| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასკოლო ფორმა ბავშვებს პასუხისმგებლობას მატებს, ტელეფონების აკრძალვა კი სასწავლო პროცესზე კონცენტრირებას უწყობს ხელს - აღნიშნავს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ანესიანი და სკოლებში ახალი წესების შემოღებას მიესალმება.
მისი თქმით, სასკოლო ფორმების, გაკვეთილების პერიოდში მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა არა მხოლოდ სასწავლო გარემოს მოწესრიგებას, არამედ მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და სასწავლო მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, ტელეფონების აკრძალვა კი მათ საშუალებას აძლევს, მეტი ყურადღება დაუთმონ გაკვეთილებსა და პედაგოგს.
„სკოლა, მშობლები და ბავშვები სასკოლო ფორმების შემოღებას დიდი სიხარულით შეხვდნენ. პირველკლასელები ლამაზად ჩაცმულები მოდიან სკოლაში და ყველას ყურადღებას იქცევენ. სულ მალე ფორმეს მე-2-მე-4 კლასების მოსწავლეებიც მოირგებენ. მივესალმები, თუ სასკოლო ფორმა მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო გახდება. ეს სიახლე ძალიან კარგად ერგება სასკოლო ცხოვრებას. სასკოლო ფორმა ბავშვებს პასუხისმგებლობას მატებს. ისინი საზოგადოებისთვის უკვე სკოლის მოსწავლეები არიან და მათ მიმართაც განსხვავებული დამოკიდებულება ყალიბდება.
რაც შეეხება მობილურ ტელეფონებს, ყუთები ყველა საკლასო ოთახის წინ არის განთავსებული. ჩვენს სოფელში ყველა ერთმანეთს იცნობს და მოსწავლეებმაც წინასწარ იცოდნენ, რომ სკოლაში ტელეფონი არ უნდა მოეტანათ. თუ ვინმეს მაინც მოჰქონდა, გაკვეთილების მიმდინარეობისას დამრიგებელს აბარებდა. თუმცა, გასაგებია, რომ ჩვენს სკოლაში ამის გაკონტროლება შედარებით მარტივი იყო, დიდ სკოლებში კი ეს გაცილებით რთულია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს წამოწყება ძალიან კარგია. მოსწავლე უფრო მობილიზებულია და მეტად არის ორიენტირებული სწავლაზე. წარმოიდგინეთ, გაკვეთილის მიმდინარეობისას ტელეფონის ხმა, შეტყობინებები და ზარები რამდენად გამაღიზიანებელია როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგისთვის. სკოლა სასწავლო დაწესებულებაა და მოსწავლემ მაქსიმალურად უნდა მოუსმინოს პედაგოგს, გაკვეთილიდან კი რაც შეიძლება მეტი ცოდნა წაიღოს. ეს არის მთავარი! ახლა ბავშვებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ყურადღებით მოუსმინონ პედაგოგს, აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში და მიიღონ ის ცოდნა, რისთვისაც სკოლაში დადიან. ყველა ეს ინიციატივა ძალიან დროულია“,- აღნიშნავს დირექტორი.
რუბენ ანესიანის თქმით, სკოლა დიდი სიხარულით შეხვდა პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“. პირველკლასელებმა სხვადასხვა სახეობის ხეები ხალისით დარგეს, მათ ზრდა-გახარებას კი შემდგომშიც დააკვირდებიან და უკეთ გააცნობიერებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას.
„ჩვენმა პატარებმა საკუთარი სახელობის ნერგები ისეთი ხალისითა და სიხარულით დარგეს, რომ მათი ბედნიერების ყურება მართლაც სასიამოვნო იყო. არ იცით, როგორ უვლიან თავიანთ ნერგებს! ეს ინიციატივა ბავშვებს ბუნების სიყვარულს, გაფრთხილებასა და დაცვას ასწავლის. მინდა, ყველა მოსწავლემ სკოლიდან მაქსიმალური ცოდნა გაიტანოს, უყვარდეს გარემო და ბუნება, პატივს სცემდეს უფროსებს და სწავლობდეს ერთმანეთის პატივისცემას. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებით ისინი ყველაფერს მიაღწევენ“, -აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა