სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

კალანდა, ზომხა, ლემზირი... - ძველით ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
13-01-2024
-
+


14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში ზოგიერთ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება და განსხვავებული ტრადიციებითაც ეგებებიან. 

მიზანი ერთნაირია - ახალი წლიდან წარმატება, ხვავი, ბარაქა და დადებითი ემოციები მოიზიდონ. საინტერესოა, თუ როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოს კუთხეებში, ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს ვთავაზობთ. 

სვანეთში ძველით ახალ წელს „ზომხა“ ჰქვია. ახალი წლის ჟრიამული იქ სწორედ 14 იანვარს იგრძნობა. დილით ოჯახში ტკბილეულითა და სასმლით მეკვლე მიდის, რომელიც ყველას ლოცავს. შემდეგ ხდება „ლიშიააში“ - მეკვლე ოჯახის თითოეულ წევრს ლოცავს და თავისი ხელით გადასცემს ტკბილეულსა და გარკვეულ თანხას. იმავეს აკეთებს ოჯახის უფროსიც, ოჯახიდან მეკვლეს ხელცარიელს არავითარ შემთხვევაში არ უშვებენ. სვანეთში სჯერათ, რომ მომდევნო წლის წარმატებულობა, გარკვეულწილად, იმაზეცაა დამოკიდებული, ვისაც „ზომხას“ პირველად ხელს ჩამოართმევენ ან რაიმეს გამოართმევენ. სწორედ ამიტომ, მეკველე განსაკუთრებული დაკვირვებით ირჩევა. ზოგიერთი ადამიანი პირველად მეკვლესაც არ ართმევს ხელს და მისთვის გამორჩეულ ადამიანთან მიდის, რათა მისი აურა მთელი წელი გაჰყვეს. 

რაც შეეხება სუფრას, გარდა ტრადიციული კერძებისა და ღორის მოხარშული თავისა, მაგიდაზე აუცილებლადაა ხილი. ვაშლში კი, სავარაუდოდ, ბარაქის მოსაზიდად, ხუდებს ამაგრებენ. მეკვლის სტუმრობის შემდეგ, ახალგაზრდები თითოეულ ოჯახში მიდიან და ლოცავენ.

აღსანიშნავია, რომ ადრე ახალი წლისთვის პურს - „ლემზირს“ აცხობდნენ, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული. 

კალანდა - სწორედ ასე ჰქვია ძველით ახალ წელს გურიაში. ამ დღისთვის მთელი რეგიონი განსაკუთრებულად ემზადება - ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინითა და კრიმანჭულით ხვდებიან ძველით ახალ წელს. 

ამბობენ, კალანდისთვის მზადებას გურული კაცი 40 დღით ადრე იწყებდაო. სადღესასწაულო სუფრაზე მოხარშული ღორის თავი, დედალი, ღვეზელი, გოზინაყი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. კერძები ცხემლის შეშაზე უნდა მომზადებულიყო. მთავარი რიტუალი უკვე გამთენიისას იწყებოდა, როცა ოჯახის უფროსი ხის გობზე ჩიჩილაკს, ღორის თავს, ნაზუქებს, ტკბილეულს დაალაგებდა და სახლსა და ბეღელს სამჯერ შემოუვლიდა, შეძახილით: რა მოგაქვს, რა მოგაქვსო? შემდგომ სამჯერ დააკაკუნებდა კარზე. დიასახლისი უმალვე გამოსძახებდა, - სიუხვე და ბედნიერება შემოგეტანოსო და გამზადებულ სუფრას ოჯახის წევრები შემოუსხდებოდნენ. 

მესხეთში უფრო დიდი მნიშვნელობა 14 იანვარს ენიჭება. სპეციალურად ამ დღისთვის, წინასწარგაწერილი თანმიმდევრობით, ფურნეში ცომეული ცხვება. კერძოდ, ჯერ მესხური ლავაშები, შემდეგ - მრგვალი შოთები, ხაჭაპური და მესხური ქადები ცხვება. მათ თანმიმდევრობა შემთხვევითი არაა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ცომეულს რა ტემპერატურა და დრო სჭირდება გამოსაცხობად. განსაკუთრებული ყურადღება მესხურ ქადებს ექცევა, რომლებიც ერბოსგან მზადდება.

ადრე, ძველით ახალი წლისთვის ღორს კლავდნენ, ასევე, აუცილებლად ცხვებოდა ქადები და ხაჭაპურები. გარდა ამისა, გოზინაყსა და ხინკალს ამზადებდნენ. ადრე ბასილას - ცომით ადამიანის ფორმის ფიგურას ამზადებდნენ, მას თავსა და ტანს უკეთებდნენ. მიაჩნდათ, რომ მას ოჯახისთვის ბარაქა მოჰოქნდა. 

ძველით ახალ წელს სამეგრელოში თოფის სროლით ეგებებოდნენ. ახალი წლის მოსალოცად, დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადიოდა. სახლში დაბრუნებისას, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში მეკვლეობის რიტუალი 2-ჯერ, 14 და 15 იანვარს, დილით სრულდება.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ვინ ჩააბარებს გამოცდას 8 სექტემბერს გამოცდების ეროვნულ ცენტრი - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

აკრძალული ნივთებისა და საშუალებების ჩამონათვალი კანონითაა განსაზღვრული

როდის არის კანონით აკრძალული მოსწავლისთვის სკოლის შეცვლა - დეტალური ინფორმაცია

განათლების მინისტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს შეხვდა 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება