სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

გაგრძელდება თუ არა ჭადრაკის სწავლება მესამე კლასშიც - „ჯერ ყველა იმ მასწავლებელს გადავამზადებთ, ვისაც პირველი კლასის ტრენინგი აქვს გავლილი“
27-02-2023
-
+


ყველა მასწავლებელი გადამზადდება, ვისაც უკვე გავლილი აქვს პირველი კლასის ტრენინგი და აღებული აქვს სერტიფიკატი, - ასეთია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გეგმა ჭადრაკის მეორე კლასში სწავლებასთან დაკავშირებით, რომელზეც etaloni.ge-სთან ჭადრაკის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, გია გიორგაძემ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ჭადრაკის პირველ კლასში სწავლება 2022 სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო. 2023-2024 სასწავლო წლისთვის კი ამ საგანს მეორე კლასის მოსწავლეებიც ისწავლიან.

„ჯერ ერთი სემესტრიც არ დამთავრებულა, რაც ჭადრაკი დავნერგეთ და ბავშვების დამოკიდებულება ინტელექტუალური აქტივობების მიმართ გაცილებით გაუმჯობესდა ამ თვალსაზრისით. ეს უნარები ბავშვებს გამოადგებათ ნებისმიერი საგნის შესწავლის პროცესში. რაც შეეხება განვითარებას, ჩვენ ახლა ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ის, რაც ძალიან წარმატებული გამოდგა პირველ კლასში, გავაგრძელოთ მეორე კლასშიც“, – განაცხადა 2022 წლის ბოლოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას.

1-ელ თებერვალს კი ჩხენკელის მიერ ხელმოწერილი ბრძანება გამოქვეყნდა, რომელშიც წერია, რომ 2023 სასწავლო წლიდან ჭადრაკი პირველ და მეორე კლასებში იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუკი სკოლას ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.

ჭადრაკის სკოლაში სწავლების იდეა გია გიორგაძეს ეკუთვნის. როგორც გიორგაძე ცოტა ხნის წინ etaloni.ge-სთან ყვებოდა, ჭადრაკის მასწავლებელი ქვეყნის ყველა სკოლას ჰყავს და ისინი ჭადრაკის ფედერაციიდან შერჩეულმა გამოცდილმა მწრთნელებმა გადაამზადეს.

-ბატონო გია, როგორც ამბობდით, სასწავლო წლის დასრულებამდე  უნდა ჩატარებულიყო მონიტორინგი, რომელიც დადებდა შედეგს, თუ როგორ მიმდინარეობდა ჭადრაკის სწავლება პირველ კლასში. თუ ჩატარდა ეს მონიტორინგი უკვე და ამის საფუძველზე გამოგვიცხადა მინისტრმა, რომ ეს წარმატებული პროექტია?

-თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა მეორე კლასშიც. გვინდოდა, ახლანდელი პირველკლასელები რომ მეორე კლასში გადავლენ, მათ დახვედროდათ პროგრამა, წიგნი, მოსწავლის რვეული და ა.შ. დაგეგმილია მასწავლებლის წიგნის და მოსწავლის რვეულის გამოცემა როგორც პირველი, ისე მეორე კლასისთვის. გრიფირება გამოცხადებულია და მიმდინარეობს მუშაობა.

- პირველი კლასისთვის რვეული და წიგნი აუცილებელი იყო, მაგრამ ამ სასწავლო წლისთვის არ მომზადდა? ეს არის რეალობა?

- შარშან ვერ მოესწრო და ახლა გამოცხადდა მასწავლებლის წიგნსა და მოსწავლის რვეულზე ორივე კლასისთვის. ჩვენ უკვე დავუგზავნეთ ეს ინფორმაცია პოტენციურ ავტორებს, რომლებიც ჭადრაკის ფედერაციაში არიან და აქვთ სურვილი, სახელმძღვანელო შექმნან. თუ არ ვცდები, მაისის ბოლოს უნდა ჩააბარონ უკვე წიგნები ავტორებმა. შეიძლება ვინმეს უკვე მზადაც აქვს. არიან ქართველი ავტორები, ვისაც დაწერილი აქვს ჭადრაკის სახელმძღვანელო დამწყებთათვის, მაგრამ ეს არის ჭადრაკის სექციაზე მოსული ბავშვებისთვის. ახლა უნდა გაკეთდეს ეს წიგნები, რომლებიც იქნება უფრო მარტივი. სექციებში ბავშვებს კვირაში ერთი კი არა, სამი გაკვეთილი უტარდებათ და უფრო მეტს ითვისებენ. ამ ავტორების მასალების გადამუშავება უნდა მოხდეს, რომ ადაპტირებული იყოს სკოლის დონესთან. წესით, წიგნები და რვეულები სექტემბერში უკვე მზად უნდა იყოს.

- წიგნები არ არის, რვეული არ აქვთ... რამდენადაც ვიცით, საჭადრაკო დაფებისა და სხვა ინვენტარის დარიგებაც დაგვიანდა. რით მეცადინეობენ პირველკლასელები?

- ჩვენ შევქმენით სპეციალური მოდული მასწავლებლებისთვის, რომლითაც გადამზადდნენ ეს მასწავლებლები და იქ დეტალურად იყო გაწერილი გეგმა, თემები და ა.შ. ამ გეგმას მიჰყვებოდნენ მასწავლებლები. როგორც ვიცი, მეორე სემესტრიდან უკვე ყველა სკოლას ჰქონდა საჭადრაკო დაფა და სხვა ინვენტარი. პირველი სემესტრისთვის კი განათლების სამინისტრომ შექმნა ონლაინ რესურსი, რომელზეც წვდომა ჰქონდა ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს. ეს იყო ჭადრაკის ონლაინ დაფა. ტრენინგებიც ონლაინ გაიარეს პედაგოგებმა. საჭადრაკო დაფაა, რომელსაც უყურებს ყველა ბავშვი. პირველ კლასში არც იყო ისეთი გაკვეთილები, სადაც სვლა ხელით უნდა შეესრულებინათ ბავშვებს.

ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი გეგმიურად  მიმდინარეობს და მომდევნო წლიდან ძალიან კარგი დახმარება იქნება ეს რვეულები და წიგნები მასწავლებლებისთვის.

- რა შედეგზე უნდა გავიდნენ პირველი კლასის მოსწავლეები წლის ბოლოს, და როგორია მეორე კლასში სწავლების გეგმა?

- ჩვენ გვქონდა გეგმა, თუ რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა პირველი კლასის დამთავრების შემდეგ. ეს იყო გაწერილი ჭადრაკის სტანდარტში. ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის, რომ ეს ბავშვები მოჭადრაკეებად გაიზარდონ. ჩვენთვის პრიორიტეტია, ჭადრაკი გამოვიყენოთ როგორც ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ბავშვებმა იაზროვნონ, მათი კრეატიულობა და ფანტაზია გაიზარდოს. შედეგი უნდა იყოს ის, რომ სასწავლო წლის ბოლოს იცოდნენ ფიგურების სახელები, საჭადრაკო დაფაზე ორიენტაცია... ელემენტარული სვლების გაკეთება უნდა შეეძლოთ.

რაც შეეხება მეორე კლასს, გეგმა გვაქვს, რომ ბავშვებმა შეძლონ დამოუკიდებლად თამაში, ტაქტიკური სვლები, გათვლის სპეციფიკა ვასწავლოთ. ჩვენ ვცდილობთ, ბავშვებმა იცოდნენ ის მექანიზმები, რომლითაც შეძლებენ დამოუკიდებელ აზროვნებას.

- და მაინც, რა იგულისხმა მინისტრმა „წარმატებულად გამოსვლაში“, როგორ გაიზომა ეს წარმატება?

 - ალბათ გამოკითხვა ჩაატარეს... ვერ გეტყვით, სამინისტრო როგორ თვლის ამ დეტალებს. მე ვიცი, რომ ჭადრაკის დამატებამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მშობლებში, ისე ბავშვებში. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბევრმა ბავშვმა გადაწყვიტა ჭადრაკის სექციაზე სიარული, დაინტერესება გაუჩნდათ და, აქედან გამომდინარე, მეც ვფიქრობ, რომ წარმატებული პროექტია.

- პირველ და მეორე კლასებში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი, - წერია მინისტრის ბრძანებაში. არის სკოლები, სადაც ჭადრაკის მასწავლებელი არ ჰყავთ?

- მგონი, ყველა სკოლას ჰყავს. შარშან გადავამზადეთ 3800-მდე მასწავლებელი, რაც საკმარისი რაოდენობა იყო. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე სკოლას არ ჰყავდეს ჭადრაკის მასწავლებელი.

ონლაინ ვამზადებდით პედაგოგებს. ხშირად ვესწრებოდი გადამზადების პროცესს, თითქმის ყველა სოფლის მასწავლებელი ესწრებოდა და უფრო მეტ ინტერესსაც იჩენდნენ, ვიდრე ქალაქელი მასწავლებლები. რომელიმე სკოლაში რომ არ იყოს პედაგოგი, ჩვენც გვეცოდინებოდა.

როდესაც სერტიფიცირების პროცესი მთავრდებოდა, სკოლის დირექტორები იწერებოდნენ, თუ პრობლემა ჰქონდათ. მაგალითად, რომელიმე მასწავლებელი შეცვალეს, პენსიაში გავიდა თუ სხვა და გვწერდნენ, აღარ გვყავს მასწალებელიო. ასეთი სკოლებისთვის დამატებით გადავამზადეთ ისეთი მასწავლებლები, რომლებიც პირველ ეტაპზე ვერ მოხვდნენ ამ სიაში.

- მეორე კლასის ჭარდაკის მასწავლებელს ალბათ უფრო მეტის ცოდნა ევალება. იგეგმება მათი გადამზადება?

- რა თქმა უნდა, კვლავ სჭირდებათ გადამზადება. პირველ რიგში, იმ მასწავლებლებს გადავამზადებთ, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ პირველი კლასის ტრენინგი და აღებული აქვთ სერტიფიკატები. ეს პედაგოგები კვლავ გაივლიან ტესტირებას და ამ ეტაპს რომ მოვრჩებით, მერე გამოჩნდება, რომელი სკოლა დარჩება მასწავლებლის გარეშე და შემდეგ დავიწყებთ მათზე მუშაობას. ეს ერთგვარი ტესტიც იქნება. როცა ახლანდელ პედაგოგებთან უშუალო კონტაქტს დავამყარებთ, უკვე გვეცოდინება, რა შედეგზე გადიან. ამას თვითონ იტყვიან.

- პედაგოგებს ტრენინგის დროს 10 გაკვეთილი ჩაუტარდათ. შესაძლებელია, 10 გაკვეთილში ისე ისწავლო, რომ სხვასაც ასწავლო?

- დიახ, როგორ არ არის შესაძლებელი?! დეტალურად აქვთ გაწერილი გაკვეთილის გეგმა. პატარა ბავშვებისთვის სწავლება ძალიან მარტივია. ბავშვები რომ მოდიან ჭადრაკის სექციებზე, რამოდენიმე გაკვეთილის შემდეგ იწყებენ უკვე თამაშს და მასწავლებელი ამას, მით უმეტეს, შეძლებს. სკოლის პედაგოგს არ მოეთხოვება დიდოსტატის დონეზე თამაში, ელემენტარული უნდა იცოდეს, რომ ბავშვს გადასცეს.

- მაღალ კლასებშიც ხომ არ იგეგმება ჭადრაკის სწავლების გაგრძელება?

- მაგალითად, პოლონეთში პირველ-მეოთხე კლასში ისწავლება, სომხეთში - სამ კლასში. სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ იქნება ჩვენთან. ჩემი, როგორც პროფესიონალის აზრით, კარგი იქნება, თუ მესამე კლასშიც გაგრძელდება. ეს იქნება განათლების სამინისტროსა და მინისტრის პოზიციაზე დამოკიდებული. ალბათ გაითვალისწინებენ საერთაშორისო პრაქტიკას და ისე მიღებენ გადაწყვეტილებას.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
საერთაშორისო ღონისძიებები, პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების უპირატესობა - გაეცანით ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიურ სასკოლო ცხოვრებას
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება