მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, რამდენიმე უნივერსიტეტმა პროტესტი გამოხატა.
საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლების განცხადება - „დღეს დუმილი დანაშაულია“
„საქართველოს უნივერსიტეტმა“ სასწავლო პროცესი შეწყვიტა, აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„არის ქვეყნის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადასდო…”
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას. გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე“,- წერია საქართველოს უნივერსიტეტის „ფეისბუქ“ გვერდზე.
„კავკასიის უნივერსიტეტმა“ კი, სასწავლო პროფესის შეჩერებასთან დაკავშირებით, შეტყობინება სტუდენტებს დილით გაუგზავნა.
„გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“,- ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილ წერილში.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ კი, განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას ემიჯნებიან.
„აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი“,- ვკითხულობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.
სასწავლო პროცესი 29 ნოემბრის 17:00 საათიდან „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტშიც“ შეწყდება.
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ“,- წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უნივერსიტეტების პროტესტს „ალტერბრიჯიც“ უერთდება.
„ალტერბრიჯი იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპული განვითარების მხარდამჭერი!!!
ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა, შევუქმნათ ადამიანებს პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი, საუკეთესო შესაძლებლობები!
ამიტომაც, ალტერბრიჯი დგას თავისი სტუდენტების და ევროპული მომავლის მხარეს!
ჩვენ ვართ ხიდი ევროპისკენ!“,- წერია უნივერსიტეტის გვერდზე.
სასწავლო პროცესი შეჩერდა GIPA-შიც.
„GIPA, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების იდეის ერთგული უნივერსიტეტი დღიდან დაარსებისა, მხარს უჭერს ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
უნივერსიტეტი დროებით აჩერებს სასწავლო პროცესს!“,- ვკითხულობთ უნივერსიტეტის „ფეისბუქ“ გვერდზე.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის მენეჯმენტმაც გაავრცელა.
„თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის მენეჯმენტი ყოველთვის დარწმუნებული იყო და დღესაც მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება უკიდურესად საზიანოა საქართველოს აწმყოსა და მომავლისათვის. საქართველოს სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისა და ფასეულობებისაკენ ეფუძნება ხალხის ნებას და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წლებია ემსახურება და იცავს დასავლურ ღირებულებებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი, მაშინაც, როდესაც 2013 წელს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუწყვიტეს და ფუნქციონირების უფლება წაართვეს და მაშინაც, როდესაც უნივერსიტეტების დამფუძნებელს, კახა ბენდუქიძეს, ქვეყნის დატოვება მოუწია და ის დევნილობაში გარდაიცვალა.
ვიაზრებთ, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლას სჭირდება ღირებულებების დაცვა, რაც ცოდნას, თანმიმდევრულობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს“,- ნათქვამია განცხადებაში.
პროტესტს „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიც“ ეხმიანება.
„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ევროპაა! ჩვენი არჩევანი და ჩვენი ავთენტური ადგილი.
ჩვენ, ევროპის ორგანული ნაწილი და მისი თანადამფუძნებლები ვართ: ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი კულტურით, ლიტერატურით, ისტორიით, ცხოვრების წესითა თუ მომავლის ხედვით!
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, დაფუძნების დღიდან, არათუ ვიზიარებთ დასავლურ ღირებულებებს, არამედ მიგვაჩნია, რომ თავადვე ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი.
ჩვენ მყარად ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენი საქმიანობით ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასავლური მომავლისთვის!
GAUელებს გვჯერა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“,- წერია განცხადებაში.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმაც გამოაქვეყნეს.
„ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელებს, მიგვაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული, უალტერნატივო გზაა. ამ გზის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ჯერ კიდევ 2005 წლიდან ბოლონიის პროცესთან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მჭიდრო ინტეგრირება. ამ და სხვა მრავალი გარემოებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული თაობათა მრავალწლიანი ძალისხმევა და, შესაბამისად, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი. „საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“,- ვკითხულობთ პროფესორ-მასწავლებლების განცხადებაში.
სასწავლო პროცესი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც“ გადაიდო.
„ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც სტუდენტებმა და ჩვენმა აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა გუნდმა გამოხატა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სტუდენტების ინტერესებისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გადადების შესახებ“,- წერია განცხადებაში.
შეტყობინებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც დაეგზავნათ, რომელის მიხედვითაც, მათ გაცდენილი საათები საპატიოდ ჩაეთვლებათ და სემესტრის დასრულებამდე, სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ.
„უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სტუდენტთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან შეჩერებასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტი პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული სტუდენტის შეხედულებას და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას. შესაბამისად, სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა და სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი“,- ნათქვამია შეტყობინებაში.
გაიფიცნენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მათ საგანგებო ბრიფინგი გამართეს, ძალადობა დაგმეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
პროტესტის ნიშნად, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები იფიცებიან.
„ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესებს, ვგმობთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს, უარვყობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 78: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად) და მხარს ვუჭერთ ევროკავშირში ინტეგრაციას.
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ამიტომ ლექტორთა და სტუდენტთა უმრავლესობა მხარს ვუჭერთ სხვა უნივერსიტეტებს და ვიფიცებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
„შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროფესორების ნაწილი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება და აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, იცხოვრონ ევროპულ სახელმწიფოში.
აღნიშნულის შესახებ პროფესორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს ამ ეტაპზე 37 პირი აწერს, თუმცა სია განახლებადია.
„საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, იცხოვრონ ევროპულ სახელმწიფოში.
ბოლო დღეებში ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, ხელისუფლების მიერ, კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლების უხეში დარღვევა და მოქალაქეებთან სასტიკი დაპირისპირების შემზარავი ფაქტები.
ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა დღეს დგას ქუჩაში და იბრძვის ევროპული მომავლისთვის.
დაუშვებლად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ მათზე ხელის აღმართვა!
სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენი სტუდენტებისა და სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის პროტესტს. ვდგავართ მათთან ერთად ჩვენი საერთო მომავლის დასაცავად“,- ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კი, სასწავლო პროცესს 10 დღით წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კონსერვატორია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 10 დღით წყვეტს სასწავლო პროცესს“,- ვკითხულობთ კონსერვატორიის „ფეისბუქ“ გვერდზე.
აღვნიშნავთ, რომ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა წყვეტს მოლაპარაკებების პროცესს ევროკავშირთან და ამასთან უარს ამბობს, მათ მიერ გაცემულ გრანტებზეც. ამ განცხადების შემდგომ საქართვლოს პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა მასობრივი აქცია გამართეს, რომელიც მთალი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელიც სამართალდამცავებმა ძალადობრივად დაარბიეს.
მასალა განახლებადია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU-ში საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები
სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები