სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„5 წლის ბავშვები მზად არ არიან სკოლისთვის იმიტომ, რომ ბაღი და სკოლა ერთმანეთთან არ ურთიერთობს“ - პროფესორი განათლების მინისტრის გადაწყვეტილებაზე
20-04-2023
-
+


პირველ კლასში იმ მოსწავლეებსაც მიიღებენ, რომლებსაც 6 წელი 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუსრულდებათ - ამ ამბავს ძალიან ბევრი მშობლის კმაყოფილება მოჰყვა, თუმცა საინტერესოა სპეციალისტების აზრიც - არიან მზად 5 წლის ბავშვები სასკოლო ცხოვრებისთვის? - საკითხს პროფესორი ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

სავალდებულოა თუ არა სკოლაში იმ ბავშვების მიყვანა, ვისაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდება - მინისტრი განმარტავს

პირველ კლასში რა ასაკში უნდა შევიდეს ბავშვი, ეს დამოკიდებულია არა იმაზე, წერა-კითხვა როგორ იცის, არამედ რამდენად არის მზად იმ ხისტი წესრიგისთვის, რაც მოეთხოვება სკოლაში, განსაკუთრებით ქართულ სკოლაში, სადაც არანაირი რბილი გადასვლები საფეხურიდან საფეხურზე არ ხდება.

ჩემი დაკვირვებით ქართულ და ამერიკულ სკოლებზე, ქართველი ბავშვების 70% არ არის მზად სკოლისთვის 6 წლის ასაკში და ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ბაღი-სკოლის კავშირი თბილისშიც კი არ არსებობს. ეს ორი საფეხური უბრალოდ არ ურთიერთობს ერთმანეთთან. არ მიჰყავთ ბაღის ბავშვები მომავალ სკოლაში, არ აცნობენ სივრცეს და მომავალ მასწავლებლებს რამდენიმე თვით ადრე, არ ახვედრებს სკოლა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს და ბაღის ბავშვებს ერთმანეთს გამოცდილების გასაზიარებლად. სკოლას არ აქვს მორგებული სივრცეები და მეთოდები ჰიპერაქტიური, აუტისტური სპექტრის ან ქცევის სირთულეების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც მერხთან ათ წუთზე მეტი ვერ ჩერდებიან, არ აქვს გამართული სასადილო ან კვების მოდელი, რომელიც მორგებულია 5-6 წლის ბავშვზე. კერძო სკოლების მაგალითებს ნუ მომიყვანთ, ეგ გამონაკლისებია და თანაც ჩემ შვილებს ჯამში 5 საუკეთესო კერძო სკოლა აქვთ გამოვლილი თბილისში და არცერთს არ ჰქონდა ბოლომდე გამართული სისტემა.

საქართველოს საჯარო სკოლებში ასევე არ არსებობს მოსამზადებელი კლასი 5 წლის ბავშვებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, ვისაც ბაღში არ უვლია და პირდაპირ სკოლაში შედის.

ასევე არ არსებობს რაიმე სახელმწიფო სერვისი, რაც ამერიკაში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს, რომელიც გაზაფხულზე ამოწმებს, რამდენადაა ბავშვი მზად მოსამზადებელ კლასში შესასვლელად აგვისტოში, რა უნარების განვითარება სჭირდება, რამდენად დამოუკიდებელია, როგორ ურთიერთობს ჯგუფთან, როგორ ესმის უფროსის ახსნა და ა.შ.

სინამდვილეში, საერთოდ არაა საჩქარო სკოლაში შეყვანა. არაფერს ეგ ერთი წელი არ მატებს და უკეთესიც კია, თუ სკოლის დასრულებისას 18 წლის იქნება და უნივერსიტეტში ზრდასრული შევა. იმედს გაგიცრუებთ და გეტყვით, რომ ისეთი აბდაუბდა პროგრამა გვაქვს, რომ თქვენი უნიჭიერესი შვილი მაინც მთქნარებით მოკვდება პირველ კლასში, ან მოუწევს რუტინულ სამუშაოებზე მთელი დროის დახარჯვა, განვითარების ნაცვლად, რადგან არ არსებობს დიფერენცირებული მიდგომა დაწყებით კლასებში, არათუ საჯარო, კერძო სკოლებშიც კი.

იმავე დროს, განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს ხშირად აქვთ ქცევის პრობლემები, რადგან უჭირთ წესების ბრმად მიღება და ყველა უფროსის მორჩილება. მათ თვალში ავტორიტეტი უნდა მოიპოვოს უფროსმა, რაც ქართულ სკოლაში უგულებელყოფილია. ამიტომ პირიქით, თუ თქვენი შვილი ვეფხისტყაოსანს ციტირებს და გამრავლების ტაბულა ზეპირად იცის, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ მის კომუნიკაციების და ფიზიკური განვითარების ასპექტებს, სკოლაში შეყვანა არ იჩქაროთ ვადაზე ადრე, შეყვანისას კი სკოლას მოსთხოვოთ დიფერენცირებული მიდგომა, რაც სტანდარტში ისედაც გვიწერია.

ამ ყველაფერს ჰაერზე არ გეუბნებით. მე თვითონ დავუშვი იგივე შეცდომა, როცა ოქტომბრის ჰიპერაქტიური ბავშვი შევიყვანე კერძო სკოლაში და მერე 3 წელი მისი ქცევის დალაგებას გადავყევი, სანამ ამერიკაში არ გადმოვედით საცხოვრებლად. აქ ვნახე, რას ნიშნავს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური მზაობა სკოლისთვის და რატომ არ არის ხუთი წლის ასაკში საოცარი ფაქტების ცოდნა არსებითი სკოლაში შეყვანისთვის გადაწყვეტილების მისაღებად.

ნუ იჩქარებთ. იმდენი ონლაინ რესურსია, იმდენი წიგნია ახლა, იმდენი აქტივობა, სადაც შეიძლება გონებრივად განვითარდეს ბავშვი. დააკვირდით, რამდენად არის მზად, უცებ ამხელა ხმაურიან და მომთხოვნ სივრცეში გადავიდეს. სკოლებს კი მოსთხოვეთ, უზრუნველყოს ნიჭიერი ბავშვის საჭიროებებიც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება