სიახლეები
სიახლეები

„ბავშვს ჯიბრში ჩაუდგე და სკოლიდან გარიცხო - არასწორია“ - დირექტორები რთული ყოფაქცევის მოსწავლეებზე
02-11-2022
-
+


ფაქტობრივად, ყველა სკოლას ჰყავს ერთი ისეთი მოსწავლე მაინც, რომელსაც შესაძლოა რთული ქცევა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე წესრიგს არღვევს, სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები.

თუმცა, საინტერესოა, თუ როგორ იქცევიან სკოლების დირექტორები, როგორ მოსწავლეს თვლიან ისინი რთული ყოფაქცევის მქონედ და რით ცდილობენ, რომ დაეხმარონ. ჩვენ ამ საკითხით თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს მივმართეთ და მათი აზრი მოვისმინეთ. 

მაგდა ბარამაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ სასკოლო ცხოვრებაში მათ ჩართულობას უზრუნველვყოფთ, ასევე ვცდილობთ მათი ინტერესები გავიგოთ და მიმართულება მივცეთ. ჩემი აზრით, შედარებით რთული ყოფაქცევის ბავშვებთან ძალიან კარგად მუშაობს თანატოლგანმანათლებლის პრინციპი. აუცილებელია, მანდატურის ჩართულობა, ასევე თვითმმართველობისა და მოსწავლეების კლუბური აქტივობებით დაინტერესება.

გარდა ამისა, საჭიროა მშობლებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ჩემი სკოლის მასწავლებლებიც ამავე პრინციპით მოქმედებენ. ჩვენთან ნომერ პირველი აქსიომა ის არის, რომ ბავშვის შესახებ პრობლემა არ უნდა დავმალოთ და ვიმოქმედოთ. მაგალითად, როდესაც კონფლიქტური სიტუაცია ან გაუგებრობა იქმნება, საკითხს მყისიერად განვიხილავთ, ვიბარებთ მშობლებს და ვესაუბრებით. თუ რაიმე სახდელი უნდა დაეკისროს ან საქმე დისციპლინურ კომიტეტს უნდა გადაეცეს, ამის თაობაზე წინასწარაა ინფორმირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მშობელს აუცილებლად საქმის კურსში ვაყენებთ.

ეკატერინე ცაავა, თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად ჩემთვის, გამოთქმა - რთული ყოფაქცევის მოსწავლე არ არსებობს. შესაძლოა მართვისა და მიდგომის თვალსაზრისით, მასწავლებელს პრობლემები ჰქონდეს. როდესაც ამას შევამჩნევ, ვცდილობ, დავეხმაროთ და მიმართულება მივცეთ. თავდაპირველად, პრობლემის მიზეზს ვარკვევთ, ასევე, ვფიქრობთ, თუ ჩვენი მხრიდან, რა დახმარება შეიძლება გაეწიოთ. როდესაც დავინახავთ, თუ სად არის ხარვეზი, იმის შესაბამისად ვმოქმედებთ. თუ ეს სკოლის მხრიდანაა, ვცდილობთ, პედაგოგს დავეხმაროთ. თუ ეს სხვა ფაქტორებიდან გამომდინარეობს, როგორიცაა სოციუმი, ოჯახი და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ვცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად, კომპეტენციის ფარგლებში, დავეხმაროთ.

არის ოჯახური ფაქტორები, რომლებშიც ვერ ვერევით, ამის კომპეტენცია არ გვაქვს. ამ შემთხვევაში დახმარებას სოციალურ სამსახურს ვთხოვთ. მაღალ კლასებში ჩართულობის სხვა ეტაპი დაგვჭირვებია - მანდატურების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლების, თუნდაც პოლიციელების დახმარება. ამ დროსაც მიმართულების მიცემა ხდება, განვიხილავთ, თუ რა ჯობია კონკრეტულ შემთხვევაში. ვცდილობთ, რომ ამ პრინციპით ვიმოქმედოთ. კადრებსაც ამავე კრიტერიუმებით ვარჩევთ ხოლმე.

მაია კვინიკაძე, თბილისის N36 საჯარო სკოლის დირექტორი:

თავდაპირველად, მინდა გითხრათ, გასული სასწავლო წელი ისე გავიდა, რომ მანდატურებს ერთი ოქმი არ დაუწერიათ ჩვენი მოსწავლეებისთვის. მათი ნახევარი ონლაინ, ნახევარი კი დასწრებით სწავლობდა. სხვა სკოლაში ვიყავით შესულები და ერთი საყვედურიც არ მიუღიათ, ისე იქცეოდნენ, როგორც სტუმრებს შეეფერებოდათ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ეს თავიანთი სკოლა არ იყო და განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ. რითაც შეიძლება დავიკვეხნო ისაა, რომ ძალიან კარგი ბავშვები გვყავს.

ზოგადად, ცოტა რთული მოსწავლე თუა ვინმე, მე პირადად, ასეთი დამოკიდებულება მაქვს - ვეფერები, მერე ისეთი ხათრი და რიდი უჩნდებათ, რომ გამოსწორებას თვითონვე ცდილობენ. იმისთვის, რომ მოსწავლეს მასწავლებელი უყვარდეს, აუცილებელი, რომ ჯერ მასწავლებელმა შეიყვაროს ის. ისე უნდა მოვექცეთ მათ, როგორც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოექცნენ. მე და ჩემი მასწავლებლებიც ასე ვმოქმედებთ. ბავშვს რომ ჯიბრში ჩაუდგე, სკოლიდან გარიცხო - არასწორია, ეს არ მოქმედებს, ამით არ გამოსწორდება. მათ ტკბილი სიტყვით უნდა მივუდგეთ.

თამარ ამზაშვილი, თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რთული ქცევა თავისთავად არ მოდის. ის გარემოს უკავშირდება, მაგალითად, ოჯახს, კლასს, საზოგადოებას. ჩვენ ძალიან სპეციფიკური გეგმა გვაქვს, რომლის მიხედვითაც ვმუშაობთ. როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვი ძალიან აქტიური ან პირიქით ჩაკეტილი ხდება, მოქმედებას ვიწყებთ.

ჩვენი მიდგომა ასეთია - ჯერ სამუშაო ჯგუფი იკრიბება, რომელიც ყველა იმ მასწავლებლისგან შედგება, ვინც ამ კონკრეტულ მოსწავლესთან გაკვეთილებს ატარებს. შემდეგ ვცდილობთ, გავიგოთ ყველასთან ერთი და იგივე პრობლემაა თუ მხოლოდ ერთ ან ორ მასწავლებლებთან იქცევა ასე. ამ შეხვედრას ჩვენი სკოლის ფსიქოლოგიც ესწრება. შემდეგ ძალიან მარტივ სამკითხვიან გამოკითხვას ვატარებთ, რითიც მიზეზს ვადგენთ. რა გასაკვირიც უნდა იყოს, მათი ქცევა ხშირად, სწორედ ოჯახში არსებულ არასტაბილურ სიტუაციას უკავშირდება. ჩვენ მშობლებსაც ხშირად ვხვდებით და ვეუბნებით, რომ რა მდგომარეობაც უნდა იყოს ოჯახში, აუცილებელია მოგვარდეს და ბავშვზე არ აისახოს. ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.

ამ საკითხებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, იმართება საუბრები, კონფერენციები, ტრენინგები. მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი მოვიწვიეთ და საინტერესო ტრენინგი გამართა. აქტიურად იმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
აღდგომას იწვიმებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
რა შემთხვევაში უნდა გააუქმოთ ჟურნალში ჩანიშნული შემაჯამებელი დავალება

 
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
სასკოლო საზოგადოება ამირან მარგველაშვილს ულოცავს და წინსვლას უსურვებს
დასუფთავების აქციაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება