სიახლეები
სიახლეები

ეროვნული გამოცდების წინ ენის ნორმებში ცვლილებას ფილოლოგთა პროტესტი მოჰყვა
21-06-2023
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები კარს მოგვადგა. ქართულ ენას, ფაქტობრივად, ყველა აბიტურიენტი აბარებს. ორიოდე თვის წინ კი ქართული ენის ნორმებში ცვლილებები შევიდა და გარკვეული ფორმები, რომლებიც ამ დრომდე შეცდომად მიიჩნეოდა, ახლა სწორად აღიქმება.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დადგენილებით, ორპირიან -ავ და -ამ თემისნიშნიან გარდამავალ ზმნებში I თურმეობითის ფორმათა მართლწერის წესებში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, პარალელურ ფორმათაგან გრამატიკულად გამართლებულია ორივე ტიპის წარმოება: დამიხატავს-დამიხატია; დამიდგამს-დამიდგია და ა.შ.

თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ლიტერატურულ ფორმად უნდა დარჩეს -ავ და -ამ სუფიქსიანი ფორმები და -ია დაბოლოებიანი ფორმები უნდა იქნეს მიჩნეული დასაშვებად - უნახავს-უნახია; გაუბამს-გაუბია; დამითესავს-დამითესია და ა.შ.

ენის დეპარტამენტის მტკიცებით, გავრცელების თვალსაზრისით, დღევანდელ ქართულში -ია დაბოლოებიანი ფორმები უფრო სჭარბობს, ვიდრე -ავ ელემენტიანი ვარიანტი. ძირითადი მინახავხარ, გინახავვარ; დამიხატავხარ, დაგიხატავვარ და ა.შ. ფორმების პარალელურად დასაშვები უნდა იქნეს მინახიხარ, გინახივარ; დამიხატიხარ, დაგიხატივარ ვარიანტები.

დამიხატია, დაგინაყია, დაუდგია, გინახივარ, უთქვია, დაუმალია - ასე დაწერილს ან ნათქვამს რედაქტორები, მასწავლებლები და გამსწორებლები შეცდომად აღარ ჩათვლიან.

განახლებული ნორმების ერთ-ერთი ინიციატორი პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოგოლაშვილი გახლავთ.

„აღშფოთებულები ვართ ფილოლოგები, ქართული ენის მასწავლებლები და საერთოდ, ყველა განათლებული ადამიანი. ვფიქრობ, „დამირეკია“, „მითქვია“, „დამიხატია“ და ა.შ. პარალელურ ფორმებად დამკვიდრება არასწორია“, - ამბობს ფილოლოგი მანანა ციცქიშვილი, რომელიც რეპეტიტორია და მრავალი წელი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსწორებლადაც მუშაობდა.   

მანანა ციცქიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობს და აბიტურიენტებს გარკვეულ რჩევებსაც აძლევს.

- როგორც ახალი, პარალელური ფორმების დამკვიდრებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, ასეთი საკითხის განხილვისას უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპით, რომ სალიტერატურო ქართული ენა, როგორც ყოველი ცოცხალი ენა, უცვლელი ვერ იქნება. თუმცა ამ ამბავმა ფილოლოგთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია. რატომ?

- კი, ვიცით, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, ვითარდება... ხანდახან ისეთი ფორმა დამკვიდრდება, რომელიც სულ არ არის ქართული და რეფორმატორები ამასაც იმით ხსნიან, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია. კი, არის ცოცხალი, მაგრამ უხეშად არ უნდა ჩავერიოთ მის განვითარებაში.

„ხატვა“ ავიღოთ საწყის ფორმაში. „დამიხატავს“ ხომ არის წარსულის ფორმა. ესენი ამბობენ, კი, იყოს „დამიხატავს“, თუმცა იყოს პარალელური ფორმაც - „დამიხატია“. -ავ და -ამ თემის ნიშნიან ზმნებს შეეხო ცვლილება. მაგალითად, „თქმა“. სწორი ფორმაა „მითქვამს“ და ახლა გვეუბნებიან, რომ შეიძლება, „მითქვიაც“ ვთქვათ. „დარეკვა“ – „დამირეკავს“ არის სწორი ფორმა, მუდამ ასე გვასწავლიდნენ და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, „დამირეკია“. „მითქვამს“ და „დამირეკავს“ შეცდომად არ ჩაითვლება, მაგრამ შეიძლება ასევე ვთქვათ, „მითქვია“ და „დამირეკია“.

რეფორმატორები გვიმტკიცებენ, რომ თუ ენა არ განვითარდა, მოკვდება. როგორ შეიძლება ენა მოკვდეს და გაცოცხლდეს იმით, თუ ვიტყვით „დამიხატიას“ და „დამირეკიას“ და ა.შ. ზმნა „წერა“ რომ ავიღოთ, რა თქმა უნდა, დამიწერია უნდა ვთქვათ, მაგრამ ეს არის „ხატვა“, „თქმა“, „დარეკვა“... ვიღაცას რომ რაღაც შეეშლება, მასწავლებელი გაუსწორებს, ასწავლის, ვიღაცას ქულა დააკლდება ამის გამო, მაგრამ სწორედ ამ ნიშნიანი ზმნების იმ კატეგორიაში გაყვანა და პარალელურ ფორმად დამკვიდრება მაინც მიუღებელი მგონია. ჩვენი სიამაყე იყო აკაკი შანიძე და ასეთივეა მისი შვილი, მზექალა შანიძე. ზუსტად ვიცი, რომ მზექალა არ ყოფილა ასეთი ცვლილების შეტანის მომხრე, მაგრამ უმცირესობაში აღმოჩენილა, რაც გულსაკლავია. როგორ შეიძლება მზექალა ენობრივი ფორმების ცვლილებისას უმცირესობაში აღმოჩნდეს? მამაჩემი, რომელიც იყო მთარგმნელი, ლინგვისტი, მწერალი და ბაბუაჩემი, რომელიც პოეტი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი და რვა ენის მცოდნე გახლდათ, ალბათ გადაირეოდნენ, ეს რომ მოესმინათ.

- საუბარში ეს ფორმები ხომ ისედაც დამკვიდრებულია. არავინ ვამბობთ, „მინახავხარ“, „დაუხატავხარ“ და ა.შ. 

- რაც შეეხება „მინახავხარ“-ს, ასე არ ვამბობთ და არ ვწერთ. ეს ფორმა ჩანაცვლდა და ვამბობთ „მინახიხარ“, რომელიც სწორედ ამ ფორმის პარალელურია. არც ერთი ჩემი მოსწავლე არ იტყვის, რომ ამ ფორმას ვასწავლიდი. დიდი ხანია, „მინახიხარ“ პარალელური ფორმაა და ამის გამო ქულა არც არავის აკლდებოდა. აკაკი შანიძეს სახელმძღვანელოში  პარალელურ ფორმად აქვს მოხსენიებული ეს ფორმა და მეორეც, უბრალო ცხოვრებაში „მინახავხარ“-ს არც ვამბობთ და დასაშვები ფორმა იყო ისედაც. „მინახავხარ“-ს ნუ გავაიგივებთ „მითქვია“ და „დამირეკია“-სთან. ეს გამონაკლისია. „მინახიხარ“-ს იმდენი ხანია ვიყენებთ, „მინახავხარ“ ბევრს არასწორი ფორმაც ჰგონია.

ყველაზე ცუდი არის ის, რომ ასეთი ცვლილებები სწორედ ეროვნული გამოცდების წინ შეაქვთ. შარშანაც შეიტანეს ზუსტად გამოცდების წინ პატარა ცვლილებები, მაგრამ ის არ იყო ასე გამაღიზიანებელი. 1-ელი პარალელურ ფორმად აღიარეს და გვითხრეს, არ შეუსწოროთო. ახლაც ასეა და ფილოლოგების ნაწილი აპროტესტებს.

ეს ცვლილებები ფილოლოგებისთვის პრინციპულია იმიტომ, რომ ენა კი არ ვითარდება, მახინჯდება. ჩემი მოსწავლეები გამოვკითხე და არც ერთს უთქვამს „მინახია“ და „მითქვია“. ვიღაცამ რომ ვერ დაიმახსოვრა სწორი ფორმა, იმიტომ უნდა ჩავთვალოთ სწორ ფორმად? არ მეტყველებენ ჩვენი ბავშვები ასე და რატომ უნდა დაწერონ გამოცდაზე ისე?

- გამოცდაზე როგორ გაასწორებენ თქვენსავით აღშფოთებული ფილოლოგები?

- თუ დადგენილება უკვე ძალაშია, რა თქმა უნდა, შეცდომად აღარ ჩაეთვლებათ, რაც ძალიან ცუდი იქნება.

- ტრენინგი უკვე ჩაუტარდათ ამის შესახებ გამსწორებლებს?

- კი, როგორც ვიცი, ერთი ტრენინგი უკვე ჩატარდა. უთხრეს, რომ აღარ ჩათვალონ შეცდომად, თუმცა არც ერთ გამსწორებელს არ მოეწონება „დამიხატია“ რომ დაწეროს აბიტურიენტმა.

- მრავალი წელი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსწორებელი იყავით. ხშირად გხვდებოდათ ასეთი ფორმები?

- არა, იშვიათად. არც ერთი ჩემი მოსწავლე ასე არ ამბობს და წერს. თუ არავინ არაფერს გაგისწორებს, მაშინ დააბინძურე ენა და მორჩა! ამერიკელებს, იტალიელებს და სხვა ერების წარმომადგნელებს ვასწავლი სუფთა ქართულს და რა გამოვიდა - უცხოელებს სუფთა ქართული უნდა ვასწავლო და ენობრივ ნორმებში, თურმე, „დამირეკია“ და „მითქვია“, შეიძლება? უცხოელმა, უკრაინელმა, ესპანელმა უფრო სუფთა ქართული უნდა იცოდეს, ვიდრე ქართველმა?

- ის აზრიც მუსირებს, რომ გამოცდების გასაიოლებლად მოხდა ეს ცვლილება სწორედ ეროვნულების წინ...

- თუ ვინმე ასე ფიქრობს, ვერ ვიგებ, რატომ უნდათ, ქვეყანაში ყველა სტუდენტი ჰყავდეთ. სამსახურებია ბევრი თუ რა? ყველა აბარებს, სამსახურები მაინც არ არის... „მითქვამს“ ვინც ვერ იმახსოვრებს და „მითქვია“-ს ამბობს, იმ აბიტურიენტებმა უნდა წერონ ასე, რომ აუცილებლად ჩაირიცხონ? თავიდან ვერც დავიჯერე, მეგონა, სიმართლე არ იყო. დამაიმედებლად ის გვრჩება, რომ რადგან პარალელური ფორმაა, უმრავლესობა მაინც „დამირეკავს“ იტყვის და დაწერს და არა „დამირეკიას“. ადრე ასეთი სიხშირით არ იცვლებოდა ეს ნორმები და ახლა მეჩვენება, რომ წელიწადში ერთხელ მაინც იკრიბებიან და ცვლიან.

ახლა იმდენად დააბნიეს ფილოლოგები, ერთი წერდა, ჩემმა მოსწავლემ რომ „დამიხატავს“ დაწეროს, შეცდომად ჩაუთვლიანო. პარალელური ფორმა ნიშნავს, რომ არც ერთი ჩაითვლება შეცდომად - არც „დამიხატია“ და არც „დამიხატავს“. ისე დაიბნენ, სწორი ფორმა შეცდომა ჰქონიათ! ვფიქრობ, ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა, რომელიც უდროო დროს არის მიღებული.

- რა ურჩევდით აბიტურიენტებს, რა გაითვალისწინონ?

- მთავარია, ესეში საკუთარი აზრი, საკითხისადმი დამოკიდებულება დააფიქსირონ. გადახედონ, წლის განმავლობაში რა იყო აქტუალური პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან ეს ესეს საკითხის კარგად გააზრებაში დაეხმარებათ.

გადის დრო და მეტ ინტერესს ვხედავ ბავშვებში, ყველა წელს უფრო და უფრო განათლებული თაობა მოდის. არაჩვეულებრივ პოლემიკას ვმართავ ჩემს მოსწავლეებთან, არასოდეს ვახვევ თავზე აზრს. მოგწონს ვარსქენი? მითხარი, დაწერე! უნდა დაწეროს არგუმენტი, რომლითაც დაიცავს თავის აზრს. მთავარი თავისუფალი აზროვნება და ზოგადი განათლებაა.

ყველა აბიტურიენტს მოვუწოდებ, არასოდეს გამოიყენონ ეს ფორმები -„მოახდინა თავდასხმა“, „მოხდა მსჯელობა“, „მოახდინა გატაცება“... ეს ფორმები ძალიან ხშირია, ტელევიზიითაც ისმის  და სულ ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, ენა სიმარტივისკენ მიდის და რატომ ართულებენ-მეთქი. „მოახდინა თავდასხმა“ რა არის? „თავს დაესხა“-ს ვერ იტყვი? ეს მართლა მისახედია. „გატესტა მანქანა“ თუ „დატესტა მანქანა“ რა არის? „შეამოწმა მანქანა“-ს ვერ იტყვი? „ფეისები“ რატომ უნდა თქვა, „ცნობილი სახეები“ - ასე ვერ იტყვი? „ძალიან საყვარელი“ უნდა თქვა და არა - „ძალიან უსაყვარლესი“, ხშირი შეცდომაა, მიმართვის ფორმა - „მარი, როგორ ხარ? ამ დროს, მარის შემდეგ, მძიმეს არ სვამენ. „თმა გაიშალა“ და არა „თმები გაიშალა“, რადგან თმას საერთოდ არ აქვს მრავლობითი რიცხვი, თმის ღერი – მხოლობითია და თმა – მრავლობითი. ერთპირიან ზმნაში „ს“-ს წერენ. მაგალითად, „მინისტრი წარდგა“ და არა „მინისტრი წარსდგა“. ერთპირიან ზმნაში „ს“ არაფრით არ უნდა დაწერონ. „ხუთი მოსწავლეები“, „ცხრა მასწავლებელი მოვიდნენ“ კი არა, უნდა იყოს, „ხუთი მოსწავლე“, „ცხრა მასწავლებელი მოვიდა“. „მიგვრძვნია“ კი არა, „მიგრძნია“ უნდა იყოს. გრძნობაში „ვ“ არ უნდა გაჩნდეს...


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
შეფასების ერთიან პრინციპებზე საბჭოს შეხვედრა ჩატარდა - დეტალები
სამინისტრო 10 სკოლას შეარჩევს - მინისტრი დეტალებზე
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა პროექტზე პედაგოგ მარიამ მამაიაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება