სიახლეები
სიახლეები

ტარიელ ხარხელაური: „ერთხელ დამტოვეს მეხუთე კლასში, არ გადამიყვანეს, სკოლა 19 წლის კაცმა დავამთავრე“
26-11-2022
-
+


„მხატვრულ ლიტერატურას უფრო ვკითხულობდი და ამისთვის მქონდა დრო გამიზნული და არა - ყველაზე მაღალი ნიშნის მიღებისთვის“, - ამბობს etaloni.ge-სთან თანამედროვეობის გამორჩეული პოეტი, ტარიელ ხარხელაური, რომელსაც სკოლაში სწავლის პერიოდზე ვესაუბრეთ.

უბადლო ლექსების შემქნელს მარტოობა უყვარს. ამბობს, რომ ქალაქში ცხოვრება არ მოსწონს. წლების განმავლობაში მეცხვარეობა იყო მისი ყოფა, სადაც, მისი აზრით, თანაცხოვრების ჰარმონია ისწავლება. 

ტარიელ ხარხელაური: 

- მე რომ სკოლაში შევედი, ომი ახალი დამთავრებული იყო და არ იყო კარგი პერიოდი. სკოლაში მაშინ ძალიან ბევრნი ვიყავით - 400 მაინც. ახლა კი მხოლოდ 60 ბავშვი დადის ჩემი სოფლის სკოლაში - თიანეთის რაიონის სოფელ სვიმონიანთხევში.

მაშინ 7 წლის ასაკის ბავშვებს იღებდნენ სკოლაში. სექტემბრამდე უნდა უნდა შეგსრულებოდა 7 წელი, რომ სკოლაში შესულიყავი. რაკი მე დეკემბერში ვარ დაბადებული, თითქმის 8 წელი გამიხდა და ისე შევედი სკოლაში. 

- როგორ გახსენდებათ ბავშვობა, რით ერთობოდით, როგორი მეგობრები გყავდათ?

- მაშინ ყველას ერთნაირად გვიჭირდა, მაგრამ ეს არ მოქმედებდა არც ჩვენს ხასიათზე, არც ჩვენს ბაშვობაზე. მრავალფეროვანი გართობა შეგვეძლო. ათას რამეს ვიგონებდით - დაჭერობანას ვთამაშობდით, დამალობანას და ა.შ. ფეხბურთსაც ვთამაშობდით, მაგრამ ასეთი ბურთები კი არ გვქონდა, ახლა რომ აქვთ... დავჭრიდით ქაღალდებს, წინდაში ჩავყრიდით, დავტენიდით და ის იყო ჩვენი ბურთი. არც ვიცოდით, როგორი იყო ნამდვილი ბურთი. 

როცა ბავშვი ხარ, არ აკვირდები იმ პერიოდს. ახლა, ამ გადასახედიდან იმ ყველაფრის მიუხედავად, სასიამოვნო ბავშვობა იყო, იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. არასოდეს ჩაგვიდია ერთმანეთის მიმართ გულში მტრობა. არ მახსოვს, ჩემი ბავშვობის დროს ბავშვს ბავშვი მოეკლა თუ დაეჭრა. ბავშვები ვიყავით და რა თქმა უნდა, ვჩხუბობდით, მაგრამ მეორე წუთას გადავკოცნიდით ერთმანეთს და იქ მთავრდებოდა ყველაფერი. გულჩახვეული ბავშვები არ ვყოფილვართ. როგორ შეიძლება, გულში ჩაიღვარო სიძულვილი ისე, რომ შური იძიო?! 

- თქვენი დაკვირვებით, რამ და რატომ შეცვალა სიყვარული გაუტანლობითა და დაუნდობლობით?

- ბავშვები სალაპარაკოდ ვეღარ იცლიან ერთმანეთთან. რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი - ტექნოლოგიებმა მშობლები შვილებს დააშორა. არც ერთი მშობელი შვილს ზღაპარს აღარ უყვება. შეიძლება იყოს გამონაკლისები, მაგრამ მაშინ უმრავლესობაში იყვნენ, ვისაც ზღაპარს უკითხავდნენ. დედის ფუნქციას მაშინ დედა და ბებია იღებდა თავის თავზე და არა - ძიძა. მოგიყვებოდა ზღაპარს და ასე გაძინებდა. დღეს უფროს თაობას  არ სცალია უმცროსი თაობისთვის. გაუცხოებულები ვართ ერთმანეთის მიმართ, ის დედა-შვილურ-მამა-შვილური ურთიერთობები წავიდა... ჩვენ დღეს შვილებთან აღარ ვსაუბრობთ. შვილები რომ შეგეკამათებიან, შენ ნერვები გეშლება. შვილის მოსმენა არ გინდა, რადგან არ გგონია, მას რაიმე სასიკეთო აზრი ჰქონდეს. არადა, ხომ აქვს ახალგაზრდობასაც კარგი აზრები და უნარები?! დაშორება და ხიდჩატეხილობაა გამეფებული. 

- ზღაპრებს კეთილისმყოფელი გავლენა აქვს ბავშვის აღზრდაზე?

- რა თქმა უნდა! ზღაპარი ხომ არსად მთავრდება ცუდად და ბოროტი ვერსად იმარჯვებს კეთილზე, ბოლო მაინც კეთილი აქვს. იზრდები იმ აზრით, სიყვარული რომ სიძულვილს სჯობია. ჩვენ კი დღეს სიყვარული და სიძულვილი ერთ სიმაღლეზე დავაყენეთ. სიყვარული ადვილი სატარებელი და სამართავი არაა. სიყვარული შენი სულიერი მოთხოვნილება, შენი სულიერი საზრდო უნდა იყოს და დასარჩენი უნდა ჰქონდეს შენს გულში. სიყვარულს შენთვის ინახავ, შენთვის კეტავ. იმ ზღაპრულ ზანდუკში, მაშინ ჩვენ რომ გვიყვებოდნენ, სიყვარული იდო. 

- მასწავლებლები როგორ გახსოვთ?

- მასწავლებლები მაშინ ასეთები არ იყვნენ... ხშირად გვჩქმეტდნენ კიდეც,  დღეს ამის უფლებაც აღარ აქვთ. შეიძლება არ იყო კარგი მეთოდი, მაგრამ ხელს გვიწყობდნენ, რომ წიგნს დავწაფებოდით. ბიბლიოთეკაში წიგნი არ ჩერდებოდა, ყველა ვკითხულობდით. ბავშვობაში, როცა არდადეგები გვქონდა, სოფელში ზოგს ცხვარი ჰყავდა, ზოგს ღორი... დავდიოდით და მინდორში ვკითხულობდით წიგნებს. წიგნის გარეშე არსად მივდიოდი. დღეს ტელეფონით მიდიან, მაგრამ ტელეფონი ინტელექტს ვერ შეგძენს, გაზარმაცებით ინფორმაციას მოიკრებ და მორჩა, გონება აღარაფერს აკეთებს, გონებას ფიქრი აუკრძალა დღევანდელობამ. გონებამ თუ არ იფიქრა, ისე არც შინაგანი კულტურა გექნება.

16 ბავშვი ვიყავით კლასში და გაკვეთილს ყველას სათითაოდ გვეკითხებოდა პედაგოგი. მარტო სასკოლო პროგრამით კი არ იფარგლებოდნენ, სხვადასხვა ამბებს გვიყვებოდნენ მასწავლებლები, რომ სხვა ინტერესებიც გვქონოდა, ერთმანეთი გვყვარებოდა...
რომ გითხრათ, ბეჯითი მოსწავლე ვიყავი-მეთქი, მოგატყუებთ და თავის მოწონებაში ჩამეთვლება. მაშინ მაქსიმალური ნიშანი 5-იანი იყო. 3-იანზე რომ ვასწრებდი, ეს უკვე კარგი შედეგი იყო ჩემთვის. ვსწავლობდი იმ საგნებს, რომელიც ჩემთან ახლოს იყო. მხატვრულ ლიტერატურას უფრო ვკითხულობდი და ამისთვის მქონდა დრო გამიზნული და არა - ყველაზე მაღალი ნიშნის მიღებისთვის. პედაგოგი არ გვზღუდავდა, პირიქით, ქართულის მასწავლებელი ლიტერატურას გვირჩევდა, რა წაგვეკითხა. 
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მახსოვს, ოლია ლევერაშვილი, რომელმაც ჩემზე დიდი კვალი დატოვა. მან იცოდა, რა იყო ლექსი და პოეზია. მინიშნებაც შეეძლო, როცა დაინახავდა, რომ ნიჭი ჰქონდა ბავშვს. 

- მაშინ დაიწყეთ ლექსის წერა?

- სულ ვამბობ, ლექსის წერას ახლა ვსწავლობ. საკმარისია დარწმუნდე, რომ ლექსი დაწერე, შენი შემოქმედება ჩერდება, რადგან კმაყოფილებას ხარ მიღწეული. არასოდეს დავკმაყოფილებულვარ მიღწეულით. დღესაც ზრდის პროცესში ვარ და დღესაც ვფიქრობ, რომ პირველ ლექსს ვწერ. ხვალ რომ დავწერ, ისიც პირველი ლექსი იქნება. ვისაც ლექსთან აქვს ურთიერთობა, ყველა ასე უნდა ფიქრობდეს. 

მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ის ლექსი დავწერე, ახლა რომ „ცისფერი ტრიო“ მღერის - „ხმელი ფოთოლი“. „გაიცრიცება საღამოს ბინდი, ვიცი, ამ დილით უნდა მოთოვლოს“... კომპოზიტორმა ბობოხიძემ დაწერა მუსიკა. რადგან ეს ლექსი ასე თუ ისე რაღაცით გამოირჩეოდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით დამთავრდა შენი ზრდა. პირიქით, ამან უფრო უნდა წაგაქეზოს, რომ უფრო და უფრო უკეთესი ლექსი მიაწვდინო მკითხველს.
 
როცა მარტო შენთვის წერ, კი, კმაყოფილდები, რასაც წერ, მაგრამ როდესაც მკითხველი გყავს და შენგან ითხოვს ახალს, მათ იმ თემებზე ესაუბრები, რაც მათთვის არ ჩანს, შენთვის კი ხილულია, არ გაქვს იმის უფლება, რომ თქვა, მე პოეტი ვარ, მწერალი ვარ და ა.შ.

პირველი ლექსი რომ დავწერე, მაშინ უფრო ბუნების აღწერით ვიყავი დაინტერესებული და ასეთი ლექსი გამომივიდა: 

„თოვლიანი ჭალა, თოვლზე ნაკვალევი
ნაკვალევზე ქარი ბუზღუნით მიდის
სადღაც მოშლილი აქვს ძველ სახლს საკვამური
შიგნითა წევს მარტოობის ბინდი.
თოვლიანი ჭალა, თოვლზე ნაკვალევი
ნაკვალევზე ქარი ბუზღუნით მიდის“.
ბუნების სურათს აღწერ უბრალოდ. ასეთიც იყო წყაროსთან დაკავშირებით:
„რად არ მიყვარდე, რად არა, გამაგებინე მაინცა
რად გამირბიხარ პატარა დაი
ჩაიკისკისა ლოდებზე წყარო პირთავქვე დაიქცა
რად არ მიყვარდე, რად არა, დაიცა, წყარო, დაიცა“.

მათემატიკა საერთოდ არ მიყვარდა. დღეს ვნანობ, რომ მათემატიკა არ მიყვარდა. ერთხელ დამტოვეს მეხუთე კლასში, არ გადამიყვანეს. სკოლა 19 წლის კაცმა დავამთავრე. ყოფაქცევაში მქონდა უმაღლესი შეფასება და სპორტში, დანარჩენ საგნებში - სამიანები.

- ქართულშიც არ გყავდათ ხუთიანი?

- არა, რადგან პოეზია არ მიყვარდა. რომ ვწერდი, განა იმიტომ ვწერდი, რომ მიყვარდა? შიგნიდან რაღაც რომ გაწუხებს და გათავისუფლება გინდა იმ ემოციებისგან, ის მემართებოდა. პროზას ვკითხულობდი და პოეზიის კითხვა არ მიყვარდა. დღესაც გავურბივარ ლექსის კითხვას. მხოლოდ ვაჟა-ფშაველას პოეზიას ვკითხულობ, რადგან ვაჟა სხვა საზრდოს გაძლევს გონებისთვის და ჩემთვის ყოველდღიურად ახალია.

- სკოლის დამთავრების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება, რა გზა აირჩიეთ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახურში, ჯარში მომიწია წასვლა 3 წელი. ჩემი ოჯახი ტრადიციული მეცხვარის ოჯახი იყო.  ცხვარი გვყავდა. 1982 წლიდან მოყოლებული 12 წელი ვიყავი ცხვარში. 30 წლისა ვიყავი, უნივერსიტეტში სასწავლებლად რომ წამიყვანეს. ვერ გავძელი. მეორე კურსიდან წამოვედი უკან. იქ ჩემი სამყარო არ იყო. სახელმწიფო სამსახურში არასოდეს ვყოფილვარ. გლეხი ვარ - გლეხად დავიბადე და გლეხად დავრჩები. 

- ახლა ისევ სოფელში ცხოვრობთ?

- სოფელში ვარ, სხვაგან სად ვიცხოვრო?! თბილისშია ჩემი ცოლი, შვილები და შვილიშვილები, მაგრამ მე არ მინდა თბილისში. 

- კიდევ დადიხართ ცხვარში?

- ახლა აღარ. უკვე 77 წლის კაცი ვარ, დავბერდი... თან ახლა იმდენი შეხვედრები მაქვს... ცოტა ხნის წინ ცაგერში ვიყავი, ახლა ჩოხატაურში მივდივარ... სკოლებში დავდივარ, ბავშვებს ვხვდები. სიყვარულზე უარის თქმა არ მჩვევია. 

ძალიან დამაიმედებელი, საოცარი თაობა მოდის. მთავარია, ხელი არ შევუშალოთ და სხვა ლიანდაგზე არ შევაყენოთ. უნიჭიერესი თაობაა თან ეროვნული მუხტით და ამას მათთან შეხვედრისას ვგრძნობ.

იაკობ გოგობეშვილის „ჯიუტი თხები“ ისწავლებოდა ადრე სკოლაში - ერთმანეთს შეხვდებიან თხები და არც ერთი გზას არ უთმობს. ჩვენ გზის დათმობა უნდა ვისწავლოთ - შვილმაც და მამამაც, ერთმანეთის ჯიბრით კი არ უნდა ვილაპარაკოთ. როდესაც პასუხი არ მაქვს, ჩხუბზე კი არ უნდა გადავიდე, უნდა შემეძლოს შესაბამისი პასუხი გავცე იმ კითხვაზე, რასაც ჩემი შვილიშვილი დასვამს. ინტელექტის უკმარისობა იწვევს კამათს, უშინაარსო კამათს. მერე კი ეს კამათი ჩხუბში გადაიზრდება, რადგან არ შეგიძლია მათი მოსმენა. შენ გინდა, შენი აზრი იყოს მართალი, მაგრამ მუდმივად ერთი კაცის აზრი არ არის მართალი. ჩემი შვილის აზრიც მართალია და შვილიშვილისაც. სინთეზი უნდა მოხდეს ჩემი შვილისა და ჩემს თაობას შორის და იქიდან უნდა შევქმნათ ერთი მთლიანი სიმართლე. ჩვენ კი ამისკენ არ მივდივართ.

- რამდენი შვილიშვილი გყავთ?

- ორი ქალიშვილი მყავს და მათგან - 4 შვილიშვილი. ბიჭი აღარ მყავს, მომიკლეს 23 წლის ასაკში. ჩემს უფროს გოგოს 1 ბიჭი ჰყავს და უმცროსს - ორი გოგო და ერთი ბიჭი. უფროსი შვილიშვილი 21 წლის არის, ყველაზე უმცროსი - ორწლინახევრის.

- როგორი მამა და ბაბუა ხართ? როგორია თქვენი შეგონება მათთვის?

- მე არასოდეს მიყვარდა შვილისთვის იმის თქმა, მე რომ ვიქცევი, შენც ასე მოიქეცი-მეთქი. მეთვალყურე უნდა იყო შვილებისთვის. ეს მისიაც ჩემმა მეუღლემ და დედაჩემმა აიღეს თავის თავზე. მე ასეთი რაღაცებისთვის, სამწუხაროდ, არ ვარ მოწოდებული. მეუღლემ იმდენად შემიწყო ხელი, რომ ყველაფერზე მაღლა დგას ჩემთვის პოეზია და მისთვის ყველაფერი შემიწირია. ალბათ ყველაზე უვარგისი პაპა და მშობელი ვარ, რადგან მათზე წინ პოეზია დავაყენე. 

- რა გენატრებოდათ ბავშვობაში, რაზე გიოცნებიათ?

- ყველაზე მეტად განმარტოება მიყვარდა და ამას ვახერხებდი. დღესაც ასე ვცხოვრობ, მარტოობაა ჩემთვის ის გარემო, სადაც თავისუფლად ვგრძნობ თავს. მარტოობა და წიგნი! დღეს, წიგნს რომ ვკითხულობ, მერე გავდივარ და ფიზიკურად ვმუშაობ. ამ ფიზიკური მუშაობის დროს ფიქრობ, აკეთებ ანალიზს. ერთდროულად სხვადასხვა ჟანრის წიგნს ვკითხულობ, მაგიდაზე 3-4 წიგნი მაქვს გადაშლილი და ხან ერთს ვკითხულობ, ხან მეორეს, ხან - მესამეს და ასე ვიკრებ საზრდოს ჩემი გონებისთვის. გონებას მუდმივად სჭირდება საზრდო. 

არასოდეს მქონია საკვებზე განსაკუთრებული მოთხოვნა. ყველი და პური თუ მაქვს, უკვე კმაყოფილი ვარ.  საჭმლის მრავალფეროვნება მღლის. ცხვარში როცა ხარ, მხოლოდ ბუნებაზე ხარ დამოკიდებული და სხვა არავისზე. ჰარმონიასაც სწავლობ ბუნებაში, თანაცხოვრების ჰარმონიას, როგორ უნდა იცხოვროთ ადამიანებმა ერთად. აკვირდები, როგორ არის ბუნებაში საგნები განლაგებული - ერთმანეთს ხელს არ უშლიან. 

- ცხვარში ლექსები უფრო ლაღი გამოდის?

- გარემოს არ აქვს მნიშვნელობა. ლექსს შენი ნებით არ წერ. ეს არც შენი ნებით იწერება და არც შენი ნებით მთავრდება. არც დასაწყისია შენი ნება და არც დასასრული. დასასრულის დროს მოთმინება უნდა გეყოს და გამბედაობა და როცა შეწყდება ლექსი, უნდა დაანებო თავი, შეწყვიტო წერა, რომ აღარ გააგრძელო და ლექსი არ გააფუჭო. მე როცა ლექსს ვწერ, ხმამაღლა ვსაუბრობ, ხმამაღლა ვამბობ და მერე გადამაქვს ფურცელზე.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება