სიახლეები
სიახლეები

„ლამპრობა“ - დღესასწაული საქართველოში, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და დღესაც აღინიშნება
15-02-2024
-
+


15 თებერვალს ქრისტიანული ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს.  „მირქმა“ პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს მიხუტებას, მკერდზე მიკვრას. საღვთისმეტყველო გააზრებით კი მირქმა არის ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული.

შობიდან ორმოცი დღის შემდეგ, მოსეს სჯულის თანახმად, ქრისტე მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ამავე დროს დედა ღვთისმშობელმა შეასრულა განწმენდისა და მსხვერპლშეწირვის წესი. ამიტომ ქრისტეშობიდან ორმოცი დღის შემდეგ (2/15 თებერვალს) ეკლესიაში ვდღესასწაულობთ უფლის მირქმას.

ყრმა ქრისტეს შეხვედრა მოხუც სიმეონთან და წინასწარმეტყველ ანასთან (ლუკა, 2:22-38) ამ დღესასწაულის მთავარი მოვლენაა. სიმეონს უწყებული ჰქონდა „სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ“, და სულწმინდით შთაგონებული იგი ტაძარში მივიდა, სადაც შეხვდა ახალშობილ მესიას, აიყვანა იგი ხელში და წარმოთქვა სიტყვები, რომელთაც ჩვენ დღემდე ვგალობთ ყოველი მწუხრის დასასრულს: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა.“

მირქმის დღესასწაულს უკავშირდება ქართული ადრესაგაზაფხულო ხალხური დღეობა ლამპრობა, სვანურად „ლიმპჲარი“ - ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თქმუ­ლე­ბით, ის სვა­ნეთ­ში მე­ომ­რე­ბის რი­ცხვის და­სად­გე­ნად იმართებოდა. ან­თე­ბუ­ლი ლამპრე­ბის მი­ხედ­ვით ად­გენ­დნენ რამ­დე­ნი მე­ომ­რის გა­მოყ­ვა­ნა შე­ეძ­ლოთ სვა­ნებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. სხვა ვერ­სი­ითა და თავისი შინაარსით ძველი მიწათმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია: ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვად ზამთარში კოცონს ანთებდნენ. მესამე ვერსიით კი - ლამპრებს თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულს უთბობდნენ.

ძველ დროში ლამპრობის დღესასწაული, ძირითადად, 1 თებერვალს იმართებოდა. თუმცა ახლა მოძრავი დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და თითქმის ყოველთვის თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა. ლამპრობის მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლებისა და კარგი ამინდის გამოთხოვა იყო.

ქვემო სვანეთში ლამპარი გამხმარი მუხის, არყის ან წიფლის ხეების ტოტებისგან მზადდებოდა და ყოველი ოჯახი თითო ლამპარს ოჯახის წევრი მამაკაცების მშვიდობიანობისთვის ანთებდა. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა. გადმოცემის თანახმად, ქრისტეს ავაზაკები დაედევნენ, არყის ხემ კი ტოტები ჩამოუშვა და დაიფარა. ქრისტემ აღუთქვა ხეს, რომ მას ადამიანის სულის მოსახსენიებლად გამოიყენებდნენ. ამიტომაც ამზადებენ ლამპარს არყის ტოტებისგან.

ზემო სვანეთში ლამპრობას „სვომონობასაც“ ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის - ბერიკაობა-ზეენობის - მსგავსად იმართებოდა: ირჩევდნენ „კეისარს“, მის „ცოლებსა“ და „ვეზირებს“. მესტიის რაიონის სოფელ ლახირის მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი „მესვიმნიშის“ ოჯახში მოდიოდა, ე. ი. იმასთან, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგით თემის მასპინძელიც იყო. მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული „ლამპრული“. მეორე დღეს წმინდა გიორგისა და წმინდა მარიამის ლამპრობა, უფრო მოგვიანებით კი ცის ლამპრობა იმართებოდა. ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო დათქმული, მეორე წმინდა გიორგის და მესამე ცის საკეთილდღეოდ. მარიამს სვანები მოსავლიანობის მფარველ ღვთაებად მიიჩნევენ.

ახლაც, სასაფლაოზე უმეტესად თებერვალში ლამპრების დასანთებად შებინდებულზე გამოდიან. ლამპარი ინთება საფლავზე, ეკლესიის მახლობლადაც. ხის ნაჭრების კონა, რომელიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავზე მიაქვთ, არყის ხის ტოტებისგან მზადდება. საერთო კოცონში კონას კონა ემატება და წმინდა გიორგის სახელზე ლოცულობენ შემდეგ კი ზეიმობენ. ივანე ჯავახიშვილს ეს რიტუალი ასე აქვს აღწერილი:

„მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს, რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდების ლოცვას“ და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარის“ უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“.

ლამპრობა ზოგადად მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ანთებული ლამპრებით ლიტანიობა თავიდან მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის იყო დამახასიათებელი. რაც შეეხება მიცვალებულთა საფლავებზე ლამპრების დანთებას, ეს ადგილობრივი ტრადიციაა. ლამპრობის შესახებ პირველი ცნობები „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი. ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად კი, ლამპრობა მთელ საქართველოში, სხვა კუთხეებშიც ტარდებოდა, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ დროთა განმავლობაში მხოლოდ აქ შემორჩა.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ვაჟა-ფშაველას ლექსი და გურამ რჩეულიშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან პირველი აბიტურიენტები გამოვიდნენ

სოციალურ საწარმოში მეორადი ქაღალდი გარდაიქმნება ხელნაკეთ, სასარგებლო პროდუქტად

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები 3 და 4 ივლისს ჩაატარებენ

ლევან ღირსიაშვილი წინა წლებში იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე

ილია ჭავჭავაძე და გივი გეგეჭკორი ქართულის გამოცდის მეორე სესიაზე

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება