტი ამ სიახლეს ნამდვილად მივესალმები. სამხედრო საქმის პილოტირება ჩემს სკოლაში არ არის გათვალისწინებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ კარგი სიახლეა. ესეც აუცილებელია, რადგან ჩვენ - ქვეყანას, ეს ნამდვილად გვჭირდება. საბოლოო ჯამში, ყველა სიახლეს გულწრფელად მივესალმებით, ისინი დროული და კარგია.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება