| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლებსა და უნივერსიტეტებში მეცადინეობა დილით ადრე იწყება - მშობლებისთვის ასე უფრო მოსახერხებელია და მთელ მსოფლიოშია მიღებული.
მაგრამ რამდენად არის სიკეთის მომტანი მოსწავლისთვის, რომელსაც ქიმიური ფორმულების გაგება ნახევრადმძინარეს უწევს. არაერთმა კვლევამ შეისწავლა, რეალურად რა გავლენას ახდენს სწავლების ადრეული დაწყება მოსწავლეებისა და სტუდენტების ყურადღებასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
ბავშვებისთვის ძილი აუცილებლობაა. ის პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ყურადღების კონცენტრაციასა და ინფორმაციის დამახსოვრების უნარზე. ჩინეთში ამ საკითხს სერიოზულად მიუდგნენ და სკოლის მოსწავლეთა ძილის ხარისხის მონიტორინგი სახელმწიფო დონეზე დაიწყეს.
იხილეთ - გასაშლელი მერხები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის - ჩინეთში ბავშვებს სკოლაში ძილის უფლებას აძლევენ
კვლევები აჩვენებს, რომ თუ გაკვეთილები ოდნავ გვიან დაიწყება, ბავშვებიც უკეთ სწავლობენ. ინგლისში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ორი წლის განმავლობაში მეცადინეობას ჩვეულებრივი 08:50-ის ნაცვლად 10:00 საათზე იწყებდნენ. შედეგი მოულოდნელად დადებითი აღმოჩნდა. მეცნიერები აკვირდებოდნენ მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას, კონცენტრაციასა და ზოგად მდგომარეობას და განსხვავება აშკარა იყო: როდესაც გაკვეთილები გვიან იწყებოდა, ბავშვები ნაკლებად ავადობდნენ და უკეთ სწავლობდნენ. როგორც კი სკოლები სასწავლო პროცესის დაწყების ადრეულ საათს დაუბრუდნენ, შედეგებიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.
მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სასწავლო დღის დაწყების მხოლოდ ერთი საათით გადაწევამაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც ბავშვების ჯანმრთელობაზე, ისე მათ აკადემიურ მოსწრებაზე. მსგავსი დასკვნები მიიღეს სინგაპურშიც. იქ აღმოჩნდა, რომ სტუდენტები დილის 08:00 საათზე დაგეგმილ ლექციებს უფრო ხშირად აცდენენ, ხოლო ამ ლექციებზე მათი შეფასებებიც უფრო დაბალია. მეცნიერების დასკვნა საკმაოდ ლოგიკურია: თუ მეცადინეობები შედარებით გვიან დაიწყება, მოსწავლეებსა თუ სტუდენდებს უბრალოდ მეტი ენერგია და ყურადღება ექნებათ იმისთვის, რომ უკეთ ისწავლონ.
საინტერესოა ისიც, რომ მნიშვნელობა მხოლოდ სასწავლო დღის დაწყების დროს არ აქვს - მნიშვნელოვანია, რომელი საგანი ხვდება მოსწავლეებს დღის პირველ ნახევარში. 2016 წელს მინესოტას შტატის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ლოს-ანჯელესის სკოლების მონაცემები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სასწავლო დღეს მათემატიკით იწყებდნენ, უფრო მაღალი შეფასებები ჰქონდათ. ხოლო მათი შედეგები, ვისაც მათემატიკის გაკვეთილი შუადღის შემდეგ ჰქონდათ, შესამჩნევად დაბალი აღმოჩნდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია - დაღლა. შუადღისთვის მოსწავლეები უკვე იღლებიან, კონცენტრირება რთულდება და გაკვეთილების ხარისხიც იკლებს.
სასწავლო დღის მოგვიანებით დაწყება სასარგებლო ყოფილა პედაგოგებისთვისაც. 2022 წელს მინესოტას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში კოლორადოს დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლების თითქმის 1 800 პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ გაკვეთილების დაწყების დროის, კონკრეტულად, 07:10-დან 08:20 საათამდე გადაწევამ მათი ზოგადი მდგომარეობა შესამჩნევად გააუმჯობესა. პედაგოგებს უფრო დიდხანს ეძინათ, გაკვეთილებზე მეტი ენერგიით მიდიოდნენ და, საბოლოოდ, უკეთ ასწავლიდნენ.
კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ სასწავლო განრიგის მცირედმა ცვლილებამაც კი შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ისე სასწავლო პროცესში ჩართული ადამიანების - მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების ზოგად კეთილდღეობაზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი