| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართული სიტყვისა და ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობას პედაგოგი ნინო ბერიძე უწევს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბავშვებს შთამბეჭდავ აქტივობებს სთავაზობს და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებს.
„ჩემს კლასში მოთხრობები დადიან“ - აღნიშნავს პედაგოგი და საინტერესო აქტივობებს გვიზიარებს.
„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადისო,- თქვა გოდერძი ჩოხელმა და სიტყვებმა ჩემში გააგრძელეს არსებობა...
ერთ დღესაც საკლასო ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა არა მოსწავლე, არამედ- ცოცხალი მოთხრობა.
განა ერთი?
უამრავი!
მოთხრობები ძალიან საინტერესო და ადამიანივით ამოუცნობნი იყვნენ. მე ვიხილე ქაჯი და ტარიელის მეომრის თვალით დანახული ქაჯეთის ციხის აღება, მე ვარ მონაწილე პრომეთესა და ამირანის შეხვედრისა, წიგნისა და სარკის მეგობრობის, წიგნისა და კომპიუტერის დუელის; მე ვიცნობ ქვას, რომელიც „გრძნობებს იმახსოვრებს“, მე ვნახე, როგორ შეხვდა ჩემი მოსწავლე ნიკოლოზ ბარათაშვილს მტკვრის პირას, როგორ ემეგობრებოდა მუხათწყაროელ მარიტას... ვნახე დღიურად გადაქცეული „ლამაზი ცრემლები“, ვეფხვის დედასთან ნუგეშის საცემლად მისული მოყმის დედა...
„პირველად იყო სიტყვა“...
სიტყვები იქცნენ მოთხრობებად და აი, ასე დაარსდა „ცოცხალ მოთხრობათა საზოგადოება“, რომელსაც სული VII-VIII კლასის მოსწავლეებმა შთაბერეს. შევქმენით კედლის გაზეთი, რომელზეც გაჩნდა ამონარიდები მოსწავლეთა მოთხრობებიდან.
თითოეულ სიტყვას თავისი თვალები, გზა და სინათლე აქვს...
პირველად წავიკითხეთ რიუნოსკე აკუტაგავას „მანდარინები“. ჩვენს თვალწინ გაჩნდა ფანჯარა, საიდანაც მატარებელმა გაიარა... ვიმსჯელეთ „მანდარინის“, „ფუთის“, „შარფის“, „მატარებლის“, „გაზეთის“, „ფანჯრისა“ და „წითელი ბილეთის“ მხატვრულ სახეებზე და მეორე დღეს თავად გავხდით მოთხრობის გაგრძელება: სკოლას შევთავაზეთ შეფუთული ხილი, რომლის შიგნით თბილი სიტყვები იყო დამალული. ასე სიტყვამ ტკბილი გემო მიიღო. მჯერა, ყოველი ახალი მოთხრობა სამყაროს ახალ კარს გაგვიღებს.
გარდა, „ცოცხალ მოთხრობათა საზოგადოებისა“, ჩვენ ერთად უამრავ საინტერესო კედლის გაზეთს ვქმნით. მოთხრობის „ხისმაცქერალი კაცი“ ანალოგით შევქმენით კედლის გაზეთი „როცა სიბერე თმებს შემიღებავს“-წარმოვიდგინეთ საკუთარი თავი მომავალში, იმ ადგილას, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. ასევე გავაანალიზეთ მოთხრობა „მარიტას“ მხატვრული სახეები და უკეთ დავინახეთ მოთხრობის პერსონაჟთა სული. სათაურით „ქართულ ხელნაწერთა კვალდაკვალ“ წარმოვადგინეთ სამი შატბერდული ხელნაწერის თავგადასავალი. გავაცნობიერეთ სიტყვის ძალა: სიტყვა უძლებს საუკუნეებს. გავაცნობიერეთ, რომ დროის ქარიშხლიან ბილიკებს გადარჩენილი სიტყვები დღესაც გვესაუბრებიან. შევქმენით კედლის გაზეთი- „ცელქობა თუ დანაშაული?“- გავაანალიზეთ ბარათებზე ამობეჭდილი სიტუაციები და გავარკვიეთ, სად გადის ზღვარი თამაშსა და პასუხისმგებლობას შორის; ხოლო პრეზენტაცია მავნე ჩვევების შესახებ არ ყოფილა მხოლოდ მშრალი ინფორმაცია, ეს იყო ზრუნვა და გაფრთხილება ერთმანეთისადმი. ვიმსჯელეთ ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკის უარყოფით გავლენაზე, შემდეგ გაზეთზე გადავიტანეთ სიტყვები, რომლებიც არჩევანის ძალას გვახსენებს.
გარდა მოთხრობებისა და კედლის გაზეთებისა, ჩვენ გავაშენეთ ლექსების ბაღი, ჰაიკუს დახმარებით და შემდეგ მათი ამღერებაც მოვახერხეთ. (სიმღერის სანახავად ეწვიეთ ბმულს)
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჰიმნის, დროშისა და გერბის შექმნა საქართველოსთვის, კოთელიისა თუ გამოგონილი ადგილისთვის, შემდეგ ამ სიმბოლოებმა ისტორიები დაბადეს.
ამ ყველაფრის მერე, დღეს ვიცი: ჩვენ უბრალოდ წიგნს არ ვკითხულობთ, ჩვენ თვითონ ვხდებით წიგნი; ჩვენ ჩვენს შექმნილს შორიდან კი არ ვუყურებთ, მასში ვითქვიფებით. მე ვიცი, ჩემს კლასში დადიან ცოცხალი მოთხრობები, რომელთაც
თვალები აქვთ,
გზა აქვთ
და
სინათლე.
ისინი შემოქმედი მოთხრობები არიან, ამიტომ, როცა მათ ფანჯარაზე მთვარე ამოდის, მზე ხვალინდელი დღისთვის ისტორიებს თხზავს“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს
„მობილურის აკრძალვამ გაკვეთილებზე, დადებითი შედეგები მოგვიტანა“...
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ
შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ ფორმატში
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბავშვებს შთამბეჭდავ აქტივობებს სთავაზობს და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებს