მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გეგი აბრამიშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის ყველაზე ახალგაზრდა, 23 წლის დირექტორია. იგი მშობლიური სკოლის ხელმძღვანელად 2023 წელს დაინიშნა და ამ ერთ წელში სკოლას ახალი სიცოცხლე შესძინა - ბიბლიოთეკა გააკეთა, მოსწავლეები არაერთ სპორტულ, შემეცნებით თუ ინტელექტუალურ კონკურსში ჩართო. მისი ხელმძღვანელობითა და პედაგოგთა გუნდური მუშაობით, სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა. როგორც დირექტორი აღნიშნავს, ბოსლების საჯარო სკოლა ერთადერთი ავტორიზებული სკოლაა დმანისში, რაც ახალგაზრდა ხელმძღვანელს ძალიან ეამაყება.
შრომისმოყვარე, მიზანდასახული, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული მეგობრული, დიდთან დიდი და პატარასთან - პატარა - ასეთი დირექტორია გეგი აბრამიშვილი, რომლის ოცნებაც სპორტული კარიერა იყო, აქტიურად თამაშობდა ფეხბურთს, ბავშვობაში ასევე არქეოლოგობაც უნდოდა, თუმცა საბოლოოდ, მომავალი საქმიანობა განათლების სფეროს დაუკავშირა. განათლება თბილისში მიიღო, რეგიონში დაბრუნდა და მშობლიურ სკოლაში სპორტის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა; შემდგომ კი დირექტორიც გახდა. როგორია ყველაზე ახალგაზრდა დირექტორისთვის სკოლის ხელმძღვანელობა? რა შეცვალა სკოლაში? როგორი ურთიერთობა აქვს თითქმის თანატოლ მოსწავლეებსა და უფროსი ასაკის პედაგოგებთან? - კითხვებზე პასუხს გეგი აბრამიშვილის ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- 23 წლის ასაკში, სკოლის დირექტორობა ალბათ ძალიან საპასუხისმგებლოა... გვიამბეთ რა გზა გაიარეთ, სანამ ხელმძღვანელად დაინიშნებოდით...
- დავამთავრე ბოსლების საჯარო სკოლა, შემდეგ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და დავიწყე სკოლაში მუშაობა სპორტის მასწავლებლად... ასევე წარმატებით ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდა, გავხდი უფროსი მასწავლებელი და 2023 წელს წარმატებით ჩავაბარე დირექტორობის გამოცდაც. 2023 წლის 25 ოქტომბერს ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორად დავინიშნე (დმანისში 3 ადამიანს ჰქონდა ჩაბარებული დირექტორების გამოცდა და მათ შორის მე დავინიშნე) და იმავდროულად, გავედი სამაგისტრო გამოცდებზე, რასაც თავი კარგად გავართვი. სანამ მასწავლებელი გავხდებოდი ვიყავი ფეხბურთის მწვრთნელი. ვარ უეფას მწვრთნელთა C კატეგორიის ლიცენზიის მფლობელი. ამ მიმართულებით, ზაფხულობით კვლავ ანაკლიაში ვარ ხოლმე ლიდერად.
- ეს თქვენი ბავშვობის ოცნება იყო?
- ბავშვობაში ჩემი ოცნება სპორტის მასწავლებლობაც კი არ ყოფილა. ძალიან მიყვარდა ფეხბურთი, დღესაც ვთამაშობ დმანისის გუნდში. ფეხბურთის სიყვარულმა წამიყვანა სპორტში. ასევე, გეოგრაფია მიყვარდა და ბავშვობაში არქეოლოგობაზე ვოცნებოდი.
ბავშვობიდან საკმაოდ აქტიური ვიყავი. როგორც აღვნიშნე ძალიან მიყვარდა გეოგრაფია, დღემდე ჩემი საყვარელი საგანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 კლასი მარტო ვიყავი კლასში. დამამთავრებელი კლასის მოსწავლე მხოლოდ მე ვიყავი.
- სკოლის დირექტორად როდესაც დაინიშნეთ, თქვენზე ასაკით უფროსი პედაგოგები როგორ შეგხვდნენ, თავდაპირველად სკეპტიკურად ხომ არ იყვნენ განწყობილნი?
- მსგავსი არაფერი შემიმჩნევია, პირიქით, ძალიან კარგად დამხვდნენ. დირექტორად დანიშვნამდეც ძალიან კარგად ვიცნობდი მათ, რადგან მე მასწავლიდნენ. შესანიშნავი, მშვიდი და თბილი გარემო დამხვდა, უკეთესს ალბათ ვერც ვინატრებდი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში სკოლა ავტორიზაციის პროცესში იყო. სწორედ პედაგოგთა მხარდაჭერითა და გუნდურობით შევძელით ავტორიზაციის წარმატებით გავლა. დმანისში ჩვენი სკოლა პირველია, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის.
- ალბათ ორმაგად საპასუხისმგებლოა თქვენთვის მშობლიური სკოლის დირექტორობა...
- მშობლიური სკოლის ხელმძღვანელობა უდავოდ ძალიან საპასუხისმგებლოა... ეს საქმე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მომწონს. ისეთ სკოლას ვქმნი, როგორიც ყველა მოსწავლისთვის მისაღები და მოსაწონი იქნება. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია - სულ 61 მოსწავლე გვყავს.
- სკოლის დირექტორად დანიშვნის შემდგომ, პირველ რიგში, რა შეცვალეთ?
- პირველი ინიციატივა ის იყო, რომ უფრო მეტად გაგვემრავალფეროვნებინა სკოლის თვითმმართველობა, მათი უფლება-მოვალეობები. დავგეგმეთ ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები. სკოლაში, ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ გარემოსდაცვით საკითხებს, სპორტის პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ. შევქმენით კედლის გაზეთი, რომელიც ყოველთვე გამოდის სკოლაში, იქ არის სკოლის აქტივობები ჩამოწერილი. ასევე ყველა დღესასწაულს აქტიურად და მონდომებით აღვნიშნავთ სკოლაში.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტულია მშობლებთან აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა. თვეში ერთხელ ვიწვევთ მშობელთა კრებას, სადაც პირისპირ ვხვდები მათ და ვესაუბრები. მსგავსი საუბრები სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას ზრდის და ხელს უწყობს. ასევე, სკოლაში არ გვქონდა ბიბლიოთეკა და მიხარია, რომ ჩემი დირექტორად დანიშვნის შემდგომ შევძელით და შევქმენით სკოლის ბიბლიოთეკა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
- მოსწავლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მოსწავლეებთან ძალიან კარგი, მეგობრული, ახლო ურთიერთობა მაქვს. ბევრ მათგანთან ადრე, ჩემი მოსწავლეობის პერიოდშიც ვმეგობრობდი. ურთიერთობების მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა. ჩემი მიდგომები მაქვს, ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად ვუდგები. რაც მთავარია, თითოეული მათგანი მცემს პატივს.
- თქვენი განსაკუთრებული მიდგომების შესახებ რომ გვიამბოთ, რაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას გეხმარებათ?
- ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არაა, რაც ძალიან მიწყობს ხელს მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. უკეთ მესმის მათი. ასევე, რაც მთავარია ყოველთვის გულისყურით ვუსმენ მათ და ვითვალისწინებ თითოეული მოსწავლის აზრს. მათთან ერთად დავდივარ ექსკურსიებზე, სხვადასხვა აქტივობაში ვერთვები - ეს ყოველივე მათთან კიდევ უფრო მაახლოებს.
სკოლაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კანონი დავაწესეთ - მოსწავლეს სკოლაში ტელეფონი არ შემოაქვს. მშობელს თუ უნდა ბავშვთან დაკავშირება ან სასწრაფო საქმე აქვს, ამ შემთხვევაში დამრიგებელი ეხმარება მათ. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას არ აფერხებს და ყურადღების გაფანტვას ხელს უშლის.
- პედაგოგები იყენებენ თქვენს მიდგომებს ბავშვებთან ურთიერთობისას? ან თუ მოგმართავენ რჩევებით, როგორც ახალგაზრდა დირექტორს?
- მასწავლებლებს, რა თქმა უნდა, ჩემზე მეტი გამოცდილება აქვთ, თუნდაც ბავშვებთან ურთიერთობის, ასე რჩევებით მომმართავენ-მეთქი რომ ვთქვა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. თუმცა, უფროსი თაობის პედაგოგებს ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში ვეხმარები. ყველა მასწავლებელი გადამზადებულია ამ მიმართულებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დიახ, მეკითხებიან ხოლმე რჩევებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არ გვყავს ისეთი პედაგოგები, რომლებიც ჯოხის ხელში დაჭერით ცდილობენ კლასში წესრიგის დამყარებას. ძალიან თანამედროვე მასწავლებლები გვყავს, რაც მახარებს.
- რა არის ის 3 თვისება, რომელიც ყველა პროფესიონალ პედაგოგს უნდა ჰქონდეს?
- პირველ რიგში, პედაგოგს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა უნდა ჰქონდეს, რადგან მას საქართველოს მომავალი თაობების პიროვნებებად, ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს. უნდა იყოს ძალიან კომუნიკაბელური და ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა შეეძლოს, ასევე მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კრეატიული აზროვნება. შემოქმედებითი უნარები და ხედვა საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებას ხელს უწყობს.
- ზოგადად განათლების სისტემაზე რას ფიქრობთ, შეცვლიდით რამეს?
- ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს, მაგრამ რაღაც დრო სჭირდება ცვლილებებისთვის. ეს ყველაფერი რომ დალაგდება ვფიქრობ, საკმაოდ კარგი განათლების სისტემა გვექნება.
ზოგადად, ძალიან მომწონს, ის ფაქტი რომ არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მეც ვცდილობ, სკოლაში მის დანერგვას და ბავშვებს საინტერესო პროექტებს, აქტივობებს ვთავაზობ. რაც შეეხება იმას თუ რას შეცვლიდი, ალბათ პედაგოგთათვის უფრო ბევრ ტრენინგს ჩავატარებდი თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით. ონლაინ ჩართვების, ლექციების ნაცვლად პირისპირ შეხვედრებს მოვაწყობდი, ვფიქრობ, ეს მეტად მოსახერხებელი და სასარგებლოა.
- როგორც სპორტის მასწავლებელი, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში სპორტის პოპულარიზაცია?
- ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის პოპულარიზაცია სკოლებში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყოველივე პირველ რიგში, სპორტის მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ. მათ ეს საათები იმიტომ კი არ გადაეცათ, რომ უბრალოდ თავისუფალი დრო შეევსოთ, არამედ მნიშვნელოვანია მას როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანს ისე მოვეკიდოთ. უნდა ჩავუნერგოთ ბავშვებს დაწყებითი კლასებიდანვე ის, თუ რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სპორტს ადამიანის ცხოვრებაში. ამისთვის კი პირველ რიგში, მასწავლებლები უნდა იყვნენ კარგად გადამზადებულები. ასევე, ძალიან ბევრი სკოლა ვიცი, რომელსაც სპორტული ინვენტარი არ აქვს, რაც ძალიან სამწუხაროა. ელემენტარული ბურთიც კი არ მოეძებნებათ, სპორტის გაკვეთილზე ბავშვებმა რომ ითამაშონ. ესეც მოსაწესრიგებელია ბევრ სკოლაში.
- როგორ ფიქრობთ რა განასხვავებს ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეებს ერთმანეთისგან?
- არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ თითქოს ქალაქის სკოლის მოსწავლეები უფრო განათლებულები არიან, ვიდრე სოფლის. ეს, რა თქმა უნდა არასწორია. უბრალოდ ქალაქის სკოლის ბავშვებისთვის უფრო მეტი სივრცეა თავისუფალი დროის გასატარებელი. ამ შემთხვევაში სოფლის ბავშვებმა შესაძლოა თავისუფალი დრო კითხვას დაუთმონ.
ასევე, მცირეკონტინგენტიანი სკოლების დადებითი ისაა, რომ კლასში, როდესაც 2-3 მოსწავლეა მათ მეტ დროს უთმობენ მასწავლებლები, ვიდრე 30 ბავშვს ერთად.
- თქვენი მოსწავლეების აკადემიური მოსწრებით ხართ კმაყოფილი?
- როგორც აღვნიშნე, ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და კლასში შესაძლოა მხოლოდ 2-3 მოსწავლე იყოს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას საშუალოდ, 3-დან 2 კარგად სწავლობს. განსაკუთრებული მონდომებით დაწყებითი კლასების მოსწავლეები გამოირჩევიან. „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებაც სწორედ მათი დამსახურებაა. ასეთი შედეგი სკოლას არ ჰქონია, რაც მე მახსოვს. უფროსკლასელებს რაც შეეხებათ, გოგონათა საფეხბურთო გუნდი გვყავს სკოლაში. რეგიონულ შეჯიბრებებზე მინიმუმ მე-2, მე-3 ადგილს ყოველ წელს იკავებენ. სპორტულ წარმატებებს სწორედ უფროსკლასელები აღწევენ, ხოლო სწავლით VI, VII, VIII კლასელები გამოირჩევიან. თაობათა ცვლა სწავლის მხრივ ძალიან კარგია სკოლაში.
- თაობათა ცვლა ახსენეთ და როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში ახალი კადრების მიღება?
- გააჩნია პედაგოგობისთვის რამდენად მზადაა ადამიანი. ხანშიშესულ პედაგოგს ასე თუ ისე მეტი გამოცდილება აქვს, უფრო მეტი ბავშვი ჰყავს აღზრდილი და იცის მათ როგორ მიუდგეს. თუმცა, შესაძლოა ახალგაზრდა მასწავლებელმა სრულიად შეცვალოს სკოლის სისტემა და თანამედროვეობა უკეთესობისკენ. ცვლილებები ყოველთვის კარგია, როცა პროფესიონალები მიუძღვიან საქმეს. ახალგაზრდა კადრმა სკოლა უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.
- ყველაზე მეტად რა გეამაყებათ როგორც დირექტორს?
- ყველაზე მეტად მეამაყება ის, რომ არ დავრჩი თბილისში და დავბრუნდი ჩემს რეგიონში, ჩემს სოფელში. იქაც მქონდა სამსახურის, თუნდაც სპორტის მიმართულებით კარგი შეთავაზებები, თუმცა მე ჩემს სოფელში დაბრუნება ვამჯობინე. ეს თავიდანვე ვიცოდი, სანამ თბილისში წავიდოდი, ასე მქონდა ჩაფიქრებული. მინდოდა, ჩემს რეგიონს გამოვდგომოდი. რაც შეეხება სკოლას, ყველაზე ბედნიერი იმით ვარ, რომ ერთადერთი ავტორიზებული სკოლაა რეგიონში.
- სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვესაუბროთ...
- მომავალში ჩემს თავს კვლავ განათლების სფეროში ვხედავ. მაგისტრატურის დამთავრების შემდგომ დოქტორანტურაც მინდა გავიარო. სიამოვნებით წავიკითხავდი უნივერსიტეტში ლექციებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ“
სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვის მოუწევს დამატებით შიდა გამოცდის ჩაბარება და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ პედაგოგობის მსურველებმა
„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“
„როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ“
„როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ“