სიახლეები
ინტერვიუ

„ჩვენი მთავარი მიზანია - თითოეული მოსწავლის განვითარება“ - მარიამ გრძელიშვილი, ითხვისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
06-09-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გრძელიშვილი, მრავალი წელია,  სკოლის ხელმძღვანელია და როგორც საუბრისას გაგვიმხილა, სხვაგან თავი ვერც წარმოუდგენია. ბავშვობიდან იცოდა, რომ პედაგოგი უნდა გამოსულიყო და ამისთვის ბევრი იშრომა... დღეს კი, სკოლის ხელმძღვანელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან უშუალო, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, რადგან როგორც აღნიშნავს, ამის გარეშე ბავშვის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება შეუძლებელია. 

ქალბატონმა მარიამმა etaloni.ge-სთან საკუთარი გამოცდილების შესახებ, ასევე მცირეკონტინგენტიანი სკოლების გამოწვევებზე ისაუბრა და სოფელში არსებული მიგრაციის გამოც გამოთქვა გულისტკივილი; სამომავლოდ კი ისურვა, რომ ადგილზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, რათა ხალხი არ „გაიხიკოს“ სოფლიდან.

- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, რას ნიშნავს თქვენთვის სკოლის ხელმძღვანელობა?

- ბავშვობიდან ჩემი საყვარელი თამაში „მასწავლებლობანა“ იყო. გარდა სკოლის ხელმძღვანელისა, მათემატიკის პედაგოგიც ვარ. მრავალი წელია სკოლაში ვასწავლი და არასდროს მიფიქრია, რატომ ვარ აქ. სამწუხაროდ, ახლა, ეს პროფესია აღარაა ისეთი პრესტიჟული, როგორიც ადრე იყო - აღარ უნდათ ახალგაზრდებს პედაგოგობა, არადა ყველაზე კარგი სამუშაო - ბავშვებთან ურთიერთობაა, ამაზე უკეთესი ქვეყნად არაფერია. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და დღემდე კმაყოფილი ვარ ამით.

- მასწავლებლის პროფესიაზე მოთხოვნა რატომ აღარაა?

- ზუსტად არ ვიცი, რა განაპირობებს ამას... პედაგოგებს ხელფასიც მოემატათ, რაც პრობლემა იყო. პროფესიული განვითარების მხრივაც აქვთ შანსი. ბევრი ტრენინგი ტარდება, ექსპერტებიც არიან ჩართულნი... ამ ყველაფრის მიუხედავად, ახალგაზრდებს მაინც არ სურთ სკოლაში მუშაობა. ფაქტია - მასწავლებლის პროფესია დაუფასებელია. ამიტომაა საჭირო მეტი ყურადღება, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის საშუალება - სხვა სისხლია, სხვა ენთუზიაზმი, მაგრამ არ მოდიან... პედაგოგიურზე რეკომენდაციის გარეშე არ უნდა იყოს მიღება, რადგან მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი, სხვა თვისებები, უნარები, სკოლის სიყვარულია საჭირო. ვფიქრობ, სკოლიდან რეკომენდაციას აუცილებლად უნდა ითხოვდნენ უმაღლესი სასწავლებლები. უფასოა ეს ფაკულტეტი და რატომ? ეს არის აუცილებლად გადასახედი...

- ხომ არის მასწავლებლების გამოცდები, სტატუსს იმაღლებენ, ვითარდებიან - ამასთან დაკავშირებით რას იტყოდით?

- გამოცდები აუცილებელია, უბრალოდ ეს საკმარისი არ არის. ახალგაზრდების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ვერ აბარებს. ვინც კარგი კადრია მას, სამწუხაროდ არ უნდა სკოლაში. ჩემს შვილს, რომ ვუთხარი პედაგოგიურზე ჩაბარება რატომ არ გინდა-მეთქი, პასუხი არ გამცა. რატომ არ უნდოდა? იმიტომ, რომ არაა დაფასებული. ურჩევნიათ წავიდნენ იქ და ჩააბარონ იმ ფაკულტეტზე, რომელიც უფრო პრესტიჟულია და ხელფასი - მაღალი. სკოლები გადასახედია, აუცილებლად მისახედია. დაიწყეს ძვრები, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. იმედი მაქვს, ამ პრობლემას მიექცევა ყურადღება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. განათლების გარეშე ქვეყანაში წინსვლა არ იქნება. იმედია, ამას კომპეტენტური ხალხი მიხედავს.

- თქვენი სკოლის პედაგოგები არიან სერტიფიცირებულები?                          

- დიახ, აბარებენ გამოცდებს და ყველა მათგანი სერტიფიცირებულია.

- ბავშვებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?                  

- მეგობრული ურთიერთობა მაქვს მათთან. ჩემს დროსაც არ იყო სიმკაცრე; მაშინ, როდესაც მოსწავლე ვიყავი, ვერ გავიხსენებ, რომ ვინმე მკაცრად ან ცუდად მომექცა, ან ვინმემ რამე არ დამიჯერა და ამით გული მატკინა. იყვნენ ბავშვები, რომლებსაც განსხვავებული მიდგომა სჭირდებოდათ. აუცილებელია მეგობრული ურთიერთობა, რადგან ბავშვი თუ ვერ გრძნობს სიყვარულს მაშინ ის არ მოგენდობა და არ გაიხსნება. გაბრაზებაშიც უნდა იგრძნობოდეს სიყვარული. ჩვენი სკოლის დანიშნულება და მიზანი მხოლოდ ცოდნის მიცემა კი არაა, არამედ მოსწავლეებში ღირებულებების, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ბავშვებს უნდა დავეხმაროთ, გაიგონ საკუთარ თავზე მეტი - რა შეუძლიათ. უნდა მივცეთ სწორი მიმართულება, თუ სად წავიდნენ. ამისთვის საჭიროა დიდი სიყვარული და მოთმინება. არ შეიძლება ბავშვებთან უხეშობა, ჩხუბი. მითითება აუცილებელია, მაგრამ მოსწავლე უნდა ხვდებოდეს ამას მის სასიკეთოდ რომ ვაკეთებთ. მეც პირადად ასე ვცდილობ მოვიქცე. არ მქონია შემთხვევა, რომ ჩემი რჩევა არ გაეთვალისწინებინათ ან ცუდად გაეგოთ რაიმე. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ.

- როგორ ფიქრობთ, რა დადებითი და რა უარყოფითი აქვს მცირეკონტინგენტიან სკოლებს?

- მცირეკონტინგენტიან სკოლებს დადებითზე მეტი ალბათ, უფრო უარყოფითი აქვს. დადებითი არის ის, რომ კლასში მათი მცირერიცხოვნობის გამო, ბავშვებს მეტი შანსი აქვთ, კარგად ისწავლონ, განსაკუთრებით უფროსკლასელებს, რომლებიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებიან. ეს ფაქტობრივად მომზადების ტოლფასია.  თუმცა, ბავშვებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ცუდია, რადგან, როცა ბევრი მოსწავლეა კლასში ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო სწავლობენ ურთიერთობებს. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაში, კლასში მაქსიმუმ 6 მოსწავლეა, მაგრამ თავიდან, როცა მოვედი მასწავლებლად 18-იც გვყავდა და მეტიც. მიდიან, სოფელში არ ჩერდებიან ახალგაზრდები.

- რისგანაა გამოწვეული ეს მიგრაცია?

- ალბათ, უფრო სამსახურების ნაკლებობის გამო. სოფელში მხოლოდ მოხუცები რჩებიან. ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ გაჩერება. არ არის საცხოვრებელი პირობები ნორმალური. ვინც მუშაობს და აქვს ნორმალური ხელფასი არსად გარბის და ვისაც არ აქვს პირობები რა უნდა ქნას?! ხომ უნდა არჩინონ ოჯახები... თავი რომ გადადო და მთელი წელი მიწაზე იმუშაო მაგით ოჯახს ვერ არჩენ ჭიათურაში. 

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- დიდი ყურადღება სჭირდება სოფლებს. პირველ რიგში, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. უნდა იყოს იმის საშუალება, რომ ვიცხოვროთ. მაღარო რომ გააჩერეს მაშინ საერთოდ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ბევრი წავიდა, თუმცა შემდეგ დაბრუნდნენ უკან, როდესაც განახლდა სამუშაო. ძირითადად ხალხი აქაა დასაქმებული. სერიოზული მისახედია სოფელი. ბავშვებსაც მეტი მოტივაცია ექნებათ გარემო რომ უკეთესობისკენ შეიცვლება.

- ბავშვების აკადემიური მოსწრებით თუ ხართ კმაყოფილი? მოტივირებულები არიან?

- დიახ, კმაყოფილი ვარ. შესაძლებლობების მიხედვით არიან მოტივირებულები. წელს არ გვყავდა მედალოსანი, მაგრამ ზოგადად გვყავს ხოლმე. ბევრი კარგი მოსწავლეა ჩვენს სკოლაში. პირველ რიგში, რაც მთავარია ყველა კარგი ადამიანია. ამით კი ძალიან ამაყი ვარ. აბიტურიენტებიც გვყავდა, რომელთაგან 4-მა წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში.

- ახალი სასწავლო წლისთვის როგორ ემზადებით? გყავთ წელს პირველკლასელები?

- დიახ, 4 პირველკლასელი გვყავს. როგორც ყოველთვის სკოლის 1-ელი  დღისთვის ენთუზიაზმით ვემზადებით. ვგეგმავთ ღონისძიებებს, მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად. რა თქმა უნდა, ამაზე ძირითადად პედაგოგები მუშაობენ. პირველკასელებს საკლასო ოთახებს ლამაზად მოვურთავთ. სასწავლო გეგმა გვაქვს კიდევ ერთხელ გადასახედი, აუცილებელია ახალი იდეებით მისი შევსება. ბევრი სამუშაო გვაქვს. მნიშვნელოვანია როგორი მომზადებულები შეხვდებით ახალ სასწავლო წელს და როგორ დავიწყებთ სწავლას.

- დირექტორობის მსურველთა გამოცდებზე რას ფიქრობთ... რამდენი კანდიდატურაა თქვენ სკოლაში წარდგენილი?

- აუცილებელია დირექტორმა დაადასტუროს თავისი კომპეტენცია. რთულიც არაა იმდენად. შეიძლება გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ადამიანი ადამიანი ცუდად გახდეს, რამე დაემართოს და ვერ ჩააბაროს, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, ჩაბარება ყველას უნდა შეეძლოს. ასე თავადაც უფრო მოტივირებული იქნება, მუდმივად მომზადებული და საკუთარ თავში დარწმუნებული. მე არ გავსულვარ წელს, რადგან სერტიფიცირებული ვარ, არ მიწევდა გასვლა. ჩემს სკოლაში ერთი ძალიან კარგი კანდიდატურა იყო წარდგენილი. ვნახოთ რა იქნება, დაველოდოთ. არჩევნებამდე, წინასწარ ვერ ვიტყვი ვერაფერს.

- სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყოდით?

- მიზნები, რა თქმა უნდა სკოლას ეხება. სასწავლო გეგმა გვაქვს უკვე გაკეთებული, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავხედავთ და სრულყოფილ სახეს მივცემთ. ჩვენი მთავარი მიზანია - თითოეული მოსწავლის განვითარება. სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხო გარემო. წელს, მე პირადად სერიოზული პრობლემის წინაშე ვარ, რადგან გვითხრეს, რომ სკოლაში იგეგმება რემონტიო, მაგრამ შემდეგ შესაბამის ადგილას, რომ დავრეკე ზუსტი პასუხი ვერ მითხრეს... ამ ეტაპზე ვართ გაურკვევლობაში. საკლასო ოთახები კი გავაკეთეთ და სველი წერტილები, მაგრამ დარბაზია ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სადაც ძალიან ჭირს გაკვეთილის ჩატარება. იატაკი ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, რომ ბავშვმა შეიძლება ფეხი წამოკრას. ამიტომ ძალიან მეშინია. აუცილებელია უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, მაგრამ მარტო ჩვენი ძალები არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გაკეთდეს. მასწავლებლებსაც უნდა ჰქონდეთ აუცილებლად ნორმალური სამუშაო გარემო. დიდსაც და პატარასაც უნდა უხაროდეს სკოლაში მოსვლა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ში საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა

მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

შეზღუდვა, რომელიც ყველა მე-12 კლასელს მეორე სემესტრიდან შეეხება - დეტალები ესგ-დან

ტერმინები, რომელიც ბაღის ხელმძღვანელებმა და აღმზრდელ-პედაგოგებმა უნდა იცოდნენ

საკითხები და მიმართულებები რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო განიხილავს 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი ტიპის შემეცნებითი გაკვეთილები მწვანე კალენდრიდან ხელს უწყობს მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას

მოსწავლეებთან შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში

საინტერესო

სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია 

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ტესტირების შედეგად გააანალიზეთ გახვედით თუ არა სასურველ შედეგზე

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“
სიახლეები
საზოგადოება