სიახლეები
სიახლეები

„ჩვენი სკოლა გუნდურობის მაგალითია“ - ნინო გახარია, თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი
15-07-2021
-
+


ვიდრე სკოლის დირექტორი გახდებოდა, რიგითი მასწავლებელი იყო, შემდეგ დირექტორის მოადგილე, ხოლო ბოლოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა. საუბარია თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორზე, ნინო გახარიაზე, რომელმაც ჩვენთან ახალი სკოლის მოდელზე, რეფორმებზე, მასწავლებელთა ტრენინგებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

- ქალბატონო ნინო, 2020-2021 სასწავლო წელი გამოწვევებით იყო სავსე, თქვენ როგორ შეაფასებდით მას?
-  ძირითადად, დისტანციურ სწავლებაზე ვიყავით, შეზღუდული გვქონდა საათების რაოდენობა, რამაც თავისთავად გამოიწვია თემატური გეგმების მოდიფიცირება. როცა სკოლაში განვაახლეთ სასწავლო პროცესი, მარათალია, იყო წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ჩვენთან 2095 ბავშვი სწავლობს სკოლა არ დაკეტილა - კონკრეტული კლასი გადადიოდა დისტანციურ რეჟიმზე, ან მასწავლებელი - იზოლაციაში და  სასწავლო პროცესი არ ფერხდებოდა. მუდმივ დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ 95 ბავშვი იყო, დანარჩენები კი  სკოლაში დადიოდნენ.  ეს  მშობლების სურვილი გახლდათ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ გაკვეთილების საკლასო ოთახში ჩატარებას ანიჭებდნენ უპირატესობას. მოგეხსენებათ,  ონლაინ გაკვეთილების დროს მოსწავლეებს ექმნებათ ტექნიკური პრობლემა, ოჯახში არ აქვთ საკმარისი ტექნიკა...  სასწავლო წლის დასაწყისში გავაკეთეთ პროექტი მშობლებისთვის და  კვირა დავგეგმეთ მათთან ერთად, რათა ენახათ, როგორ ვასრულებდით თითოეულ რეგულაციასა და როგორ ვუზრუნველვყოფდით 2000 ბავშვის უსაფრთხოებას. მშობლები მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ თერმოსკრინინგს, დერეფნებში ბავშვების გადაადგილებას, სადეზინფექციო პროცედურებს და ვფიქრობ, პროექტმა გაამართლა - გვანდეს ბავშვები და არ გადაიყვანეს დისტანციურ სწავლებაზე. გეთანხმებით, იყო გამოწვევები, თუმცა შედეგები კარგი გაქვს.

- რამდენად შეძლეს მოსწავლეებმა წელს სასწავლო პროგრამის დაძლევა? 
- ვინაიდან ვიყავით ჰიბრიდულ მოდელზე და თემატური გეგმის მოდიფიცირება მოვახერხეთ, მაქსიმალური დასწრება გვქონდა  კლასებში, არც სასწავლო პროცესი შეფერხებულა. თამამად ვიტყვი - პროგრამის დაძლევის პრობლემა არ გვქონია. ეს მასწავლებლების დიდი დამსახურებაა და კიდევ, მშობლების, რომლებსაც მადლობას ვუხდი ჩვენს მიმართ ნდობისთვის.

- ახალი ეროვული სასწავლო გეგმის პრაქტიკაში დანერგვას რამდენად ახერხებთ?
- ახალი სკოლის მოდელში იანვრიდან ჩავერთეთ, თუმცა მანამდე ჩვენი მასწავლებლები მაინც ესწრებოდნენ ტრენინგებს,       იანვრიდან კი ყველა აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. სწორედ „ახალი  სკოლის მოდელის“ ფარგლებში, გავაკეთეთ პროექტი - „ფინანსური წიგნიერება“, რომელმაც მთელი სკოლა მოიცვა. ეს არ იყო შაბლონური პროექტი - მნიშვნელოვან თემებს ეხებოდა, მის ფარგლებში რამდენიმე ქვეპროექტიც განხორციელდა და  ბევრი, კარგი ღონისძიებაც ჩატარდა.

- ანუ, კმაყოფილი ხართ რეფორმით?
- კომპლექსურ დავალებებს, კურიკულუმებსა და მატრიცებს მეტ-ნაკლებად, მოხალისეობრივად ვაკეთებდით, რადგან, როგორც მოხალისე სკოლა ისე ვიყავით ჩართულები და გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ამ პროგრამაში არიან: ტრენერები, ექსპერტები, წიგნის ავტორები. ორი წლის წინ თავადაც „ახალი სასკოლო მოდელის“ ექსპერტი გახლდით... სკოლაში 108 მასწავლებელია  და ერთდროულად,  ყველაფერი აიტაცონ, პრაქტიკაში დანერგონ - მარტივი არაა, თუმცა ჩვენ შევამზადეთ ისინი ამ პროცესებისთვის: ვესწრებოდით მასწავლებლების ჩატარებულ გაკვეთილებს ხარისხის მიმართულებით და ჰქონდათ დავალება, რომელიც გულისხმობდა ერთ ნაბიჯს კომპლექსურ დავალებებამდე. 

- თუმცა რეფორმას პედაგოგების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს... როგორც ყოფილი ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ასეთი დამოკიდებულება?
-  არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ამ მოდელს და როგორც ჩანს, ექსპერტებშიც არის ცოტა პრობლემა - სხვადასხვაგვარად აღიქვეს და შემდეგ გადასცეს კონკრეტული პრობლემა, რამაც გამოიწვია ნიჰილისტური დამოკიდებულება. აქვე აღვნიშნავ, რომ ვიყავი ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით და არა სასკოლო გეგმის დანერგვის მხრივ,  თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მატრიცები და კომპლექსური დავალებები მოსწავლეებს დიდ არეალს აძლევს შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად.  ამიტომ ვფიქრობ, აღნიშნული მოდელი კარგის გარდა, ცუდს ნამდვილად არ მოიტანს მათთვის. ჩვენ მზად ვართ, სასკოლო საზოგადოებას ყველაფერი ზუსტად და სწორად მივაწოდოთ და მგონია, სექტემბრისთვის კარგად მოვერგებით აღნიშნულ მოდელს.

- რეფორმებიდან გამომდინარე, მასწავლებლებს ხშირად უტარდებათ ტრენინგები. რამდენად ახერხებენ ისინი, ასეთი დატვირთული რეჟიმის ფონზე, საგაკვეთილო პროცესის ხარისხიანად წარმართვას?
- გეთანხმებით, დიდ დროს უთმობენ ამ ყოველივეს და  საკმაოდ დატვირთულები არიან... აქ მხოლოდ ტრენინგები არაა - ამ ყველაფრის საგაკვეთილო პროცესში გადატანაც დიდ ენერგიას მოითხოვს. ზოგადად, გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ მასწავლებლებს ტრენინგებზე მოსმენილი ბევრი რამ არ გადააქვთ პრაქტიკაში. ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ რასაც ტრენინგებზე ვსწავლობთ, ის მოსწავლესა და საზოგადოებაზე უნდა აისახოს. ჩემი მასწავლებლების შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არ გაურბიან სიახლეებს და ხშირად, ჯანმრთელობის ფასადაც უჯდებათ ეს ყველაფერი, მაგრამ მზად არიან ამისთვის და კარგად იციან - თუ ბედავენ სწავლებას, თავადაც უნდა ისწავლონ. თვითგანვითარების გარეშე, გამორიცხულია წარმატება, მით უმეტეს მაშინ, როცა მოსწავლე  ჩვენზე სწრაფად ვითარდება. მიღწეულით კმაყოფილება დამღუპველია, თუ არ განვვითარდით, საკლასო ოთახში მოსწავლესთან მყარი ცოდნით ვერ ვიდგებით, სწორედ ამიტომ მასწავლებლები მზად არიან სიახლეების მისაღებად.

- რას ნიშნავს, „ტრენინგებზე მოსმენილი ბევრი რამ არ გადააქვთ პრაქტიკაში“?
- უამრავ მასწავლებელს გავლილი აქვს ტრენინგები, თუნდაც ბულინგსა და ძალადობაზე. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში მათ ისეთ კომენტარებს ვაწყდები, რაც ნამდვილად გასაკვირია. დამოკიდებულებაში უნდა აისახოს ის, რასაც ტრენინგებზე სწავლობენ, ადამიანის ცნობიერების შეცვლა კი რთულია. ჩვენი, მასწავლებლების მოვალეობაა, სწორი ღირებულებები მივაწოდოთ მოსწავლეებს. განათლების სამინისტრო გვაწვდის ყველანაირ ინფორმაციას, მაგრამ მაინც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დავდივართ.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არიან თუ არა მასწავლებლები ჩვენი დროის გმირები?
- როცა მასწავლებელს არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს, რისკჯგუფს განეკუთვნება და მარტივადაა შესაძლებელი მისი დაინფიცირება, თუმცა მაინც მოდის სკოლაში და ატარებს გაკვეთილს, რადგან თვლის, რომ დისტანციური სწავლება არ არის ნაყოფიერი, რა თქმა უნდა, გმირია! ჩვენი სკოლა გარეუბანშია  და სოციალური პრობლემა აქ გაცილებით ბევრია... ზოგჯერ ერთი ტელეფონიც არ აქვთ ბავშვებს, ონლაინ სწავლებაში რომ ჩაერთონ. სრული ლოქდაუნის დროს, სკოლაში მოგვიყვანია ასეთი ბავშვები და ინფორმატიკის კაბინეტში დაგვისვამს. 

- 2020-2021 სასწავლო წელს სოციალური სამსახური შემოვიდა სკოლებში. რამ განაპირობა ამის აუცილებლობა?
- აბსოლუტურად დროული იყო სოციალური მუშაკების ჩართვა, კონკრეტულად კი ბავშვების სასწავლო პროცესის გაცდენასთან დაკავშირებით. ჩვენი სკოლა გამორჩეულია,  განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ მაქსიმალურ დასწრებას ვითხოვთ. თუ 3-4 დღე არ გამოჩნდება, განგაშს ვტეხთ: სად იყო? რატომ არ მოვიდა? რა პრობლემა აქვს? მაგრამ გვქონია შემთხვევა, მშობელი ვერ მოგვიყვანია სკოლის კარამდე, რათა გავსაუბრებოდით. ახლა, როგორც კი იგებენ, რომ საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთვება, მეორე დღესვე სკოლაში ცხადდებიან. გვქონია შემთხვევა, როცა სოციალური სამსახურის ჩართვა აუცილებელი გახდა.

- მიზეზი რა იყო და როგორი დასასრული ჰქონდა ამ ამბავს, ქალბატონო ნინო?
- საბედნიეროდ, კარგად დამთავრდა. ჩვენი მხრიდან არაერთხელ შედგენილი აქტისა, მეზობლებთან შეხვედრისა, ტელეფონზე დაკავშირების მცდელობისა, დამრიგებლის სახლში ვიზიტისა, მაინც ვერ მოვახერხეთ ბავშვის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, მათ შორის ვერც დისტანციურად. როგორც კი სოციალური სამსახური ჩაერთო, მარტივად მოგვარდა საკითხი. შეიძლება დირექციას არ გამოეპაროს ბავშვთან დაკავშირებული მსგავსი ამბავი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მშობელთან გვიწევს ურთიერთობა, რომ ვერ ვახერხებთ დამოუკიდებლად პრობლემის აღმოფხვრას.

- ცოტა ხნის დაიწყო პრაქტიკოსი, სპეცმასწავლებლების, მაძიებლებისა და პროფესიაში შესვლის მსურველთა გამოცდები. თქვენი სკოლიდან თუ გადიან გამოცდაზე?
- მაძიებელი მასწავლებლები გვყავს და დიდი მოლოდინიც მაქვს. ზოგადად, ძალიან ვგულშემატკივრობ მაძიებლებს, რადგან ახალი კადრების შემოსვლა სკოლაში დროული და აუცილებელია. უბრალოდ მგონია, რომ მაძიებელსა და პრაქტიკოს მასწავლებელს არათანაბარ პირობებში უწევთ გამოცდის ჩაბარება. მასწავლებელი, რომელიც წლობით ასწავლის სკოლაში მას ევალება ერთი კრედიტის აღება, ხოლო პრაქტიკოსი, რომელიც ახალი გამოსულია უნივერსიტეტიდან - 10. თუმცა, ჩემი შესაფასებელი არ არის და ამას უფრო კომპეტენტური ადამიანები წყვეტენ. მე კი წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.

- ისე, როგორი დირექტორი ჰყავს 94-ე საჯარო სკოლას... რთული იყო გზა დირექტორობამდე?
- ჩვენს რაიონში ყველამ იცის, რომ 94-ე საჯარო სკოლა კარგი სკოლაა. ასე აფასებენ მშობლები და როცა პირველ კლასში დასარეგისტრირებლად მოჰყავთ ბავშვები, გვეუბნებიან: „ეს სკოლა გვირჩიეს“, „ეს სკოლა აქეს“, „თქვენს სკოლაზე გვითხრეს, რომ კარგია“... ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან გვახარებს, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ერთი ან ორი ადამიანის კი არა, მასწავლებლით დაწყებული, დარაჯით დასრულებული, თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ჩვენი სკოლა გუნდურობის მაგალითია, სხვაგვარად გამორიცხულია წარმატების მიღწევა; გვაერთიანებს: პასუხისმგებლობა, ადამიანური ურთიერთობები და პროფესიონალიზმი. რაც შემეხება მე, რიგითი მასწავლებლობიდან დავიწყე სკოლაში მუშაობა, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი. მერე ვიყავი დირექტორის მოადგილე, გამოცდების ჩაბარების შემდეგ კი,  სამეურვეო საბჭომ ამირჩია დირექტორად. ყველა თვალით შემიძლია შევხედო ამ სექტორს: მასწავლებლის, მოსწავლის, დირექტორის... ეს მეხმარება იმაში, რომ წარმატებისკენ ვიარო.

- საგაკვეთილო საათები ისევ გაქვთ? თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა ახალ თაობაში პრიორიტეტულია?
- წამყვანი მასწავლებელი ვარ და შესაბამისად, კვლავ ვასწავლი ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას. ვთვლი, რომ ნამდვილად პრიორიტეტულია, თუმცა აქ ისევ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე მივდივარ. მასწავლებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული, თუ როგორ მიაწვდის მოსწავლეს საკუთარ ცოდნას. შეიძლება საგნობრივი ცოდნა კარგი ჰქონდეს, მაგრამ დამოკიდებულებაში იყოს განსხვავება. ჩემი დაკვირვებით - ქართული ენა და ლიტერატურა იყო, არის და იქნება პრიორიტეტული!
 
 
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება