სიახლეები
პიროვნება

„სკოლაში გაკვეთილის ჩატარების გარეშე ვერ გავძლებ“- ტრისტან გუგავა, ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი
26-11-2021
-
+


„სკოლა ჩემი სახლია, სკოლა ჩემი ჰობიც არის და სამსახურიც“,- ამბობს ტრისტან გუგავა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი. პროფესიით ისტორიკოსია და ამ საგანს სკოლაში დღესაც ასწავლის. დიდი სიამაყით იხსენებს თავისი ცხოვრების იმ მონაკვეთს, როდესაც სკოლის დირექტორი გახდა. მაშინ სულ რაღაც 24 წლის იყო და როგორც მაშინდელმა განათლების მინისტრის მოადგილემ უთხრა, ის საქართველოში ასაკით ყველაზე პატარა დირექტორი იყო. ახლა უკვე 46-წლიანი სტაჟი აქვს, სწორედ სოფლისა და პროფესიის სიყვარულმა განაპირობა, რომ სკოლას დღესაც წარმატებულად უძღვება. ამბობს, რომ მასწავლებლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ბედნიერია, რომ დასახული მიზნის ასრულება შეძლო. სულ ახლახან, ოქტომბრის ბოლოს, ტრისტან გუგავას, როგორც ლეჩხუმის კოლორიტ და და ღვაწლმოსილ პედაგოგს, საპატიო ლეჩხუმელის წოდება მიანიჭეს, რაც მისთვის მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ქართული ტრადიციული სუფრისა და წესების ერთგულია. ის გამორჩენული სიტყვა-პასუხის გამო ჯერ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ხოლო შემდეგ ქუთაისში ყველაზე კარგ თამადადაა აღიარებული. ტრისტან გუგავა ამბობს, რომ პოეზიის განსაკუთრებული მოტრფიალეა. ეს კი მისმა მოსწავლეებმაც იციან და პედაგოგისთვის არაერთს ლექსებიც მიუძღვნია. etaloni.ge-ს ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარი თავის, სკოლისა და არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

- სულ ცოტა ხნის წინ საპატიო ლეჩხუმელის წოდება მიიღეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს?

- საპატიო ლეჩხუმელის წოდება ოქტომბრის ბოლოს მომანიჭეს. ამისთვის უზომოდ მადლობელი და ამაყი ვარ. მინდა, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთვის ამ წოდების მონიჭება გადაწყვიტა, დიდი მადლობა გადავუხადო. ეს ჩემთვის უდიდესი აღიარება და დაფასებაა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ამ წოდებას მომანიჭებდნენ. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ასევე, მადლობელი ვარ მთელი ლეჩხუმის, რადგან ჩემი სიხარული ყველამ გაიზიარა.

- როდის დაიწყეთ სკოლაში მუშაობა და როგორ მოხვედით დირექტორობამდე?

- სკოლაში 1971 წლიდან ვასწავლი, 1975 წლიდან სკოლის დირექტორი გავხდი. უკვე 46 წელია, რაც დირექტორი ვარ, თანამდებობაზე რომ დამნიშნეს, 24 წლის ვიყავი. მაშინ განათლების მინისტრი თამარ ლაშქარაშვილი, მოადგილე კი კარლო მაჭარაშვილი იყო. ბატონმა კარლომ მითხრა, რომ თქვენზე ახალგაზრდა დირექტორი ჯერ არ დაგვიმტკიცებიაო. მე ვიყავი ქვეყანაში ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი. დღეს, მგონი, ჩემი სტაჟის დირექტორი საქართველოში არც არის.

- დირექტორობასთან ერთად, პედაგოგიც ხართ, როგორ ათავსებთ ამ ორ საქმიანობას?

- სკოლაში გარდა დირექტორობისა, პედაგოგიც ვარ, ისტორიას ვასწავლი. პროფესიითაც ისტორიკოსი ვარ და ლიტერატურა კი ჩემი ჰობია. ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი მოწოდება მაინც პედაგოგობაა. მასწავლებლობა მიყვარს და სკოლაში გაკვეთილის ჩატარების გარეშე ვერ გავძლებ. მოსწავლეებთან ურთიერთობა მიყვარს. მათ ცოდნას აუცილებლად უნდა გადავცემდე. ჩემი აზრით, გაკვეთილი მარტო იმით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, რაც წიგნში წერია - ეს იყო ჩემი კრედო და ასე გრძელდება დღესაც.

- რამ განაპირობა, რომ სკოლას ამდენი ხანი ასე წარმატებულად ხელმძღვანელობთ?

- ჩემს ბავშვობაში ისტორიკოსობა იყო მოდაში და მეც მიფიქრია, რომ გავიზრდებოდი დავამთავრებდი ისტორიულს და სკოლის დირექტრი გავხდებოდი. ბავშვობაში მინისტრობასა ან რაიმე სხვა თანამდებობაზე არ მიფიქრია. ყოველთვის მასწავლებლობა მინდოდა. მიმაჩნდა, რომ ეს ძალიან კარგი საქმე იყო. როცა ვაკანსია გაჩნდა, ჩემზე შეჩერდა არჩევანი. მერე სოფლის სიყვარულმა, პროფესიის სიყვარულმა აქ დამტოვა.  ჩემი საქმისადმი ერთგულება სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა.  

- როგორ უმკლავდება თქვენი სკოლა პანდემიიდან გამომდინარე გამოწვებებს?

- პანდემია ჩვენს სკოლასა და სოფლებსაც შეეხო. საყოველთაო ლოქდაუნისას ჩვენც ონლაინ ვსწავლობდით. ვფიქრობ, რომ გავვეთილი არის მოსწავლე, მასწავლებელი და საკლასო ოთახი, მაგრამ როდესაც სხვა გზა არ არის, უნდა მივიღოთ ონლაინ სწავლებაც და ამისათვის ჩვენი სკოლაც მზად არის. დისტანციური სწავლების პროცესშ, ძირითადად, ინტერნეტის პრობლემა იჩენდა თავს.  სოფელში დაფარვა არ არის კარგი. მართალია, სკოლის კაბინეტში, რაც საჭიროა ყველაფერი არის, თუმცა სხვაგან ინტერნეტ-კავშირის ხარისხი დაბალია და მოსწავლეებსა და პედაგოგებს მეგაბაიტების ყიდვა უწევთ. გვპირდებიან, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრება და ვნახოთ რა იქნება. სკოლაში არსებულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს ზემდმიწევნით ვიცავთ და რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სასწავლო გარემო უსაფრთხო იყოს. პედაგოგებიც აცრილები არიან.

- რა არის ის ძირითადი პრობლემები, რასაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას აწყდებით?

- ყველაზე დიდი პრობლემა მცირეკონტინგენტიანობაა, სხვა ყველაფერი რიგზეა. ისე არ არის, რომ მოსწავლეები პრობლემურები იყვენენ. ასეთი რამე არც ადრე ხდებოდა და არც ახლა. მათ მასწავლებლების მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ. ახლა მცირეკონტინგენტიანობა ყველაზე მეტად გვაწუხებს. სკოლაში სულ 20 მოსწავლე სწავლობს, ახლა ყველა კლასშია ბავშვი, თუმცა მომავალი წლიდან დაწყებით კლასს სამწუხაროდ არ ველოდებით.

- როგორც ფიქრობთ, ბოლო წლების განმვალობაში რა ტენდენცია შეინიშნება, მოსწავლეების სწავლის ხარისხმა მოიმატა, თუ პირიქით?

- მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ. ძალიან კარგი მასწავლეები გვყოლია. უმაღლეს სასწავლებლებს წარმატებით ამთავრებენ და ასეა ახლაც. პოეზიის მოყვარული ვარ და ჩვენი სკოლიდან პოეტებიც გვყავს. მოსწავლეებმა ლექსებიც მომიძღვნეს. პანდემია მოსწავლეებს ხელს უშლის, ზოგადად, წარმატებული მოსწავლეები და მედალოსნები გვყავს. ჩვენმა კურსდამთავრებულებმა ცხოვრების გზა გაიკვლიეს, შეიძლება ყველამ უმაღლესი არ დაამთავრა, მაგრამ რაღაც საქმეს მოჰკიდეს ხელი და წარმატებულები არიან.

- რა გამოარჩევთ თქვენი სკოლის პედაგოგებს?

- უფროსი მასწავლებლები გვყავს. მუნიციპალიტეტში სულ პირველად 3 მასწავლებელი გახდა ამ სტატუსის მატარებელი, ერთ-ერთი კი ჩვენი პედაგოგი. ამ სკოლაში  როდესაც მოვედი, ჩემი მასწავლებლები დამხვდნენ, მაშინ კოლექტივმა ძალიან კარგად მიმიღო, შემდეგ თაობები შეიცვალა, თანდათან ახალი გუნდი ჩემოყალიბდა. ჩემი სკოლის პედაგოგები კომუნიკაბელურები და  საქმისადმი ერთგულები არიან. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა როდესაც ვხედავ, რომ მასწავლებელს უყვარს თავისი საქმე, მოსწავლე და საგანი, რომელსაც ასწავლის.

- მასწავლებლების გამოცდასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, თქვენი აზრით, ასეთი უნდა იყოს მათი შეფასების კრიტერიუმი?

- ამაზე ჩემი მოსზრება მაქვს. შემოწმების წინააღმდები ნამდვილად არ ვარ, თუმცა სახელმწიფო გამოცდები რომ ჩააბარა მასწავლებელმა და აიღო დიპლომი, მერე კიდევ ხელახლა გამოცდები მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. პედაგოგმა იმდენი პროექტი და აქტივობა უნდა გააკეთოს სტატუსის მისაღებად, რომ მოსწავლისთვის დრო აღარ რჩება. მასწავლებელი შედეგით უნდა ფასდებოდეს - რამდენმა ჩააბარა თავისი საგანი, რამდენი წავიდა ამ სპეციალობით, მისი მოსწავლეები რამდენად წარამტებულები არიან ოლიმპიადებსა და სხვადასხვა აქტივობებში.  გარკვეულ პერიოდებში კი შეიძლება, რომ მათი თეორიული ცოდნა შეამოწმონ.

- რაზე უნდა იყოს ანაზღაურების გაუმჯობესება დამოკიდებული?

- ასეთი დაყოფა არაა კარგი. კომუნისტების დროს, ვისაც დიპლომი ჰქონდა, მას პირველი თანრიგი ენიჭებოდა და ხელფასი, სტაჟის მიხედვით, ყოველ 5 წელიწადში ემატებოდა. რადიკალური განსხვავებები არ უნდა იყოს. სასწავლებლად სკოლაში რომ შედიან,  უმაღლესი აქვთ დამთავრებული და დიპლომი აქვთ. ამ დროს, ხელფასი ერთ პედაგოგს რომ 2500 და მეორეს 500 ლარი ექნება, მართებული არ მგონია. სრულ განაკვეთზე რამხელა ხელფასიც აქვს მასწავლებელს, დირექტორს ეგ ოდენობა მაინც უნდა ჰქონდეს. სკოლის დირექტორებს კი ეს ხელფასები არ აქვთ.

- თქვენი აზრით, დღეს პედაგოგის პროფესია მეტად დაფასებულია?

- იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დღეს ჩვენი პროფესია დაფასებული არ არის. ნელ-ნელა უფრო და უფრო ფასდება. ჩვენ ისეთი პერიოდიც გამოვიარეთ, როდესაც ანაზღაურების გარეშე ვასწავლიდით, კუპონები იყო და იმ ხელფასით ვერაფერს ვერ ვყიდულობდით, მაგ თანხით ჩემი სოფლიდან ქუთაისში ვერ ჩახვიდოდი. ეს ყველაფერი გამოვიარეთ. მაგის შემდეგ წინ წავიდა ცხოვრება, მართალია, 1 დღეში არ მოვა კარგი ცხოვრება, მაგრამ თანდათანობით გაუმჯობესდა. სამომავლოდ, მეტ დაფასებას მოველით.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ბოლოს, კი სკოლაში კედლის გაზეთების გამოფენა მოეწყო, V, VI, VII და IX კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს და მნახველთა მოწონებაც დაიმსახურეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება