სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა ხელფასებზე, საათების შემცირებაზე, ახალ სქემასა და საკადრო უზრუნველყოფაზე მინისტრი კითხვებს პარლამენტში უპასუხებს
28-05-2026
-
+


დღეს, 28 მაისს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმენენ. მას 44 კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის საუბარი შეეხება უმაღლეს და ზოგად განათლებას, მიმდინარე რეფორმებს, საკადრო უზრუნველყოფას...

უმაღლესი განათლება დაფინანსების პოლიტიკა:

1. წარმოადგინეთ რეფორმის ფარგლებში დაფინანსების ახალი წესი, მოდელი და მეთოდის არსი.

2. წარმოადგინეთ 1 სტუდენტის ფინანსური ნორმატივის იგივე განფასების მეთოდოლოგია. სფეროებისა და ქვესფეროების, პროგრამების მიხედვით.

3. წარმოადგინეთ შემდეგი აკადემიური პერსონალის: წამყვანი, ასოცირებული, ასისტენტ-პროფესორების, ასისტენტების, უფროსი მასწავლებლისა და მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის ნორმატივები, სრული და არასრული დატვირთვის განაკვეთები.

4. წარმოადგინეთ შემდეგი აკადემიური პერსონალის: წამყვანი, ასოცირებული, ასისტენტ-პროფესორების, ასისტენტების, უფროსი მასწავლებლისა და მასწავლებლის 1 საათის ღირებულება სფეროებისა და ქვესფეროების მიხედვით.

5. წარმოადგინეთ პროგრამის ღირებულებიდან გამომდინარე ხელფასის ოდენობა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. 6. ადმინისტრაციის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები: რამდენი პროცენტის მომატება ხდება არსებულ ხელფასზე?

7. რა თანხის მოთხოვნას გეგმავს განათლების და მეცნიერების სამინისტრო 2027 წლის ბიუჯეტისთვის? 2026 წლის ბიუჯეტში უმაღლესი განათლებისთვის გამოყოფილია დაახლოებით 650 მილიონი ლარი, აქედან 470 მილიონი არის უნივერსიტეტების საკუთარი შემოსავალი. თუ სწავლება უფასო ხდება, სახელმწიფო უნივერსიტეტები დაკარგავენ საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს. აქვს თუ არა სამინისტროს გაანგარიშებული, 2027-2029 წლების მიხედვით, შემოსავლის რა ნაწილს დაკარგავენ სახელმწიფო უნივერსიტეტები და გეგმავს თუ არა ამ დანაკარგის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებას; გქონდათ თუ არა ამ თემაზე კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან? აბიტურიენტთა ცნობარი:

8. რატომ არ არის დაგვიანებით გამოქვეყნებულ აბიტურიენტთა ცნობარში პროგრამებზე მითითებული კრედიტები, კერძოდ 240 და 180 კრედიტების განაწილება? - წარმოადგინეთ დასაბუთებული პასუხი.

9. რატომ არ არის აბიტურიენტთა ცნობარში მითითებული 1 სტუდენტის ფინანსური ნორმატივი, ანუ განფასების მეთოდოლოგია პროგრამებისსფეროებისა და ქვესფეროების მიხედვით?

10. რა საფუძვლით მოიხმარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადამიანურ, სასწავლო, ინფრასტრუქტურულ და ლაბორატორიულ რესურსებს?

11. რა მდგომარეობაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების აკრედიტებული პროგრამები ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში გადაცემის შემდეგ? საფრთხე ექმნება თუ არა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების მიმართულებით აკრედიტებული პროგრამების განხორციელებას, რესურსების შემცირების შემდეგ, რომელიც ემსახურება 5300 სტუდენტს, აქედან 2800 აქტიური სტატუსის და 2500 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს?

12. რატომ და რის საფუძველზე უზღუდავთ იძულების წესით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აგრარულ მიმართულებების ფაკულტეტებზე სტუდენტთა მიღებას და იგივე უფლებას ანიჭებთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაცია-აკრედიტაციის ვერც ერთ სტანდარტს აგრარული მეცნიერების სწავლების მიმართულებით?

13. რატომ და რის საფუძველზე აიძულებთ სტუდენტებს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (11.05.2026) უკვე არჩეული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იძულების წესით შეცვლას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე ე. ი აბიტურიენტებს უზღუდავთ არჩევანის თავისუფლებას? საკადრო პოლიტიკა

14. დაგვისახელეთ რამდენი პროგრამა გააუქმეთ და გაუქმებულ პროგრამებში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებელთა, ფაკულტეტების, უნივერსიტეტების ადმინისტრაციისა და ტექნიკურ თანამშრომელთა რა რიცხვია, დაასახელეთ უნივერსიტეტების მიხედვით ინდივიდუალური და საერთო რიცხვი.

15. დაგვისახელეთ რამდენი პროგრამა გამოაცხადეთ მილევად რეჟიმში აქედან გამომდინარე პროფესორ-მასწავლებელთა, ფაკულტეტების დეკანატების, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებისა და ტექნიკური თანამშრომლების რიცხვი უნივერსიტეტების მიხედვით (უნივერსიტეტების მიხედვით ინდივიდუალური და საერთო რიცხვი)

16. დაგვისახელეთ რამდენი პროფესორ-მასწავლებელი, ფაკულტეტების დეკანატების, უნივერსიტეტების ადმინისტრაციების თანამშრომლები მოჰყვება შემცირებაში? 2026 წლის ზაფხულში 4-დან 3 წლამდე და მაგისტრატურის 2-დან 1 წლამდე სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობის შემცირების საფუძველზე?

17. რა რაოდენობის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შემცირება იგეგმება 3 წლის მანძილზე 2026, 2027,2028 წლებში 5 ეტაპად, მცოცავი რეჟიმით: 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის შემდეგ, 2026-2027 სასწავლო წლის I და II სემესტრის შემდეგ. 2027-2028 სასწავლო წლის I და II სემესტრის დასრულების შემდეგ. თვლით თუ არა, რომ დროში გაწელილი ასეთი შემცირებები არის აკადემიური პერსონალის ღირსების შემლახავი, ადამიანის უფლებებისა და შრომითი უფლებების დარღვევის პროცესი? როგორ ფიქრობთ, ყოველი სემესტრის შემდეგ შემცირებული საშტატო განაკვეთებით და შემცირებული ხელფასებით, უმოტივაციო პროფესორ-მასწავლებლებით ასწევთ განათლების ხარისხს?

18. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დევნილი თანამშრომლები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები, რომელთა შექმნილია პროგრამები, უწევთ ერთ პირობებში აკადემიური პერსონალის კონკურსში მონაწილეობის მიღება, არის თუ არა ეს სამართლიანი პრინციპი? ამის გარდა სრულიად დაუსაბუთებლად ართმევთ მრავალწლიანი ისტორიის ფაკულტეტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

19. წარმოადგინეთ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადანაწილებისა და დასაქმების გეგმა, რომელთა გათავისუფლებაც მოხდა ან მოხდება დაკავებული თანამდებობებიდან პროგრამების გაუქმების, კვოტების შემცირების, სასწავლო წლების გაუქმებისა და სხვა უნივერსიტეტში გადატანის პროცესიდან გამომდინარე. წარმოგვიდგინეთ, ასევე გეგმა თუ როგორ ნაწილდება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი “ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი” ამ პრინციპის გათვალისწინებით და წარმოგვიდგინეთ კრიტერიუმები თუ როგორ მოხდება აკადემიური პერსონალის შერჩევა მიმართულებების მიხედვით. ინფრასტრუქტურა

20. რომელი უმაღლესი სასწავლებლების ბალანსზე არსებული კორპუსებისა და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა იგეგმება პირველ და მომდევნო ეტაპებზე? - წარმოადგინეთ დროში გაწერილი გეგმა და ნუსხა.

21. უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების რომელი შენობებია საქართელოს მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები? წარმოადგინეთ ნუსხა.

22. ითვალისწინებთ, თუ არა რომ 2028-2029 სასწავლო წლის გაორმაგებული კვოტების დროს საჭირო გახდება, შენობები, რომელთა ჩამორთმევას და განაწილებას თქვენ ასე ჩქარობთ. რა გეგმა გაქვთ ამ მიმართულებით?

23. რატომ გახსენით უშიშროების აკადემია სტუ-ს მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობაში? რა მიზანს ემსახურება პოლიციის, უშიშროებისა და დიპლომატიური აკადემიების გახსნა? რა გეგმა გაქვთ და რომელ შენობაში ხსნით დიპლომატიურ აკადემიას? პროგრამები

24. რამდენი პროგრამა იყო უმაღლეს სასწავლებლებში რეფორმამდე, რამდენი გაუქმდა, რამდენი გადავიდა მილევად რეჟიმში?

25. რის საფუძველზე განისაზღვრა თუ რომელი პროგრამები უნდა დარჩეს 240 (საბაკალავრო)/120 (სამაგისტრო) კრედიტიანი და რომელი პროგრამების ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს 180/60+60 კრედიტამდე? როგორც ცნობილია დარგის ექსპერტებთან/დარგობრივ საბჭოებთან მსგავსი განხილვა არ ყოფილა. წარმოგვიდგინეთ კრიტერიუმები რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თუ რომელი პროგრამები გახდა სამწლიანი და რომელი პროგრამები დარჩა 4 წლიანი, რა გეგმით ხორციელდება მათი ცვლილება? წარმოგვიდგინეთ საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი ქვეყნებისა სადაც სამაგისტრო პროგრამები 60+60 მოდელით ხორციელდება.

26. სამაგისტრო საფეხურზე 43%-ით არის შემცირებული სტუდენტთა მისაღები კვოტა. მოხდა თუ არა სამაგისტრო საფეხურზე კვოტების განსაზღვრის დროს შრომის ბაზრის ანალიზის შედეგების გამოყენება? თუ არა, მაშინ, რის საფუძველზე განისაზღვრა კვოტები? კონცეფცია:

27. დაგვისახელეთ მკვლევარებისა და ექსპერტების სახელები და გვარები, რომლებიც ჩართულები იყვნენ რეფორმის კონცეფციის შექმნაში, განხილვასა და შეფასებაში, ასევე წარმოგვიდგინეთ მათი მოსაზრებები და შეფასებები კონცეფციაში მითითებულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, თუ არის ჩართული რეფორმის კონცეფციის შექმნაში “საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი” და რა როლს ასრულებს? არის თუ არა ხელმისაწვდომი მათ მიერ ჩატარებული კვლევითი სამუშაო რეფორმის ფარგლებში? თუ არის სად?

28. ჩამოგვითალეთ რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში, კონცეფციის გამოქვეყნებამდე და შესაბამისი რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივების პარლამენტში წარდგენამდე რომელ დაინტერესებულ მხარეებთან (უნივერსიტეტების პროფესორები, ადმინისტრაცია, სტუდენტები, აბიტურიენტები, მშობლები, მასწავლებლები) ჩატარდა შეხვედრები, კონსულტაციები და როდის?

29. ჩამოგვითვალეთ და გაგვაცანით არსებული კვლევები, შეფასებები, პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტები, რომლებსაც დაეყრდნო რეფორმის კონცეფცია.

30. რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში იყო თუ არა გათვალისწინებული/გაანალიზებული საერთაშორისო გამოცდილება? ასეთის არსებობის შემთხვევაში დაგვისახელეთ რომელი გამოცდილებაა როგორც ზოგადი განათლების ასევე უმაღლესი განათების მიმართულებით?

31. ჩაატარეთ თუ არა თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული პროგრამების, ასევე მათი ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურული და აკადემიური შესაძლებლობების ანალიზი იმის დასადგენად რომ განგესაზღვრათ თუ რამდენი სტუდენტის მიღების შესაძლებლობა აქვს თითოეულ პროგრამას. გარკვეულ პროგრამებზე 100%-ზე მეტით არის მიღება გაზრდილი. რა კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრა, რომ უნივერსიტეტებს შეუძლიათ ასეთი რაოდენობის სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა? მაგალითად “თსუ”-ს ბიზნესის ადმინისტრირები პროგრამაზე მიღება წინა წელს 700 სტუდენტი იყო, წელს კი - 1800, სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე მიღება 200 სტუდენტი იყო, ახლა - 900.

32. წარმოგვიდგინეთ ანალიზი თუ რას ეფუძნება სამ წლიან ბაკალავრიატზე გადასვლა სასკოლო წლების შემცირების ფონზე, რომელიც გადმოსცემს აღნიშნული ცვლილებების შედეგებს მოსწავლეებისა და სტუდენტების აკადემიური პროგრესისა და მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით და უმთავრესად აღნიშნული მოდელის შემთხვევაში რა შეფასება და გარანტიები არსებობს რომ სტუდენტებისა და მოსწავლეების აკადემიური მიღწევები არ გაუარესდება?

33. დაგვისახელეთ ქვეყანა სადაც საწარმოთა უნარების მოთხოვნის კვლევას ეფუძნება კვოტირება უმაღლეს სასწავლებლებში. როგორც თქვენ საჯარო წყაროებში აღნიშნეთ, შრომის ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით განისაზღვრა კვოტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამავდროულად ამ პროცესში კერძო უნივერსიტეტების კვოტების სრული იგნორირება მოხდა. რით ხსნით ამას, რატომ არ განხორციელდა კერძო უნივერსიტეტებში არსებული კვოტების ცვლილება ბაზრდის კვლევის ანალიზის შესაბამისად და როგორ აისახება ეს საბოლოო შედეგზე?

34. რეფორმამდე ხარისხის უზრუნველყოფის არსებული სისტემის მიხედვით უნივერსიტეტები თავიანთი სტრატეგიისა და პრიორიტეტების ფარგლებში, თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულებების და სტუდენტების კვოტების განსაზღვრის თაობაზე. უმაღლესი განათლების კანონში განხორციელებული ცვლილებები უნივერსიტეტებს ართმევს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით (და არა მხოლოდ) ავტონომიას, წინააღმდეგობაში მოდის ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედ სტანდარტებთან და პრინციპებთან. როგორია მიდგომა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით? აღნიშნული საკითხების ცენტრალიზებულად მთავრობის მიერ განსაზღვრის შემთხვევაში რა მექანიზმების და კრიტერიუმების მიხედვით უზრუნველყოფს სახელმწიფო უმაღლესი განათლების ხარისხს?

35. წარმოგვიდგინეთ თქვენი ხედვა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით, როგორ დინამიკასა და რა ცვლილებებს ვარაუდობთ? აქვს თუ არა სამინისტროს გაანგარიშებული, მომავალ 4 წელიწადში, წლების მიხედვით, რა ოდენობით შემოსავალს ვეღარ მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები და აქვს თუ არა სამისტროს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ აუნაზღაურებს უნივერსიტეტებს ამ დანაკარგს?

36. თქვენი, როგორც განათლების სისტემაზე პასუხისმგებელი და ამავდროულად პოლიტიკური თანამდებობის პირის შეფასება იმაზე, რომ მასიურად ხდება განათლების მისაღებად მისული სტუდენტების სასწავლებლებში დევნა, მათ ლექციებიდან გამოყვანა, განათების პროცესს მოწყვეტა და ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება. მოგვახსენეთ თქვენი შეფასება როგორც განათლების სისტემაზე პასუხისმგებელი პირის და ასევე პოლიტიკური შეფასება. ზოგადი განათლება

37. გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი ხედვა ინფრასტრუქტურის მიმართულებით: რა ძირითადი გამოწვევები არსებობს და რა გეგმა გაქვთ ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის - დანგრეული სკოლების საკითხის აღმოსაფხვრელად თქვენი კომპეტენციის ფარგლებში.

38. გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი ხედვა სკოლებში დასაქმებული პერსონალის სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით: რა გეგმა გაქვთ ამ მიმართულებით?

39. გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მიმდინარე მდგომარეობა. რა მექანიზმებით არის დაცული მოსახლეობა იმისგან, რომ 45 მილიონი ლარი, რომელიც გამარტივებული შესყიდვის გზით უნდა დაიხარჯოს სასკოლო ფორმებზე, თქვენი მხრიდან კორუფციულად არ იქნება გამოყენებული?

40. გთხოვთ, განმარტოთ, ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული ან გაანალიზებული იყო თუ არა საერთაშორისო გამოცდილება? ასეთის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვისახელოთ, რომელი ქვეყნის გამოცდილება გაანალიზდა XII კლასის არასავალდებულოდ გავლის საკითხთან დაკავშირებით. ასევე, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ, რომელი ქვეყნის გამოცდილებას ეფუძნება XI კლასში რეპეტიტორიუმის მიდგომის დანერგვა.

41. განმარტეთ, რა რისკებს შეიცავს ზოგადი განათლების რეფორმა და რა შედეგების მიღებას ვარაუდობთ მისი განხორციელების ფარგლებში?

42. ერთი სახელმძღვანელოს მიდგომის შემუშავებისას რა კრიტერიუმებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობს განათლების სამინისტრო? როგორ მოხდება ავტორთა შერჩევა და რა კრიტერიუმებით? ზოგადად რამ განაპირობა ერთი სახელმძღვანელოს მიდგომის შემოღება. განათლების ხარისხს განაპირობებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი, რაც უზრუნველყოფს მოსწავლის თვალსაწიერის მაქსიმალურად გაფართოებას და არა - ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი. ხომ არ არის ეს მცდელობა განათლების სამინისტროს მხრიდან ისტორიის გადაწერის?

43. რატომ არ ცვლით არაეფექტურ „მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას” ახალი, თანამედროვე პოროფესიული სქემით?

44. მასწავლებელები, რომლებიც არ არიან საჯარო მოხეელები და აქამდე თავისუფლად შეეძლოთ ესწავლებინათ ორ ან მეტ სკოლაში პარალელურად, თქვენს მიერ განხორციელებული ცვლილებებით გახადეთ დირექტორის ნებაზე დამოკიდებული ყოველგვარი სამართლიანი და სამართლებრივი კრიტერიუმების გარეშე. რა მიზანი განაპირობებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და რა კორუფციულ რისკებს ხედავთ თუკი მასწავლებელი თავის სამუშაო დროს გაანაწილებს ორ ან მეტ სკოლაში მუშაობაზე?


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რა კორუფციულ რისკებს ხედავთ თუკი მასწავლებელი თავის სამუშაო დროს გაანაწილებს ორ ან მეტ სკოლაში მუშაობაზე?“

 სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაწყო - ინსტრუქცია და სხვა დეტალები 

რეგისტრაცია 3 ივნისის  ჩათვლით გაგრძელდება - ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ

მასწავლებლებს, დაწყებითის კომბინირებულ გამოცდის შესახებ NAEC დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები

ხრიალეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს 

სიხარულითა და ემოციებით დასრულებული პირველი სასწავლო წელი თაიას საჯარო სკოლაში

პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურულ-შემოქმედებითი წარმოდგენა მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა

დაუვიწყარი დღე პატარა მოსწავლეებისთვის - ცხემლისხიდის საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებული აქტივობით ემშვიდობება

„ვულოცავთ პატარა „ცოდნის მაძიებლებს“ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება