| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჰან იაპინი ჩინეთის ჰენანის პროვინციის ერთ-ერთი სოფლის სკოლის კურსდამთავრებულია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე რთულ გამოცდაზე – „გაოკაოზე“ (Gaokao) უმაღლესი ქულა მოიპოვა. აბიტურიენტმა 750-დან 699 ქულა დააგროვა, რაც მიმდინარე წლის მისაღები გამოცდების ყველაზე მაღალი შედეგია.
18 წლის გოგონას მათთან სწავლის გაგრძელება ჩინეთის ორმა წამყვანმა უმაღლესმა სასწავლებელმა - ცინხუას უნივერსიტეტმა და პეკინის უნივერსიტეტმა - შესთავაზა.
გამოცემა Tienphong-ის ინფორმაციით, გოგონა გამოცდისთვის დამოუკიდებლად ემზადებოდა და მომავალის უზრუნველსაყოფად დაუღალავად სწავლობდა.
წარმატებული აბიტურიენტის თქმით, მობილურ ტელეფონს საერთოდ არ იყენებს. მისი შეფასებით, ბევრი ახალგაზრდა სწავლას გაჯეტებზე დამოკიდებულების გამო ნაკლებ ყურადღებას უთმობს.
ჩინეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, როგორიცაა ცინხუასა და პეკინის უნივერსიტეტები, ჩასარიცხად თითქმის უმაღლესი შედეგია საჭირო, ხოლო ქვეყნის მრავალ რეგიონში ჩარიცხვის მაჩვენებელი 1%-საც კი არ აღემატება.
დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის „გაოკაო“ ხშირად ცხოვრების შეცვლის ერთადერთ შესაძლებლობად მიიჩნევა. ყოველწლიურად ამ გამოცდას დაახლოებით 13-14 მილიონი აბიტურიენტი აბარებს.
ჰანი განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებში გაიზარდა. დედას ქრონიკული ანთებითი დაავადება აქვს, რის გამოც მუშაობა არ შეუძლია. ოჯახში ერთადერთი შემომტანი მამა იყო, რომელიც ოჯახს ფერმერული საქმიანობითა და სეზონური სამუშაოებით არჩენდა.
მაღალი აკადემიური მოსწრების გამო ჰანი სწავლის საფასურისგან სრულად იყო გათავისუფლებული. გარდა ამისა, სკოლა მას უფასო საცხოვრებლითა და ყოველთვიური ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფდა. ფინანსური სირთულეების გამო გოგონას არასდროს უვლია დამატებით მოსამზადებელ კურსებზე, თუმცა სასწავლო მიღწევებისთვის არაერთი სიგელი აქვს მიღებული.
ჯერჯერობით, ჰანს საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, თუმცა არჩევანს მედიცინასა და საინჟინრო მიმართულებას შორის აკეთებს.
ჰანის წარმატებამ მრავალი ბლოგერის ყურადღება მიიპყრო. ზოგი მათგანი მას ფულად დახმარებასაც სთავაზობდა, თუმცა გოგონამ დახმარებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, სწავლის პარალელურად არასრული განაკვეთით მუშაობას გეგმავს. ამასთან, ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტები ნიჭიერ ახალგაზრდებს მისაზიდად ფინანსური მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამასაც სთავაზობენ.
„მჯერა, რომ ცოდნას ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, განათლების დახმარებით ჩემი ოჯახის მდგომარეობა გავაუმჯობესო და მშობლებს უკეთესი ცხოვრება შევუქმნა“, - ამბობს ჰანი.

ჩინეთში მოსწავლეები უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად „გაოკაოს“ - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდას აბარებენ. უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მხოლოდ სკოლის 12-წლიანი საფეხურის დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი. ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ „გაოკაოა“ (Gaokao).
იხილეთ - „სამდღიანი ჯოჯოხეთი“ - როგორ აბარებენ ჩინეთის სკოლებში ეროვნულ გამოცდებს
გამოცდები ყოველწლიურად ივნისის დასაწყისში ტარდება და მათ ჩინეთის ყველა სკოლის კურსდამთავრებული აბარებს. ქვეყანაში მისაღები გამოცდები ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევა და მასშტაბით სახელმწიფო დღესასწაულსაც კი ადარებენ. გამოცდების პერიოდში საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა ხმაურიანი სამუშაო დროებით ჩერდება, ქუჩებში მორიგეობენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ხოლო ზოგიერთ ადგილზე სატრანსპორტო მოძრაობაც იზღუდება.
მიღებული ქულები ჩინელი ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მაჩვენებლად მიიჩნევა, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავს მათ მომავალს. მაქსიმალური შედეგი 750 ქულაა - თითოეულ საგანში 150 ქულა. გამოცდები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს და ოთხ საგანს მოიცავს: ჩინურ ენას, ინგლისურ ენას, მათემატიკას და არჩევით მიმართულებას - ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებს (გეოგრაფია, ისტორია, პოლიტიკა). ელიტურ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შანსი მონაწილეთა მხოლოდ დაახლოებით 0.02-0.1%-ს აქვს.
საგამოცდო აუდიტორიების უმეტესობაში მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, ხოლო ზოგიერთ ცენტრში მეტალოდეტექტორებიც გამოიყენება. გარდა ამისა, აბიტურიენტებს შესაძლოა თვალის ბადურა დაუსკანირონ და თითის ანაბეჭდებიც შეუმოწმონ. ზოგიერთ პროვინციაში შესაძლო რადიოსიგნალების გამოსავლენად უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენება. საგამოცდო ინფორმაციის გაჟონვის ან თაღლითობის შემთხვევაში კი დამრღვევებს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
იხილეთ ასევე - 6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს