მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში განხორცილდა სასკოლო პროექტი -„ახალგაზრდები ერთად მრავალფეროვან სამყაროში“.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა.
როგორც სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან შანიძე აღნიშნავს, პროექტის განხორციელების პროცესი არ იყო მარტივი, მაგრამ იყო საინტერესო, შედეგი კი სასარგებლო და საამაყო. მისი თქმით, პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო პიროვნულ და გლობალურ კონტექსტში მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მომზადება.
„განათლებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს სოციალური ერთობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშესაწყობად, მდგრადი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარებაში. სხვადასხვა აქტივობით წაახალისოს განსხვავებული კულტურის რწმენისა და რელიგიის ადამიანები.
ტერმინი - „ინტერკულტურული“ აღნიშნავს არა მხოლოდ ეთნიკურ და ეროვნულ კულტურულ ელემენტებს, არამედ მოიცავს ლინგვისტურ, რელიგიურ და სოციოეკონომიკურ მრავალფეროვნებასაც.
არსებობს ორი მიდგომა: მულტიკულტურული განათლება-კულტურათა აღიარება და მათდამი ტოლეტანტობა; ინტერკულტურული განათლება-მულტიკულტურულ საზოგადოებაში განვითარებადი და მდგრადი თანაცხოვრება სხვადასხვა კულტურულ ჯგუფებს შორის.
„ინტერკულტურული განათლება ემსახურება მულტიკულტურული გარემოს საგანმანათლებლო მიზნებს, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, რომლებიც სხვადასხვა კულტურულ, ენობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ჰქონდეთ სწავლაში წარმატების თანაბარი შანსი.
რას ეფუძნება ინტერკულტურული განათლება სკოლაში?- ინტერკულტურული სწავლების 4 ინტერაქტიური განზომილებას /ბენტის მიხედვით/:
1.თანასწორობის პედაგოგიკა;ინტერკულტურული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია კურიკულუმის გარდაქმნა ისე, რომ მოსწავლეებმა გაიგონ როგორ იქმნება ცოდნა და რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე მისი შემქმნელების პიროვნული, სოციალური, კულტურული, გენდერული და სხვა სახის გამოცდილება.
ინტერკულტურული განათლების ზოგადი პრინციპები ჩამოყალიბებულია იუნესკოს მიერ, მას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და განათლების სისტემა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორის, ქალბატონ ნანი ცივაძის ინიციატივით, გადავწყვიტეთ მულტიკულტურულ გარემოში სწავლება-სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიების მოსინჯვა./ სკოლას აქვს რუსული სექტორი, სადაც სწავლობს სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე/.
მოსწავლეებთან, მასწავლებლებსა და მშობლებთან ჩატარებული საუბრებისა და ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა ურთიერთობების დეფიციტი, ერთმანეთის პრობლემებიდან შორს დგომა, გულგრილობა, ინტერკულტურული განათლების დაბალი დონე, რადგან მოსწავლეები მხოლოდ სასკოლო საგნებზე არიან მიჯაჭვული და ნაკლებად ერთვებიან არაფორმალურ განათლებაში. მათთვის მთავარია აკადემიური მოსწრება .
2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე, მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა კათედრის წარმომადგენლებთან. გვსურდა პროექტს მოეცვა ფორმალური და არაფორმალური განათლება. ჩართულობა ყოფილიყო მაღალი, ყველა კათედრის, სასკოლო საზოგადოების, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების, მშობლების. დაიგეგმა აქტივობები, პროექტის ხელმძღვანელობა მომანდეს მე, ქართულის მასწავლებელ ქეთევან შანიძეს“,- გვეუბნება პედაგოგი და პროექტის მიზნებზე გვესაუბრება.
მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურისა და ხელოვნების, ეროვნული სამოსის გაცნობის მიზნით, კითხულობდნენ და ეცნობოდნენ ინტერნეტში მოძიებულ მასალას, აკეთებდნენ, მასწავლებლის დახმარებით, ადაპტირებულ ტექსტს, ქმნიდნენ ლექსიკონს, პოსტერებს, პრეზენტაციებს, ბუკლეტებს, ვიდეორგოლებს; აკვირდებოდნენ და პოულობდნენ მსგავსება - განსხვავებას სახელმწიფოებს შორის, ქართულ და მათ ეროვნულ - აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, ებრაულ, თურქულ სამოსთან, ავსებდნენ „ვენის დიაგრამას“, მსჯელობდნენ და ადარებდნენ თანამედროვეობას, ეცნობოდნენ ერთმანეთის მოძიებულ ინფორმაციას, მონაწილეობდნენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო თამაშში - „დააკავშირე“, „გამოიცანი“, ქმნიდნენ ეროვნულ კერძებს, წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. აწყობდნენ პრეზენტაციას. სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ბავშვებით დაკომპლექტებულ სპორტულ გუნდებს შორის იმართებოდა შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობებში (მასწავლებლები ლ. ლაშხია და დ. მესხიძე).
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი შეისწავლეს საქართველოს კუთხეები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები.
პროექტის დასკვნითი კვირეული დაიწყო 1-ელ ივნისს და მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
მოწაფეებმა წარმოადგინეს პოსტერები საქართველოს კუთხეებისა და შესწავლილი ქვეყნების მიხედვით, ასევე, მათ მიერ დამზადებული მაკეტები, სხვადასხვა კერძები. ჩართული იყო დაწყებითი საფეხურის ყველა კლასი.
პედაგოგი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მაკეტების დამზადებისთვის მოსწავლეებს - ბარბარე მესხიძეს (IIკლ. მასწავლებელი ვიქტორია ფეოდოროვა) და არტიომ დუნაევს (V კლ.მასწავლებელი ქეთევან ქვარცხავა).
5 ივნისს მოეწყო გალა-კონცერტი, რომელზეც მოსწავლეებმა წარადგინეს შესწავლილი კუთხეებისა და ქვეყნების სიმღერები, ცეკვები და სამოსი. (მასწავლებლები ანჟელა ოქროპირიძე და შორენა ჩიჯავაძე-ხალვაში).
„სასიამოვნო მოსასმენი იყო მესამეკლასელების შესრულებული „რა კარგია გურია“, „იმერული“, „კირია ლესა“. თეონა სურმანიძის ნამღერი „ქარი გიმღერის ნანასა“ და უკრაინული ხალხური სიმღერა. ყაზახური ხალხური ცეკვა შეასრულა მე-6 კლასის მოსწავლე იმან ადიამ, „აჭარული“ და „მთიულური“ ცეკვების ცეცხლი დაატრიალეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა - ნინი ბოლქვაძემ, ლიზი ცერცვაძემ, ლიკა შამილიშვილმა და ლიზი ცინარიძემ.
შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ წაიკითხა დავით კიკვაძემ (IX კლ.) სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელმა ბავშვებმა ერთად შეასრულეს სვანური „შინა ვორგილი“. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის ზრუნავდნენ და შიდა პროექტებს ასრულებდნენ მ. ქარცივაძე, ნ. მოწყობილი, ნ ხურდაძე, ზ. ანანიძე, მ. ნოღაიდელი, რ. სარუხიანი. ყველა აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები“,- დასძენს პედაგოგი.
6 ივნისს გაიმართა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთობლივი კონფერენცია, რომლის თემა იყო - „ინტერკულტურული განათლება და შემოქმედებითი მიდგომები“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები და თემები - 1.„პროექტი-ინტერკულტურული განათლების საუკეთესო საშუალება“- ქ. შანიძე. 2. „ყურბან საიდის „ალი და ნინო“ - განსხვავებულ კულტურათა კავშირი და პერსონაჟებად ქცეული ადამიანები“- ანა ცეკნოვა, გვანცა ბერიძე (Xკლ.) მასწავლებელი გ. ლომაძე. 3. „ჩვენ და სხვები“- თ. გოგიტიძე.4. „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ (ტოლერანტობა) - მ. ტაკიძე (X კლ) მასწავლებელი გ. მჟავანაძე. 5.„სამეგრელო და მეგრელები“- მ. მემარნე; 6.„მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში“ - ნ. ცინარიძე; 7. „ფორმალური და არაფორმალური განათლების როლი სწავლა-სწავლების პროცესში“ - ა. ოქროპირიძე. 8. „შავი ზღვა- მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვა“ -ნ. გიორგაძე, მასწავლებელი - ნ. ჯინჭარაძე.
„განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციები რეგულარულად ქვეყნდებოდა სკოლის „ფეისბუქგვერდზე“, რაშიც ძალიან გვეხმარებოდა და ფოტომასალას აგროვებდა აიტ-მენეჯერი-ქალბატონი ნანა გოგიშვილი.
პროექტის განხორციელების პროცესი არ იყო მარტივი, მაგრამ იყო საინტერესო, შედეგი კი სასარგებლო, სასიამოვნო და საამაყო. მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ შთაბეჭდილებებში, მშობელთა მადლიერებასა და მასწავლებელთა რეფლექსიებში კარგად ჩანს ის შედეგები, რაც ამ პროცესმა მოუტანა მასში ჩართულ საზოგადოებას. აქ არ დავწერ, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ, ეს სხვა განხილვის თემაა, მაგრამ აღვნიშნავ, რომ პროექტის მიმდინარეობის ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოფილეთ და იუნესკოს მიერ ჩამოყალიბებული ზოგადი პრინციპებიც კონკრეტულად ვაქციეთ.
დასრულდა პროექტი, მაგრამ გაგრძელდება საქმიანობა კლუბებში, რომლებიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა და სკოლის ინიციატივიანი ხელმძღვანელის, ქალბატონ ნანი ცივაძის თაოსნობით კვლავ დავგეგმავთ საჭირო და საინტერესო პროექტებს“,- აღნიშნავს პედაგოგი ქეთევან შანიძე.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
ვაჟა-ფშაველას ლექსი და გურამ რჩეულიშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან პირველი აბიტურიენტები გამოვიდნენ
ლევან ღირსიაშვილი წინა წლებში იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს