სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

ოროჯალარის სკოლის დირექტორი არმენუი პოდოსიანი: „მინდა, მოსწავლეებს ის დანაკლისი არ ჰქონდეთ, რასაც მე ვგრძნობდი“
25-05-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლა, რომელიც ამჟამად რეაბილიტაციის გამო დროებით სხვა სასწავლო სივრცეში ფუნქციონირებს, რთული, თუმცა შედეგიანი სასწავლო წლის დასასრულს უახლოვდება. სკოლის დირექტორი, არმენუი პოდოსიანი, გამოწვევებზე, მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებსა და განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ ცვლილებებზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად ინფრასტრუქტურული სირთულეებისა, სკოლამ შეძლო მოსწავლეთათვის მოტივაციის შენარჩუნება და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შედეგების მიღწევა.

- 2025-2026 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება... როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს, რა გამოწვევები და წარმატებები გქონდათ ამ წელს?

- 2025-2026 სასწავლო წელი გარკვეული სირთულეებით იყო გამორჩეული. ჩვენი სკოლა რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება, რის გამოც დროებით სხვა სკოლის შენობაში მიმდინარეობს სწავლა. ამან გარკვეული გამოწვევები შექმნა როგორც ადმინისტრაციისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებს ყოველდღიურად უწევთ უფრო შორ მანძილზე გადაადგილება, რაც დამღლელია, თუმცა, მიუხედავად ამ სირთულეებისა, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ამ სასწავლო წლით.

სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება ჩატარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ წელს სკოლა 11-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 10 ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადის, რომ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაგრძოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი კურსდამთავრებული სომხეთის მოქალაქე იყო, და იმდენად მოინდომა, დამოუკიდებლად იმეცადინა, ჩააბარა სახელმწიფო ენის გამოცდა და საქართველოს მოქალაქეობაც მოიპოვა. ასევე უნდა გითხრათ, რომ 4 მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია, რაც სკოლის მაღალი აკადემიური შედეგების დასტურია. 

- როდის სრულდება სკოლის რეაბილიტაცია?

- რეაბილიტაციის დასრულების ზუსტი თარიღი დამოკიდებულია სამუშაოების მიმდინარეობაზე და სხვადასხვა ტექნიკურ ფაქტორზე. ამ ეტაპზე პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ველოდებით, რომ სამუშაოები დასრულდება მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ უკვე 2026-2027 სასწავლო წლიდან სრულად განახლებულ და უსაფრთხო გარემოში დაუბრუნდებიან მოსწავლეები სკოლას.

- საკმაოდ რთულია, როცა სხვა სკოლები ერთიანდება, მოსწავლეებისთვის და არა მარტო მათთვის, პედაგოგებისთვისაც ეს საკმაოდ სტრესული სიტუაციაა. როგორ შეძელით რომ არც მოსწავლეების მოტივაცია გამქრალიყო და არც მასწავლებლების?

- მართალია, სხვა სკოლასთან ერთ სივრცეში ფუნქციონირება საკმაოდ რთული პროცესია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის. თავიდან ეს ცვლილება ნამდვილად გამოწვევად იქცა, რადგან ახალ გარემოსთან შეგუება ყველასთვის საჭიროებდა დროს და დამატებით ენერგიას.

თუმცა ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სტაბილური და მხარდამჭერი გარემო.  პედაგოგებმა დიდი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. ისინი აქტიურად მუშაობდნენ მოსწავლეებთან, ცდილობდნენ სწავლების პროცესი არ შეფერხებულიყო, ამასთან მოსწავლეთა მოტივაციის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სხვადასხვა სასკოლო აქტივობამ და ღონისძიებამ. ერთობლივი ძალისხმევით, სირთულეების მიუხედავად, შევძელით როგორც მოსწავლეების მოტივაციის, ისე მასწავლებლების ჩართულობის შენარჩუნება. 

- გვითხარით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა სასწავლო პროცესში და როგორც სკოლის ხელმძღვანელი, რას შეცვლიდთ საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებისა და სწავლის ხარისხის ასამაღლებლად? 

- სასწავლო პროცესში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად სახელმძღვანელოების საკითხს მივიჩნევ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოები უფრო მეტად იყოს ადაპტირებული მოსწავლეების საჭიროებებზე, რათა ენის სწავლა მათთვის ნაკლებად რთული და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას, რადგან ეს არის ძირითადი საფუძველი როგორც აკადემიური წარმატებისთვის, ისე საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციისთვის. ხშირად ვესაუბრები მოსწავლეებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის ცოდნა მათი მომავლისთვის, კარიერული განვითარებისთვისა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის საზოგადოებაში. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი სკოლის ქართული ენის მასწავლებელს, რომელიც მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ენა ისწავლონ. 

მართალია, არსებული სახელმძღვანელოები ცუდი არ არის და ისინი მოსწავლეებს ბუნებრივ, სასაუბრო ქართულ ენასთან აკავშირებს, რაც ენის ათვისებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ვფიქრობ, სასურველი იქნებოდა, რომ პროგრამა უფრო მეტად აძლევდეს მოსწავლეებს შესაძლებლობას, სიღრმისეულად გაეცნონ ქართველი კლასიკოსი მწერლების ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას და სხვა საამაყო ავტორების შემოქმედებას. ასეთი ლიტერატურა არა მხოლოდ ენის ცოდნას აძლიერებს, არამედ მოსწავლეებს ეხმარება ქართული კულტურის, ისტორიისა და ფასეულობების უკეთ გაგებაში. 

პირადი მაგალითით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მე უნივერსიტეტში ჩავაბარე და იქ სტუდენტებს ვუსმენდი და არ ვიცოდი ბევრი ქართველი მწერლის არსებობა, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ დედაც და ბებიაც ქართულის პედაგოგები იყვნენ და ქართული ენა ადრეული ასაკიდანვე კარგად ავითვისე, ნაკლები ინფორმაცია მქონდა ქართველი მწერლების და ზოგადად საქართველოს ისტორიის შესახებ. შესაბამისად მინდა რომ ჩემს მოსწავლეებს ეს დანაკლისი აღარ ჰქონდეთ, ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ. 

- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერით, სახელმძღვანელოების პრობლემებზე ბევრი საუბრობს და ცვლილებაც ბევრს სურს... გარდა ამისა, კიდევ რა საჭიროებებს ხედავთ და როგორ ფიქრობთ, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სკოლამ მოსწავლეს კარგი ზოგადი განათლება მისცეს? 

- სახელმძღვანელოებთან ერთად, სწავლის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა - კომპიუტერები, ციფრული რესურსები და გამართული ინტერნეტი.

სამწუხაროდ, სკოლებში ტექნიკური რესურსების ნაკლებობა პრობლემას ქმნის და ხდება ისიც, რომ მასწავლებლებს საკუთარი ძალებით უწევთ ინტერნეტის ან სხვა რესურსების უზრუნველყოფა, რათა მოსწავლეებს სასწავლო მასალა აჩვენონ. ვფიქრობ, სკოლას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა, რათა სწავლება სრულფასოვნად წარიმართოს.  გარდა ტექნოლოგიური მხარისა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეს მოტივაციასა და კომფორტს შეუქმნის. საბოლოოდ, ხარისხიანი ზოგადი განათლება მიიღწევა მაშინ, როცა ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე რესურსები, კვალიფიციური პედაგოგები და კარგად ორგანიზებული სასწავლო გარემო.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

თბილისის ბაღში 2 წლის ბავშვს ძიძა სცემდა - „ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს ჩემს შვილს! როგორ ტირის და არავინ შველის!“

ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

სამშაბათს სკოლებში სწავლა არ იქნება - ოფიციალური უქმე დღე საბავშვო ბაღებსაც ეხება

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება“...

მადლიერების ცრემლები და მასწავლებლების თბილი მზერა მანდაეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს მთელი ცხოვრების მანძილზე ტკბილ მოგონებად გაჰყვებათ
 

მეთორმეტეკლასელებმა სკოლის კედლებში გატარებული დაუვიწყარი წლები ემოციურად გაიხსენეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება