სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N64 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანი ბექაურმა ესეების კონკურსში გაიმარჯვა
12-04-2021
-
+


თბილისის N64 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანი ბექაურმა ესეების კონკურსში გაიმარჯვა.

დასრულდა ესეების ქვე-კონკურსი, რომელიც საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის" პარალელურად მიმდინარეობდა. ქვე-კონკურსის გამარჯვებულ ექვს ფინალისტს – ლევან არდოტელს, ანი ბექაურს, ნანა გელიტაშვილს, მარიამ რიკაძეს, ლევან ჭანტურიას და ანა თვარაძეს ფინალური დავალება მიეცათ.

ფინალისტებს უნდა დაეწერათ თავიანთი საყვარელი საბავშვო წიგნის სრული, დაწვრილებითი, მაქსიმალურად ამომწურავი მიმოხილვა (რევიუ). გამარჯვებული ესეს ავტორი ანი ბექაური, თბილისის N64 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გახდა.

მოსწავლის მასწავლებელი-ლიანა გოგოლაძე გახლავთ. 

 გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს:

 
პატარა პრინცი

 
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის წიგნი, „პატარა პრინცი", „დიდი" ადამიანებისთვის, სავარაუდოდ, შეუცნობელია. რას ნიშნავს საკუთარ პიროვნებასთან თუ გარემოსთან ჰარმონიის დამყარება და რა ფასად გვიჯდება ის? რა არის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი მიზანი? – ეს არის ის საკითხები, რომელთა განხილვასაც ნაწარმოების მთავარი იდეა ემყარება.

ტექსტის მთავარი გმირი პატარა პრინცია, რომელიც თითოეული თავისი ქმედებითა და სახასიათო დამოკიდებულებებით სიცოცხლეს სულ სხვაგვარად წარმოგვიჩენს. პატარა პრინცისთვის მშობლიური პლანეტა, სამი ვულკანითა და მის ქვეშ არსებული თესლით, უმთავრესი საზრუნავია, მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცის, თუ რა აღმოცენდება თესლისგან: ბაობაბი თუ ვარდი, რადგან ერთმა ბაობაბმა, ბოროტების უყურადღებოდ დარჩენილმა ნაპერწკალმა, შესაძლოა, მთელი პლანეტა მოიცვას და გაანადგუროს. პრინცი თავისი ბავშვური, წმინდა ბუნების წყალობით ბოროტების სიმბოლოს, ბაობაბის ნაცვლად, თესლიდან აღმოცენებულ ვარდს იღებს.

ჩემი აზრით, პატარა პრინცის მშობლიური პლანეტა მისი სულიერი სამყაროსა და ნაწარმოებში გაშლილი მოვლენების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვაა. შესაძლოა, საზოგადოების დოგმატურმა წარმოდგენებმა, რომლებიც ნაწარმოებში პრინცის უმანკოების დასტურის – ვარდისა და ბატკნის დაპირისპირებით იხატება, ბავშვური თავისუფალებაც დათრგუნოს. „თუ ბატკანმა ყვავილი შეჭამა, შენთვის ყველა ვარსკვლავი ერთდროულად ჩაქრება".

პრინცის მთავარი მიზანი სამყაროს უკეთ შეცნობაა. ამისთვის ის მის გარშემო მოგზაურობას იწყებს. მარტოდ მოსიარულე პატარა პრინცი, თითქოს გამიზნულად, დაკარგულ მფრინავს გადაეყრება. მათი დიალოგის ფონზე კარგად იხატება პრინცის პიროვნული მახასიათებლები და შესაბამისად, მისი სულიერი მდგომარეობა. მისი ბავშვური სისპეტაკე, სიმსუბუქე და ჰარმონიულობა ერთი იდეის წარმოჩენას ემსახურება – საგნებისა თუ მოვლენების სხვა რაკურსით დანახვა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ მზერას შეუძლია.

მოგზაურობისას და „ზრდასრულ" პერსონაჟებთან შეხვედრისას, პატარა პრინცი მხოლოდ მათ გაურკვეველ მიზნებსა და შეუსაბამო ქმედებებს აწყდება. აქ ავტორი ალეგორიულად წარმოაჩენს „ზრდასრულ" ადამიანებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ საკუთარი, პირადი შეხედულებები, დათრგუნული აქვთ სულიერი სამყარო და საერთო აზრის გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი.

ნაწარმოების ამ ნაწილის მთავარი სათქმელი შემდეგ კითხვაზე პასუხია – რა განასხვავებს „ზრდასრულებს" პატარა პრინცისაგან? პასუხი კი ასეთია – საგანთა მიმართ მათი დამოკიდებულება, რადგან ზოგჯერ, რაიმეს რეალური არსის შესაცნობად საკუთარ სულში ჩახედვა და მისთვის ფრთების ჩუქებაა საჭირო. ვფიქრობ, რომ ნაწარმოებში პატარა პრინცი ყველაზე „დიდი" პერსონაჟია, რადგან ბავშვური ბუნების უკვდავყოფა მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ.

მოგვიანებით, დედამიწაზე მოგზაურობისას პრინცი მელიას ხვდება. მელიის თხოვნით იგი მას მოიშინაურებს, რაც ერთ-ერთ უმთავრეს ცხოვრებისეულ გაკვეთილს გვასწავლის: რაღაც სწორედ მაშინ იძენს გამორჩეულ მნიშვნელობას, როდესაც მას გულის კარს ვუღებთ და სიყვარულით სავსე ენერგიას ვუძღვნით. ჩემი აზრით, ვისიმეს „მოშინაურება", რაც შესაძლოა, ცრემლის ფასადაც კი დაჯდეს, ცხოვრებას ორივე მხარისთვის განსაკუთრებულ ელფერს სძენს. „მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში..."

შემდეგში მოგზაური პატარა პრინცი უამრავ, საკუთარი ვარდის იდენტურ ვარდს აღმოაჩენს, რაც მის გამორჩეულობაში ეჭვს შეატანინებს, თუმცა უმალვე პოულობს მიზეზს, რაც მის ვარდს ერთადერთს ხდის – ეს მათი ურთიერთობაა, რომელიც წმინდა, ამაღლებულ სიყვარულს ეფუძნება.

საბოლოოდ, მწარე გაკვეთილების, იმედგაცრუებისა და მოგზაურობის შთაბეჭდილებების შედეგად პრინცი ყველაზე მთავარს, საკუთარ თავს შეიცნობს. პატარა პრინცმა აღმოაჩინა ის უმთავრესი რამ, რაც დიდი, „მოუცლელი" ადამიანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

პრინცმა მფრინავი კი ამაღლებული გრძნობების სიდიადესა და მთავარი ღირებულებების არსში ჩაახედა. „უდაბნოს ის ალამაზებს, რომ მის ქვეშ ჭა იმალება", რადგან ცხოვრება უდაბნოდ იქცევა იმ შემთხვევაში, თუ რეალობას სუფთა, ბავშვური სილაღითა და წმინდა გულით არ შევიცნობთ. ნაწარმოების დასასრულიც ამ აზრის წარმოჩენას ემსახურება.

მაშასადამე, ნაწარმოების მთავარი იდეა სწორედ, იმ ბავშვური სილაღის შენახვა და მოფრთხილებაა, რომელიც დიდის სულში, შესაძლოა, სიღრმეებში იყოს დამალული, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, იმისთვის, რომ დავინახოთ ის, რაც თვალისთვის მიუწვდომელია და მხოლოდ გულით შეიცნობა.

ვფიქრობ, პატარა პრინცი მფრინავის სულში სწორედ ასეთი გამობრწყინებაა, რამაც მას მისცა ძალა, თავიდან ეგრძნო ის ამაღლებული უბრალოება და სილაღე, რაც დოგმების გავლენით თითქმის, აღარც ახსოვდა. მფრინავს ხატვაც კი მიევიწყებინა.

დახუჭავ თვალებს და საკუთარ სულს სიღრმისეულად შეიგრძნობ, თუ მხოლოდ დაწესებულ დოგმებს დაემორჩილები – არჩევანი შენს ცხოვრებას განსაზღვრავს. ამ არჩევანმა ავტორის ცხოვრება საბოლოოდ შეცვალა და მარტოსული პატარა პრინცი მის სულიერ პროტოტიპად აქცია.

                                                                                                                                                      ანი ბექაური

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეიტინგული სია ცნობილია - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

როდემდე შეიძლება პასქის გამოცხობა წინასააღდგომოდ და არსებობს თუ არა შეზღუდვები ვადებში - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

მილიონ ლარიანი ტენდერი თბილისის საბავშვო ბაღებისთვის - სააგენტო საბნებს, საწოლის თეთრეულსა და ქსოვილის სხვა ნივთების განახლებას გეგმავს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პოეზიის აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება

თარიღს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კალიგრაფიული ნამუშევერები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება