სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„ვისურვებდი, რომ ბავშვებს მეტი პასუხისმგებლობის და მოვალეობის გრძნობა გაუჩნდეთ“ - ჟებოტის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ციხიშვილი
27-02-2023
-
+


ინეზა ციხიშვილი უკვე 28-ე წელია, რაც თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის ხელმძღვანელია. მისთვის დირექტორობა ორმაგი პასუხისმგებლობაა, რადგან ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. თავისი საქმე იმდენად უყვარს, რომ ვერ წარმოუდგენია სხვა სფეროში მოღვაწეობა, ფიქრობს, რომ მომავალში, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც სკოლასა და განათლებას დაუკავშირებს საქმიანობას.

ქალბატონ ინეზას მიაჩნია, რომ ხელმძღვანელი პირველ რიგში, საქმის პროფესიონალი უნდა იყოს, რადგან სასწავლო პროცესი ხარისხიანად მართოს. აღსანიშნავია, რომ დირექტორს მოსწავლეებთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს, რაც მათ უშუალო და მეგობრულ ურთიერთიერთობებშიც გამოიხატება.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიანი სოფლის მცირეკონტინგენტიან სკოლას ხელმძღვანელობს, მისი მოსწავლეები საზღვრებს მიღმაც აღწევენ წარმატებას. თუმცა გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, რომ სოფელი ცარიელდება და შესაბამისად, სკოლაშიც მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა.

საინტერესოა, რას ნიშნავს თავად ხელმძღვანელისთვის სკოლის დირექტორობა, რა გამოწვევების წინაშე დგანან მცირეკონტიგენტიანი სკოლები, როგორი ურთიერთობები აქვს მოსწავლეებთან და რას ფიქრობს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით? etaloni.ge-ს კითხვებს სკოლის დირექტორი, ინეზა ციხიშვილი პასუხობს: 

- უკვე 28-ე წელი დაიწყო, რაც ჟებოტის საჯარო სკოლის დირექტორი ვარ. თავადაც ამ სკოლაში ვსწავლობდი, რაც ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ მისი მართვა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ხელმძღვანელი საქმის პროფესიონალი უნდა იყო - ფსიქოლოგიც და პედაგოგიც, რათა სასწავლო პროცესი ხარისხიანად მართო. ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების სიყვარული, მეგობრული და უშუალო დამოკიდებულება. შესაძლოა ხელძღვანელი პროფესიონალი იყოს, მაგრამ ზედაპირულად უდგებოდეს მოსწავლეს, რაც ჩემთვის მიუღებელია. ზოგჯერ მოსწავლის „ტყავიც“ უნდა მოირგო და მისი თვალით შეხედო საკითხებს. უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობა არ უნდა დავივიწყოთ... ბავშვების გამორჩევა არ შეიძლება. მოსწავლე ჩვენი შეფასების საუკეთესო ინდიკატორია...
                                                                                                                                                       

- ამავე სკოლაში სწავლობდით... როგორ გახსენდებათ სკოლაში მუშაობის პირველი წლები?

- პირველად რომ დავიწყე სკოლაში მუშაობა, ჩემი მასწავლებლები გვერდით მედგნენ. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, რომ დამხმარებოდნენ და ხელი შეეწყოთ კარგი მასწავლებელი გავხმდარიყავი. ეს ძალიან საპასუხისმგებლო, თუმცა იმავდროულად საინტერესო პროცესი იყო. ასევე მეც მინდა, რომ ჩემს შემდგომ კარგი კადრი მოვიდეს და რაც მე ვერ გავაკეთე მან გააკეთოს.  ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მუშაობას შენ სკოლაში იწყებ. მორიდებული ვიყავი... მეუხერხულებოდა ჩემს მასწავლებლებთან, თუმცა სწორედ მათი დახმარებით ყველაფერს კარგად გავართვი თავი. ახლა მე ვციდლობ სხვების მიმართ ყოველთვის გულისხმიერი ვიყო.                                                       

- ქალბატონო ინეზა, როგორი ურთიერთობა გაქვთ მოსწავლეებთან?

- დირექტორობის გარდა, სკოლაში სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. ჩემი საგანი მოგეხსენებათ, დემოკრატიულ საწყისებეზეა დაფუძნებული ამიტომ, პედაგოგს პიროვნული (დემოკრატიული) მახასიათებლები უნდა გააჩნდესს.  მოვალეობების გარეშე დემოკრატია არ არსებობს...რაც უფრო მაღალ თანამდებობაზე ხარ მით უფრო მეტი მოვალეობა გაქვს... ამ ღირებულებებზე ვზრდით მოსწავლეებსაც. სამშობლოს სიყვარული, აზრის გამოხატვა, პრობლემების შეცნობა, ამაზე გვაქვს საუბარი მუდმივად... უნდა დაიწყონ, ჩვენი სოფლის დაცვიდან, განვითარებიდან, რომ შემდგომ ქვეყანას გამოადგნენ. ზოგს დემოკრატია ანარქია ჰგონია, რაც უნდა, ის გააკეთოს - ამაზე ბევრს ვმუშაობთ, რომ ასე არ მოხდეს. მიყვარს უშუალო ურთიერთობები, ბავშვებთანაც სწორედ ასეთი ურთიერთობა მაქვს - ძალიან მეგობრული და არა იმპერატიული... მოსწავლეებმა იციან, რომ შეუძლიათ პრობლემის შემთხვევაში შემომჩივლონ, გამიზიარონ მათი მოსაზრებები, შემდგომ კი ერთად მოვძებნით გამოსავალს. ეს აუცილებელია როგორც მათთვის, ასევე ჩემთვისაც. თუმცა, რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს - მოსწავლემაც უნდა იცოდეს მასწავლებელი და მეც უნდა ვიცოდე მოსწავლე. მოვალეობები არ უნდა დავივიწყოთ.

- როგორ ფიქრობთ, მთასა და ქალაქში გაზრდილი ბავშვები განსხვავდებიან?

- 21-ე საუკუნეში ეს განსხვავება აღარაა... ადრე უფრო მკვეთრად ჩანდა სოფელსა და ქალაქში გაზრდილ ბავშვებს შორის განსხვავება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ტექნოლოგიების განვითარებას. ინტერნეტში უამრავ ინფორმაციას ნახულობენ და ეცნობიან, თუმცა არიან გაჭირვებული ოჯახებიც, ამიტომ დედაქალაქის გაცნობის მიზნით, თბილისში ექსკურსიებს ვაწყობთ.

- საგნის მასწავლებელი ბრძანდებით და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი ასწავლიდეს მოსწავლეებს?

- მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს მარტო მენეჯერი არ ხარ. ბავშვებთან ურთიერთობა ბევრს რამეს გასწავლის და ახალ უნარებს გძენს. შესაძლებელია ცალკე დირექტორი ასეთი უშუალო არ იყოს... მე მოსწავლესთან უშუალო დამოკიდებულება მაქვს. ამისკენ შესაძლოა პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად სწორედ გაკვეთილები და მოსწავლეები მიბიძგებდნენ. ასე ვიგებ მათ გასაჭირსაც, სიხარულსაც. მხოლოდ დირექტორის კუთხით კი შეუძლებელია ეს დაინახო.

ჩემ ბავშვობაში, სხვა მოთხოვნები იყო. დღეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა. მე არ მახსოვს მაშინ, რომ მოსწავლე-მასწავლებელს შორის ისეთი მეგობრული და უშუალო ურთიერთობები ყოფილიყოს, როგორიც დღესაა. ახლა ბავშვები მეტად გახსნილები არიან, მეტი ურთიერთობები შეუძლიათ, რაც ძალიან მომწონს.

- ქალბატონო ინეზა, რა გამოწვევის წინაშე დგანან მცირეკონტინგენტიანი სკოლები?

- იყო პერიოდი, როდესაც კლასში 20-25 ბავშვი იყო, რაც ძალიან მახარებდა. ამ დროს სკოლაში სიცოხლე მეტად ჩქეფდა. მოსწავლეები შემოქმედებითი უნარებით გამოირჩეოდნენ. ახლა მცირერიცხოვან კლასებში სწორედ ეს მომაკლდა. ის მუხტი აღარაა. დღესდღეობით, კლასში ყველაზე მეტი 10 ბავშვია. რა თქმა უნდა, სწავლების მხრივ უკეთესია, მაგრამ მაშინ მრავალი აზრი იყო... ცოცხალი იყო სკოლა. მთის სოფლის პრობლემა არის მიგრაცია, ვინც მიდის, აღარ ბრუნდება რაც მაწუხებს. მოგეხსენებათ, მთიან სოფლებში საყოფაცხოვრებო საქმიანობას ექცევა მეტი ყურადღება. ახალგაზრდები კი უნივერსიტეტში აბარებენ და ქალაქშივე საქმდებიან, უკან აღარ ბრუნდებიან...ადრე სკოლა იყო 8-წლიანი და 200 ზე მეტი ბავშვი სწავლობდა, ახლა კი 93 მოსწავლეა.

- გამოსავალი რაშია?

- პრობლემა სამსახურების ნაკლებობაა, შესაბამისად პირველ რიგში, უნდა გამოინახოს სამუშაო ადგილები, დასაქმდნენ ახალგაზრდები. რეგიონები უნდა განავითარონ. სამუშაო ადგილები, როცა იქნება ოჯახები აღარ წავლენ. შეიძლება ეს უფრო ფეხის ხმას აყოლილი ადამიანებიც იყვნენ. ვერ გაიგებთ ვინ როგორ ფიქრობს... ახლა სხვათა შორის ბევრი დასაქმდა, ალბათ ეს ოჯახები არსად წავლენ.

- მცირერიცხოვან კლასებში ალბათ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა... როგორ შედეგს დებენ ისინი ეროვნულ გამოცდებზე?

- ჩვენს სკოლაში არიან ძლიერი და სუსტი მოსწავლეები, ასევე საშუალო მოსწრების ბავშვები... ყოველ წელს ვერცხლის და ოქროს მედალოსნები გვყავს, იმარჯვებენ სხვადასხვა ოლიმპიადაში... ერთ-ერთმა მოსწავლემ საფრანგეთის საგზურიც კი მოიპოვა. ასე, რომ გარკვეულწილად სწავლის აკადემიურ მოსწრებით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა, ბოლომდე კმაყოფილი შეუძლებელია იყო. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი ცოდნა მინდა მიიღონ. მასწავლებლებიც აქტიურად არიან ჩართულნი. რაც შეეხება ეროვნულ გამცოდებს, შარშან ოთხი მოსწავლიდან სამმა ჩააბარა. შარშანწინ 100%-იანი გრანტი მიიღეს. იყო ისეთი შემთხვევაც 2 მოსწავლემ ისეთი მაღალით ქულებით ჩააბარეს რომ ლექტორსაც კი გაუკვირდა მსგავსი შედეგები. დღეს ერთი ამერიკაში მოღვაწეობს ტექნოლოგიური მიმართულებით, მეორე თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

- ასეთ დროს მასწავლებლის როლიც მნიშვნელოვანია...

- დიახ, რა თქმა უნდა!  ჩვენს სკოლაში ყველა მასწავლებელი კვალიფიციური და სერტიფიცირებულია. უფროსი მასწავლებლის სტატუსი ყველას აქვს, ოთხი კი  წამყვანი მასწავლებელია. შარშან მივიღეთ ერთ-ერთი მათემატიკის მასწავლებელი - მეცნიერების კანდიდატი, რომელიც თბილისიდან ჩამობრძანდა. ვიცით, რომ ახალი რეფორმა - მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მიმდინარეობს, ყველა მოტივირებულია, ცდილობენ სიახლეები აითვისონ და ცოდნა მოსწავლეებს გადასცენ.


- ერთ-ერთი პრობლემაა კვალიფიციური კადრების მოზიდვა მაღალმთიანი სოფლების სკოლებში... თქვენთან თუა კადრების დეფიციტი?

- ჩემს სკოლაში არ არის მასწავლებლების დეფიციტი, რადგან დაბას ხიდი გვყოფს და არავინ გვერიდება. მხოლოდ ფიზიკის მასწავლებლის კადრის დეფიციტი გვქონდა... ფიზიკაში პენსიონერი მასწავლებელი გვყავდა, ზოგადად რეგიონში ფიზიკის მასწავლებლების მცირე რაოდენობაა, ამიტომ დავაბრუნეთ ჩვენი მასწავლებელი მოწვეულის სტატუსით.

სკოლაში ასევე, გვყავს ახალგაზრდა კადრებიც, ორიენტირებული ვარ ახალგაზრდა მასწავლებლებზე. აუცილებელია ახალი ხედვა, გამოცდილება...

- ქალბატონო ინეზა, განათლების რეფორმასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- სიახლეებს ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვხდებით. ეს დიდ მუშაობას მოითხოვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალ თაობას ნამდვილად სჭირდება ის ცოდნა რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ... ზუსტად ამ მიმართულებით არის მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაც შედგენილი... უკვე 2 წელია ამ კუთხით ვმუშაობთ. გავიგეთ მისი მოთხოვნების არსი. სკოლაში უკვე ძალიან კარგად მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა.

- ემხრობით მასწავლებლებისა და დირექტორების გამოცდებს?

- აღარ გავსულვარ... ძალიან მძიმე 27 წელი გამოვიარე და კიდევ გამოცდაზე აღარ გავედი, გზას დავუთმობ ახალგაზრდებს. მით უმეტეს ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ცოდნა დამიგროვდა. არასდროს ვყოფილვარ ასე მყარად, როგორც ახლა დირექტორობისას. გამოცდილებამ ბევრი რამ შემძინა. ეს 27 წელი იყო ჩემთვის სწავლისა და ცოდნის დაგროვებისა... თუმცა, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა დაადასტუროს თავისი კომპეტენცია. ასევე, მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებითაც, ვფიქრობ, რომ კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვანი, თუმცა ამავრდოულად ძალიან რთული პროცესია. პედაგოგს გამოცდისთვის მომზადებისა და ჩაბარების შემდგომ სასწავლო პროცესის წარმართისთვის შეიძლება დრო აღარ დარჩეს. მიდგომა ასეთი მაქვს, რომ გამოცდები ჩააბაროს და დაიწყოს მუშაობა. ფორმალური საკითხები სკოლის სამუშაო პროცესს ტვირთავს ეს დრო კი მოსწავლეს აკლდება. მოსწავლე მთავარი ცენტრია, რაზეც ყველანი უნდა ვიყოთ ორიენტირებული - დირექტორიც და მასწავლებელიც.

-  2022 წელი რომ შევაჯამოთ... როგორი იყო თქვენი სკოლისთვის?

- საკმაოდ რთული, თუმცა ამავდროულად საინტერესო წელი იყო. სკოლაში დღე არ გავა, რომ სიახლე არ შემოვიდეს ახალი გამოწვევები, პროექტები, მუდმივი სიახლეებია. ეს სკოლას საშუალებას აძლებს კიდევ უფრო წარმატებული იყოს.

- რა პროექტები ხორციელდება და მოსწავლეთა ჩართულობა როგორია?

- სკოლა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პროექტში იყო ჩართული. უშუალოდ ვხელმძღვანელობდი პროექტს - „მე მიყვარს ჩემი ბუნება“, რომელიც ეკოლოგიური პრობლემებს ეხეობდა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მასში, სკოლის ტერიტორიაზე, ნარგავები დავრგეთ, რაშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ჩაერთნენ. ასეთი ცოცხალი ურთიერთობები და აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანია. ჩვენ ასევე დიდი წარმატებები გვაქვს სპორტში. შეძლებისდაგვარად ვმუშაობთ. ყველაფერი შეიძლება იდეალურად არ გამოდის, მაგრამ ეს პროცესი დინამიურია და არ ვჩერდებით. წარმატებისკენ მუდმივად მივისწრაფვით.

- 2023 წლისთვის რა მთავარი მიზნები გაქვთ? 

- რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, რაც აკადემიურ მოსწრებაშიც უნდა გამოიხატოს. მე-3 თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის კარგად და სწორად გააზრება და დანერგვა, რაც მარტივი არაა. ჩვენც სამინისტროც ეტაპობრივად სხვადასხვა სიახლეს გვაწვდის და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვიღებთ მას. ვნერგავთ, „ვტესტავთ“ კლასებში. წელს ასევე გვინდა გავზარდოთ მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, არის სოფელი და სოფელს თავისი სპეციფიკა აქვს, მუშაობენ და ყოფით პრობლემებზე არიან გადასული. მათთან ურთიერთანამშრომლობით კი მოტივაცია აუმაღლდება მოსწავლეებს. მინდა, ყველა დაინტერესდეს თავისი შვილის წარმატებით. ასევე ვისურვებდი, რომ ბავშვებს მეტი პასუხისმგებლობის და მოვალეობის გრძნობა გაუჩნდეთ და თავისუფლებამ და ურთიერთობებმა მათი მოვალეობები არ გადაფაროს... როგორც საგნის მასწავლებელი და დირექტორიც ამას ვისურვებდი. პასუხისმგებლიანი ადამიანები პირველ რიგში  ქვეყანას წაადგებიან...

ჯერჯერობით ვარ სკოლაში, მომავალში დირექტორი თუ არა, მასწავლებელი მაინც ვიქნები. ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის ცოდნის გაზიარება მიყვარს, ამიტომ რაღაც ახლის შექმნას და სხვა საქმეზე გადართვას არ ვაპირებ. იმ გეგმებისა და მიზნების ირგვლივ ვიტრიალებ, რასაც ჩვენი განათლების სამინისტრო გეგმავს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო - ტესტირება 18 მარტიდან ჩატარდება
საკლასო აქტივობები დედის დღის აღსანიშნად - იდეები პედაგოგებისთვის
მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება ცნობილია
ბათუმის სკოლაში პირველკლასელი სცემეს - ხელმძღვანელი ამბობს, რომ ერთი მშობლის ნათქვამი არ შეიძლება სიმართლე იყოს
სკოლებს საგნობრივი კათედრების გაუქმება შეუძლიათ - რა წერია ესგ-ს განახლებულ დოკუმენტში.
პიროვნება
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოსწავლეებს, მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხა
აღსანიშნავია, რომ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ
სკოლაში წარმატებით მუშაობს მათემატიკური კლუბი, რომლის წევრებით მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი


 
საინტერესო
გთავაზობთ ლექსებს, რომელთა ცოდნაც ბავშვებს დედის დღეს გამართულ ზეიმზე გამოადგებათ
იმისთვის, რომ გამოიმუშაოთ მოთმინების უნარი, უცხოელი ექსპერტები გიზიარებთ 4 რჩევას
რამდენი მოსწავლე უნდა იყოს ერთ კლასში და რა შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისი?
„დროთა განმავლობაში, ის სმენისა და მხედველობის გაუარესებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეჩეხა, მაგრამ ამან განათლების მიღებაში ხელი არ შეუშალა“
მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები ნახეს, რომლებიც ყავის ჭიქებზე, მობილური ტელეფონის ქეისებზე და ტანსაცმელზე იყო დატანილი
სიახლეები
საზოგადოება