სიახლეები
სამასწავლებლო

გამოწვევა თუ შესაძლებლობა - როგორ აფასებენ სკოლის დირექტორები დისტანციურ სწავლებას?!
14-05-2020
-
+


თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ რაც სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ორი თვეა მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ ფორმატში და სრულიად ახალი პლატფორმა უკვე საკმაოდ ნაცნობი გახდა.

etaloni.ge დაინტერესდა, როგორ უყურებენ დისტანციური სწავლების მეთოდს საჯარო სკოლის დირექტორები, როგორც გამოწვევას თუ როგორც შესაძლებლობას. რა ასწავლა და რა მისცა მათ ახალმა ფორმატმა და რა დადებითი მხარეები აღმოაჩინეს როგორც საკუთარ თავსა, ისე მოსწავლეებში?!

ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ენუქიძე:

„გულწრფელად გითხრათ, დღესაც გვქონდა ონლაინ კონფერენცია დემოკრატიულ ღირებულებებზე... ბავშვებსაც ვეუბნებოდი, და ალბათ, თქვენ მოგისმენიათ მოსაზრება, რომ კომპიუტერმა და სოციალურმა ქსელებმა გააცია ურთიერთობები, თუმცა ჩვენს შემთხვევაში პირიქით არის, კი არ გააცია უფრო დაათბო, უფრო დაგვამეგობრა და უფრო შეგვაყვარა ერთმანეთი.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი რეჟიმი, მგონი იმაზე მეტად ვიდრე სკოლაში სიარული, ჩვენც მაქსიმალურად ჩართულები ვართ და ყველანაირად ვცდილობთ ეს დღეები შევუმსუბუქოთ ბავშვებსაც, ოჯახებსაც და თავად მასწავლებლებს. ვმართავთ ონლაინ დისკუსიებს, კონფერენციებს, ვუყურებთ ფილმებს, აღვადგინეთ არაფორმალური განათლების კლუბები და საინტერესოდ ჩავერთეთ. ნამდვილად აღმოვაჩინეთ ახალი შესაძლებლობები, გამოწვევა ნამდვილად არ არის. თანაც ჩვენ ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართულები და სხვა სკოლებთან შედარებით კარგ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან Teams-ში და Microsoft-ის პროგრამებში მუშაობა უკვე დაწყებული გვქონდა და ამ კუთხით ძალიან გაგვიადვილდა დისტანციური სწავლის პროცესი“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წიფნარის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ცინცაძე:

„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ინტერნეტია. სოფელში არ არის ინტერნეტი და ბავშვების უმეტესობას არც კომპიუტერი აქვს. ამდენად, ძირითადად, ტელეფონით ვუკავშირდებით მოსწავლეებს. უმარავი ახალი და კარგი პლატფორმა შემოვიდა რომლებსაც მასწავლებლები ირჩევენ, თუმცა ვერ ვიყენებთ, რადგან მოსწავლეებს ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე.

ძირითადად პირველი მეორე კლასის მოსწავლეები სწავლობენ ჩვენთან და მათ უმეტესობას არ აქვს საკუთარი ტელეფონი, კომპიუტერული ტექნიკა, ბუკებიც მწყობრში არ არის და ძალიან რთულია ასე. თავად მათემატიკის მასწავლებელი ვარ და მოსწავლეებს ტელეფონით ვუკავშირდები, ასე გაცილებით უფრო მეტადაც ვიღლები და უფრო მეტი გაკვეთილის ჩატარება მირჩევნია. ბევრი კარგი შესაძლებლობაა, თუმცა სკოლასთან ერთად ეს გაცილებით კარგი იქნებოდა, რადგან სკოლაში შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს, ასე კი ძალიან რთულია“.

თბილისის N179 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ნებიერიძე:

„თავიდან ცოტა დაბნეულები შევხვდით, მაგრამ საბოლოოდ, ფაქტობრივად ყველა პედაგოგი აქტიურად არის ჩართული. თუ მოსწავლეს  შესაძლებლობა არ აქვს teams-ში ჩაერთოს ინტერნეტის არ ქონის გამო, რადგან მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა სოფელშია, ამ შემთხვევაში სხვა საშუალებებით ხდება მათთან კავშირი - მესენჯერით ან სატელეფონო კავშირით. 95% ჩართულია ამ ყველაფერში, ხოლო 5%-თან ხდება სხვადსხვა მეთოდით დაკავშირება და ჩართვა.

პედაგოგები გაცილებით მეტად არიან დატვირთულები, უხდებათ რესურსების მოძიება, ატვირთვა, მოსწავლესთან უკუკავშირი, შემდგომ დავალების ატვირთვა, ისევ უკუკავშირი. დისტანციურად ვმუშაობ მეც და გარკვეული დავალებების თავადაც ვასრულებ და ღამის ორის, სამის ნახევრამდე ხდება ხოლმე გაკვეთილების და დავალებების ატვირთვა. მე როგორც შემფასებელმა თუ შემიძლია რომ ჩემი სკოლის პედაგოგების შევაფასო, ვიტყვი, რომ ნამდვილად გმირობის ტოლფასია ეს ყველაფერი. ნამდვილად გასაოცარია პედაგოგების ჩართულობა, აქტივობა და ზრუნვა თითოეულ ბავშვზე. ყოველი კვირის ბოლოს teams-ში შექმნილ ჯგუფში, პედაგოგები ტვირთავენ რეფლექსიას, სადაც მოცემულია თითოეული გაკვეთილის განხილვა, რამდენი მოსწავლე ჩაერთო რამდენი არა, რა მიზეზი ვერ ჩაერთონ, მასწავლებელი რამდენად არის კმაყოფილი წარმართული გაკვეთილით - ასეთ რეჟიმში მიმდინარეობს ყველფერი. ამან დაგვანახა რომ ჩვენი პედაგოგები, მართლა ყველაფრისთვის მზად ყოფილან.“

ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი თეა მეტრეველი:

„ჩვენი სკოლის შემთხვევას თუ ვიტყვით, დისტანციური სწავლება უფრო შესაძლებლობაა, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. ეს არის შესაძლებლობა წინსვლის, განვითარების საკუთარი თვითშეფასების, როგორც მასწავლებლის ისე სკოლის, მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან. სხვა თვალით დავინახეთ და აღმოვაჩინეთ ბევრმა ჩვენგანმა გარკვეული შესაძლებლობები. გვიბიძგა ახალი იდეებისკენ, განვითარებისკენ, საკუთარ თავზე მუშაობისკენ. სასწავლო პროცესი ძალიან საინტერესო გახდა, ბავშვებმა ეს მიიღეს როგორც სიახლე და არა როგორც გამოწვევა. თუ გამოწვევას ვიტყვით ამ სიტყვის მხოლოდ დადებითი კონტექსტი შეგვიძლია ვიგულისხმოთ. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა სხვა ინტერესით ელოდებიან გაკვეთილებს.“

ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რამიშვილი:

„შესაძლებლობაა, როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის. მოსწავლეები აქტიურად არიან დისტანციურ სწავლებაში ჩართულები. მოუთმენლად ელოდებიან გაკვეთილის დაწყებას, თუმცა პრობლემა ის არის რომ ინტერნეტი ყველგან არ არის, ან თუ არის ცუდი ხარისხია და გაკვეთილის პროცესში ხშირად ეთიშებათ. სხვა მხრივ პრობლემა არ არის, დავალებებსაც გვიგზავნიან და კონტაქტსაც ვამყარებთ. სკოლაში სწავლის  პერიოდში თუ იყო ისე, რომ მოსწავლე აცდენდა და არ მოდიოდა სკოლაში ახლა ასეთი რამ თითქმის არ ხდება, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი.“

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თაიას საჯარო სკოლის დირექტორი ლონგინოზ თოდუა:

„დისტანციური სწავლების პროცესში ბავშვებს უფრო მეტი შეხსენება და ყურადღება სჭირდებათ. მასწავლებლები სხვადასხვა პროგრამებს იყენებენ, მათთვის ცოტა უფრო დამღლელი და შრომატევადია ეს ყველაფერი, თუმცა თავს კარგად ართმევენ, სხვა მხრივ მოსწავლეები კმაყოფილები არიან მშობლებიც.“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რიყის საჯარო სკოლის დირექტორი ეროსტი ლიპარტია:

„თვიდან მართლა გამოწვევა იყო, თუმცა დღეს უკვე როგორც შესაძლებლობას ისე ვუყურებთ დისტანციურ სწავლებას, რადგან მოსწავლეებს ნებისმიერი ადგილიდან აქვთ საშუალება ჩაერთონ სასწავლო პროცესში. არავითარი შეფერხება არ აქვთ. ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ ნახონ დავალებები, გამოგვიგზავნონ შესრულებული მასალა, თვალი მიადევნონ მიმდინარე სასწავლო პროგრამებს და არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას, ეს ყველაფერი ნამდვილად არის შესაძლებლობა, რომელიც აქამდე არ გვქონია“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე:

„ბავშვების ნაწილს ეხალისება დისტანციური სწავლის რეჟიმი, ვერ ვიტყვი, რომ არ მოგვყვებიან. თავადაც ვასწავლი მოსწავლეებს, მეცხრე კლასში 3 მოსწავლე მყავს, როგორ არ უნდა გამომყვნენ?! „მესინჯერში“ ვუტარებ გაკვეთილებს. ერთდერთი რაც გვიჭირს არის, რომ მშობლებს ინტერნეტის ჩართვა უჭირთ, არც აპარატია, რომ ჩარიცხონ  და მოსწავლეებსაც არც ბანკთან აქვთ შეხება, რომ „მობაილ ბანკით“ ჩარიცხონ. თვითონ საგაკვეთილო პროცესზე კარგად მომყვებიან. რაც შეიძლება რომ ვისწავლოთ ამ პერიოდში, მაქსიმალურად ვღებულობ შედეგს. მე როგორც მასწავლებელი,  უკმაყოფილო არ ვარ მოსწავლეებისგან მიღებული შედეგით“.

ხულოს მუნიციპალიტეტის გელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ასლან ფასანიძე:

„ვფიქრობ, ერთი მხრივ გამოწვევაა დისტანციური სწავლება და მეორეს მხრივ ნამდვილად არის გზა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის, როგორც მოსწავლეებისთვის ისე მასწავლებლებისთვის და ვფიქრობ, ამ შესაძლებლობებს საკმაოდ კარგად ვიყენებთ“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება