სიახლეები
სიახლეები, სკოლები

„უდანაშაულო დამნაშავეებად ვიქეცით ამ მამაკაცის წინაშე, თოჯინით რომ დაეძებს მესამე შვილს“ - ბარდნალის სკოლის დირექტორის წერილი შოვის ტრაგედიაზე
14-08-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი შოვის ტრაგედიას გამოეხმაურა. 

მან ამ თემასთან დაკავშირებით, პოსტი სოციალურ ქსელში განათავსა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ცოტა ხნით სადღესასწაულო ფოტო-ვიდეო მასალის განთავსებისგან თავი შეიკავონ. დირექტორი წერს, რომ მათ თაობას მომავალმა თაობამ აჯობა. კერძოდ, კურსდამთავრებულებმა, რომლებსაც ბანკეტი გამოცდების შემდეგ უნდა ჰქონოდათ, გააუქმეს. 

etaloni.ge მთვარისა ახვლედიანის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენმა მომავალმა თაობამ აქაც გვაჯობა!...
ის, რისი თქმაც ამ „პოსტით“ მინდა, მთელი ეს დღეები მიტრიალებს გულსა და გონებაში, მაგრამ თავს ვიკავებდი; არ მინდოდა გეფიქრათ, მორალისტობს და სხვას განიკითხავსო...
ბოლოს კი გულმა სათქმელი ვერ დაიტია, პოეტისა არ იყოს:
„მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს!...“
უკვე ათი დღეა, თითქმის ყველანი შოვის ამ ტრაგედიით ვცხოვრობთ, ვათენ-ვაღამებთ იმაზე ფიქრში, ხომ არავინ უპოვიათ კიდევ?!...
ამ დილის მდგომარეობითაც ცხრას ისევ ეძებენ...
წარმოდგენაც მიჭირს, მძებნელთა, ანუ ჩვენს გმირ მაშველთა მდგომარეობისა, რა ჯოჯოხეთს უძლებენ!...
ამ დროს იქ მყოფ ელიზბარ ტატო კოპალიანს ყოფნის ძალა, დიდგორობა ასე გულიანად და ლექსით მოგვილოცოს ყველას; აქეთ გაგვამხნევოს და იმედი ჩაგვისახოს!...
სიტყვები ზედმეტია!...
ეს ვინ გვყოლია და არ გვცოდნია ჯერაც ჩვენს ლეჩხუმს!...
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა და ღვთის შეწევნა მასა და მის თანამებრძოლებს! 
დიახ, ბრძოლაა, მათ საქმიანობას სხვას ვერაფერს უწოდებ!...
მაგრამ ამ დროს, ამ საყოველთაო გლოვის ფონზე, შეუძლებელია, თვალში არ მოგხვდეს ზოგი ჩვენიანის თუ (ფეის)მეგობრის გალაღებული ფოტოები, ხშირად - ოჯახურ გარემოში, პიკნიკსა თუ პლაჟზე...
ღმერთმა ყველას ულხინოს, მაგრამ... ხომ შეიძლება, ეს სიხარული გულში დავიტიოთ, ცოტა ხნით მაინც!...
„მეზობელს რომ მუცელი ეტკინება, შენც მუცელზე ხელი უნდა მოისვაო", - ეს ანდაზა ჩვენთან გამიგონია, ლეჩხუმში, ეს მეორე კი: „სხვისი ჭირი ღობის ჩხირი", - ილიას სიტყვით რომ ვთქვა, მეც „შემოგდებული" მგონია...
ჩვენ არ გვესადაგება, ვფიქრობ!...
ასე არ გვიცხოვრია, მჯერა!...
მე, რომელსაც ხშირად მჩვევია პირადი თუ სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფოტოების აქ განთავსება, ახლა, როცა უდედოდდარჩენილი ლუსი და დაკარგული პატარები მიდგას თვალწინ გამუდმებით, ვეღარც შვილიშვილის ფოტოებს ვდებ ჯერჯერობით, რითაც დრო და დრო შორსმყოფის ნატვრას ვიკლავდი, ვერც ძველებს ვაზიარებ, ვერც შვილმკვდარ და ქვრივ კოლეგა სკოლის დირექტორის მეორე შვილის ქორწილში (რომლის გადადება ვეღარ ხერხდებოდა) წასვლა ვერ შევძელი, მთელი კვირაა, მხოლოდ ტაძრებში დავდივარ და იქედან დადებული ფოტოს (მათ შორის - ძველიც) გამოც მისაყვედურა ჩემმა ქალიშვილმა (ვფიქრობ, სამართლიანადაც!) ისე, როგორც ჩვენი უმძიმესი გლოვის დღეებში მეტყოდა, ამდენი ტკივილიანი პოსტის დადებით სხვას ნუ ამძიმებო...
ეს ფოტოკოლაჟიც შეგნებულად დავიწყე მსოფლიო კომიკოსის ამ საგულისხმო სიტყვებით!...
ჩვენი სიცილი არ უნდა გახდეს სხვისი გულისტკივილის მიზეზი!...
ეს ელემენტარული ადამიანობაა, რაც ახლა მოგვეთხოვება!...
მეტად უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენ, ადამიანები, რაღაც მისტიური ერთიანობით ვართ გადაჯაჭვული ერთმანეთთან და ერთის ტკივილი თუ სიხარული მეორისაც არის და მხოლოდ მაშინ გვეშველება, ალბათ!
ხომ ყველა ვგულშემატკივრობდით და გვახარებს ამ სასაკლაოს გადარჩენილ ბიძა-დისშვილის ფოტოს ხილვა, მთელი ფეისსივრცე რომ მოიცვა ამ დღეებში, მაგრამ ეს სიხარულიც გვეუხერხულება ერთგვარად, ისე როგორც ერთი უწესიერესი გადარჩენილი ოჯახი წერს:
„ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩითო"...
ჰო, მართალია, ყველანი უდანაშაულო დამნაშავეებად ვიქეცით ამ მამაკაცის წინაშე, თოჯინით რომ დაეძებს მესამე შვილის ცხედარს!...
ასევე მარიტა გუტაშვილის წინაშე, ოჯახის ორი წევრი რომ უკვე დაკრძალა და შვიდი აწი უნდა მიაბაროს მიწას!...
ყველა სიტყვა უძლურია!... 
ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის ვიდეომ გუშინწინ, მჯერა, ყველანი ერთნაირად შეგვძრა!... დილით, ტყეში მოხეტიალე მამას რომ გადააწყდა და ამის შესახებ მხოლოდ გვიამბო, გადაღება ვერ აკადრა... სხვაგვარად, აბა, როგორ შეიძლებოდა?!...
ჯერ ადამიანი ხარ, დედა, მამა, და, ძმა და მერე - ამა თუ იმ პროფესიის მქონე.
ამ სულგამოცლილ და ლასლასით მოსიარულე რობოტადქცეულ კაცს ფოტოს გადაღებაც როგორ შეჰბედეს, მიკვირს!...
მასაც, ალბათ, მხოლოდ ზურგშექცეულს უნდა ვუცქიროთ, ისე როგორც უცნობი მხატვრის ფოტოზეა, „იფიგენიას მსხვერპლად შეწირვა" რომ ჰქვია და სადაც ტარიგად შესაწირი გოგონა ორ მონას უჭირავს ხელში, მათგან ზურგშექცევით კი დგას აგამემნონი, მამა, რომელსაც სახეზე ხელები აქვს აფარებული...
სურათის გენიალურობაც იმაშია, რომ მხატვარი არ შეეჭიდა შეუძლებელს:
როგორადაც არ უნდა დაეხატა მამის სახე, რომელიც შვილის სიკვდილს (მკვლელობას) უყურებს, მნახველში მაინც უკმარისობის გრძნობას დატოვებდა, ალბათ, ამ საოცარი მიგნებით კი ყველას შეუძლია, თავად წარმოიდგინოს უბედური მამის სახეზე აღბეჭდილი უმძიმესი განცდები.
და ბოლოს, ერთი, რაც იმედისმომცემია, ისაა, რომ ჩვენმა ახალმა აქაც თაობამ გვაჯობა!...
ამ ხნის განმავლობაში, არც ჩვენი მოსწავლეების ფოტოები მხვდება აქ და არც კურსდამთავრებულების;
ის კი არადა, ბანკეტიც ყველამ გადადო, გამოცდების შემდეგ რომ ჰქონდათ დაგეგმილი და ასე გულით ეწადათ, უკვე სტუდენტადგამხდართ!...
მათ გაითავისეს მათივე თანატოლების, უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული უნიჭიერესი და-ძმისა თუ სხვა უმანკო მსხვერპლთა ბედი და არ ეზეიმებათ... ჯერჯერობით!...
ჩვენო გულიანო ახალგაზრდებო!
სწორედ ასეთები მიყვარხართ და მეიმედებით!...
ამის დროც დაგიდგებათ!..
ესეც ბუნების კანონზომიერებაა!...
სიცოცხლემ უნდა გაიმარჯვოს სიკვდილზე!...
მაგრამ ახლა კი, სრულიად საქართველოში, რომელსაც მთელი მსოფლიო თანაუგრძნობს, როგორც ყაზბეგის გმირი იტყოდა: „გლოვის დროა და ვიგლოვოთ, ძმანო“ (და დანო)! 
მომიტევეთ, თუ ვინმე უნებლიეთ გაგკენწლეთ!...  მხოლოდ ტკივილმა სიყვარულმა მათქმევინა“,- წერს მთვარისა ახვლედიანი.



კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
როგორ უნდა ნახოთ არის თუ არა დარჩენილი თავისუფალი ადგილები იმ სკოლაში სადაც ბავშვის  პირველ კლასში მიყვანა გსურთ
აკრძალულია ბავშვების მიმართ, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ გარემოში ძალადობა -  ბავშვთა უფლებები
როდის გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი აბიტურიენტებისთვის - naec
ექოლალია ბავშვებში - რას ნიშნავს და რა უნდა ვიცოდეთ
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება - რჩევები მშობლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ
პროექტი განხორციელდა ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. ბავშვებმა სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს
ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
ბოლოს, კი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ყველა ნამუშევარი მათ სადემონსტრაციო კედელზე გააკრეს
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება