მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლას დირექტორი დალი ტაბატაძე წარმატებით ხელმძღვანელობს. სკოლაში უზრუნველყობს ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, სამართლიანობაზე დაფუძნებულ გარემოს, რომელიც მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს. იგი პედაგოგთა აქტიური მხარდამჭერია და ახალისებს მათ პროფესიულ ზრდას. აღნიშნავს, რომ ძლიერი სასკოლო საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს თანასწორობა, ნდობა, ერთმანეთზე ზრუნვა და ღია კომუნიკაცია. მოსწავლეებთან ერთად წერს მათი წარმატების ისტორიას და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული მომავალი თაობის ფორმირებაში.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თამარაშენის საჯარო სკოლას დირექტორი დალი ტაბატაძე პასუხობს.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, უსაფრთხოებაზე, სამართლიანობაზე, მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ გარემოს. სადაც მასწავლებელი არ არის მთავარი ფიგურა, იგი არის მოსწავლის გზამკვლევი მისთვის ჯერ შეუცნობელ სამყაროში. სკოლა მუდმივად უნდა უწყობდეს ხელს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. მოსწავლე/მასწავლებელი და სკოლის თითოეული თანამშრომელი თავს დაცულად და დაფასებულად უნდა გრძნობდეს. პოზიტიური სასკოლო გარემოს შექმნაში აუცილებელია მშობელთა ჩართულობა. მათი დახმარებით სკოლაში უნდა იგეგმებოდეს სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობა. აქტიურად უნდა იღებდნენ მონაწილეობას მოსწავლეების სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი პასუხისმგებელია სხვადასხვა დეტალზე, რომელიც საერთო ჯამში სკოლას აყალიბებს იმ ადგილად, სადაც მოტივირებულები სიხარულით მიდიან.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლე-მასწავლებლის და ზოგადად, პიროვნებებს შორის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ნდობა და ურთიერთპატივისცემაა. მოსწავლეს რომელსაც სჯერა, რომ მასწავლებელი მის კეთილდღეობაზე გულწრფელად ზრუნავს, ის უფრო აქტიურია, იჩენს მზაობას მოსასმენად და თანამშრომლობისთვის. ასევეა მასწავლებლის შემთხვევაშიც, როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლეები მის მიერ გაწეულ შრომას აფასებენ, უფრო მოტივირებული ხდება. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ჯანსაღი და სწორი კომუნიკაციაა საჭირო. მასწავლებელმა ცოდნის გადაცემასთან ერთად დროულად უნდა აღმოუჩინოს მოსწავლეს საჭიროება და შესაბამისი ზომები მიიღოს. ასევე, მნიშვნელოვანია თანაბარუფლებიანობა და სამართლიანობა. მოსწავლე უნდა ხედავდეს და გრძნობდეს, რომ მისი უფლებები დაცულია.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი ძალიან კეთილები, ნიჭიერები და გულწრფელები არიან. ცდილობენ ყოველდღიურად მეტად განვითარდნენ. არ ეშინიათ შეცდომის დაშვების და შემდეგ ამისი აღიარების. მათ კარგად იციან, რომ შეცდომები და მათი გამოსწორების გზების ძიება პიროვნულ ზრდაში დაეხმარებათ. ისინი მუდმივად ავლენენ სურვილს ისწავლონ და განვითარდნენ. არიან პასუხისმგებლიანები და მიზანდასახულები. მათი ოცნებები რეალისტურია და გულწრფელად მჯერა, რომ თითოეული მათგანი შეძლებს ოცნების რეალობად ქცევას. მოკლედ, ჩემს მოსწავლეებზე დაუსრულებლად შემიძლია დადებით კონტექსტში საუბარი.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთიანობას, ურთიერთპატივისცემას და თანამშრომლობას ყველა წევრს შორის. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და ადმინისტრაციას შორის. სადაც თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სკოლის კეთილდღეობაზე და საერთო სასკოლო მიზნების მიღწევაზე. ძლიერი სასკოლო საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს თანასწორობა, ნდობა, ერთმანეთზე ზრუნვა და ღია კომუნიკაცია. რომ შევაჯამოთ „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“ პრინციპია.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეების თვალებში ანთებული ცნობისმოყვარეობა, მათი პროგრესი და ის პატარა გამარჯვებები, რაც ერთად მიღწეული გვაქვს. როცა ვხედავ, როგორ იზრდებიან, როგორ ლამაზად ყალიბდებიან პიროვნებებად, მიჩნდება ძალა და სურვილი, ვიყო მათთან, ვასწავლო და ერთად ვწეროთ მათი წარმატების ისტორია. ასევე, ჩემი შვილი, მინდა როცა გაიზრდება დაინახოს, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება კარგი მომავლის საწინდარია.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- აქ ვფიქრობ გასათვალისწინებელია მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია, ასევე გასათვალისწინებელია ინტერესი და გემოვნება და მაინც, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ვურჩევდი ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწულს“. ეს ზღაპრული ისტორია ბავშვური სიმსუბუქით გვასწავლის ძალიან ღრმა ჭეშმარიტებებს - სიყვარულზე, მეგობრობაზე, პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რაც ადამიანად გვაქცევს. ის ყველამ უნდა წაიკითხოს არა ერთხელ, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე -რადგან ასაკთან ერთად სხვაგვარად გაიგებ. შედარებით მოზრდილ ასაკში ვურჩევდი აუცილებლად წაეკითხათ ჩვენი ქვეყნის ლიტერატურული სიმდიდრე შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსანი”. ეს პოემა ნამდვილად არის სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების, პატრიოტიზმის, სიმამაცის და გონიერების ეტალონი. მისი დინჯად და გააზრებულად წაკითხვა აუცილებლად გაგიჩენს სურვილს გქონდეს ის საამაყო თვისებები, რაც ნაწარმოების დადებით პერსონაჟებს გააჩნიათ. როგორც მასწავლებელი, არ შემიძლია მოსწავლეებს არ ვურჩიო გურამ დოჩანაშვილის არაჩვეულებრივი ნაწარმოები „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. წაიკითხავ ნაწარმოებს და წიგნების სიყვარული ერთიორად იზრდება. ხდები უკეთესი პიროვნება, ვიდრე იყავი და ურჩევ სხვა ადამიანებს ამ ნაწარმოების წაკითხვას, თან ეუბნები, რომ „პირველად წაკითხვის ბედნიერება წინ აქვს“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ამ კითხვას ღიად დავტოვებ, რადგან სამწუხაროდ, მრავალფეროვანი ღონისძიებებით განებივრებულები არ ვიყავით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებსა და ბაღებს უქმე დღეები არ დაემატება - ჯანდაცვის კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭრა
ვისთვის არის სავალდებულო განაცხადის გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიტანა - დეტალური ინფორმაცია აპლიკანტებისთვის
„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე
„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა
აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი, იუღაბერ ბიჩახჩიანი
„წელს 6 კურსდამთავრებული გვყავს და მათ შორისაა ჩემი შვილი“
ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ