სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„რუსული ენის სწავლა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის პოლიტიკას ვამართლებთ“- დირექტორები სკოლებში რუსული ენის სწავლებაზე
01-03-2022
-
+


საქართველოს 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს, გარდა ამისა, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მავთულხლართებს, ფაქტობრივად, ყოველ დღე ავლებენ და მოსახლეობას ავიწროვებენ. რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებამ ქართველებს საკუთარი იარები კიდევ უფრო გაუმწვავა. მოძმე ერს საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, ისმის კითხვა, უნდა ისწავლებოდეს თუ არა საქართველოს სკოლებში რუსული ენა. სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა etaloni.ge და საჯარო სკოლების დირექტორების მოსაზრებები მოისმინა:

ილია ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი პირადი მოსაზრებით რუსული ენა უნდა ისწავლებოდეს. როდესაც ამხელა ქვეყანა შენი მეზობელია და არსებობს ასეთი გამოთქმაც - „შენი მტრის ენა უნდა იცოდე“ პირველ რიგში. ჩვენს სკოლაში პირველი ენა არის ინგლისური, რუსული არჩევითა. ადრე იყო გერმანული ენა, შემდეგ კი მშობლებმა არჩევანი რუსულის სასარგებლოდ გააკეთეს და თანდათანობით გერმანული რუსულმა ენამ ჩაანაცვლა. ეს მოხდა მშობლების არჩევანით და არა ჩვენი გადაწყვეტილებით.

გოჩა ღონღაძე, ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რომელიღაც ხელისუფალის ქმედებების საფუძველზე, რომელიმე ენის ამოღება არ უნდა ხდებოდეს. სამეზობლო ენების სწავლება ძალიან კარგია და რაც მეტი ენა იცის მოქალაქემ მით უფრო კარგია. ხვალ შეიძლება კარგი ხელისუფალი მოექცეს სათავეში და მერე ყველაფერი უკვე გვიანი იყოს. ასე რომ ყველაფერი ერთი ადამიანის ქმედებაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. ჩვენს სკოლაში მაგალითად, სამი ენა - გერმანული, ინგლისური და რუსული ენა ისწავლება. არჩევითი გერმანულია, პირველი სავალდებულო რუსული ენა, ხოლო ინგლისური მეორე ენაა.

ამირან ელიავა, ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში, როდესაც ბავშვები მეხუთე კლასში გადადიან უცხო ენები არჩევითი ხდება და მშობელთა გარკვეული ნაწილი ირჩევს რუსულს. პირადად ჩვენთან, უკვე ორი წელია გერმანული აირჩიეს, მაგრამ პარალელურად რუსული ენაც ისწავლება. როდესაც მშობლები აქტიურად ირჩევენ ჩვენ უძლურები ვართ ვუთხრათ - არ გვინდა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევთავაზოთ მეორე უცხო ენა. ზოგს უნდა რუსული, მართალია შედარებით ნაკლებს მაგრამ მაინც... უმეტესწილად არჩევანს გერმანული ენის სასარგებლოდ აკეთებენ; მასწავლებელიც კარგი გვყავს მენტორის სტატუსით და ალბათ ამის გავლენაც არის.

ამირან თოიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ნათქვამია რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო, აქედან გამომდინარე რატომაც არ უნდა ისწავლებოდეს რუსული ენა? პირადად ჩვენი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ რუსული ენა არის არჩევითი, პირველი ინგლისურია. ამჟამად, რუსული ენა ჩვენთან სამ კლასში ისწავლება.

იგორ აბუთიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეს საჯარო სკოლის დირექტორი:

ენა რატომ არ უნდა ისწავლებოდეს? - ვფიქრობ, უნდა ისწავლებოდეს, რა დააშავა ენამ? ჩვენთან ისწავლება ინგლისური და რუსული ენები. თავიდან იყო არჩევანი ან გერმანული უნდა გვესწავლებინა ან რუსული... რუსული ენა არჩევითი, მეორე ენაა. ჩვენ რუსული ენისთვის პრიორიტეტი არ მიგვინიჭებია.

ზაალ სხილაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე მიმაჩნია, რომ მტრის ენა უნდა იცოდე, აქედან გამომდინარე ენის სწავლება ჩემი აზრით არაფერ შუაშია. ჩვენი წინაპრები არაბულს რატომ სწავლობდნენ? მტრები არ გვყავდა? უნდა იცოდე ენა, არ ვიცი რას ფიქრობენ ახალგაზრდები, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა. ჩვენს სკოლაში ახლა ისწავლება ორი - რუსული და ინგლისური ენები.

ნინო გავაშელი, რუსთავის N21 საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, რომ ადამიანმა რამდენი ენაც იცის იმდენი კაცია და რუსული ენის სწავლა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის პოლიტიკას ვამართლებთ. ეს არის მშობლების არჩევანი, ეროვნული სასწავლო გეგმა გვაძლევს საშუალებას, რომ მშობელმა მეორე უცხო ენა აირჩიოს. ჩვენ მათ ინფორმაციას ყოველთვის ვაწვდით, ვთავაზობთ ევროპულ ენებსაც და არჩევანს მშობლები აკეთებენ. არის კლასები სადაც რუსული ენა არ ისწავლება და ისწავლება გერმანული; ასევე, არის პირიქითაც. მშობლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, დაახლოებით 80% არჩევანს რუსული ენის სასარგებლოდ აკეთებენ.

მანანა კვიციანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

მართალია რუსეთი ჩვენი მტერია, მაგრამ იმისთვის რომ დაამარცხო მტრის ენა უნდა იცოდე. ეს ჩვეულებრივი, ერთ-ერთი უცხო ენაა 134 მილიონი მაცხოვრებლით. ყოველდღე გვემტერებიან, მაგრამ მომავალმა თაობამ ხომ უნდა იცოდეს ჩვენზე რას ამბობენ?! - ისინი ინგლისურად არ დაგელაპარაკებიან. ჩვენს სკოლაში პირველი უცხო ენა ინგლისურია, ხოლო მეორე რუსული, რომელსაც 16 საათი, კლასში ორ-ორი საათი ეთმობა.

ემზარ სოლომონიძე, ხულოს მუნიციპალიტეტეტის სოფელ დიაკონიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რუსული ენა უნდა ისწავლებოდეს და ნებისმიერი უცხო ენა, რომელიც ისტორიულად თუ გეოგრაფიულად ჩვენს სამეზობლოშია. სამეზობლო ენების ცოდნა ნამდვილად საჭიროა. ჩვენს სკოლაში პირველი უცხო ენა არის ინგლისური, ხოლო მეორე - რუსული, რომელიც არჩევითია. მშობლები აქცენტს უფრო მეტად მაინც ინგლისურ ენაზე აკეთებენ, ვიდრე რუსულზე.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
პიროვნება
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
 ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მოგვარება
ის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს და სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება