სიახლეები
სიახლეები

„უხარისხო“ და „უსარგებლო“ - მასწავლებლები შეფასება სასკოლო სახელმძღვანელოებზე და გრიფირების ხარვეზები კვლევაში
10-12-2020
-
+


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადეს კვლევა „თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის“ შესახებ. დოკუმენტში საუბარი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და წლების მანძილზე სახელმწოფოს მიერ გატარებულ პოლიტაზე.

კვლევაში დეტალურად არის განხილული ის პრობლემები, რომელიც ზოგადად, გრიფირების პროცსში იკვეთება, ავტორების მოტივაციიდან დაწყებული, გრიფირების ვადებითა და სახელმძღვანელოებში მასწავლებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზებით დამთავრებული.

ავტორების კომპეტენცია და მოტივაცია

კომპეტენციების კუთხით, ძირითადი გამოწვევაა სახელმძღვანელოს მეთოდური გამართვა და ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან თავსებადობის უზრუნველყოფა. ავტორების დიდ ნაწილს წარმოადგენენ დარგის მეცნიერ-მუშაკები, რომლებსაც აქვთ საგნის სიღრმისეული ცოდნა, თუმცა ნაკლები პედაგოგიური პრაქტიკა, რაც აისახება სახელმძღვანელოს აგების სტრუქტურაზე, მეთოდიკასა და ტექსტის ენაზე.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევაა დაბალი მოტივაცია, რასაც თავად ავტორები და განათლების სპეციალისტები მუშაობის პროცესში მხარდაჭერის ნაკლებობითა და საავტორო ჰონორარის სიმცირით ხსნიან. ავტორები პროცესში მხარდაჭერას, პირველ ყოვლისა, რედაქტორებისგან და შემდგომ სამინისტროსგან ელიან, თუმცა, მათი თქმით, ეს მხარდაჭერა „ფაქტობრივად, ნულის ტოლია“.

„ტოპ კლასის სპეციალისტები არ წერენ სახელმძღვანელოებს და არ ჩანან ბაზარზე, ამის მიზეზი ალბათ ძალიან დაბალი ჰონორარი და ძალიან დიდი სამუშაო დატვირთვაა“ -  აღნიშნავს რეცენზენტი.

რაც შეეხება ჰონორარის მოცულობას, ავტორები, ისევე როგორც გამომცემლობების წარმომადგენლები, მიიჩნევენ, რომ ჰონორარი საქმის მოცულობის შეუსაბამოა. ერთ-ერთი ავტორი კი საკუთარ შრომას აფასებს, როგორც „მოხალისეობას“.

„ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ „მოხალისეები“ ვართ და ამას [სახელმძღვანელოს დაწერას] ვაკეთებდით, რადგან გვინდოდა მოსწავლეებსა და მასწავლებელს მართლა ესარგებლათ, თორემ ისე არცერთს არ გვიღირდა ამდენი შრომა ამ თეთრებისთვის“, - აცხადებს ავტორი.

გრიფირების ვადები და კონკურსის პირობები

სახელმძღვანელოების შექმნასა და შემდგომ უკვე შეფასებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის გამოიკვეთა გრიფირების კონკურსის შემჭიდროებული ვადებისა და კონკურსის სერიაზე გამოცხადების პრობლემა.

2018 წელს ავტორებს 3-4 თვემდე ჰქონდათ სამუშაოდ, ხოლო 2019 წლისთვის ვადა 5 თვემდე გახანგრძლივდა. ეს პერიოდი, ავტორებისა და გამომცემლობების წარმომადგენლების შეფასების მიხედვით, მაინც არ არის საკმარისი და მათ უწევთ ყველა სხვა პროცესის შეჩერება, რათა მოასწრონ მასალის ჩაბარება.

ზოგიერთი რესპონდენტის შეფასებით, შეზღუდულ ვადებში მუშაობას ზოგჯერ ართულებდა თანმხლები პროცედურული ხარვეზები, კერძოდ, გამომცემლობების წარმომადგენლების თქმით, 2018 და 2019 წელს გამოცხადებული კონკურსების პირობები და შინაარსობრივი კრიტერიუმები თავიდანვე არ იყო ცნობილი, რის გამოც გამომცემლობებსა და ავტორებს უკვე დაწერილი სახელმძღვანელოების სრულად გადაწერა მოუწიათ.

რეცენზირების წესი და პირობები

სახელმძღვანელოს შინაარსის შეფასება ორ საფეხურად ხორციელდება, რეცენზენტები ჯერ ინდივიდუალურ შენიშვნებს/რეკომენდაციებს ამზადებენ, ხოლო შემდეგ ჯგუფურად განიხილავენ და თანხმდებიან რეკომენდაციის ასახვის მართებულობაზე.

გამოწვევები ინდივიდუალური შეფასების კუთხით უკავშირდება შემფასებლების კომპეტენციასა და მათი შერჩევის პროცესის გამჭვირვალობას.

„შემფასებლებში ნამდვილად არის კომპეტენციის დეფიციტი მეთოდური კუთხის გათვალისწინებით“ - აცხადებს საბჭოს წევრი.

მეორე მხრივ, განათლების ერთ-ერთი სპეციალისტის შეფასებით, ესგ-ის ექსპერტებისგან განსხვავებით დარგის მეცნიერ-მუშაკებს ნაკლები მოტივაცია აქვთ სახელმძღვანელო ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და მიზნების მიღწევის კონტექსტში განიხილონ.

პრობლემად დასახელდა ინდივიდუალური შეფასების დროს დაწერილ ქულებსა და სიტყვიერ შეფასებას შორის (დასაბუთება) განსხვავება.

„გაუგებარია, შემფასებლები როგორ წერენ შეფასებას და მერე საჯაროდ რატომ ლანძღავენ იმავე სახელმძღვანელოებს“ - განათლების სპეციალისტი. 

რაც შეეხება რეცენზენტების შერჩევის საკითხს, რესპონდენტებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ შერჩევის პროცესსა და კრიტერიუმებზე. გამონაკლისს წარმოადგენს შერჩევის პროცესში უშუალოდ ჩართული პირი. მისი განცხადებით, გრიფირების კონკურსში რეცენზენტები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, გასაუბრების გზით. თუმცა, 2019 წლისთვის კონკურსი არ გამოცხადებულა და შერჩევა განხორციელდა იმ რეცენზენტებს შორის, რომლებიც VII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსის ფარგლებში მუშაობდნენ. საგულისხმოა, რომ ის რესპონდენტები, რომლებიც ინფორმირებულები არიან სახალხო დამცველის მიერ რეცენზენტების წარდგენის შესახებ, შერჩევის პროცესს უფრო ენდობიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც ეს ინფორმაცია არ აქვთ.

ჯგუფური განხილვა და რეკომენდაციების ასახვა

სახელმძღვანელოების შეფასების ჯგუფური განხილვის ეტაპზე გამოწვევაა დისკუსიების რაოდენობა, ხანგრძლივობა და მოდერაცია. შეხვედრები ტარდება იშვიათად და ზოგჯერ 8 საათზე მეტხანს გრძელდება.

აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ასეთ სტრესულ პირობებში იმუშაო და პროდუქტიული იყო. ფაქტობრივად, შესვენების გარეშე და მინიმალური საჭიროების გაუთვალისწინებლად ვმუშაობდით, რაც უკვე პრაქტიკად იქცა 2012 წლიდან“- აღნიშნავს რეცენზენტი.

თანასწორობის პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

გამოიკვეთა 2 მთავარი გამოწვევა: საკითხისადმი დამოკიდებულება და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვა. მაგალითად, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი გენდერის, კულტურისა და ადამიანის უფლებების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პრაქტიკოსი მასწავლებლები და დარგის მეცნიერები საკითხს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ხშირად ცდილობენ უტრირებულად განიხილონ ესა თუ ის ხარვეზი, განსაკუთრებით კი გენდერული, ეთნიკური და რელიგიური მგრძნობელობის ჭრილში.

სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებით კი, ეროვნული სასწავლო გეგმის სპეციალისტები ცდილობენ „მხარეებს შორის“ დისკუსიის პროცესის ნორმალიზებას.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ კრიტერიუმებში სპეციალისტები დამოუკიდებლად აფასებენ სახელმძღვანელოს, სხვა ჯგუფის წევრების გარეშე გადაწყვეტილების მიღების საშუალება მაინც არ ეძლევათ.

სახელმძღვანელოს შერჩევა სკოლის დონეზე

სახელმძღვანელო სკოლის დონეზე უნდა შეირჩეს კათედრაზე, ყველა ალტერნატივის შეფასების განხილვისა და შეფასების შემდეგ (იმ შემთხვევაში, თუ არის არჩევანის საშუალება), თუმცა, რესპონდენტების თქმით, გადაწყვეტილება სკოლის დონეზე ზოგიერთ შემთხვევაში დირექტორის მიერ სუბიექტურად მიიღება და პროცესში კათედრა საერთოდ არ მონაწილეობს.

„ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ ყველა სახელმძღვანელოს. მე უფრო მაქვს ცოდნა იმისა, რა როგორ შევაფასო და მასწავლებლებს ვეუბნები, რატომ არის ცუდი ან კარგი ეს ავტორი, მაგრამ ტრენინგზე ჩემ გვერდით მჯდარა მასწავლებელი და უთქვამს, რა ვიცი, რა წიგნი ავიღეთ, დირექტორმა მონიშნაო“ - დირექტორის კომენტარი. 

„თუ ასარჩევი გვაქვს რამე, კათედრაზე ვირჩევთ, მაგრამ რაც ვიცი, ძირითადად დირექტორები არჩევენ თვითონ“ - ამბობს მასწავლებელი.

კველვაში, მასწავლებელბის მიერ შეფასებულია საბაზო-საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებიც, რომლებიც გრიფირებულია 2018 წლამდე. მათში არსებული ძირითადი ხარვეზებია: სტილისტური, სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომები, სავარჯიშოების არასწორი გადანომვრა, ფაქტობრივი უზუსტობები, ტერმინთა არასწორად განმარტება,თემასა და ესგ-სთან შეუსაბამო სავარჯიშოები და ა.შ.

რაც შეეხება პედაგოგის წიგნების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე მსჯელობისას, რესპონდენტი მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ ეს უკანასკნელი მათთვის მეორეხარისხოვანი რესურსია, რადგან რეალურ დახმარებას არ უწევთ როგორც მეთოდიკის, ასევე საკითხის სწავლების კუთხით. მასწავლებლები სახელმძღვანელოს ყველაზე ხშირად ახასიათებდნენ ფრაზებით: „უხარისხო“, „უსარგებლო“ და „დროის კარგვა“.

„სავარჯიშო რვეულები არ იყო საკმარისი და ერთი ტირაჟის შემდეგაც აღარ იბეჭდებოდა. [...] წიგნშიც, 5-6-ჯერ რომ წაშლი ტექსტს, ის უკვე აღარ არის ვარგისი“, - მასწავლებელი;

„უფასო სახელმძღვანელოები ნამდვილად აქვთ ბავშვებს, მაგრამ როგორია ეს „უფასო“, ხშირად ჭუჭყიანი და ბინძური წიგნებია, ხელის მოკიდებაც რომ შეგეზიზღება“,- მასწავლებელი.

კვლევაში მონაწილე ზოგიერთი რესპონდენტის თქმით, მათი სკოლები ყოველ წელს აგზავნიან მოთხოვნას, მაგრამ საჭირო რაოდენობის ახალ სახელმძღვანელოებს ვერ იღებენ.

ასევე, პრობლემას წარმოადგენს მეორეული და მესამეული მოხმარების სახელმძღვანელოების ხარისხი. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე დგას. რადგან მოსწავლეები ჯერ კიდევ არ არიან მიჩვეულები სახელმძღვანელოს გაფრთხილებას, ამიტომ სასწავლო წლის ბოლოს წიგნები დასვრილი და გამოუსადეგარია. ფაქტობრივად, გამოუსადეგარი ხდება ის წიგნებიც, რომლებიც შეიცავდა ამოსაჭრელ მასალებს ან სახელმძღვანელოში სამუშაო დავალებას.

გრიფირების პროცესთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებს შორის დასახელდა სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესი და საავტორო უფლებების სამინისტროსთვის გადაცემის საკითხიც. ამ უკანასკნელს ავტორები აფასებენ სამინისტროს ხელში „მათ წინააღმდეგ არსებულ ბერკეტად“, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 3 ოქტომბრის N1222 ბრძანების საფუძველზე გრიფირების კონკურსი გამოცხადდა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, VII კლასის ზოგიერთი საგნის და VIII კლასის სახელმძღვანელოებზე/სერიებზე. შესაბამისად, გრიფირების კონკურსი შესარჩევი ერთეულებისთვის დასრულდება არა უგვიანეს 2020 წლის 19 ივნისისა.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება - რჩევები მშობლებს
მეთორმეტე კლასის მოსწავლეების წლიური შეფასება - საბოლოო ვადები და ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იზრდება და სავალდებულო განათლების მიღება 10 წლიანი ხდება - დეტალური ინფორმაცია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება