სიახლეები
სიახლეები

„უფრო მკაცრი პირობები იქნება“ - ბერიკა შუკაკიძის პასუხები კითხვებზე, რომლებიც ყველა პედაგოგს აინტერესებს
29-01-2020
-
+


ახალი რეგულირების წესის ამოქმედების შემდეგ სტატუსის ამაღლების აუცილებელი პირობა გამოცდა იქნება. უფროსს და წამყვან მასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად საგნობრივ გამოცდაზე 50%-იანი ბარიერი უნდა ჰქონდეთ გადალახული.

რა ბედი ელით პრაქტიკოს პედაგოგებს, რა შესაძლებლობა არსებობს მაძიებელებისთვის, რა ტიპის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად -  ამ და მასწავლებლებისთვის საინტერესო სხვა კითხვებს, მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე etaloni.ge-სთვის  მიცემულ ინტერვიუში პასუხობს. 

- დღეისათვის 14 ათასამდე პრაქტიკოსი პედაგოგი კვლავ სკოლაში რჩება და მათ კიდევ ერთი შანსი მიეცათ ზაფხულში გამოცდაზე გასვლის, თუმცა ვისაც ჩაბარებული აქვს გამოცდა და კრედიტქულები მაინც აკლდება, მათ როგორ მიეცემათ სტატუსის ამაღლების საშუალება?

- პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდის გარდა, იმის შანსიც აქვთ რომ ტრენინგების მეშვეობით 5 კრედიტამდე შეივსონ ქულები. ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოცდა ჩააბარეს და გარკვეული რაოდენობის კრედიტები აქვთ, თუმცა 5 კრედიქტულამდე აკლიათ, შეუძლიათ ტრენინგებით 19 კრედიტქულა დააგროვონ და მოიპოვონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ხოლო თუ პრაქტიკოს მასწავლებელს არ ყოფნის ეს 5 კრედიტი, მაგრამ გამოცდა დაბალი ქულაზე აქვს ჩაბარებული,  შესაძლებლობა მიეცემა ხელახლა გავიდეს გამოცდაზე და უკეთესი ქულა მიიღოს. ანუ საშუალება ექნება შეადაროს ახალი და წინა გამოცდის შედეგები და უკეთესი ქულა, სადაც აქვს ის აირჩიოს და გაიუმჯობესოს მდგომარეობა.

- როდის გამოცხადდება აღნიშნული ტრენინგები პრაქტიკოსი  მასწავლებლებისთვის?

- 15 თებერვლიდან უკვე გამოცხადდება რეგისტრაცია. ჩვენ გვყავს პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც ვერ დაადასტურეს კომპეტენცია საგანში ან პროფესიულ უნარებში. ამიტომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ შესთავაზებს ამ მასწავლებლებს გადამზადების და გამოცდის ჩაბარების შანსს. ანუ შესაძლებლობა ექნებათ მოემზადონ, როგორც საგნობრივ, ისე პროფესიულ უნარებში. ორივე ტრენინგი იქნება სამ-სამ კრედიტიანი. თუმცა, ვფიქრობთ, უფრო მეტკრედიტიანიც შევთავაზოთ, გააჩნია ფინანსურად და ლოჯისტიკურად როგორი სიტუაცია იქნება. მაღალკრედიტიანი ტრენინგები მხოლოდ ფინანსებთან კი არა, მასწავლებლის დროსთანაც არის დაკავშირებული, რადგან უფრო დიდხანს იქნება დაკავებული და შესაძლებელია ეს ვერ მოახერხოს. გვინდა ისე გავაკეთოთ, რომ მასწავლებლებიც მოგებულები დარჩნენ და ბავშვიც არ დაგვავიწყდეს. რადგან რამოდენიმეჯერ გადავაყოლეთ ბავშვები ამ ყველაფერს.

- რამდენი პრაქტიკოსი მასწავლებელია ისეთი, რომელსაც გამოცდა ჩაბარებული აქვს და კრედიტი მაინც აკლდება ?

 - დაახლოებით 2 000 მასწავლებელია, რომლებსაც ორივე საგანი ჩაბარებული აქვთ და მათ საშუალება მიეცემათ თუ არ აკმაყოფილებთ მიღებული შედეგი, ხელახლა ჩააბარონ გამოცდა. ადრე იყო სქემაში ჩანაწერი, რომ ახალი მიღებული ქულა აუქმებდა წინა გამოცდის შედეგს. ახლა ვფიქრობთ, რომ ასე აღარ დავუტოვოთ და მასწავლებლებს მივცეთ იმის საშუალება, რომ თავად გააკეთონ არჩევანი და საუკეთესო მაჩვენებელი დაიტოვონ.

დაახლოებით 3 000-მდე მასწავლებელს აქვს ჩაბარებული საგნის, ხოლო 2 500-მდე პედაგოგს პროფესიული უნარების გამოცდა. დაახლოებით 7 000-მდე მასწავლებელია ისეთი, რომელსაც არც ერთი გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, თუმცა რაღაცა რაოდენობის კრედიტები აქვს მოგროვებული. მათ გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ასე, რომ ყველა მათგანს ეძლევა საშუალება 5 კრედიტის ფარგლებში ტრენინგების გზით შეივსონ ეს კრედიტები და მიაღწიონ 19 კრედიტქულას, რომელიც უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოაპოვებინებს. დამატებით სურვილის შემთხვევაში გამოცდაზე გავიდეს და გაიუმჯობესოს შედეგი.

- 2020 წლის ზაფხულის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე იცვლება თუ არა პრაქტიკოსებისთვის ან პროფესიაში შესვლის მსურველებისთვის გადასალახი ქულების ოდენობა?

- არა, პროფესიაში შესვლის მსურველებისთვის გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად კვლავ 60%-იანი ზღვარის გადალახვაა საჭირო, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის კი 1,4, 7 და 10 კრედიტი, თუმცა მომავალი სასწავლო წლიდან ახალი რეგულირების წესის ამოქმედების შემდეგ ეს შეიცვლება.  

- რა ელით იმ პრაქტიკოს პედაგოგებს რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა ვერ შეძლებენ სტატუსის ამაღლებას?

- სისტემაში ახალი კადრიც მოდის, შესაბამისად ჩვენ ამ კადრებსაც უნდა გავუხსნათ გზა. არ შეიძლება სისტემაში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ამდენ შესაძლებლობას მისცემ და კიდევ ვერ შეძლებს სტატუსის ამაღლებას.

ასეთ მასწავლებლებთან ბუნებრივია ხელშეკრულება შეწყდება ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის. თუმცა როდესაც სკოლა გამოაცხადებს ვაკანსიას და არ იქნება შესაბამისი კადრი - არის რაიონის სკოლები, სადაც შესაძლებელია არ მივიდეს კვალიფიციური კადრი, მაშინ სკოლას ექნება უფლება ამ ადამიანთან გააფორმოს და გააგრძელოს ხელშეკრულება, თუმცა ეს იქნება დროებითი, მანამდე სანამ კვალიფიციური კადრი მივა სკოლაში.

- მაძიებლების თქმით, პრაქტიკოსებისთვის მიცემულმა შანსმა, მათ სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეუმცირა და მიუხედავად იმისა რომ ყველა საფეხური გაიარეს სკოლაში, მაინც რიგში დგომა უწევთ...

- ვერ დაგეთანხმებით, რადგან დაახლოებით 9 ათასამდე ადამიანი გავიდა ჯილდოს მიღების მიზნით პროფესიიდან, საკმაოდ ბევრი ვაკანსია იყო გამოცხადებული სკოლების მიერ და მაძიებლებს შეეძლოთ ამ კონკურსებში მიეღოთ მონაწილეობა. სექტემბრიდან კვლავ გამოცხადდება ვაკანსიები, რადგან სკოლა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილზე, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს და ვერ გახდებიან უფროსი მასწავლებლები, ვაკანსიებს გამოაცხადებს. მაძიებელ მასწავლებლებსაც, ისეთივე უფლება ექნებათ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, როგორც უფროს და წამყვან მასწავლებლებს.

სისტემაში ამ დროისთვის საკმაოდ ბევრი მაძიებელი მასწავლებელი გვყავს, მაგრამ უპრიანია ისიც, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს, სასწავლო წლის შუაში არ ვუშვებთ, რათა სკოლებს არ შეექმნათ დისკომფორტი. მათ სასწავლო წლის ბოლომდე მიეცათ სკოლაში დარჩენის საშუალება, რათა სასწავლო პროცესი არ აირიოს. ეს იყო ერთადერთი მიზანი ამ გადაწყვეტილების.

- 2020 წლის ზაფხულში გამოცხადებულ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებში მონაწილეობის მიღება უფროსს მასწავლებლებს შეეძლებათ?

- ამ წელს ვერ მოესწრება უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის გამოცდის ორგანიზება. ეს ამ შემთხვევაში, „ნაეკის“ პრეროგატივაა. მათ გამოცდის ჩაბარება მომავალ წელს შეეძლებათ.

- საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ უფროს მასწავლებლებს სტატუსი ამაღლება ერთი საფეხურის გამოტოვებით შეეძლებოდათ...

- ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი საუბარია საჭირო. არის მოსაზრება, რომ გამოტოვებით შეძლონ სტატუსის ამაღლება თუმცა მას ჰყავს მოწინააღმდეგეები და არგუმენტებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით. ეს მიმდინარე პროცესია და ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მაგრამ ალბათ იერარქიული ზრდა იქნება უფრო უპირატესი, ვიდრე გამოტოვება. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი არ არის მარტივად მისაღწევი. ალბათ გადასახედი იქნება წინაპირობები, უფრო მკაცრი პირობები იქნება, რათა ნამდვილად ღირსეული პედაგოგი გახდეს წამყვანი მასწავლებელი.

- აღსანიშნავია ისიც, რომ თავს დაჩაგრულად გრძნობენ უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლები. იგეგმება თუ არა გარკვეული ტიპის შეღავათები და თუ კი, კონკრეტულად რა?

- ვინც უფროსი მასწავლებლის სტატუსზე იყო გასული წელს მას სრული საშუალება და უფლება ჰქონდა, რომ დაეწყო წინსვლაზე ზრუნვა და მთელი რიგი აქტივობები განეხორციელებინა.

პედაგოგი, რომელსაც სასწავლო წლის დასაწყისისთვის და დღევანდელი მდგომარეობით სავალდებულო აქტივობები განხორციელებული აქვს და მოპოვებული აქვს 15 კრედიტქულა, საშუალება მიეცემა სექტემბრისთვის გარე დაკვირვებაში ჩაერთოს. რა თქმა უნდა, თუ კვლევა აქვს ჩატარებული ეს გადამოწმდება და სექტემბრიდან უკვე გარე დაკვირვებაზე გავა. დეკემბრის მდგომარეობით ანუ 2020 წლის ბოლოს ასეთი მასწავლებლები სტატუსს გაიუმჯობესებენ და გახდებიან წამყვანები.

რაც შეეხება მათ, ვინც წელს მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი, დამეთანხმებით, ერთი წელი მაინც სჭირდებათ მათ, რათა გარკვეული აქტივობები განახორციელონ. ამისთვის ახალი რეგულირების წესი შემოვა ძალაში და მათ უკვე ახალი რეგულირებით ექნებათ წინსვლის საშუალება, ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ადამიანის უფლება დავიცვათ.

- რაც შეეხება მასწავლებელთა რეგულირების ახალ წესს, როდის უნდა ველოდოთ ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას?

- რეგულირების წესი შემუშავებულია და ექსპერტებთანაც იყო გატანილი განახილველად. ამ წესის შემუშავებაში ჩართულია მასწავლებელთა პროფკავშირი და რიგით მასწავლებლებთანაც გვქონდა უკვე განხილვა. ანუ დოკუმენტი უკვე არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გეტყოდით, როგორ მოხდება პრაქტიკოსების ან უფროსი მასწავლებლებისთვის სტატუსი ამაღლება და წინსვლა, რადგან ეს რეგულირების წესის სფეროა.

რეგულირების წესი მოიცავს 2 კომპონენტს. ერთი გახლავთ, მასწავლებლის პროფესიაში შესვლა და მეორე მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული ზარდა. რეგულირების წესი ამ ორი კომპონენტის გამთლიანებას გულისხმობს. ცალ-ცალკე ეს დოკუმენტები არსებობს, მაგრამ გასაერთიანებლად საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო. რამდენადაც ვიცი საშემოდგომო სესიაზე უკვე იყო წარდგენილი ეს ცვლილებები, თუმცა გარკვეული ვითარებების გამო ვერ მოესწრო მათი განხილვა. საგაზაფხულო სესიაზეც შევა და თუ მთავრობა მიიღებს ამ სიახლეებს, დამტკიცდება.

ლაითმოტივი, რაც ამ დოკუმენტს გასდევს არის სისტემის დეცენტრალიზაცია - სკოლის ბაზაზე პროფესიის განვითარებაზე ორიენტირება. სკოლის დირექცია, ხარისხის მართვის ჯგუფი და მასწავლებელი უფრო ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და დაადგენენ რა საჭიროებები შეიძლება ჰქონდეს პედაგოგს და არ იყოს მათი სტანდარტული გადამზადება. რადგან ერთ პედაგოგს შესაძლოა  სხვა საჭიროება ჰქონდეს, მეორეს - სხვა და ერთსა და იმავე ტრენინგზე რატომ უნდა იარონ? რათა კრედიტები დააგროვონ და მერე ფული აიღონ?! ჩვენი აზრით ეს არ არის სწორი მიდგომა.

- მთავარი სიახლე, რომელიც მასწავლებელთა რეგულაციის ახალი წესის გაჟღერებას მოჰყვა პედაგოგებისთვის ის იყო, რომ კრედიტქულები უქმდებოდა. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორც შეფასდებიან პედაგოგები და როგორ შეძლებენ პროფესიულ წინსვლასა და სტატუსის ამაღლებას?

- ჩვენ გვეყოლება მაძიებელი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები - ყველასთვის იარსებებს შესაბამისი აქტივობები. თუმცა პროფესიაში შესვლა და სტატუსის ამაღლება გამოცდის საშუალებით მოხდება. ამასთან, თუ პედაგოგი არის უფროსის სტატუსის და არ სურს წამყვანის სტატუსის ამაღლება, მას ხარისხის მართვის ჯგუფი დაუდგენს პროფესიულ საჭიროებებს, გაივლის  რამდენიმე ტრენინგს, რომელთა რაოდენობას და მოცულობას ეს ჯგუფი განსაზღვრავს და ამ ტრენინგების წარმატებით გავლის შემთხვევაში ის გააგრძელებს მუშაობას. ამასთან იქნება ინტერვიუირება მასწავლებლის შეფასება მოხდება მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან.

მასწავლებლების მიერ შესრულებული საქმიანობა აღარ იქნება დასჯასა და გამოჭერაზე. ვფიქრობ რომ პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებმა ორიენტირი უნდა გააკეთონ ნდობაზე. თუ სამინისტრო ჩვენ გვენდობა, ჩვენ სკოლის დირექტორებს, ისინი კი მასწავლებლებს ენდობიან, მოხდება ის რომ მასწავლებელიც მერე მოსწავლეს მიენდობა. ასეთ სიტუაციაში კი პროცესი კიდევ უფრო გაჯანსაღდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავანებოთ თავი გამოჭერაზე ფიქრს და საბუთომანიას, ვენდოთ ჩვენს სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს.

- თქვენ ამბობთ, რომ სტატუსის ამაღლების შემთხვევაში მასწავლებელს გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ამ ზაფხულს ჩვენ ვეცადეთ მოგვეპოვებინა ინფორმაცია, თუ რა ტიპის დავალებები იყო რთული მასწავლებლებისთვის და ყველაზე მეტად რისი დაწერა გაუჭირდათ, თუმცა აღმოვაჩინეთ, რომ მიღებული შედეგების ანალიზი არ ხდება. შესაბამისად გამოდის, რომ არ ვიცით რა ტიპის დავალებებისთვის უჭირთ თავის გართმევა. ამ ფონზე რამდენად სწორად შეირჩევა მასწავლებლებისთვის საგამოცდო საკითხები?

- რა საკითხები უჭირთ ამის განიხილოს უფლებასა და შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ, რადგან ეს „ნაეკის“ უფლებაა. ჩვენ ვხედავთ ჯამურ ქულას და არა იმას რა საკითხში დააკლდათ მასწავლებლებს ქულები და რაში არა. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სტატისტიკური მაჩვენებლებით უფრო უკეთესი შედეგები ფიქსირდება საგნობრივ გამოცდაზე ვიდრე პროფესიულ უნარებში, მაგრამ საგნებსაც გააჩნია. მაგალითად, ფიზიკის გამოცდაზე საშუალო ქულა დაბალია, ვიდრე პროფესიულ უნარებში, მაგრამ სხვა საგნებში ძირითადად საგნობრივ კომპეტენციას უფრო მეტად ადასტურებენ მასწავლებლები ვიდრე პროფესიულ უნარებს.

ჩვენ გამოცდის შინაარსს არ ვცვლით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ ჩვენ ვცვლით კარიერული წინსვლის გზებს. თუ აქამდე მასწავლებელს კარიერული წინსვლა შეეძლო გამოცდებისა და შიდა აქტივობების საფუძველზე, ახლა ვამბობთ, რომ კომპლექსური შეფასებით უნდა მოხდეს მისი წინსვლა. ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი, რომ შიდა შეფასებებმა და კარიერული ზრდის შიდა საშუალებებმა ფორმალური ხასიათი მიიღო მთელ რიგ სკოლებში.

კომპლექსურ შეფასებაში ჩვენ ვამბობთ, რომ გამოცდა აუცილებელია მაგრამ არასაკმარისი პირობაა. არიან ადამიანები, რომლებმაც გამოცდა შეიძლება უმაღლეს ქულაზე ჩააბარონ, მაგრამ იყვნენ ინტროვერტები და არ იყვნენ მასწავლებლის ნატურა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა რესურსცენტრის, სკოლის და სამინისტროს დონეზე არსებული ჯგუფებისგან დაკომპექტებული გუნდი მივიდეს ამ ადამიანებთან, დაინახონ მათი რეალური სახე და პრაქტიკულ საქმიანობაში შეფასდნენ.

- რა ტიპის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად, მასწავლებელთა რეგულირების წესის დამტკიცების შემდგომ?

- შემსვლელი პედაგოგებს გამოცდა ყოველთვის საგანში ექნებათ. ხოლო უფროსი მასწავლებელი რომ წამყვანი გახდეს უნდა ჩააბაროს გამოცდა პროფესიულ უნარებში. ასევე იქნება მენტორის სტატუსის მოპოვების სურვილის შემთხვევაში. ამასთან, გამოცდასთან ერთად, მოხდება მისი პრაქტიკული საქმიანობის შეფასება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ყველა უფროსი მასწავლებლები ვერ შეძლებს წამყვანი გახდეს და ვერც ყველა წამყვანი გახდება მენტორი. სტატუსის ამაღლების წინაპირობა იქნება ის, რომ მასწავლებლებს საგნობრივი კომპეტენცია ჰქონდეს მინიმუმ 50%-იანი ბარიერით გადალახული და დადასტურებული.

დღევანდელი მოცემულობით უფროსის სტატუსი შეიძლება მოიპოვონ იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც, გამოცდაზე 1 ან 4 კრედიტი მიიღეს, რაც გამოცდაზე 30-40%-ის გადალახვას ნიშნავს. ახალი რეგულირების წესის ამოქმედების შემდგომ აუცილებელი პირობა იქნება 50%-იანი ბარიერის გადალახვა, ანუ თუ მასწავლებელს აქვს ერთი კრედიტი მოპოვებული, ჯერ უნდა ჩააბაროს გამოცდა 7 კრედიტამდე და მერე იზრუნოს ამაღლებაზე. აღნიშნული ცვლილება ეხება, როგორც წამყვანის, ისე მენტორის სტატუსის მოპოვების მსურველ პედაგოგებს.

- კიდევ, რამის დამატება ხომ არ გსურთ?

- მივხედოთ ბავშვებს.


იხილეთ ასევე: მასწავლებლების უფასო მომზადების პროგრამა მიღებას წელსაც გამოაცხადებს

მასწავლებლებს დახარვეზებული კვლევის გამოსწორება აპრილში, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია კი სექტემბერში შეეძლებათ

ვინ გადაამზადებს საჯარო სკოლის დირექტორებს და ჩააბარებენ თუ არა გამოცდებს? - ბერიკა შუკაკიძე ახალი პროექტის დეტალებზე

რა მოვალეობა ექნებათ ახალ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი სკოლის მოდელს დაემატება? - მასწავლებელს ინფორმაციის მიღება გაუმარტივდება


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
აბიტურიენტების საყურადღებოდ - 1000-700-500 ლარიან ჯილდოს მიიღებთ სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
შეფასების ერთიან პრინციპებზე საბჭოს შეხვედრა ჩატარდა - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
10 აპრილს, პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრები ეწვივნენ ეთნოსოფელ „სისატურას“, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ადგილს, სადაც ნამდვილად სულის სიმშვიდეს ჰპოვებს ადამიანი
„აქტივობებში ჩართული თითოეული წევრი დღევანდელი დღისადმი დამოკიდებულებას გულისხმიერებით გამოხატავდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
სასკოლო საზოგადოება მას შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებას უსურვებს
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება