სიახლეები
სიახლეები

„მწარედ მახსოვს, 5 წლისა შემიყვანეს სკოლაში, მე კი თამაში მინდოდა...“ - არიან თუ არა მზად 5 წლის ბავშვები სასკოლო ცხოვრებისთვის
04-05-2023
-
+


1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში შესვლას შეძლებენ - გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. აქამდე, პირველ კლასში შესვლა მათ შეეძლოთ, ვისაც 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებოდა 6 წელი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამომავლოდ დაგეგმილი აქვს, რომ სკოლაში შესვლა იმ ბავშვებმაც შეძლონ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის შეყვანა მშობლისთვის ნებაყოფლობითია და აუცილებლობას არ წარმოადგენს. მშობელს თავად შეუძლია განსაზღვროს, არის თუ არა მისი შვილი მზად სკოლისთვის.

Etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ მშობლები სასკოლო ასაკის ცვლილებაზე. როგორც გაირკვა, ბავშვები, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ 6 წელი, სასკოლო მზაობის ჯგუფში არ ირიცხებოდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მათ სკოლაში შესვლა არ უწევდათ. ამის მიუხედავად, მშობელთა ნაწილი მაინც მზად არის, შვილი სკოლაში შეიყვანოს.

წყნეთში მცხოვრები 5 წლის ბიჭის დედა, ნინო ხარაიშვილი გვიყვება, რომ მიუხედავად იმისა, მისი შვილი საბავშვო ბაღში სასკოლო მზაობის ჯგუფში არ ირიცხებოდა, თვლაც იცის, ასოებსაც ცნობს და, შესაბამისად, სასკოლოდ მზად არის.

- ჩემი შვილი 5 წლის არის, 19 ოქტომბერს უსრულდება 6 წელი და შემყავს სკოლაში. ერთი წელი ეკარგებოდა ბავშვს, კანონში ცვლილება რომ არ შეეტანათ. მომდევნო სასწავლო წლისთვის ფაქტობრივად 7 წლის იქნებოდა უკვე. განვითარებითაც კარგი ბავშვია და, ვფიქრობ, კარგად დაძლევს პირველი კლასის მასალას. რადგან აქამდე კანონით არ ეკუთვნოდა სკოლაში მისვლა, საბავშვო ბაღში, 4-5 წლიან ჯგუფში ჩამირჩა ბავშვი და სასკოლო მზაობის ჯგუფში არ გადაიყვანეს. რადგან ახლა შეიცვალა მოცემულობა, სასკოლო მზაობის ჯგუფში გადაიყვანენ და იქ გაატარებს ამ ბოლო ორ თვეს.

კანონის ცვლილება ძალიან გამიხარდა, თორემ მოუწევდა მთელი წლის ისევ ბაღში გატარება. არადა, თვლაც იცის 50-მდე, უკუთვლასაც ახერხებს, ასოებსაც ცნობს... ამ დროს კი სასკოლო მზაობის ჯგუფშიც არ იყო და არც აქვს ნასწავლი შესაბამისად ის პროგრამა, რასაც ამ ჯგუფებში გადიან. ბავშვი ადვილად იმახსოვრებს, მაგალითად, რამოდენიმე წინადადებიან ტექსტს და ა.შ. ვფიქრობ, მზად არის სკოლისთვის და ბეწვზე მოგვისწრო ამ კანონმა.

ტყიბულში მცხოვრები ანა პასტერნაკის 5 წლის შვილს წელს სკოლაში შესვლა არ შეუძლია, რადგან ის 10 ნოემბერს არის დაბადებული, თუმცა უკრაინული წარმოშობის დედა არ ნანობს, რომ 10 დღის გამო ბავშვი ერთი წლით გვიან გახდება მოსწავლე.

- 10 ნოემბერს არის დაბადებული ჩემი შვილი და კანონით არ ეკუთვნის სკოლაში შესვლა. ჩემი აზრით, ცოტა ადრეა ამ დროს ბავშვის სკოლაში შეყვანა, რადგან ფსიქოლოგიურად მზად არ არის. კი, ისწავლის სკოლაში, რადგან თავიდან არ არის ისეთი ძნელი პროგრამა, მაგრამ ერთ წელში ბევრად გაიზრდება გონებრივად და უკეთესი იქნება მისთვის, მომავალ წელს შევიდეს სკოლაში. ჩემი შვილი საბავშვო ბაღის 4-5 წლიანი ბავშვების ჯგუფში დადის. იქ არიან ბავშვები, რომლებიც ოქტომბერში ხდებიან 6 წლისანი და ვიცი, რომ მათმა მშობლებმა გადაწყვიტეს, სკოლაში შეიყვანონ. ბაღის მუსიკის მასწავლებელი, ვიდეოებს იღებს მეცადინეობის დროს და რომ ვუყურებ ამ ბავშვებს მუსიკის გაკვეთილებზე, ახლა სკოლაში შეყვანას რომ უპირებენ, ვატყობ, რომ მათთვის ადრეა სკოლაში მისვლა. ჯერ არც 5-6 წლიანი სასკოლო მზაობის პროგრამა აქვთ გავლილი და არ ვიცი, რატომ ეჩქარებათ მშობლებს მათი სკოლაში შეყვანა და სად გარბიან?!

- მომდევნო წლებში 31 დეკემბრამდეა დაგეგმილი სასკოლო ასაკის გადაწევა. კანონით რომ დაეშვათ თქვენი შვილის სკოლაში შესვლა,  მიიყვანდით?

- არა, რადგან ვფიქრობ, ადრეა ჩემი შვილისთვის. 1-ელი ნოემბრის შემდეგ ვინც არის დაბადებული, მათი მშობლები აპროტესტებენ ამ ამბავს და ამბობენ, ჩვენი შვილი რატომ უნდა იყოს საბავშვო ბაღში ზედმეტი ერთი წელიო. ამ დროს კი, ვფიქრობ, მაინც ადრეა მათი შვილებისთვის სკოლა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მაგალითად, უკრაინაში, ჩემს სამშობლოში, 6 წლის ბავშვს კი შეუძლია, სკოლაში შევიდეს, მაგრამ 5 წლისას არ მიიღებენ. აქ კი რატომღაც ყველა მშობელს ეჩქარება ბავშვის სკოლაში შეყვანა და სად ეჩქარებათ, ვერ ვიგებ. ამ ასაკში ერთ და ორ თვეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, მე არ ვჩქარობ. მომავალ წელს რომ შევა სკოლაში ჩემი შვილი, თითქმის 7 წლის იქნება, მაგრამ ასე მირჩევნია. ვხედავ, ჩემს შვილს ჯერ არ აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც სკოლის მოსწავლეს სჭირდება. ლოგოპედის საჭიროებაც გვაქვს, მაგრამ ჩვენთან, ტყიბულში არ არის ლოგოპედი...

...

ორი შვილის დედა, ეკა ჭანტურიძე შვილების და საკუთარ მაგალითსაც გვიყვება - 5 წლის იყო, როცა სკოლაში შეიყვანეს და მაშინ განცდილი სტრესი დღემდე ახსოვს.

- ჩემი ორივე შვილი 6 წლისანი რომ გახდნენ, მერე შევიყვანე სკოლაში, ასე მოუწიათ. უმცროსი ახლა მეორე კლასშია. სექტემბერში იწყებოდა სწავლა და 2 თვე აკლდა 6 წლამდე, ნოემბერშია დაბადებული. ძალიან მინდოდა, მიმეყვანა და არ გაცდენოდა წელი, მაგრამ კანონმა არ მომცა ამის საშუალება. სიმართლე გითხრათ, უკვე აღარც ვნანობ. კარგი ბავშვია, უნიჭო არ არის, მაგრამ მაინც ადრეა 5 წლის ასაკში სკოლაში შეყვანა. ერთი და ორი თვისთვის ცოდოა წლის გაცდენა, მაგრამ მაინც დაგვიანება სჯობს.

ბიჭების მშობლები განსაკუთრებით ცდილობენ, არ დაკარგონ წელი, რადგან 6 წლის რომ შედის სკოლაში, 18 წლის ამთავრებს სკოლას და თუ ვერ ჩააბარა უმაღლესში, ჯარში მიჰყავთ. გოგო კი ადრე არც უნდა შეიყვანო. ახლა რომ ვაკვირდები, კიდევ კარგი, კანონმა არ დაუშვა და არ შევიყვანე სკოლაში ერთი წლით ადრე, რადგან ამ წელს რა პროგრამასაც გადის, შეიძლება, ასე წარმატებით ვერ დაეძლია.

მე იანვარში ვარ დაბადებული და 5 წლის შემიყვანეს სკოლაში. ყველაზე მწარედ რაც მახსოვს ის არის, რომ თამაში მინდოდა და სწავლას მთხოვდნენ. ამ ასაკში არ გაქვს გაცნობიერებული სკოლის წესები. სკოლაში კი ვიყავი წარმატებული და თავიდანვე კარგად ვსწავლობდი, მაგრამ დიდხანს ჯდომა და სკოლის რეჟიმის მორგება ძალიან ცუდად, კოშმარივით მახსოვს. დიდი დრო დამჭირდა ადაპტაციისთვის, თორემ ის, რომ გაკვეთილი ვერ მესწავლა და ამის გამო შემრცხვენოდა, მსგავსი არ ყოფილა. ისიც მახსოვს, ტანით ყველაზე პატარა ვიყავი და ესეც მანერვიულებდა. ამიტომაც, ჩემი აზრით, 6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანა არ ღირს, რადგან ფსიქოლოგიურადაც მოუმზადებელია ამ დროს და გონებრივადაც. მშობლები რომ წყვეტენ, შეიყვანონ თუ არა შვილი სკოლაში, ეს ძალიან კარგია, თუმცა თავადაც კომპეტენტურები უნდა იყვნენ და მიხვდნენ, რამდენად არის მზად ბავშვი სასკოლოდ ყველა მხრივ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
სვანეთში მეორე მოზარდის ცხედარი პატარა ჰესთან იპოვეს - მესამე მოზარდს კვლავ ეძებენ
პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან
სწავლების მეთოდების შემოწმება რესურსცენტრის კომპეტენციაში არ შედის - დოკუმენტი
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯიდლოს მფლობელია

 

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკეთი, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ „ახალი კვირა“ – აღდგომის „განახლება“ ეწოდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ჩრდილების თეატრი წარმოდგენა მეტად საინტერესო აღმოჩნდა
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა
კატეგორიების მიხედვით, ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს მონდომებით პასუხობდნენ
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება