სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„თქვენ მე კი არა, ვაჟა-ფშაველას დაუწერეთ ორიანი“ – მთის ქალის ბავშვობა და მოგონებები მასწავლებლებზე
20-02-2023
-
+


თუში პოეტი, პედაგოგი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე, რომელის შემოქმედებას თუშური დიალექტი განსაკუთრებულ უნიკალობას სძენს, ახმეტის რაიონში, ისტორიულ სოფელ ალვანში დაიბადა და გაიზარდა. პირველ კლასში შესასვლელად ემზადებოდა, ოჯახს თუშეთში წასვლა რომ მოუხდა. პირველი კლასი შენაქოში დაამთავრა; ამბობს, რომ ამ ამბავმა მთელ მის ცხოვრებაზე იქონია გავლენა.

ახსოვს „ავი“ და „ღვთიური“ მასწავლებლები, რომლებმაც ასევე დიდი გავლენა მოახდინეს მასზე. წლების განმავლობაში ფოლკლორის პედაგოგი იყო, ზეპირსიტყვიერებას ასწავლიდა თბილისის 53-ე სკოლასა და გერმანულ გიმნაზიაში, თუმცა მათემატიკა იმდენად შეაჯავრა ერთმა პედაგოგმა, რომ იმ წლების დათვლაც კი ვერ მოახერხა, სკოლაში მასწავლებლად რომ გაატარა.

66 წლის ეთერ თათარაიძე etaloni.ge თავის განსაკუთრებულ ბავშვობასა და მასწავლებლებზე მოუყვა.

ეთერ თათარაიძე: ოთხი და-ძმა ვიყავით და მე ყველაზე - პატარა. სულ პატარა გახლდით, დედას რომ ვეხვეწებოდი, სკოლაში მევლო, რადგან მხოლოდ მე ვრჩებოდი სახლში. ჩანთა და ყველაფერი მზად მქონდა, მაგრამ არ მიმიღეს. იმავე წელს, როცა სკოლაში არ მიმიღეს, მოხდა ისე, რომ დედა გახდა ავად. ექიმებმა ურჩიეს, აუცილებლად მთის ჰაერზე წასულიყო - ასეთი ექიმები იყვნენ მაშინ და მართლაც უშველა მთის ჰაერმა.

ალვანში ვცხოვრობდით, სადაც სულ თუშები ცხოვრობენ. იმ წელს კი გადაწყდა, რომ ზამთარს თუშეთში გავატარებდით. სექტემბერში წავედით შენაქოში, რომ მამას ზამთრისთვის შეშის მომარაგება და თბილი სახლის მოწყობა მოესწრო. მოხდა ისე, რომ შენაქოში უპრობლემოდ მიმიღეს სკოლაში. პირველ კლასში მხოლოდ ერთ ბიჭს უწევდა შესვლა და ვერ ხსნიდნენ კლასს. სანატრელი იყო ბავშვები, რომ კლასი გაეხსნათ. ჩვენ რომ ჩავედით, იმ წელს ოთხი კლასი გაიხსნა, რადგან ჩემი ძმებიც მიემატნენ. ჩემმა დამ კი ომალოში სკოლა-ინტერნატში განაგრძო სწავლა, რადგან მაღალკლასელი იყო და დიდები ყველანი ომალოში დადიოდნენ.

სულ მეშინოდა, ვინმე გაიგებდა, რომ 1 წლით ადრე ვიყავი სკოლაში შესული. ეს იყო ჩემი ბავშვური შიში. პირველი გაკვეთილები ეკლესიაში ჩაგვიტარდა, სანამ გაათავისუფლეს დიდი ოთახი, რომელსაც საწყობად იყენებდნენ. 9 ბავშვი ვიყავით სულ 4 კლასში. 4 მერხი გვედგა და ერთი მასწავლებელი გვყავდა - ბართლომე ბორძიკიძე, რომელსაც ბართო ძიოს ვეძახდით. პირველი ზარი რომ დაირეკა, ბართო მასწავლებელმა გვითხრა, მე თქვენთვის უკვე ბართო ძიო აღარ ვარ, მასწავლებელი უნდა დამიძახოთო. ვერ ვიგებდი, ბართო ძიო უცბად როგორ გახდა ბართო მასწავლებელი. ძალიან სულელი ბავშვი ვიყავი... არც არავის ვეკითხებოდი და სულ ამაზე ვფიქრობდი.

- რამდენი წელი გაატარეთ შენაქოში?

- მხოლოდ ის ერთი წელი. მეტი ზამთარი თუშეთში მას მერე აღარც გამიტარებია, თუმცა დღემდე ზუსტად ვიცი, როგორი ზამთარია თუშეთში. სანამ სკოლას დავამთავრებდი, ყველა ზაფხულს ფეხით გადავდიოდით და გადმოვდიოდით. ფილმი „თუში მეცხვარე“ თუ გინახავთ, ისეთი მეცხვარეების მგზავრები ვიყავით მუდამ. ორ-სამ ღამეს ცის ქვეშ, კავკასიონზე ვათენებდით. როცა ცხვარი, ცხენი და ხალხი იღლებოდა, ჩამოტვირთავდნენ ყველაფერს, დაგვაბანაკებდნენ და სულ რომ ჭექა-ქუხილი და სეტყვა ყოფილიყო, მაინც იქ უნდა გაგვეთენებინა ღამე. ჩაგვათბუნებდნენ და... ზღაპარივით იყო ყველაფერი. არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე გამოვიარე. ისეთი ბედნიერები ვიყავით და ისეთი საოცრება იყო... მენანებიან ბავშვები, რომლებსაც ეს არ უნახავთ. მანქანებში სხდებიან და ისე მიდიან. ასე შეუძლებელია იმ სილამაზის შეცნობა, რომელიც თუშეთის გზაზეა.

პირველი კლასი რომ დავხურე შენაქოში, დედა მართლაც გამოკეთდა და მთელი ოჯახი ისევ ბარში დავბრუნდით. იქ ისეთი სკოლა გავიარე... წარმოიდგინეთ, ყოველდღე უნდა ჩააბარო მასწავლებელს გაკვეთილი და კიდევ ბევრი რამ ისწავლო, რადგან სულ ორნი ვიყავით. ბეჯითიც ვიყავი, სირცხვილიც ვიცოდი, მერიდებოდა... სულ 5-იანები მყავდა, რადგან სიტუაცია იყო ისეთი, რომ უეჭველად უნდა ეკითხა მასწავლებელს და მეც უეჭველად უნდა მცოდნოდა.

ჩემს კლასში რომ ბიჭი იყო, ცოტა ცელქი და ცუღლუტი გახლდათ. უკვე დიდი ხანია, აღარ არის ამქვეყნად საწყალი შოთიკო... ის სულ საძებნი იყო - სახლიდან რომ გამოდიოდა, ვინმესთან შეუხვევდა და შინ აჯერებდა, რომ სკოლაში იყო. ბართო მასწავლებელი კი არ უთმენდა ამ საქციელს და მის მშობლებს უყვებოდა. მე კი ყველაფერს ვსწავლობდი. თავიდანვე, უფრო მეტად, ჰუმანიტარული საგნებისადმი ვიყავი მიდრეკილი. ბართო მასწავლებელს კი საოცარი მეთოდები ჰქონდა. მერე, როცა ბარის სკოლაში შევედი, მეოთხე კლასამდე მაინც, ფაქტობრივად, ყველაფერი ვიცოდი, ისეთ ბაზა მომცა. არ მგონია, რომ დაწყებით კლასებში ვინმეს ჩემზე უკეთესი მასწავლებელი ჰყოლოდა ოდესმე. მე უკვე სხაპასხუპით ვიცოდი, რასაც აბარებდნენ ჩემი კლასელები.

სკოლა რომ დავამთავრე, მეშვიდე წელს ჩავირიცხე უგამოცდოდ უნივერსიტეტში. ნახევარი ქულა მაკლდებოდა სულ. ერთხელ კი ორიანი მივიღე თემაში „ბუნება ვაჟა-ფშაველასთან“. ჩვენს დროს თემები იწერებოდა თავისი საზეპიროებით. მთის ქალი ვიყავი და ვაჟაზე ვგიჟდებოდი, ყველა ბგერა მესმოდა, რასაც ვაჟა წერდა. კანკალი დავიწყე, როდესაც თემა „ბუნება ვაჟასთან“ გამოცხადდა. მეგონა, უკვე ჩავირიცხე, რადგან მეგონა, ძალიან მაღალ ნიშანს მივიღებდი, მაგრამ ორიანი მივიღე.

- რა შეცდომა დაუშვით ასეთი?

- საზეპირო ხომ უნდა მომეტანა და ვაჟა წერს, „დაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო“. „დაწუხებულმა“-ს წითელი ხაზი გადაუსვეს და თავზე დააწერეს, „დამწუხრებულმა“ და „რო“-ს მაგივრად, „რომ“ დაწერეს. დაწუხებული ფშავურად მონატრებულს ნიშნავს, მთის კაცი კი არასოდეს იტყვის „რომ“-ს, „რო“ უნდა თქვას. სხვა მსგავსი ფრაზებიც გაასწორეს და გადაჭრელებული იყო ციტატები გასწორებისგან.

როცა გავიზარდე და გავთამამდი, მერე ვთქვი, მე კი არა, თქვენ ვაჟა-ფშაველას დაუწერეთ ორიანი-მეთქი. წერილიც გამოვაქვეყნე ამ ყველაფრის პროტესტის ნიშნად.

მერე კი უგამოცდოდ ჩავირიცხე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. დღემდე იქიდან მიცნობს ყველა. ასეთი რამ არ შეიძლებოდა, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ პირდაპირ მოაწერა ხელი ჩემს ჩარიცხვას უგამოცდოდ. ჩათვალა, რომ ვიმსახურებდი... 1979 წლის 14 აპრილს ხალხური პოეზიის საღამოზე გამოვჩნდი... ძალით წამიყვანა ჩემმა დამ, არ მივყვებოდი - არ არის ხალხური ჩემი ლექსი და იქ არაფერი მესაქმება-მეთქი. თუშურ დიალექტზე ვწერდი და ამის შესახებ მხოლოდ ჩემმა დამ და რამდენიმე მეგობარმა იცოდნენ. დღემდე ვინახავ მე-9 საუკუნის თუშური დიალექტის ფორმასა და შინაარსს. ამის მერე კი ვახუშტი კოტეტიშვილმა და სხვებმა მოითხოვეს ჩემი უნივერსიტეტში ჩარიცხვა. მერე მივხვდი, რომ ისეთი სისტემა იყო, ვერაფრით ჩავირიცხებოდი  დამოუკიდებლად.

ტექნიკურ საგნებს მხოლოდ ხათრით ვსწავლობდი. ახლაც კი ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს, მათემატიკური არაფერი მკითხოთ, ციფრებს ვერ ვიმახსოვრებ-მეთქი. გავიზარმაცე გონება ამ მხრივ. სიზმარშიც რომ რამე მაქვს მაგალითი თუ ამოცანა ამოსახსნელი, ოფლიანი ვიღვიძებ. იმდენად არ მიყვარს ციფრები, ისიც არ ვიცი, რამდენი წელი ვიმუშავე სკოლაში.

- სხვა მასწავლებლები როგორ გახსოვთ?

- „ავი“ მასწავლებლებიც მახსოვს და „ღვთიურიც“. ბავშვს არასოდეს ავიწყდება, მასწავლებლები როგორ მოექცნენ. მათემატიკა იცით რატომ შემძულდა? - მასწავლებლის გამო. სკოლაში ღუმელი გვედგა, რომელზეც მუდამ იდგა დიდი ალუმინის ჩაიდანი. იმით ჩაის არავინ სვამდა და არც ვიცი, რა იყო მისი დანიშნულება. სულ დუღდა, სულ ორთქლი გასდიოდა. მათემატიკის მასწავლებელმა ერთ ჩემს კლასელს შენიშნა, რომ ხელები დასაბანი ჰქონდა და უთხრა, მოდი, მდუღარეში ჩაყავიო. იცით ამან როგორ იმოქმედა ჩემზე? დიდხანს აღარ მინდოდა სკოლაში წასვლა. ტირილი დავიწყე მაშინვე... ის ბავშვი კი იქვე დაიღვენთა შიშისგან. მართლა ხომ არ ჩააყოფინებდა იქ ხელებს, მაგრამ ეს დიდი ფსიქლოგიური სტრესი იყო ბავშვებისთვის. იმ ჩაიდანს დიდი თავსახური ჰქონდა და ისე იყო, რომ ორივე ხელი ჩავიდოდა. ახადა ის თავსახური და...

- „ღვთიური“ მასწავლებელი როგორია, როგორი უნდა იყოს მასწავლებელი?

- მასწავლებელი კარგი მაშინ არის, ბავშვებთან ტონს რომ არ აუწევს, რაც არ უნდა ხდებოდეს.  განათლება და ცოდნა რომ გჭირდება, ეგ კიდევ სხვა თემაა. სისულელეზე თუნდაც ჩურჩულით რომ ელაპარაკო, მაინც არ უნდათ მოსწავლეებს ეს სისულელე. ვის რად უნდა შენი მშვიდი ლაპარაკი, თუ არ იცი, რაზე ლაპარაკობ?! ოქროს შუალედები უნდა დაიცვა.

მასწავლებელს ყოველდღე ახალი ამბავი ელოდება, რადგან არ იცის, რომელი მოსწავლე როგორ მოიქცევა. თითო-თითო ასე ხინჯად შერეული მასწავლებელი ანგრევს ყველაფერს. ჩემი რუსული ენის მასწავლებელი ძალიან გემოვნებიანი ჩამცმელი იყო. ახლაც მახსოვს, რა ფერის და სტილის სამოსი ეცვა, როგორ ჰქონდა თმა დავარცხნილი. მისი თითო ღერი თმაც კი მახსოვს და თან ისეთი იყო, ყველაფერს გაანდობდი, ეტყოდი, რა გტკიოდა, რა გიხაროდა... კი არ დაგაძალებდა, შენ თვითონ მოგანდომებდა, მისთვის გაგენდო შენი სათქმელი. ბავშვი ფაქტობრივად არ უშვებს შეცდომას, როდესაც მასწავლებელს ენდობა. მე კი ისეთ საქციელებს გადავყრივარ მასწავლებლებში... ხუთი შვილიშვილი მყავს. აქედან ჯერ მხოლოდ ერთი დადის სკოლაში. სულ ვეკითხები, როგორი მასწავლებლები ჰყავს, რა მოსწონს და რა - არა.

- მერე კი თავად გადაწყვიტეთ, მასწავლებელი ყოფილიყავით... პედაგოგობის დროს რა გაითვალისწინეთ თქვენი გამოცდილებიდან?

- ისე დავბერდი, ვერც ერთი ჩემი მოწაფე ვერ იტყვის, რომ ტონს ავუწიე ოდესმე. მოწაფეებთან ადამიანურად უნდა იურთიერთო. რაც უფრო მშვიდად ხარ, მით უფრო მშვიდად იმორჩილებ კლასსაც და აუდიტორიასაც.

თბილისის 53-ე სკოლამ ითხოვა, რომ მათ სკოლაში ჩატარებულიყო ფოლკლორის გაკვეთილები. მე გამგზავნეს უნივერსიტეტის კათედრიდან. მერე გერმანულ გიმნაზიაშიც ვასწავლიდი და მახსოვს, პირველი კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით, ყველა კლასში შევდიოდი. სიამოვნებით მისმენდნენ ბავშვები. ახლა კი აღარსად ტარდება ფოლკლორის, ზეპირსიტყვიერების გაკვეთილები...

პედანტიზმი მეჯავრება სწავლების დროს, ზოგმა რომ იცის, ეს ასე უნდა ჩამაბაროო... აზროვნება უნდა ასწავლო ბავშვს. თუ გრძნობს შენს საგანში თუნდაც სიტყვის ძალას, სულ არ მაინტერესებს მისი სხაპასხუპით ჩაბარებული. ამას უფრო არ მივიღებ, ვიდრე აზროვნებით და გემოვნებით რომ ჩამაბაროს თუნდაც ფრაგმენტი.

ყველა მასწვალებელს ვურჩევ, ნუ გაარჩევენ ბავშვებს ნურც სიცელქით და ნურც ნაცნობობით. იმის გამო, რომ ვიღაცის შვილია, რაღაც არ უნდა შეარჩინო, რასაც სხვას არ შეარჩენდი, ეს დიდი დანაშაულია. ყურადღების მიღმა არც ერთი ბავშვი არ უნდა დაგრჩეს. შეიძლება, ვინც ყველაზე ნაკლებად აქტიურია, ის ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდეს მომავალში. ბავშვების აზროვნებას უნდა უგდებდე ყურს და ისე ავითარებდე მის უნარებს. გაკვეთილს რომ ვამთავრებდი, ბავშვები ქუჩაშიც კი მომყვებოდნენ, რამე გვიამბეო... ახლაც, იმხელა ბიჭები და გოგოები დამეჯახებიან ხოლმე ქუჩაში და მომიკითხავენ... ბევრნი იყვნენ და ყველა აღარ მახსოვს. ძალიან ბედნიერია მასწავლებელი, რომელსაც მისი მოსწავლეებისგან სიყვარული რჩება. ყველა მიიღებს ამ სიყვარულს, ვინც დაიმსახურებს, ისეთია ბავშვური სამყარო. თუ ბავშვი გრძნობს, რომ შენ ის გიყვარს და რაღაც ნიშნით არ არჩევ, აუცილებლად გიბრუნებს სიყვარულს უკან.


კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება