| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ის პრიორიტეტებია, რაზეც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი ზრუნავს.
სკოლის დირექტორი, მიიჩნევს, რომ განათლების ხარისხის ამაღლებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას, ისე სკოლებში დაწესებულ ახალ რეგულაციებს. დირექტორი დადებითად აფასებს როგორც სასკოლო ფორმების შემოღებას, ისე გაკვეთილებზე მობილური ტელეფონების აკრძალვას.
მისი თქმით, კარტიკამის საჯარო სკოლაში შექმნილია გარემო, სადაც მოსწავლეები სწავლაზე არიან ორიენტირებულნი, სასწავლო პროცესი კი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.
„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება მივცეთ და მათ განვითარებაზე მუდმივად ვიზრუნოთ. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედაგოგთა პროფესიულ ზრდას. სკოლაში ათი უფროსი მასწავლებელია, რომლებიც გამოცდაზე არიან უკვე დარეგისტრირებულნი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
როგორც სკოლის დირექტორი, სრულად ვუჭერ მხარს მათ პროფესიულ წინსვლას და ხელს ვუწყობ ამ პროცესს. დარწმუნებული ვარ, მასწავლებელთა სტატუსის ამაღლება და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება სწავლების ხარისხზეც დადებითად აისახება.
სასკოლო ფორმების შემოღებას მთელი სასკოლო საზოგადოება, მათ შორის მშობლები და თავად მოსწავლეები, დიდი სიხარულით შეხვდნენ. პირადად მე ძალიან მიხარია ეს სიახლე და ვისურვებდი, რომ ფორმა ყველა მოსწავლეს ეცვას მე-12 კლასის ჩათვლით. სასკოლო სამოსი ძალიან ლამაზია, მოსწავლეებს საზოგადოებისგან გამოარჩევს. ამასთან, მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად ზრდის ბავშვების პასუხისმგებლობას და ეხმარება მათ, გააცნობიერონ საკუთარი როლი სასკოლო საზოგადოებაში. ამჟამად. მე-2-დან მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ფორმებს ველოდებით“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
არარატ ელიზბარიანი ასევე მიესალმება გაკვეთილებზე მობილური ტელეფონების აკრძალვას.
„სიმართლე გითხრათ, ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა უმრავლესობას ისედაც არ დაჰქონდა ტელეფონი და მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი გვყავდა. ტელეფონების შესანახ ყუთებსაც კი არ ვკეტავთ, რადგან სკოლაში უსაფრთხოება მაღალი დონეა და გვჯერა, რომ არავინ იკადრებს სხვისი ნივთის აღებას. გარდა ამისა, ყველა მასწავლებელს საკლასო ოთახში აქვს კომპიუტერი, პრინტერი და პროექტორი, რაც სასწავლო პროცესს გაცილებით საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. ტელეფონების გარეშე მოსწავლეებს ყურადღება მთლიანად გაკვეთილზე გადააქვთ, აღარ არიან სხვა აქტივობებით დაკავებულნი და უკეთ ერთვებიან სასწავლო პროცესში. პედაგოგები კი სხვადასხვა თვალსაჩინო მასალასა და ტექნოლოგიას იყენებენ, რაც ბავშვებს საკითხების უკეთ გააზრებაში ეხმარება“,- აღნიშნავს დირექტორი.
სკოლის ხელმძღვანელი სიხარულით შეხვდა მთავრობის გარემოსდაცვით ინიციატივას - “ჩემი პირველი ნერგი“ .
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პირველკლასელებმა უკვე დარგეს ნერგები და ახლა დიდი მონდომებით უვლიან საკუთარ ხეებს. მათი ენთუზიაზმი მართლაც გასაოცარია – ყოველდღიურად რწყავენ ნარგავებს. ეს ერთი შეხედვით პატარა აქტივობა ბავშვებში პასუხისმგებლობის, შრომისა და ბუნებისადმი მზრუნველობის გრძნობას ავითარებს. ასე რომ, ჩვენს სკოლაში სიცოცხლე ჩქეფს და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი მთავარი პრინციპია - ხარისხიანი სწავლება.
მინდა, ყველა ახალგაზრდას ვუსურვო, რომ ისწავლონ, იშრომონ და არასდროს შეწყვიტონ განვითარება. მინდა იცოდნენ, რომ სკოლა, მშობლები და მთლიანად სასკოლო საზოგადოება ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით და მათ წარმატებას მხარს დავუჭერთ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა