TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„მოგვენიჭა უფლება ბავშვთა სახლიდან აგვეყვანა ტყუპი და-ძმა,“ - ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
12-07-2021
-
+


არსებობენ გამორჩეული ადამიანები, რომლებსაც არა მხოლოდ საკუთარი თავის წარმატება და კეთილდღეობაა სურთ, არამედ - უცხოსთვის დახმარების გაწევა. ადამიანები, რომელთა მთავარი ღირებულება სიკეთის კეთებაა. ამ სიკეთის მარცვალს კი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე თესენ. მერე ეს მარცვალი ისე ღვივდება, რომ ირგვლივ ყველას და ყველაფერს ალამაზებს. სწორედ ასეთი იშვიათი, სამაგალითო და მისაბაძი ადამიანია ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, დავით სეთური.

ვიდრე დირექტორი გახდებოდა, პედაგოგობის საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა გაიარა. მასწავლებლობა ცხოვრების პროფესიად აირჩია, რადგან ის დანაკლისი შეევსო ახალ თაობაში, რასაც თავად განიცდიდა სკოლის ასაკში: 

„ძალიან კარგმა მასწავლებლებმა აღმზარდეს. მათგან ყველაზე მთავარი, ადამიანობა ვისწავლე. ბავშვობაში სპორტით ვიყავი დაინტერესებული, განსაკუთრებით კრივი მომწონდა. რეგიონში არ იყო იმის ფუფუნება, რომ წრეებზე გვევლო, ამიტომ სკოლაში ხშირად ტარდებოდა სპორტული აქტივობები, თუმცა ეს არ იყო საკმარისი ამ მხრივ განვითარებისთვის.  თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე და ჩემს კუთხეში დავბრუნდი. პედაგოგობა იმიტომ ავირჩიე, რომ ის დანაკლისი შემევსო ახალ თაობაში, რაც თავად მაკლდა მოსწავლეობის დროს.1999 წელს დავიწყე ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლად მუშაობა. მოგეხსენებათ, მაშინ რთული პერიოდი იყო ქვეყანაში და სკოლაში ფაქტობრივად არ არსებობდა სპორტის დარბაზი. სახლიდან წავიღე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა და დარბაზი მოვაწყვე, თან სოფელში უსაქმოდ დარჩენილი ახალგაზრდობა დავასაქმე - მეხმარებოდნენ ამ წამოწყებაში. ხშირად ვატარებდი სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებას და ბავშვებს წახალისების მიზნით, საკუთარი ხელფასით ვყიდულობდი საჩუქრებს. სკოლას ისეთი ცოტა დაფინანსება ჰქონდა, ვერ შევაწუხებდი დირექტორს ბურთისთვის და თასისთვის თანხა რომ გამოეყო.“

სკოლის მართვის სადავეები ხელში რომ აეღო, ამის სურვილი არ ჰქონია.  ეს გადაწყვეტილება კოლექტივმა მისგან დამოუკიდებლად მიიღო და ასე მოულოდნელად გადაერთო სპორტიდან დირექტორის საქმიანობაზე:

„როცა 2007 წელს დირექტორების კონკურსი გამოცხადდა, ჩემი სკოლის დირექტორმა, ელიკომ ასეთი რამ მითხრა: მე უკვე 65 წელს გადაცილებული ვარ და არ მაქვს უფლება დირექტორობის კანდიდატი ვიყო, ამიტომ, შენზე ვამყარებ იმედებს. უხერხულად ვიგრძენი თავი და ვუთხარი, რომ  სპორტის მასწავლებელი ისე ვერ გავუძღვებოდი სკოლას, როგორც თავად და რაც მთავარია, ამის დიდი სურვილიც არ მქონდა. კატეგორიული უარი განმიცხადა და დაამატა, რომ უკვე ჩემს გარეშე ჰქონდა კოლეგებთან წარდგენილი ჩემი კანდიდატურა და ყველას ერთხმად ვყავდი არჩეული. მოკლედ, საბჭოზე შემიყვანა და ვისაც კი სურვილი ჰქონდა დირექტორობის, ყველამ გზა დამითმო. მაშინ ვიგრძენი საოცარი მხარდაჭერა: ყველა მეხმარებოდა, მამზადებდნენ გამოცდისთვის, მასწავლიდნენ ყველაფერს, მიზიარებდნენ ცოდნას და გამოცდილებას. მეც გავუმართლე იმედები კოლექტივს და ჩავაბარე, მაგრამ ლოტოტრონით სხვა სკოლაში, ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში მოვხვდი. ამას დიდი ამბავი მოჰყვა, აპროტესტებდნენ, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებას ჩვენ ვეღარ შევცვლიდით და ასე გავხდი იმ სკოლაში დირექტორი, სადაც თავად ვსწავლობდი.“



დირექტორობის პირველივე დღიდან აქტიურად შეუდგა საქმეს და სკოლაში ერთი ძლიერი გუნდი შეკრა, სადაც, როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ:


„ძალიან რთულ პერიოდში დავიწყე მუშაობა. 6-7 თვე მასწავლებლები ხელფასს ვერ იღებდნენ და ამის გამო,  გაკვეთილზე იფიცებოდნენ,  ასე ცდილობდნენ პროტესტის გამოხატვას. ახლა კი ნანობენ ამას, ბავშვებმა რა დააშავეს, მაგრამ მათაც უჭირდათ. უკვე 2007 წელს დარეგულირდა ეს ყველაფერი და  მეც მკაცრად მოვითხოვე ბავშვების განათლებაზე ზრუნვა. ბევრი ვიფიქრე, როგორ დაინტერესებულიყვნენ ბავშვები სწავლით და სასწავლო პროცესით. გადავწყვიტე, ინტელექტუალური თამაშების დაწყება. დავიბარე მოსწავლეთა თვითმმართველობა, ავუხსენი რის გაკეთებას ვაპირებდი და დავიწყეთ „რა? სად? როდის?“ თამაში. ამ ყველაფერმა კარგად იმუშავა, ბევრი ბავშვი ჩაერთო მასში. წახალისების მიზნით, გამარჯვებულებს წიგნებს და მსგავს რამეებს ვჩუქნიდი. ამ თამაშების საფუძველზე ყველამ ერთად ავირჩიეთ ერთი ბავშვი და როცა პირველად „ეტალონის“ კონკურსი გამოცხადდა, გავაგზავნეთ. კონკურსზე პირველი ადგილი ავიღეთ. 4 წლის განმავლობაში ჯამში 2-ჯერ მოვიპოვეთ პირველობა, ერთხელ მესამეზე გავედით. გოჩა ტყეშელაშვილმა მითხრა: „რა სამჭედლო გვაქვს  მაჩვენეო“ და გვესტუმრა. შარშან izrune.ge-ს ტესტირებებში ჩვენი სკოლა კახეთის რეგიონში საუკეთესოდ დასახელდა. უამრავი ოქროს დიპლომი აქვთ ბავშვებს აღებული. სკოლას ყოველწლიურად ჰყავს ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები. უმაღლეს სასწავლებლებში კი 70-100 %-იანი გრანტებით ირიცხებიან. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები არიან ძიუდოისტები ზაზა კედელაშვილი და ლაშა ბექაური, რომლებმაც არა ერთხელ გაგვახარეს წარმატებით. თითოეულ დასახულ მიზანს ერთად მივაღწიეთ: ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა.“



დავითი ფიქრობს, რომ შეძლო ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. მან იმდენი მოახერხა, რომ სკოლაში შექმნა საოცარი გარემო, სადაც მოსწავლეებს მისვლა უხარიათ:

„ძველი სკოლა გვაქვს, ბოლოს 80-იან წლებში გარემონტდა, მაგრამ რომ შემოხვალთ გესიამოვნებათ - ერთი შუშაც არ არის გატეხილი. ამას ბავშვები უვლიან. ძალიან კარგი თაობაა. არც ერთი ჩემი მოსწავლე  არ ეწევა სიგარეტს. განა ვინმეს ვაშინებ? არა, როგორ შეიძლება შიშით რამეს მიაღწიო. ჩვენ ვმეგობრობთ. ჩემი კაბინეტი ჩვეულებრივი სამუშაო ოთახია მოსწავლეებისთვის. თბილისიდან გადმოსული მოსწავლეებიც მყოლია და მათ უთქვამთ, ასეთი რამ არ გვინახავს, ბავშვებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთო. ერთი ეტლით მოსარგებლე მოსწავლე მყავდა. მძიმე დიაგნოზი ჰქონდა და ძირითადად შინ სწავლებაზე უნდა ყოფილიყო. იმდენად შეუყვარდა ბავშვს სკოლა, რომ ყოველდღიურად სთხოვდა მშობლებს მოყვანას.“

პანდემიის დროს, როცა სასწავლო პროცესი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, დავითმა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს კომპიუტერები დაურიგა და ერთი მოსწავლის გამო, ყოველდღე დადიოდა სკოლაში, სადაც მას, ზამთრის ცივ დღებში, თბილ ღუმელს და ოთახს ახვედრებდა:

„თუ საჭირო გახდება, კიდევ ვივლი ერთი მოსწავლის გამო. როცა ონლაინ სწავლებაზე გადავედით, სკოლები არ ვიყავთ ამისათვის მზად. განათლების სამინისტრო გვერდში გვედგა, მაგრამ ზოგ ბავშვს ინტერნეტის პრობლემა ჰქონდა, ზოგს ტელეფონის, ზოგს კომპიუტერის და ასე შემდეგ. ჩემი მეუღლე ინფორმატიკის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელია. გადავწყვიტეთ, რომ სკოლაში კომპიუტერების ტყუილად დებას, იმ ბავშვებისთვის მიგვეტანა, ვისაც არ ჰქონდა. ასეც მოვიქეცით, გამოვიტანეთ კომპიუტერები და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავურიგეთ. ერთ-ერთ ოჯახს არ ჰქონდა ინტერნეტი და ამიტომ, მას დავუთმე ცალკე ოთახი სკოლაში, საიდანაც ყოველდღე შეძლებდა საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. იმის გამო, რომ ხშირად პროგრამიდან ვარდებოდა, ან ინტერნეტის ცუდი კავშირი იყო, მეც ყოველდღე დავდიოდი სკოლაში და თბილ ღუმელსა და ოთახს ვახვედრებდი. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია და ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს. ონლაინ სწავლების პერიოდში მეუღლესთან ერთად მოსწავლეების სახლებში დავდიოდი და ყველა ხარვეზის მოგვარებაში ვეხმარებოდით.“



სკოლის პარალელურად მეფუტკრეობით არის დაკავებული. ეს ორი საქმე იმდენად ძვირფასია მისთვის, რომ ბოლომდე იხარჯება წარმატებისთვის. თუმცა, აღსანიშნია, რომ დავითი მხოლოდ, მოსწავლეების კეთილდღეობაზე არ ზრუნავს, მას ჰყავს ხუთი შვილი - ორი მინდობით აღზრდაში:

„პარალელურად მეც და ჩემი მეუღლეც  „დიპლომიანი“ მეფუტკრეები ვართ. მყავს 100 ოჯახი ფუტკარი და ძალიან მიყვარს ეს საქმე. ასევე, მყავს სამი შვილი და ორი აყვანილი ბავშვი. ხუთი შვილის მამა ვარ. სოციალურად დაუცველ ოჯახებს მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვეხმარებოდით, განსაკუთრებით მრავალშვილიანებს. ერთ დღეს ჩემს მეუღლეს ვკითხე: შეგიძლია სხვის შვილს მოუარო? კი, როგორ არაო. სახლში რომ გყავდეს და ისე მიხედო-მეთქი. რა გაქვს ჩაფიქრებულიო, მკითხა და მეც ვუთხარი, ისეთი ბავშვი მინდოდა მომეყვანა, რომელსაც აკლდა მზრუნველობა, ოჯახური სითბო, სიყვარული. მინდოდა ერთი ასეთი ბავშვი მაინც გადამერჩინა და მიმეცა მისთვის ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. მიპასუხა, რომ აუცილებად მოუვლიდა. დავწერეთ განცხადება მინდობით აღზრდაზე, ჩამოვიდნენ სოციალური  სამსახურიდან, შეგვამოწმეს და ჩვენდა საბედნიეროდ, მოგვენიჭა უფლება ბავშვთა სახლიდან აგვეყვანა ტყუპი და-ძმა. ბავშვები მაშინ პირველ კლასში იყვნენ, ახლა მეათეში არიან. თავიდან გაუჭირდათ ოჯახურ გარემოში ცხოვრება, მაგრამ ახლა ვერ განასხვავებთ ჩვენი ბიოლოგიური შვილებისგან. ჩვენც არასოდეს ვარჩევთ მათგან.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები 16 მარტს დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხება

პირველკლასელთა ასაკის ცვლილების საკითხს პარლამენტი განიხილავს

დადგენილებით განისაზღვრა აღსაზრდელთა კონტინგენტი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ სკოლაში არსებობდა „ბულინგის კულტურა“, რომელსაც ხელმძღვანელობამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

განათლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებაა - ცნობილია, რა ვალდებულება და უფლებამოსილება დაემატა უწყებას

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება