სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბანკის სესხივით ვაგროვებთ ბაღში თანხებს... ვერ გაიგებ - ბაღია თუ ყულაბა“ - მშობლები მანკიერი პრაქტიკის წინააღდეგ
12-11-2026
-
+


საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი კანონით სრულიად უფასოა, თუმცა პრაქტიკაში მშობლებს უწევთ უცნაურ ფინანსურ ვალდებულებებთან შეჯახება. წინასაახალწლო პერიოდი თუ აღმზრდელთა დაბადების დღეები ონლაინ-ჩატებში ნამდვილი დაპირისპირების მიზეზი ხდება. მიუხედავად ოფიციალური აკრძალვებისა, ჯგუფებში ჩნდება კონკრეტული „ტარიფები“ (ე.წ. სტავკები), რომელთა გადახდაც მშობლებს, ხშირად, მორალური იძულების წესით უწევთ. ეს თემა ყოველთვის მწვავე უკმაყოფილების საგანია, რადგან ნებაყოფლობითი საჩუქრის იდეა დიდი ხანია შეიცვალა დაუწერელი, სავალდებულო გადასახადით.​

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მშობელმა კარგად იცის, რომ ბაღებში თანხის შეგროვება კანონით იკრძალება, უარის თქმასა და პროტესტის გამოხატვას მხოლოდ ერთეულები ბედავენ. ამას რამდენიმე კონკრეტული მიზეზი აქვს:

„დაჩაგვრის“ შიში: მშობლებს ეშინიათ, რომ თუ ფულს არ დადებენ, ეს მათ შვილზე აისახება. არსებობს შიში, რომ მასწავლებელი ან ძიძა ბავშვს სხვანაირად მოექცევა, ყურადღებას მოაკლებს ან ჯგუფში გარიყავს.

ჯგუფური ბულინგი და მორალური ზეწოლა: ბაღის მშობლების საერთო ჩატები ხშირად ტერორის სივრცედ იქცევა. ვინც ინიციატივას არ უერთდება, მას საჯაროდ, სხვა მშობლების თანდასწრებით ამუნათებენ. „სხვის ხარჯზე გინდათ თქვენმა შვილმაც მიიღოს საჩუქარი?“, „რა გახდა 20 ლარი მასწავლებლისთვის?“ - მსგავსი ფრაზები მშობლებს აიძულებთ, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ბოლო თეთრები გაიღონ.

ინკოგნიტოდ დარჩენის შეუძლებლობა: ვინაიდან ჩატებში ფულის შემტანთა სიები საჯაროდ იწერება (ხშირად პლუსებით „+“ ან სახელებით), შეუძლებელია პროტესტი ისე გამოხატო, რომ მთელმა ჯგუფმა არ გაიგოს. საჩივრის ოფიციალურად დაწერას კი ღია კონფლიქტამდე მიჰყავს საქმე, რაც მშობლებს არ სურთ.

etaloni.ge-ს არაერთი უკმაყოფილო მშობელი დაუკავშირდა და თავის გულისტკივილი გაანდო.

„ახალი წელი მოდის და ბაღის ჩატში იწყება პანიკა. უნდა შევაგროვოთ 20-40-50 ლარი აღმზრდელებისთვის, ძიძისთვის, დირექტორისთვისაც ცალკე... თუ ვინმე იტყვის, რომ ახლა არ აქვს ეს თანხა ან უბრალოდ არ ეთანხმება ამას, ისეთ დღეში აგდებენ, რომ ბავშვის გამო იხდი. არადა, საჯარო ბაღია და სრულიად უფასო უნდა იყოს“.

„ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, როცა თანხა არის დაწესებული. არავინ გეკითხება, შეგიძლია თუ არა. მასწავლებლის დაბადების დღეა, ახალი წელია, 8 მარტია... გამოდის, რომ წელიწადში რამდენჯერმე ხელფასიდან ამაში უნდა ვაგროვოთ ფული, არადა ოფიციალურად ბაღის თანამშრომლებს ამის მიღება არც აქვთ უფლება“.

„არ ვიცი, ვისი ინიციატივაა - ბანკის სესხივით ვაგროვებთ ბაღში თანხებს... ვერ გაიგებ - ბაღია თუ ყულაბა“.

არადა, საჯარო საბავშვო ბაღების თანამშრომლები (აღმზრდელები, ძიძები, დირექცია) წარმოადგენენ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ან მუნიციპალური ააიპ-ების თანამშრომლებს, რომლებზეც ვრცელდება როგორც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე საჯარო სამსახურსა და ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის სამსახურეობრივ მოვალეობაზე ან ეჭვქვეშ დააყენოს მისი კეთილსინდისიერება.

ასევე, კანონმდებლობა ადგენს მკაცრ ზღვარს საჯარო მოსამსახურის მიერ მიღებული საჩუქრის ღირებულებაზე, ხოლო საჯარო დაწესებულებებსა და ბაღებში ფულის იძულებითი შეგროვება (მით უმეტეს, როცა ის ხდება ჯგუფებში „სტავკებით“) არაეთიკური და უკანონო პრაქტიკაა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და განათლების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებენ მშობლებს, არ დაემორჩილონ მსგავს პრაქტიკას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება