სიახლეები
პიროვნება

„პედაგოგი არ უნდა ჩამორჩეს განათლების თანამედროვე გამოწვევებს“ - ფიქრია ღამბაშიძე, თბილისის N115 საჯარო სკოლის დირექტორი
06-05-2021
-
+


მთელი საქართველოს მასწავლებლებს, დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის; თავად ვარ პედაგოგი და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ონლაინ- აკვეთილების ჩატარება, მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში სკოლაში მისვლა... ბევრი რამ გადავლახეთ და შეუძლებელია, არ აღვნიშნო - მასწავლებლები ყველაზე ბედნიერები სკოლაში, ბავშვებთან არიან. დიდი მადლობა ამისთვის, მადლობა სიყვარულისა და თავდადებისთვის“, - ჩვენი ინტერვიუ მადლობით დაიწყო და დასძინა, რომ თავადაც განათლებული მომავალი თაობების სამსახურში ჩამდგარი რიგითი ჯარისკაცია. როგორ აპირებენ ესგ-თი გათვალისწინებული პროგრამის დაძლევას, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების ვალდებულებაზე, რამდენად სწორად მიაჩნია მოსწავლისთვის გაცდენილი საპატიო საათების 90-დან 45-მდე შემცირება და რა კითხვები აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით? – Etalobni.ge- თბილისის N115 საჯარო სკოლის დირექტორი, ფიქრია ღამბაშიძე ესაუბრება.

- ქალბატონო ფიქრია, საუბარი დავიწყოთ გაუთვალისწინებელი არდადეგებით გამოწვეული პრობლემებით. როგორ აპირებთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევას

- მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ისეა შედგენილი, გაწერილია მისაღწევი შედეგები, მაგალითად, მერვე კლასის ისტორიაში სასწავლო წლის ბოლოსთვის მოსწავლეებმა რას უნდა მიაღწიონ, პედაგოგს, 5 ერთი და იგივე თემიდან შეუძლია  აირჩიოს ორი და თუკი ჩათვლის, რომ მოსწავლემ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევების დონე დაძლია, შესაბამისად, ის აღარ არის ვალდებული, დანარჩენი პროგრამული მასალაც გაიაროს... ამის ადაპტირება ადვილად შეგვიძლია, როდესაც საუბარია ახალი სასწავლო გეგმით გასატარებელ ღონისძიებებზე.

- მაგრამ მესამე თაობის ესგ, როგორც ვიცი, მხოლოდ მერვე კლასის ჩათვლითაა გაწერილი.

- დიახ, ასეა და დანარჩენ კლასებში ძველი გეგმა რჩება, რომლის მორგებაც დაგვჭირდება ახალ გეგმაზე. უკვე გაიმართა კათედრების შეხვედრა და მათ თავად უნდა გადაწყვიტონ პრიორიტეტული თემები, მომზადდება სასკოლო  კურიკულუმი და გადაწყდება რომელ თემებს გაატარებენ მოსწავლეებს.

- ერთი წელიწადი ამ რეჟიმშია სკოლები...  იხურება, იხსნება, ონლაინ-გაკვეთილებში მოსწავლეთა ნაწილი ვერ ერთვება... რა ხარისხზე გავდივართ ასეთ დროს, ქალბატონო ფიქრია?

- არ ვიქნები პირველი და ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ  სახელმწიფოს და საგანმანათლებლო სისტემის პრიორიტეტი იყო უსაფრთხოება. რასაკვირველია, ისეთ ხარისხს ვერ დავდებთ როგორსაც წინა წლებში, ჩვეულებრივი სწავლების პირობებში, მაგრამ ძალიან დასაფასებელია იმ პედაგოგების ღვაწლი, რომლებიც არ გაჩერებულან და თავს არ ზოგავდნენ; მეხვეწებოდნენ, რომ უქმე დღეებშიც ჩაეტარებინათ ონლაინ გაკვეთილები, რადგან მათი ინტერესია,  ბავშვებმა მიაღწიონ  იმ შედეგს, რაც გამიზნული ჰქონდათ სწავლის დასაწყისში. ხარისხზე კი ვერ გავაკეთებ კომენტარს... რა თქმა უნდა, გვექნება დიდი ჩავარდნა, რომელსაც, მშვიდობა თუ იქნება და პანდემიაც დასრულდება, აუცილებლად გამოვასწორებთ.

- მანამდე კი სკოლებს ახალი ვალდებულებები გაქვთ - სამედიცინო კაბინეტის მოწყობა და 45 საათიანი გაცდენის შემთხვევაში მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება.

- სამედიცინო კაბინეტის ჩვენს სკოლაში წლებია ფუნქციონირებს და  განათლების სამინისტროს ქვეპროგრამის ფარგლებშია მოწყობილი. რაც შეეხება რეკომენდებულ მედიკამენტებს, ჩვენ უნდა შევიძინოთ და  ვერ ვიტყვი რომ ხარჯები კოლოსალურია. არ მგონია, რომელიმე, თუნდაც მცირეკონტინგენტიან სკოლას გაუჭირდეს სამედიცინო ოთახის შენახვა.

რაც შეეხება საპატიო საათების რაოდენობის შემცირებას, შუა წელში ცოტა რთულად მისაღებია ყველანაირი სიახლე, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც მოსწავლის სტატუსის შეჩერებას ეხება.  ამ ეტაპზე ჩვენს სკოლაში სულ რამდენიმე მოსწავლეა რომელიც შეიძლებოდა დამდგარიყო ამ რისკის ქვეშ - ძირითადად ისინი, ვინც საზღვარგარეთაა.  ასეთი მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია გვაქვს, ვამუშავებთ და კანონის შესაბამის ვადაში პროცედურებს ვახორციელებთ... ისე კი, რომ გითხრათ, ამან დამატებითი ალიაქოთი გამოწვია ჩვენს სასკოლო საზოგადოებაში, სიმართლე არ იქნება. სექტემბრიდან, როდესაც უკვე ეცოდინებათ მშობლებსაც და მოსწავლეებსაც, რასაკვირველია, თადარიგს დაიჭერენ, ერთადერთი, რთული იქნება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო დამატებით ფრთხილობენ და სკოლაში არ უშვებენ ბავშვებს.

სხვათა შორის, ჩვენი სკოლა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენთან“, რომელმაც სკოლას 10-მდე ნოუთბუქი და 30-მდე პერსონალური კომპიუტერი გადასცა. ტექნიკა იმ ბავშვებზე გადანაწილდა, ვისაც არ ჰქონდა საშუალება, ჩართულიყო საგანმანათლებლო პროცესებში; შეიძლება 1600-ბავშვიანი სკოლისთვის 40 ცალი მოწყობილობა ბევრი არაფერი იყოს, მაგრამ მოსწავლეებს ძალიან გაჭირვებული ოჯახებიდან, მივეცით საშუალება, ჩართულიყვნენ ონლაინ-გაკვეთილებში.

- რამდენი მოსწავლე გყავდათ ასეთი?

- დაახლოებით 40 ბავშვი გვყავდა ასეთი, ვინც საწყის ეტაპზე ვერ ერთვებოდა ონლაინ-გაკვეთილებში, თუმცა მერე ყველაფერი მოგვარდა.

- ცოტა თქვენზეც მიამბეთ... როგორია ფიქრია ღამბაშიძის გზა დირექტორობამდე?

- 2004 წლიდან ვარ სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი; პედაგოგიურ მოღვაწეობას ყველაზე დადებითი კუთხით შევაფასებდი, რომლიც ნამდვილად იყო წარმატებული გზა. სკოლაში შესვლის დღიდან ჩემს პროფესიაში შევძელი ბევრი რამ - არაერთი გამოწვევა, რაც ჰქონდათ იმ დროის მასწავლებლებს, დავძლიე; ვარ საუკეთესო შედეგების მქონე ისტორიის პედაგოგი და შემდეგ, მომინდა, მეტი გამეკეთებინა განათლების სისტემაში. გადავწყვიტე, ჩამებარებინა დირექტორობის გამოცდა და ჩემთვის ყველაზე დიდი აღიარება იყო, როდესაც უკვე სერტიფიცირებული დირექტორი წარვსდექი საკუთრი კოლექტივის წინაშე, ერთხმად დამიჭირა მხარი კოლექტივმა. დიდი იმედი მაქვს, რომ არ ინანებენ ამ გადაწყვეტილებას.  მყავს ოთხი შვილი, ორი სტუდენტია, ორი - მოსწავლე და ძალიან მეხმარება ოჯახი, შევუთავსო დედობა და კარიერა ერთმანეთს.

- ისეთი ბექგრაუნდი გაქვთ, შეუძლებელია, არ გკითხოთ კარიერული წინსვლის სქემაზე, რომელიც განხეთქილების საგანია - ზოგი პედაგოგი ემხრობა და ზოგი კი მის შეჩერებას ითხოვს.

- დღემდე ვრჩები რიგით ჯარისკაცად და როგორც პედაგოგს, სქემასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები, თუმცა მიმაჩნია, დოკუმენტი, რომელიც იქნება განვითარებაზე ორიენტირებული და ჩვენს წინსვლას განაპირობებს,  დაუძლეველი არ უნდა იყოს მასწავლებლისთვის.  ვიმეორებ, მაქვს ჩემი დამოკიდებულება ბოლო სქემასთან დაკავშირებით, რომელზეც არ მსურს საუბარი, რადგან  დიდი იმედი მაქვს, იქნება პოზიტიური ცვლილებები და სქემა გახდება ნამდვილად ორიენტირებული მასწავლებლებსა და მათ პროფესიულ ზრდაზე.

- სქემით, პრაქტიკოსის სტატუსი აღარ არსებობს, თქვენ როგორც დირექტორი როგორ გააკეთებთ არჩევანს გამოცდილ პრაქტიკოსსა და გამოუცდელ ახალბედა პედაგოგს შორის?

- რაზე უნდა გავაკეთო აქცენტი? -  გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი, იმდენად მომზადებულები აღმოჩნდნენ ახალბედა პედაგოგები  უკვე უნივერსიტეტიდან... მაგრამ პრაქტიკაში დანერგვა და ჩამოყალიბება კარგ მასწავლებლად, ესაა გრძელვადიანი პროცესი და ამ პროცესის პროგრესი უნდა იყოს - „მე ვარ შემდგარი მასწავლებელი“. მესმის, ძალიან რთულია, დიდი გამოცდილების გარეშე  თავს უწოდო შემდგარი მასწავლებელი, მაგრამ ასევე რთულია, პედაგოგი პროფესიული განვითარების გზაზე არ იზიარებდეს კოლეგების გამოცდილებას.  სკოლა არ უნდა დატოვოს მასწავლებელმა, რომელმაც იცის, როგორ იმუშაოს ბავშვებთან, მაგრამ ამავე დროს, ასეთი პედაგოგი არ უნდა ჩამორჩეს განათლების თანამედროვე გამოწვევებს.

- თქვენს მოსწავლეებს თანამედროვე დირექტორი ჰყავთ?

-  იმედი მაქვს, რომ ასეა. ჩემი მიზანი, როდესაც სკოლაში მოვდიოდი, იყო მოსწავლეზე ორიენტირებული  გაკვეთილი და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა. თუმცა ეს არ გულისხმობს, ვაკეთოთ ის, რაც მოსწავლეს უნდა. მოსწავლეზე ორიენტირება ნიშნავს, მის ჭეშმარიტ განვითარებაზე ფიქრს, მორალურ-ინტელექტუალური თვალსაზრისით, რათა გადასცე ყველაფერი საუკეთეო, რაც პროფესიული გამოცდილებისა და ცხოვრების გზაზე დაგიგროვდა.


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
გურამ მარკოიძე პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული
ღონისძიების ორგანიზატორი, სცენარისტი და რეჟისორი, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ანა გოგავა გახლდათ
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება