| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნანა ფერაძე-ბანცაძე სკოლა „ანაბასისის“ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელისთვისაც საგნის სწავლება მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული მრავალმხრივი პროცესია.
უსაფრთხო და მხარდამჭერი სასწავლო გარემო, ინოვაციური სწავლების მეთოდები, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა და მოსწავლეების მოტივაციის გაძლიერება კი ის მთავარი პრინციპებია, რომელზეც პედაგოგი ყოველდღიურ საქმიანობას აგებს.
etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ის საუბრობს სკოლის როლზე, მასწავლებლის პასუხისმგებლობაზე და იმ მიდგომებზე, რომლებიც მოსწავლეთა წარმატებას განაპირობებს
- მოსწავლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია...
- სკოლაში იყოს უსაფრთხო, მხარდამჭერი და მოტივაციის მომცემი გარემო. ჩემთვის სკოლა მხოლოდ სასწავლო სივრცე არ არის — ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა გრძნობდეს თავს დაცულად, თავისუფლად და შთაგონებულად. სწორედ ასეთ გარემოში იბადება ინტერესი ცოდნისადმი. ჩემს გაკვეთილებზე ხშირად ვიყენებ ინოვაციურ მეთოდებს, თამაშით სწავლას, დისკუსიასა და პრაქტიკულ აქტივობებს, რათა თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს, რომ სწავლა შეიძლება იყოს საინტერესო თავგადასავალი. აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაზე — eTwinning — სადაც ჩემს მოსწავლეებს ვრთავ გლობალურ პროექტებში. ეს მათ აძლევს შესაძლებლობას, იგრძნონ საკუთარი თავი მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცის ნაწილად და კიდევ უფრო მოტივირებულად ისწავლონ.
- სკოლის წარმატება იზომება...
- იმით, თუ რამდენად ზრდის ის განათლებულ და ღირსეულ ადამიანებს. ვფიქრობ, სკოლის მთავარი მისია არის არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ღირსეული მოქალაქის აღზრდა. ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების, პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას. ხშირად ვმონაწილეობ ტრენინგებში, სემინარებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში, რათა მუდმივად გავიზარდო პროფესიულად. მიღებულ ცოდნას კი ყოველთვის ვუზიარებ ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს. განსაკუთრებით საამაყოა, ჩემი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში — eTwinnig, TCG, Foundation For Regional Development,Youth Conferences, Key Consulting, ესეების კონკურსებში და საერთაშორისო პროგრამებში, ასევე წარმატებებს აღწევენ Kings ის, Lingostar -ის და სხვადასხვა ადგილობრივ ტურებსა და პროექტებში.
- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
- ერთიანი გუნდი ქმნის ძლიერ სასწავლო გარემოს. მჯერა, რომ ძლიერი სკოლა იქმნება ძლიერი და ერთიანი გუნდის მიერ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობა სკოლის დირექციასთან, კლასის ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან. ხშირად ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს სამოქალაქო განათლების, ქართული ენისა და სხვა საგნების მასწავლებლებთან. ასეთი თანამშრომლობა ქმნის მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს. ჩემთვის განსაკუთრებით ღირებულია, როცა კოლეგებთან ერთად ვგეგმავთ აქტივობებს, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და ერთად ვქმნით უკეთეს საგანმანათლებლო გარემოს.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
- მოსწავლის პროგრესი და ცოდნისადმი ინტერესი. მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო არის მოსწავლის თვალებში დანახული ინტერესი და პროგრესი. ხშირად ვამბობ, რომ წარმატება იწყება პატარა ნაბიჯებით — პირველ სწორად ნათქვამ წინადადებით, პირველ დამოუკიდებლად დაწერილ ესეთი, პირველ გაბედულ პასუხით. როდესაც ვხედავ, როგორ იზრდება ბავშვი ცოდნითა და თავდაჯერებულობით, ეს ჩემთვის უდიდესი პროფესიული ბედნიერებაა.
- როდესაც მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ, რომ...
- მასწავლებლის შრომა შედეგს იძლევა. ჩემთვის სწავლება მხოლოდ პროგრამის დასრულება არ არის — ეს არის პროცესი, სადაც მოსწავლე უნდა ჩაერთოს გულით. სწორედ ამიტომ ხშირად ვაწყობ სახალისო კონკურსებს, პროექტებს, შემოქმედებით დავალებებს. ჩემი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ესეების კონკურსებში, საგანმანათლებლო პროექტებსა და საერთაშორისო პროგრამებში. მათი თითოეული წარმატება ჩემთვის უდიდესი სტიმულია, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგიით ვიმუშაო.
- სამართლიანობა ნიშნავს...
- თითოეული მოსწავლის მიმართ ობიექტურ და პატივისცემით სავსე დამოკიდებულებას. მასწავლებლისთვის სამართლიანობა არის ნდობის საფუძველი. თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი შესაძლებლობა, ტემპი და უნარი, ამიტომ ვცდილობ თითოეულს ინდივიდუალური მიდგომით მივუდგე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ იგრძნოს პატივისცემა, მხარდაჭერა და სამართლიანი შეფასება. სწორედ ასეთ გარემოში იბადება თავდაჯერებულობა და სურვილი, კიდევ უფრო განვითარდეს.
- მინდა, ჩვენი სკოლა იყოს ადგილი...
- სადაც ბავშვები საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ და წარმატებული მომავლისთვის ემზადებიან. ჩემი სურვილია, ჩვენი სკოლა იყოს სივრცე, სადაც ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ, ოცნებებს აყალიბებენ და მომავლისთვის მზადდებიან. სწორედ ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა — საგანმანათლებლო პროექტები, საერთაშორისო თანამშრომლობა, ტრენინგები, კონკურსები და ინოვაციური სწავლების მეთოდები. მჯერა, რომ განათლება არის გზა, რომელიც ბავშვებს საკუთარი თავის რწმენას აძლევს.
განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჩემი და ჩემი მოსწავლეების აქტიური ჩართულობისა და მონდომების შედეგად, სკოლამ არაერთი მადლობის წერილი, (საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოება/Teacher Community Georgia, eTwinnig’ ვიეტნამის სკოლის) სერტიფიკატი და სიგელი მიიღო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ერთობლივი შრომის მნიშვნელობასა და წარმატებას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
დადგენილებით განისაზღვრა აღსაზრდელთა კონტინგენტი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ სკოლაში არსებობდა „ბულინგის კულტურა“, რომელსაც ხელმძღვანელობამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ
„ერთიანი გუნდი ქმნის ძლიერ სასწავლო გარემოს“
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ