მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენება მთელ მსოფლიოში აქტიური მსჯელობის საგანია. თუ საკითხის მომხრეები, AI-ს უნივერსალურ გადაწყვეტად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე უფრო რეალისტური შეფასებები ისმის. ყველას ესმის, რომ ტექნოლოგია პედაგოგს ვერ შეცვლის, სკეპტიკოსები კი თანდათან ხვდებიან, რომ ის საფრთხეს კი არა, ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს განათლების სფეროში.
საინტერესოა როგორ ნერგავენ ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო განათლებაში?
სამხრეთ კორეა
რა თქმა უნდა, სამხრეთ კორეა, რომელიც ტექნოლოგიური განათლების ხარისხის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს, ერთ-ერთი პირველია, რომელიც ხელოვნური ინტელექტს განათლებაში ნერგავს. ქვეყნის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახელმძღვანელოების პროექტს.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ელექტრონული სახელმძღვანელოები წელსვე იქნება ხელმისაწვდომი, მთავრობა კი ყველა საგნის სახელმძღვანელობის ჩანაცვლებას სამი წლის განმავლობაში გეგმავს.
მაგრამ, ციფრული რეფორმა ცხარე დებატების თემა გახდა. მომხრეები აცხადებენ, რომ სიახლე იძლევა კარგ შესაძლებლობას სასწავლო პროცესი მოერგოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ის გახადოს უფრო თვალსაჩინო და მიმზიდველი და რაც მთავარია - მასალა მოზარდმა სახლში დამოუკიდებლად გაიაროს, გაკვეთილები კი მასალის განხილვასა და განმტკიცებას დაეთმოს.
თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი შეშფოთებულია, რომ სკოლების გაციფრულება მოსწავლეებს შორის ცოცხალ კომუნიკაციას შეუშლის ხელს. ზოგიერთს ეშინია, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახელმძღვანელოები ბავშვებს ერთ პროცესზე დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრირებას ვერ ასწავლის, მაგალითად გაუჭირდებათ რთული ტექნიკური ლიტერატურის წაკითხვა, რომლის გარეშეც შეუძლებელია მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გახდე.
იხილეთ ვრცლად: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სასკოლო სახელმძღვანელოები - ციფრული რეფორმა სამხრეთ კორეაში
ჩინეთი
ჩინეთის განათლების სამინისტრომ ხელოვნურ ინტელექტს „განათლების ოქროს გასაღები“ უწოდა. სააგენტომ გამოსცა დირექტივა, რომელიც დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ავალდებულებს, „კონცენტრირდნენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დაუფლებაზე“, ხოლო საშუალო სკოლის მოსწავლეებს „მონაწილეობა მიიღონ პროექტებისა და უახლესი აპლიკაციების შექმნაში“. დოკუმენტი განსაკუთრებით ხაზს უსვამს „ეთიკური განათლების“ როლს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და ციფრული წიგნიერების უნარების განვითარებაში.
მთავრობა სკოლებს მოუწოდებს, სასწავლო კურსები სასწავლო პროგრამებში შეიტანონ და სიახლის დასანერგად მასწავლებლებსაც ამზადებს. საპილოტე პროექტის სახით, უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიები 184 სკოლაში უკვე დანერგილია.
ნეირონული ქსელები გამოიყენება არა მხოლოდ თავად საგანმანათლებლო პროცესში, არამედ, მაგალითად, მოსწავლეთა ყურადღებისა და ქცევის მონიტორინგისთვისაც. მოსწავლეები ატარებენ ჭკვიან თავსაბურავს, რომელიც აკონტროლებს მათ აქტივობებს გაკვეთილზე. სპეციალური სენსორები იწერენ მათი კონცენტრაციის დონეს და ანგარიშს გადასცემენ მასწავლებლებსა და მშობლებს. მასწავლებლების თქმით, სისტემა დისციპლინის შენარჩუნების შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა ზოგიერთი მოსწავლე ამას გადაჭარბებულ კონტროლად აღიქვამს და „დამატებით ზეწოლაზე“ ჩივის.
ხელოვნურმა ინტელექტმა ჩინელი მასწავლებლები საშინაო დავალებების და ტესტების შემოწმების მძიმე ტვირთისგან უკვე გაათავისუფლა და მათ საშუალება მისცა, ყურადღება იმ საგანმანათლებლო გამოწვევებზე გაამახვილონ, რომელთა მოგვარებაც მას არ შეუძლია: მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური მიდგომების პოვნა, მათი მოტივაცია და კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩინელი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სახელმძღვანელოები იშვიათობას არ წარმოადგენს. ბევრი მათგანი კი ნეირონულ ქსელებს რეპეტიტორებად იყენებს.
იხილეთ ასევე: ჩინეთში განსაზღვრეს, რომელი კლასიდან შეიძლება მოსწავლისთვის ხელოვნური ინტელექტის დამოუკიდებლად გამოყენება
იტალია
იტალიის მთავრობა, რომელიც მასწავლებლების დეფიციტს განიცდის, ექსპერიმენტს ატარებს: 15-მა სკოლამ ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლის ასისტენტად დანერგა. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ეს გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს და აკადემიურ მოსწრებას, ასევე შეამცირებს ტექნოლოგიურ უფსკრულს იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის. თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება 2026 წლისთვის ქვეყნის ყველა სკოლაში დაინერგება.
პლანშეტებში, რომლებსაც ბავშვები იყენებენ როგორც გაკვეთილზე, ასევე საშინაო დავალებისთვის, ინტეგრირებულია სპეციალური პროგრამები. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტები შექმნილია ისე, რომ სწავლა თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და სწავლის სიჩქარეზე იყოს მორგებული.
იტალიელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მრავალი ადმინისტრაციული საქმის ავტომატიზაცია, რაც მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტად ფოკუსირდნენ ინიდვიდუალურ მიდგომებზე. თუმცა, ისინი ხაზს უსვამენ ტექნოლოგიების გამოყენების წესების მკაფიო სისტემის შექმნის აუცილებლობას.
საფრანგეთი
საფრანგეთში მკაფიოდ განაცხადეს, რომ მასწავლებლების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას არ აპირებენ. ექსპერტების თქმით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა ფასდაუდებელი და უნიკალურია. ბავშვებისადმი სწორი მიდგომის პოვნა მოითხოვს არა მხოლოდ მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას, აუცილებელია ინტუიცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია. და ბოლოს, ვერცერთი ციფრული მოტივაცია, ვერ შეცვლის მასწავლებლის ღიმილსა და გულწრფელ წახალისებას.
იმავდროულად, ფრანგები ტექნოლოგიურ პროგრესზე თვალის დახუჭვას არ აპირებენ. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ნეირონული ქსელები და სხვა უახლესი მიღწევები მასწავლებლებისთვის შესანიშნავ დამხმარედ იქცევა. 2024 წლის დასაწყისიდან კი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მიმდინარეობს მასშტაბური ექსპერიმენტი, სახელწოდებით - MIA Seconde. ხელოვნური ინტელექტი 800 000 საშუალო სკოლის მოსწავლეს ეხმარება ფრანგული ენისა და მათემატიკის დაუფლებაში. მოსწავლეებს ნეირონული ქსელების გამოყენებით უტარდებათ ტესტირება სასწავლო დანაკარგებისა და ხარვეზების დასადგენად, რის შემდეგაც სისტემა მათთვის ათასობით უნიკალურ სავარჯიშოს შექმნის.
აშშ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნეირონული ქსელების ფართომასშტაბიანი დანერგვა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.
თუმცა, ამერიკელი მასწავლებლების სულ მცირე 18% იყენებს ნეირონულ ქსელებს სწავლებისას. ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ პოპულარულ ChatGPT-ის გაკვეთილების მოსამზადებლად და საშინაო დავალების შესაქმნელად. ასევე ხშირად, მიმართავენ grammarly-ის, რომელსაც შეუძლია გრამატიკისა და სტილის შემოწმება წერილობით დავალებებში.
დიდი ბრიტანეთი
პრესტიჟულმა ბრიტანულმა კერძო კოლეჯმა - David Game College-მა მეტად ინოვაციური და გაბედული ნაბიჯი გადადგა და შექმნა კლასი, სადაც მასწავლებლის ნაცვლად მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტი ასწავლის.
აქ ყველა გაკვეთილს ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართავს. ხელოვნური ინტელექტი თავად ახდენს სასწავლო პროგრამის მოდელირებას, აანალიზებს აკადემიურ მოსწრებას და არეგულირებს საგანმანათლებლო პროცესს.
საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიას შეუძლია ადამიანებზე უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს სწავლებას, რადგან ის ობიექტურად აფასებს მოსწავლეთა სუსტ მხარეებს.
იხილეთ ვრცლად - პირველი სასკოლო კლასი, სადაც გაკვეთილებს ხელოვნური ინტელექტი ატარებს
ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
როგორ ნერგავს სხვადასხვა ქვეყანა ხელოვნურ ინტელექტს სასკოლო განათლებაში
დაფინანსება უნივერსიტეტებზე გადანაწილდება იმის მიხედვით, პროფილურად რომელ უნივერსიტეტზე რა მოთხოვნა იქნება - კიდევ რა იცვლება რეფორმის შედეგად
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“