მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად, სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება და სასწავლო პროცესი ალტერნატიულ ფართში მიმდინარეობს, კოლექტივმა, დირექტორის - ია პაპალაშვილის ხელმძღვანელობით, არც წელს დააკლო მონდომება, რათა სკოლა ახალი გამოწვევებისთვის მოემზადებინა.
ამ პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე საზღვრისპირა სოფელის სკოლაში, სულ 60 მოსწავლე სწავლობს, მათგან 5 პირველკლასელია.
„თითოეული მოსწავლის მიღება ძალიან გვახარებს, ყოველი სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებულად ვხვდებით და ვემზადებით. მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიულ ფართში ვართ, რადგან ჩვენ სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება, წელსაც არ დაგვიკლია მცდელობა მოსწავლეებს ღირსეულად დავხვედროდით, მოვამზადეთ სასწავლო გეგმა, გადავანაწილეთ საათები, დავსახეთ ახალი სასწავლო მიზნები და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვებს რაიმე დაბრკოლება არ შექმნოდათ და სრული დატვირთვით დაეწყოთ სწავლა“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი ია პაპალაშვილი.
21 მასწავლებლისგან შემდგარი გუნდი მოწოდებულია, რომ თითოეულმა ბავშვმა კომფორტულ გარემოში მიიღოს ხარისხიანი განათლება. პედაგოგები სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ინდივიდუალურ მიდგომებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა საუკეთესო შედეგების საწინდარია.
„სკოლაში 21 პედაგოგი მუშაობს, მათ შორის გვყავს სპეცმასწავლებელი, ორი წამყვანი პედაგოგი, დანარჩენები კი უფროსო მასწავლებლები არიან. ყველა თავისი საქმის კარგი მცოდნე და მაღალპროფესიონალია. სწავლების დონე სკოლაში ძალიან მაღალია, ყველა სიახლეს ვნერგავთ, თითოეული მასწავლებელი ინდივიდუალური პროგრამით ასწავლის, გვაქვს საუკეთესო წიგნები, რითაც „საქართველოს ბანკი“ გვამარაგებს, მადლობა მათ. ასევე გვაქვს გამართული კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი, ყველა თვალსაჩინოებას, რაც რესურსცენტრში შემოდის ვყიდულობ, რათა უფრო საინტერესოდ ვაქციო სასწავლო პროცესი და ხელმისაწვდომი გავხადო ხარისხიანი განათლება, ავამაღლო მოსწავლეთა ინტერესი და მოტივაცია.
კლასში, სადაც 5-6 და 7 ბავშვი ზის, სადაც დანერგილია სწავლების ახალი მეთოდები, წარმოიდგინეთ, რამდენად საინტერესო და მაღალი დონისაა სწავლება. თითოეულ მოსწავლეზეა მორგებული სასწავლო პროცესი. ჩვენ კი პედაგოგები ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, გადავცეთ მომავალ თაობას, ის რაც ასე კარგად ვიცით. ამასთანავე ვთავაზობთ, დამხმარე სასწავლო რესურსს, რათა სრულყოფილად და სიღრმისეულად დაეუფლონ ამა თუ იმ საგანს“, -აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
მასწავლებელთა პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია ისიც, რომ ყოველწლიურად სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში.
„წელს, სკოლა 11-მა მოსწავლემ დაამთავრა, ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასი იყო და ბევრმა მათგანმა წარმატებით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, მხოლოდ წელს არ გყოლია ოქროსმედალოსანი, თუმცა, ჩვენდა საამაყოდ, წინა წლებში ყოველთვის გვყავდა. ძალიან მეამაყება თითოეული მოსწავლის წარმატება და მათი დიდი გულშემატკივარი ვარ, თვალ-ყურს ვადევნებ მათ ცხოვრებას და მიხარია, რომ მათ წარმატებაში ჩვენს სკოლას დიდი წვლილი მიუძღვის“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტსა და ღონისძიებაში და ხშირადაც იმკიან ცოდნის ნაყოფს.
„აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა კონკურსში, დედაენის დღესთან დაკავშირებით წერის კონკურსში ჩვენი სამი მოსწავლე იყო ჩართული, ჩვენდა სასიხარულოდ, 1-ელი, მე-2 და მე-3 ადგილები გადაინაწილეს. სკოლაში ღონისძიებებით აღვნიშნავთ ყველა მნიშვნელოვან, ღირსშესანიშნავ დღეს. ღონისძიებებში უკლებლივ ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული. ჩვენ მათ ყოველთვის ვაქებთ და ვახალისებთ, რათა მეტი მოტივაცია ჰქონდეთ შემდგომი განვითარებისთვის“,- გვეუბნება სკოლის დირექტორი.
დირექტორი, რომელიც მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე სამი ათეული წელია დგას, განსაკუთრებული ემოციით საუბრობს მოსწავლეებზე. მისი თქმით, სკოლაში სუფევს ურთიერთპატივისცემა ოჯახური, თბილი გარემო, სადაც ბავშვები სიყვარულსა და მზრუნველობას გრძნობენ.
„1996 წლიდან დავიწყე მუშაობა ამ სკოლაში პედაგოგად, 2013 წლიდან დავინიშნე დირექტორად, შემდეგ მქონდა წყვეტა, რადგან გადავედი ხირსის საჯარო სკოლის დირექტორად, ხოლო 2021 წელს ჩავაბარე დირექტორის გამოცდები და გადმოვედი ამ სკოლაში. ვარ არჩეული დირექტორი, სამეურვეო საბჭომ გამომიცხადა ნდობა, ეს ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლო და სასიხარულოა, მით უმეტეს იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ჩვენი სოფელი სასაზღვროა. სოფელში ჩამოსახლებულნი არიან ეკომიგრანტები და მრავლად ცხოვრობს არაქართველი მოსახლეობა. არჩევანი კი ჩემზე გააკეთეს - ყველაზე ძვირფასი ადამიანების - შვილების ბედი მანდეს. მეც დაუღალავად ვშრომობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ სკოლაში სრული სიმშვიდე და ოჯახური გარემო სუფევდეს, ჩემს ყველაზე კარგ თვისებად მივიჩნევ თმენის უნარს, ეს ვალდებულებად მაქვს ქცეული, რაც საშუალებას მაძლევს ყველასთან თანაბარი პასუხისმგებლობით ვიყო, ყველა პედაგოგი და ყველა მოსწავლე თანაბარია ჩემთვის, პედაგოგებს ვეხმარები და ხელს ვუწყობ პროფესიული განვითარების კუთხით, რაც სკოლას გამოადგება. ვიცი მათი პირადი ცხოვრება და ვეხმარები როგორც შემიძლია, ბავშვივით მახარებს მათი წარმატება.
მოსწავლეები კი ეს ცალკე ფენომენია, მე ისინი შვილებივით და შვილიშვილებივით მიყვარს. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ბავშვისთვის ხმა ამეწია. ისინი კი გრძნობენ ჩემს მათთდამი სიყვარულსა და დამოკიდებულებას, ვცდილობ ჩემი ასაკი მათ ასაკს გავუთანაბრო, მათ ტოლად ვიგრძნო თავი. ვხვდები, რა უნდათ, რა უხარიათ, რა სწყინთ. ამის შემდეგ კი სიმშვიდით, მოთმინებით და გაგებით ვეკიდებით ერთმანეთს. ეს ქმნის სრულ გაგებას და პატივისცემას. ვსაუბრობთ, ვცდილობ დავანახო გზა სიკეთის, სილაღის, ბედნიერების, სწორი არჩევნის გაკეთების და საბედნიეროდ მიზანს ვაღწევ“,- ამბობს ია პაპალაშვილი და დასძენს, რომ მისი მიზანია მოსწავლეებმა არ დაკარგონ ცოდნის წყურვილი, აღიზარდონ განათლებულ და ღირსეულ მოქალაქეებად.
„მინდა ყველა ახალგაზრდა ბედნიერი იყოს, უყვარდეთ წიგნები და იყვნენ წიგნიერები, კულტურულები, ჰქონდეთ თმენის ვალდებულება, გაიზარდონ, განვითარდნენ, რადგან მომავალი მათია და ჩვენ მათ უნდა დავუთმოთ ადგილი“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა
საქმეზე დაწყებულია გამოძიება, აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა
რესურსცენტრები, მასწავლებლის სახლი, პედაგოგები... - ცნობილია, რაზე ისაუბრებს მინისტრი ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაციაზე
აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს დაწესებულებაში
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
პირველადგილოსნები კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ
პედაგოგები გახლავთ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია დვალი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა მარღანია
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“