სიახლეები
სკოლები

საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი აქტივობებითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო სემესტრი ყვარლის N2 სკოლაში 
27-01-2026
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული აქტივობებითა და ღონისძიებებით. 

2025-2026 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სკოლის პედაგოგებმა ესგ-ეს მორგებული მეტად საინტერესო მრავალფეროვანი სასკოლო და საერთაშორისო გეგმები განახორციელეს.

რა თქმა უნდა, ტრადიციული გახლდათ საახალწლო ღონისძიებები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის.

მანამდე, 27 ოქტომბერს კი, I კლასში იაკობ გოგებაშვილის 185 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პედაგოგ მაგდა ბაბლომაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღია გაკვეთილი - „ანბანის შემობრძანება“.

პედაგოგმა ისაუბრა ანბანეთის საოცარ სამყაროზე, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. 

გაკვეთილი დატვირთული გახლდათ სხვდასხვა ფერადი და სახალისო აქტივობებით: იისფერი პატარა ყვავილებით მოსწავლეებმა ააწყვეს „ი“ და „ა“ ასოები, წაიკითხეს ლექსები დედაენაზე, როლური თამაშით გააცოცხლეს გოგებაშვილის მოთხრობები, დაფაზე მაგნიტური ასოებით დაწერეს: „აი ია“.

არანაკლებ საინტერესო იყო სტუმრობა ყვარლის მთავარ ბიბლიოთეკაში, სადაც მოსწავლეებს მასწავლებელმა პატარა მოთხრობები წაუკითხა, მათ კი გააფერადეს პერსონაჟები.

გარდა ამისა, მეხუთე კლასში განახორციელა ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ასევე, მოსწავლეებმა განიხილეს მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, სხვადასხვა პერსონაჟს წერილები მისწერეს, დაამზადეს პოსტერები.

პედაგოგმა, თინათინ ცირიკაშვილმა იაკობ გოგებაშვილის 185 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს „დედა ენის“ ავტორის ბიოგრაფია გააცნო. კვირეულის
ფარგლებში, ბავშვებმა შეისწავლეს მწერლის საბავშვო მოთხრობები, ისაუბრეს დიდი იაკობის ღვაწლზე და ბოლოს, მისწერეს დიდ მგოსანს წერილები, რომლებიც გამოირჩეოდა ბავშვური გულწრფელობით და სიყვარულით. გაფორმებული იყო საყვარელი პერსონაჟებით და, რასაკვირველია, იებით.

გარდა ამისა, ბავშვები გაეცნენ ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიას, წაიკითხეს ნაწყვეტები მისი მოთხრობებიდან, უყურეს მხატვრულ ფილმებს და მულტფილმებს, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები. დახატეს საყვარელი პერსონაჟები.

ქართული ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კი მოსწავლეები ესტუმრნენ ფულის ეროვნულ მუზეუმს. შესწავლილი თემა „ფული“ სხვაგვარად დაინახეს მოსწავლეებმა. ყურადღებით უსმენდნენ გიდს და სვამდნენ საინტერესო შეკითხვებს.

იაკობ გოგებაშვილის კვირეულს საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურა ასევე, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნინო წიქარიშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც მოეწყო დასკვნითი, შემაჯამებელი პრეზენტაციაც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი.

პროექტის მიზანი გახლდათ:

  • იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის, შემოქმედების უკეთ გაცნობა;
  •  მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება;
  • შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება;
  • სოციალური უნარების განვითარება.

პედაგოგმა ასევე კალიგრაფიის კონკურსით გაამრავალფეროვანა მოსწავლეების აქტივობები და დააჯილდოვა სიგელებით.

ასევე, საინტერესო გახლდათ ილია ჭავჭავაძის კვირეული, საშემოდგომო ღონისძიება და საახალწლო სპექტაკლი - „საახალწლო ზღაპარი“, სადაც მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟის როლი, იმღერეს , იცეკვეს და დამსწრე მაყურებელს, მშობლებს, მასწავლებლებს მსახიობური ნიჭით თავი მოაწონეს.

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ქეთევან კილასონიამ შემდეგი სასწავლო -შემეცნებითი აქტივობები განახორციელა: 14 ოქტომბერს მოსწავლეები წაიყვანა ექსკურსიაზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩაატარეს მწერლისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაათვალიერეს ახლომდებარე ისტორიული ღირსშესანიშნაობები.

პედაგოგმა, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წლისთავთან დაკავშირებით, სკოლის დერეფანში მოაწყო საიუბილეო საღამო. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მწერლის ბიოგრაფია, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

მოსწავლეებმა ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩაატარეს შემოდგომის გაცილების ღონისძიება „ყვითელი ფოთლები“. ასევე, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დარბაზში მოაწყვეს გიორგი ჭაუჭიძის წიგნის „დიიიდი ნუნუ“ საჯარო განხილვა. მოსწავლეებმა წინასწარ წაიკითხეს ნაწარმოები, შექმნეს ილუსტრაციები, გამოძერწეს პერსონაჟები და დიდი ენთუზიაზმით წარადგინეს წიგნის პრეზენტაცია.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის პირველი სემესტრი დაასრულეს საახალწლო ღონისძიებით - „ქრისტე იშვა ბეთლემსა“ (ი. ჭავჭავაძის მუზეუმის დარბაზი). ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საახალწლო ნუგბარით.


დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნანი ხმიადაშვილმაც აქტიურად იმუშავა „იაკობის კვირეულზე“.

„კიდევ ერთხელ გავიხსენეთ საინტერესო ფაქტები იაკობის ცხოვრებიდან და ტექნოლოგიების დახმარებით დავათვალიერეთ მუზეუმიც. აღნიშნულ კლასებში
მოვაწყვეთ „ხმამაღლა კითხვის მარათონი“. მოსწავლეებს დაურიგდათ იაკობის მოთხრობები, უნდა გადაეკითხათ დამოუკიდებლად და შემდეგ კლასის წინაშე
წაეკითხათ და მოეფიქრებინათ შინაარსის შესაბამისი ანდაზა“,- გვიყვება პედაგოგი. 

მეოთხე კლასში კვირეულის ფარგლებში განახორციელეს აქტივობა „გააცოცხლე პერსონაჟი“.

თითოეულმა ამოირჩია პერსონაჟი სასურველი მოთხრობიდან, მოირგეს როლები და წარმოგვიდგინეს მინი სპექტაკლები. ბოლოს კლასი შერჩევითობის პრინციპით გაიყო 4 ჯგუფად და შექმნეს ოთხი „დიდი წიგნი“ უმცროსკლასელებისთვის. რაც გულისხმობდა იაკობის თითო ნაწარმოების გადაწერას დიდ ფორმატზე და ეპიზოდების დახატვას. მე-4 კლასელებს, ზედსართავი სახელის განმტკიცებისთვის და შეჯამებისთვის მიეცათ შემოქმედებით დავალება, დაეწერათ მოთხრობა ან ზღაპარი ნებისმიერი თავგადასავლით საახალწლო თემატიკაზე.

„კლასში წავიკითხეთ რეზო ინანიშვილის - „ზამთრის ზღაპარი“, რაც შთაგონების წყარო გახდა. ნამუშევრებს გავუკეთე უკუკავშირი, შესწორებული ვარიანტი კლასში გადაწერეს დიდ თაბახის ფურცელზე, ამბები გააფორმეს შესაბამისი ილუსტრაციებით. ნამუშევრები ავკინძეთ ერთ წიგნად“,- გვიყვება პედაგოგი. 

სასწავლო წლის პირველი სემესტრი მეტად საინტერესო იყო ამალია ასაბაშვილის მოსწავლეებისთვის. 

“სასწავლო წლის დასაწყისში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თავად შექმნეს კლასის გერბი, ჰიმნი და დროშა, ასევე მოიფიქრეს კლასის დევიზი - „ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“. ამ აქტივობით დავიწყეთ სასწავლო პროცესი, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების სოციალური და სამოქალაქო, თვითგამოხატვის უნარების განვითარებასა და კულტურული ცნობიერების ამაღლებას“,- გვიყვება პედაგოგი ამალია ასაბაშვილი.

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა გაიხსენეს მისი ბიოგრაფია და ღვაწლი, ასევე შესწავლილი ნაწარმოებები იაკობ გოგებაშვილის
ავტორობით. მათ ამოარჩიეს ნაწარმოები, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ და შექმნეს კომიქსები. ეს აქტივობაც ძალიან მნიშვნელოვანია შემოქმედებითი,
წარმოსახვითი, ენობრივი, კომუნიკაციის და მედიაწიგნიერების უნარების ფორმირებისათვის.

„ნოემბერში სააქტო დარბაზში წარმოვადგინეთ საშემოდგომო ღონისძიება, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში საკომუნიკაციო, ენობრივი და ლიტერატურული, პასუხისმგებლობის, კულტურული და სოციალური უნარების განვითარებას, ასევე თვითშეფასების ამაღლებას.

დეკემბერში მათემატიკაში მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე, რომლის ფარგლებშიც უნდა მოეგროვებინათ ინფორმაცია საქართველოში გავრცელებულ რომელიმე 5 გარეულ
ცხოველზე: როგორია მათი სიგრძე, მასა, სიმაღლე, რით იკვებება, სად ბინადრობს.

მოძიებული ინფორმაციის მიხედვით კი შეადგინეს ამოცანები, რომლებიც კლასში ერთმანეთს გაუცვალეს, შემდეგ კი თვითონვე შეუმოწმეს ერთმანეთს პასუხები. ამ აქტივობამ საკმაოდ გაზარდა მათი აქტიურობა და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში“,- დასძენს მასწავლებელი. 

შემოდგომის მიწურულს მესამე კლასმა დიდი მონდომებით წარმოადგინა სპექტაკლი -„ზაფხულის სიზმარი“, ხოლო სემესეტრის დასასრულს საახალწლო ღონისძიება.

აღსანიშნავია, რომ მე-10 კლასში, მოსწავლეები ხელოვნებას პროექტებით სწავლობენ. მოსწავლეებმა პედაგოგ თამარ საზანიშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „ხელოვნება როგორც გამოხატვის საშუალება, ხელოვნება და მისი ფუნქციები თანამედროვე სამყაროში.“

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ, რომ ხელოვნების მეშვეობით შესაძლებელია სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა თანამედროვე სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გაეანალიზებინათ ხელოვნების ნაწარმოებში გამოყენებული გამოსახვის საშუალებები, ხოლო შემდეგ თავად აერჩიათ გამოსახვის შესაბამისი ხერხები, პრინციპები და საშუალებები.

შეექმნათ პრაქტიკული ნამუშევრები, სადაც გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნება პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა, ხელოვნების ნაწარმოების „სამეტყველო ენა“ უნივერსალურია, ის იყენებს სახვითი ხელოვნების გამომსახველობით ელემენტებს და პრინციპებს, ასევე ნებისმიერ ტექნიკას თუ დარგს, რათა გამოხატოს აზრი, თუ რის წინაშე ილაშქრებს. არჩეულმა პროექტმა შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს თავად აერჩიათ სასურველი თემა პროტესტის გამოსახატად. პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას, ზოგიერთმა მოსწავლემ იმუშავა ჯგუფურად, ზოგმა - ინდივიდუალურად. შედეგად, მოსწავლეების ნამუშევრები გამოფენის სახით წარდგა აუდიტორიის წინაშე, რამაც აღფრთოვანება გამოიწვია.

STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის - „მომავლის საქართველო“ რეგიონული
ტურები საქართველოს ხუთ რეგიონში წარმატებით ჩატარდა.

STEAM საგნებისადმი ინტერესის გაძლიერების მიზნით I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტში არაერთი ღონისძიება ხორციელდება. მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია STEAM პროექტების ეროვნული კონკურსი - „მომავლის საქართველო“.

კონკურსის მიზანი STEAM საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერებასთან ერთად, I2Q პროექტის 200 საპილოტე სკოლაში დანერგილი STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის შედეგების წარმოდგენა და გამოცდილების სხვა სკოლებისთვის გაზიარება გახლდათ.

კონკურსის - „მომავლის საქართველოს“ პირველი ეტაპის შესარჩევი ტური ივნისში, საქართველოს ხუთ რეგიონში ჩატარდა. შესარჩევ რეგიონულ ტურებში 55 სკოლა (200 საპილოტე სკოლიდან) მონაწილეობდა, მათ შორის ყვარლის N2 საჯარო სკოლამ და მოსწავლეებმა საზოგადოებას წარუდგინეს კონკურსის პირობების შესაბამისად მომზადებული მასშტაბური STEAM პროექტები.

ნამუშევრები შეაფასა კომისიამ, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი ხელმძღვანელობდა.

წარმოდგენილი პროექტები შეფასდა წინასწარ გაწერილი ოთხი ძირითადი კომპონენტის მიხედვით - პროექტის გეგმა, მოდელი, ესე და შემაჯამებელი ვიდეორგოლი.

პირველი ეტაპიდან ეროვნული კონკურსის ფინალში გადავიდა 9 სკოლა, მათ შორის, ყვარლის N2 საჯარო სკოლა.

კონკურსის მონაწილე ყველა სკოლას გადაეცა სერტიფიკატები. ქუთაისსა და თბილისში ჩატარებულ ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი და I2Q პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ სანიკიძე დაესწრნენ.

STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის - „მომავლის საქართველო“ მეორე ეტაპის შესარჩევ ტურს 19-20 ნოემბერს ქუთაისმა უმასპინძლა. ორდღიან ღონისძიებაზე ჩვენმა
სკოლამ წარმოადგინა STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინოვაციური პროექტი.

მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს კი, თბილისში, გაიმართა დასკვნითი STEAM კონფერენცია, რომელზეც 2025 წლის „მომავლის საქართველოს“ ეროვნული კონკურსის
30 საუკეთესო პროექტი იქნა წარმოდგენილი. ყვარლის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად ამაყობენ ამ პროექტში გამარჯვებით. 

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მაია ხარებაშვილი (ბუნებისმეტყველების) და ელენე ავაზაშვილი (მათემატიკის). 

მკითხველთა კლუბი, ხელმძღვანელი ქართული ენის პედაგოგი მზია ბაიდოშვილი, ტრადიციულად აგრძელებს წიგნების განხილვას: მკითხველთა კლუბის წევრებმა
ონჯალი რაუფის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოების - „ბიჭი ბოლო მერხზე” განხილვა მოაწყვეს.

მოსწავლეებმა მთავარ თემაზე ისაუბრეს და დაასაბუთეს, თუ რომელი გმირი მოეწონათ და რატომ; გარდა ამისა, მათ შემდეგ ​იმსჯელეს აქტუალურ თემებზე როგორიცაა - მეგობრობა, ოჯახი, სკოლა, განსხვავებული უნარები თუ განსხვავებული გარეგნობა,ტოლერანტობა და ემპათია. ბოლოს კი, ერთხმად აღიარეს, რომ სიკეთე ნამდვილად სწორი არჩევანია ადამიანში.

კლუბის წევრებმა, განიხილეს ასევე, ენტონ ბერჯერის წიგნი - „მექანიკური ფორთოხალი”.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მკითხველთა კლუბის დიდ ოჯახს ახალი წევრები შეემატნენ.

გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ შედგა ყვარლის N2 სკოლის მოსწავლის - თიკა ბაღაღოშვილის მე- 2 წიგნის - „გოგონა წიგნით ხელში“ პრეზენტაცია.

პედაგოგი მზია ბაიდოშვილი და მათემატიკის პედაგოგი ნუნუ ავაზაშვილი მასწავლებლების დღეს, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მინისტრის გივი მიქანაძის ხელმოწერილი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სასწავლო წლის დასაწყისი აქტივობებით გაამრავალფეროვანეს ​უცხო ენების მასწავლებლებმა - ინგლისური ენის მასწავლებელმა, ლამარა ბეჟანიშვილმა
განახორციელა საშემოდგომო ღონისძიება, რომელიც გახლდათ კულტურულ -ტრადიციული შინაარსისა.

ღონისძიება განხორციელდა მე-5 კლასში და მას ჰქონდა სპექტაკლის სახე. მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა როლები. მათ აუმაღლდათ ცნობიერება საშემოდგომო ტრადიციებისა და კახეთში სტუმარ-მასპინძლობის შესახებ.

ინგლისურ ენაზე საშემოდგომო ღონისძიება განახორციელა, აგრეთვე, პედაგოგმა ნინო ვარამიშვილმა.

დეკემბერში სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „Quiz show“, რომელშიც მე-7 ა,ბ,და გ კლასის მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

როგორც ინგლისური ენის პედაგოგი ლამარა ბეჟანიშვილი გვიყვება, მისი გეგმა გაწერილი იყო ინგლისური ენის სასწავლო სტანდარტის მიხედვით და მოიცავდა 5 აქტივობას, როგორც სასაუბროს, ისე საკითხავს და მოსასმენს. აქტივობა ასევე ხელს უწყობდა ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა აზროვნება, სისხარტე, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობა.

„ჩემთან ერთად მუშაობდნენ ინგლისური ენის მასწავლებლები - ეკო ბაკურაძე და ნინო ვარამიშვილი“, - გვეუბნება ლამარა ბეჟანიშვილი. 

რუსული ენის პედაგოგმა ეკატერინე ავაზაშვილმა განახორციელა საბაზო კლასებში საკლასო პროექტები - „გიორგი დანელი“, „ალბერტ აინშტაინი”, „ჯონ კენედი”, „ალექსანდრე გრიბოედოვი” და „დღესასწაულები”.

რაც შეეხება, სპორტს, მოსწავლეებმა მრავალი ჯილდო მოიპოვეს ხელბურთისა და კალათბურთის ბრძოლებში. მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი - ზაზა ყრუაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

აღმზრდელებსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს სპეციალური კომისია შეაფასებს -  განაცხადის წარდგენისი ბოლო ვადა 20 მარტია

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

 მიმდინარე სემესტრის სასწავლო დღეები და მნიშვნელოვანი თარიღები

მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს

ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გაიზრდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

გაკვეთილების შემდგომ, შესვენების დროს პედაგოგებმა ბავშვები ეზოში გაიყვანეს და მათთან ერთად იმხიარულეს

პედაგოგმა ისაუბრა ანბანეთის საოცარ სამყაროზე, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში

VII კლასის მოსწავლეები, მუზეუმს, პედაგოგ ვერა შეყელაძის ხელმძღვანელობითა და  დამრიგებელის - ნათია ხურცილავას თანხლებით ესტუმრნენ

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება