სიახლეები
სიახლეები

ყველა სიახლე, რაც არდადეგების დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი და შესაძლოა გამოგრჩათ
07-03-2020
-
+


მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაავადების ფაქტები საქართველოშიც დადასტურდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა შეწყდა. დასვენების დღეებში შესაძლოა ისე ვერ მიადევნეთ სიახლეებს თვალყური, როგორც ამას სამუშაო დღეებში ახერხებთ. იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი მოვლენები არ გამოგრჩეთ, „ეტალონი“ არდადეგების შემდეგ განვითარებულ საგანმანათლებლო სიახლეებს გთავაზობთ.

სწორედ ნაადრევად დაწყებული არდადეგებია, ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი  ამბავი. საგაზაფხულო არდადეგები, რომელიც 9 მარტს უნდა დაწყებულიყო, 2 მარტს გამოცხადდა და ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, კანონით დადგენილ დროს 16 მარტს დასრულდება. სწავლის შეჩერებაზე მთავრობის გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. 

კორონავირუსის გამო შექმნილი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, საგაზაფხულო დასვენების ადრე დაწყების მიზეზი, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც განმარტა.  მინისტრის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და სკოლებში დეზინფექციის ჩატარება პროფილაქტიკის მიზნით გადაწყდა. 

დასვენების დღეების გახანგრძლივებაზე კომენტარის გაკეთება ორჯერ მოუწია განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძეს. როგორც მინისტრის მოადგილემ კვირის პირველ დღეს განმარტა, საქართველოში არდადეგები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შემთხვევაში გახანგრძლივდება. იმავეს გამეორება მოუწია დგებუაძეს 5 მარტსაც. მისი ხელახალი განმარტებით, არდაგეგების გახანგრძილვებას უწყება ჯანდაცვის სამინისტროს მითითების შესაბამისად მიიღებს და თუ მათი რეკომენდაცია იქნება, ეს საკითხი იმ შემთხვევაში დადგება დღის წერიგში. 

ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა საბავშვო ბაღებშიც. პროფილაქტიკის მიზნით, საბავშვო ბაღებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველდღიურად ტარდება დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები.  

საჯარო სკოლებისა და ბაღების შემდეგ, ჩხენკელმა კერძო ბაღებსა და უნივერსიტეტებსაც მიმართა. მან დაწესებულებებს სწავლის შეწყვეტა ურჩია

4 მარტიდან შეწყდა სასწავლო პროცესი კერძო სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებშიც. აღნიშნულის შესახებაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება

რადგან სწავლის შეწყვეტა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო გადაწყდა, სამუშაოები  სკოლებსა და ბაღებში მთელი კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. 6 მარტის მონაცემებით,  საქართველოს მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოები 1 429 საჯარო სკოლაში ჩატარდა.  დეზინფექცია ჩაუტარდათ საბავშო ბაღებსაც.  

მართალია არდადეგებისა და კორონავირუსის თემამ გადაფარა, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა განათლების სამინისტროში. დაკავებული თანამდებობა დატოვა მიხეილ ჩხენკელის პირველმა მოადგილემ ირინა აბულაძემ. წასვლის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა და სწორედ ასე, წერილობით შეატყობინა საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება. 

ბუნებრივია არდადეგებს და მითუფრო კორონავირუსის გავრცელებას, გეგმების შეცვლა საგანმანათლებლო სფეროშიც მოჰყვა:

დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდა, რომელიც 6 და 7 მარტს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. განახლებული ინფორმაცია ვებ-გვერდზე განთავსდება 2020 წლის 20 მარტისთვის. 

შეიცვალა დაგეგმილი გარე დაკვირვების ვადებიც. მასწავლებლებს, რომლებსაც გარე დაკვირვების თარიღები გადანაწილებული ჰქონდათ 2-6 მარტის პერიოდში. არდადეგების გახანგრძლივების გამო, შეეცვლებათ პერიოდი და ვადა გაუგრძელდებათ არდადეგების დასრულების შემდგომ. რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, რომლებსაც 2-16 მარტის ჩათვლით უწევთ გაკვეთილის გეგმების/რეფლექსიის ატვირთვა, მათ შემთხვევაში არაფერი იცვლება, ჩვეულებრივად ატვირთავენ ამ პერიოდში დოკუმენტს. ვისაც გაკვეთილის გეგმები ატვირთული აქვს, არ მოუწევთ სხვა გეგმების ატვირთვა და ისინი იმავე გეგმით ჩაატარებენ გაკვეთილებს არდადეგების შემდგომ.  ვინც უკვე გაიარა გარე დაკვირვება, შედეგები აესახებათ 10 სამუშაო დღის ვადაში. იხილეთ ინფორმაცია ბმულზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტურის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ოლიმპიადა 21 მარტს განახლდება და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

2 მარტს დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპიც და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.

სასწავლო პროცესის გადადებას ბუნებრივია ხელი არ შეუშლია ელექტრონული რეგისტრაციებისთვის. 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო პროგრამები გამოაქვეყნა. თუმცა გამოცდებზე რეგისტრაციის თარიღი დაზუსტებული არ არის.

და ბოლოს, არდადეგების ადრე დაწყებამ საგანმანათლებლო სფეროში ახალი საკითხი წამოჭრა: ანაზღაურდება თუ არა გაცდენილი დღეები და როდის ან როგორ?. ამ თემას აზრთა სხვადასხვაობა და პედაგოგთა ნაწილისგან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. დასვენების დღეების ანაზღაურების საკითხის გარკვევა ჩვენ განათლების სამინისტროში ვცადეთ. როგორც მათ განგვიცხადეს, საქართველოს სკოლებში ნაადრევად დაწყებული საგაზაფხულო არდადეგების გამო გაცდენილი გაკვეთილები ანაზღაურდება.

„რეალურად, 4 დღით გახანგრძლივდა არდადეგები. 3 მარტი ისედაც დასვენებაა. ეს დღეები კი აუცილებლად  უნდა აღადგინონ სკოლებმა. სკოლის დირექცია მიიღებს გადაწყვეტილებას შაბათ-კვირის ხარჯზე აღადგენენ ამ დღეებს, თუ როდის, შემდეგ კი პედაგოგებს შეატყობინებს“, - აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

კიდევ გახანგრძლივდება თუ არა არდადეგები? - ეს კითხვა კვირის ბოლოსაც კვლავ აქტუალურია, თუმცა მასზე პასუხი ჯერ არც განათლებისა და არც ჯანდაცვის სამინისტროში აქვთ. გამყრელიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს საკითხი ეპიდსიტუაციის შესაბამისად გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო სკოლების დახურვის შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით, 290 მილიონზე მეტი ბავშვი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის. ასეთია UNECHO-ს მონაცემები.

როგორ განვითარდება მოვლენები და გადაწყდება სასწავლო პროცესის დაწყება/გადადების საკითხი ამას მომავალი კვირიდან შევიტყობთ. ამიტომ ადევნეთ თვალყური თქვენს სფეროში მიმდინარე მოვლენებს etaloni.ge-ზე. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ინფორმირებულობაზე. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება