სიახლეები
სამასწავლებლო

წარმატება და სიხარული გადამდებია - სკოლის დირექტორები ემოციურ დღეებს იხსენებენ
31-08-2018
-
+


სკოლა მრავალფეროვანი აქტივობებითა და წარმატებული მოსწავლეებით ფასდებაო, ამბობენ დირექტორები. იმასაც ამბობენ, რომ განსაკუთრებით ეამაყებათ საკუთარი და პედაგოგიური კოლექტივის გაწეული შრომის ნაყოფს რომ ხედავენ რეალიზებულ ახალგაზრდებში. წარმატება და სიხარული ნამდვილად გადამდებია. Etaloni.ge-სგან შეიტყეთ სკოლის წარმატებული მენეჯერების ყველაზე გამორჩეული და ემოციური დღეების შესახებ:

თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე:

„არასდროს დამავიწყდება 2017 წლის 16 იანვარი, დღე, როდესაც ჩვენი სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. მანამდე სხვა სკოლას ვიყავით შეკედლებულნი, მეორე სმენაში ვატარებდით გაკვეთილებს და საღამოს 8 საათზე ვასრულებდით სამუშაო დღეს. ახლა კი, დავლაგდით და მთლიანად სწავლების მაღალ ხარისხსა და წარმატებებზე ვართ ორიენტირებულნი.“ 

ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ზინა კენკიშვილი:

„სულ პირველად „კატის“ გამოცდები რომ ჩატარდა, ჩვენმა მოსწავლემ, გიორგი წიკლაურმა საბუნებისმეტყველო საგნებში 10-10 ქულა აიღო, არასდროს დამავიწყდება ეს ემოცია. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ჩვენთვის მისი წარმატება დიდი სტიმული იყო, ამავდროულად, თვალნათელი მაგალითი - რომ ნაყოფიერად ვმუშაობთ.“

ბასილეთის საჯარო სკოლის დირექტორი კარლო ცხომელიძე:

„ჩვენი სკოლა მრავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი ღონისძიებით გამოირჩევა და სიახლეებს Etaloni.ge - ს საშუალებით აქტიურად ვაქვეყნებთ. თუმცა, ყველაზე ემოციური მაინც ის დღე იყო, როდესაც სკოლა ჩვენი მოსწავლის, აფხაზეთის ომში დაღუპული გურამ ოჯმაჯურიძის სახელობის გახდა.“ 

თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი:

„ჩვენი სკოლა მრავალ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს და მასპინძლობს, რთულია მათგან საუკეთესოს გამორჩევა. თუმცა, ვიტყვი, რომ ჩემთვის ყველაზე ემოციური კიტოხის საჯარო სკოლის 14 მოსწავლისა და ჩვენი ბავშვების ურთიერთობა იყო. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინტეგრაცია და პედაგოგიური გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა. ბავშვებმა საკუთარი სურვილები წერილებით გაგვიზიარეს, მათ ექსკურსია მოვუწყვეთ თბილისში, შევაგროვეთ მაკულატურა და საჭირო წიგნები შევუძინეთ. პროექტის ფარგლებში ბევრი სიანტერესო აქტივობა განვახორციელეთ და ერთად შევქმენით დაუვიწყარი წუთები.“

ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა გვრიტიშვილი:

„სკოლის ყოველი დღე თავისებურად დასამახსოვრებელია, მაგრამ გამოვარჩევდი იმ ფაქტს, რომ წელს მეთორმეტე კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე გვყავდა და ბოლო ზარიც მხოლოდ მისთვის დაირეკა. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, მან სკოლაც წარმატებით დაასრულა და ეროვნულ გამოცდებზეც კარგი შედეგები აჩვენა.“

გრემის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მამაგულიშვილი:

„ჩვენ პატარა სკოლა ვართ და ყოველთვის ვცდილობთ, სასწავლო გარემო საინტერესო ღონისძიებებით გავახალისოთ. დირექტორობის პერიოდში ყველაზე ემოციური და საამაყო ჩემი მოსწავლეების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვება და კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკის შექმნა იყო.“

გოგოლესუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მაია გოგიბერიძე:

„ყოჩაღი მოსწავლეები მყავს და ისინი მრავალ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობენ. ბოლო წარმატება, რაც განსაკუთრებით მახსენდება, საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ჩატარებული და ქვეყნის საიუბილეო დამოუკიდებლობისათვის მიძღვნილი კონკურსი იყო, რომლის ფინალშიც 73 სკოლას შორის ჩვენმა მოსწავლეებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს. თანაც, ჩემი ბავშვები ყველაზე პატარა მონაწილეები, მერვეკლასელები იყვნენ.“

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი:

„სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვებს შევპირდი, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წლის ბოლოს ყველაზე ნაკლები გაცდენა ექნებოდათ, დავასაჩუქრებდით. მართლაც ასე მოხდა, მოვაწყვეთ ღონიძიება და საზეიმო ვითარებაში გამოვაცხადეთ ათეული. ყველაზე ბედნიერი წუთები იყო, როდესაც ვხედავდი, როგორ ხარობდნენ მოსწავლეები ერთმანეთის წარმატებით, თანაც ამ გზით, აკადემიური მოსწრების ამაღლება შევძელით.“

თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მღვდელაძე:

„ჩვენი სკოლის სამ ღონისძიებას გამოვყოფდი. 50 წლის იუბილეს, როდესაც პედაგოგები და კურსდამთავრებულები დავასაჩუქრეთ და ძველი, ახლანდელი და მომავლის სკოლის მაკეტები წარვადგინეთ. შარშან, დედამიწის დღის აღსანიშნავად ყველა კლასში ჩატარდა თემატური ფილმების ჩვენება, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციების საღამო, ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზო მოვაწესრიგეთ და მცენარეები დავრგეთ. დასამახსოვრებელი იყო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეც, როდესაც ყველა კლასმა თემატური კედლების შექმნით ისტორია გააცოცხლა.“

დერცელის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ბერიძე:

„სკოლაში მრავალი საინტერესო და დაუვიწყარი ღონისძიება ჩაგვიტარებია და ბევრი კარგი მოგონების გახსენება შემიძლია. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ეპიზოდს, როდესაც ჩემი სკოლის ორმა მოსწავლემ ქართული და ინგლისური ენების ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა. რა დამავიწყებს იმ სიხარულით აღსავსე სახეებსა და შეძახილებს, როდესაც მათ წარმატების სიგელები გადავეცი.“

არლის საჯარო სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე:

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა, სკოლაში ბევრი სერთიფიცირებული პედაგოგი, ოქროსმედალოსანი და ყოჩაღი მოსწავლე გვყავს, ისინი საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონშიც“ წარმატებით ასპარეზობენ. სექტემბრიდან ახალ შენობაში გადავდივართ, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით იქნება მოწყობილი და მოსწავლეებსაც უკეთ სწავლისა და მეტი წინსვლის საშუალება მიეცემათ. ალბათ, ეს იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი წუთები ჩემთვის.“

უდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან გზირიშვილი:

„ჩემი მოსწავლეები უკვე ორი წელია, მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობენ და სკოლაში გარადმავალი თასი მოაქვთ. თუ მესამეჯერაც გავიმარჯვებთ, ის საბოლოოდ ჩვენთან დაიდებს ბინას. ძალიან დასამახსოვრებელი და ამაღელვებელია წარმატებისა და გამარჯვების წუთები.“

ზემოხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ნიკოლაიშვილი:

„სკოლის ყოველი დღე განსაკუთრებული და თავისებურად მნიშვნელოვანია. თუმცა, დაუვიწყარია მოგონება, რომელიც 2007 წელს სკოლის ახალ შენობაში გადასვლასა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ გარემოში სწავლა-განათლების მიღებას უკავშირდება. გამორჩეულად საამაყოა ჩვენი მოსწავლის წარმატებული ასპარეზობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში.“ 

მირაშხანის საჯარო სკოლის დირექტორი შაქრო ქამადაძე:


„სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაგვიმართავს, ყოჩაღი მოსწავლეები და პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მყავს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მაინც ის დღე იყო, ჩვენი ბავშვი „ასპინძის ეტალონი მოსწავლე“, რომ გახდა და საქართველოს ეროვნული ინტერელქტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღო მონაწილეობა.“

ზარზმის საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა გავაშელი:


„ყოველთვის სიახლეებითა და მოლოდინებითაა სავსე სასწავლო წლის პირველი დღე, როდესაც სკოლას პატარა წევრები უერთდებიან სიახლის მოლოდინში. ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებას ვატარებთ, ვესალმებით პირველკლასელებს, მათ მშობლებს და წარმატებულ წლებს ვუსურვებ ახალ გზაზე.“

ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ტყემალაძე:

„აქტიური მოსწავლეები მყავს, ისინი დიდი წარმატებით ასპარეზობენ, როგორც ინტელექტუალურ, ასევე სპორტულ შეჯიბრებში. განსაკუთრებით ძლიერები არიან ჭადრაკში, პირველობა დაიმსახურეს გამგეობის მიერ მოწყობილ „რა? სად? როდის?“ კონკურსში და ორდღიანი ექსკურსიით კახეთი მოინახულეს.“

ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ობოლაძე:


„ბევრი ემოციური დღე ახსოვს ჩვენს სკოლას, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეული საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა და ჩვენი მოსწავლეების წარმატებული ასპარეზობა იყო. ახალგაზრდებს უკეთ სწავლისა და თავის მეტად გამოჩენის სტიმული მიეცათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარია სხვადასხვა პროექტით სკოლაში საინტერესო ადამიანების სტუმრობა და მათი გამოცდილების გაზიარება.“

მლაშეს საჯარო სკოლის დირექტორი ივეტა გავაშელი:


„სკოლაში ჩატარებულ ყველა აქტივობასა და ღონისძიებას ვესწრები და მინდა გითხრათ, რომ ყოველი მათგანი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია. სიამაყის შეგრძნება მეუფლება, როდესაც მოსწავლეები მიღებული ცოდნის რეალიზებასა და პრეზენტაციას წარმატებით ახერხებენ. ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ წელს ჩემმა ათმა მასწავლებელმა წარმატებით ჩააბარა უნარების გამოცდა და ისინი პროფესიული წინსვლისთვის მუდმივად იღწვიან.“

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება