სიახლეები
საინტერესო

რით განსხვავდებიან იღბლიანი ადამიანები უიღბლოებისგან - მეცნიერთა ექსპერიმენტები
13-01-2018
-
+


ბევრი ადამიანი ქრონიკული წარუმატებლობის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ცხოვრებაში უბრალოდ არ უმართლებთ. მაგრამ არსებობენ იღბლიანი ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან, თუმცა რატომღაც ფორტუნა ყოველთვის მათ მხარესაა.

მეცნიერები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ წარმატება ბრმაა და ამტკიცებენ, რომ იღბალი თავად ადამიანზეა დამოკიდებული.

გთავაზობთ უდავო მტკიცებულებებს, რომ სავსებით შესაძლებელია, ისწავლოთ, თუ როგორ გახდეთ „ფორტუნის რჩეული“.

რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ მკვლევრებმა განსაზღვრეს, რით განსხვავდებიან იღბლიანი ადამიანები უიღბლოებისგან.

1. შემთხვევითი შესაძლებლობების შემჩნევა შეუძლიათ



ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, პროფესორმა რიჩარდ ვაისმანმა შეკრიბა 400 ადამიანი, რომლებიც თავს ძალიან იღბლიანად და ან ძალიან უიღბლოდ მიიჩნევდა. პროფესორი 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა მათ ქცევას, რის შედეგადაც დაწერა წიგნი „წარმატების ფაქტორი.“ ვაისმანი ამტკიცებს, რომ ქრონიკულად „იღბლიანი“ ან „უიღბლო“ ადამიანები არ არსებობენ, უბრალოდ ზოგიერთმა სხვებზე უკეთ იცის შემთხვევითი შესაძლებლობების შემჩნევა და მათი გამოყენება.

პროფესორმა ექსპერიმენტი ჩაატარა: მან ცდისპირებს სთხოვა გაზეთში ფოტოები დაეთვალათ. მათ, ვინც უიღბლოდ მიიჩნევდა თავს, დავალების შესასრულებლად 2 წუთი დასჭირდა, ხოლო „იღბლიანებს“ - რამდენიმე წამი. საქმე ისაა, რომ გაზეთის მე-2 გვერდზე დიდი განცხადება იყო განთავსებული: „შეწყვიტეთ თვლა - აქ 43 ფოტოა.“ „იღბლიანებისგან“ განსხვავებით, ეს განცხადება „უიღბლოებმა“ ვერ შეამჩნიეს.

2. უსიამოვნო მოვლენებსაც კი წარმატებად აფასებენ



რიჩარდ ვაისმანმა ცდისპირებს შემდეგი კითხვით მიმართა: „ბანკში ძარცვის დროს რომ აღმოჩნდეთ და მძარცველმა ხელში რომ დაგჭრათ, იქნებოდით თუ არა იღბლიანი ადამიანი?“ „არა“ - უპასუხეს მათ, ვისაც მუდმივად არ უმართლებს. „რა თქმა უნდა, გაგვიმართლა, რადგან მძარცველს შეეძლო თავში ესროლა!“ - უპასუხეს იღბლიანებმა.

უსიამოვნება ყველას შეიძლება შეემთხვას, მაგრამ ისინი, ვინც მათ სასარგებლო გამოცდილებად აღიქვამენ, თავიანთ თავს და ცხოვრებას დადებითად აფასებენ. ეს ეხმარება მათ, იყვნენ ოპტიმისტები და მომავალს შიშის გარეშე უყურონ.

გადატანილი უსიამოვნების შემდეგ არ უნდა იფიქროთ ამ შემთხვევაზე. უმჯობესია საკუთარ თავს ჰკითხოთ: როგორ შემიძლია ამ სიტუაციის გამოყენება? რა მასწავლა ამ შემთხვევამ? როგორ შემოვაბრუნო ეს ამბავი ჩემს სასარგებლოდ?

3. სჯერათ, რომ მათ უმართლებთ



რიჩარდ ვაისმანი მიიჩნევს, რომ წარმატება ხასიათის თვისებად უნდა აღიქვათ და უნდა განავითაროთ, - საკმარისია, ირწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიიღოთ გადაწყვეტილება, დაეყრდნოთ ინტუიციას და ეჭვებისგან განთავისუფლდეთ.

ამ დამოკიდებულების ეფექტურობას ამტკიცებს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი მაია იანგი. მან აღმოაჩინა, რომ სტუდენტები, რომლებსაც სწამთ თავიანთი წარმატების, უფრო ხშირად რთული დავალებების შესრულებას იღებენ საკუთარ თავზე და ბევრად უფრო კარგ შედეგებს აღწევენ, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარ თავს წარუმატებლად მიიჩნევს და წარმატებას - უბრალო შემთხვევითობად.

4. მუდივად ეძებენ სიახლეებს



რიჩარდ ვაისმანი ყველას მოუწოდებს, რუტინას ებრძოლონ და ახალი გამოცდილებები მიიღონ, რაც შეიძლება ხშირად შეცვალონ დღის განრიგი, ძველი საქმეები უჩვეულო გზით აკეთონ და მუდმივად სცადონ რაღაც სიახლე, შეცვალონ იმ ადამიანთა წრე, ვისთანაც ყოველდღიურად ურთიერთობენ.

მაგალითად, რიჩარდმა თავისი სტუდენტებისთვის მოიფიქრა ასეთი დავალება - კონფერენციაზე ან წვეულებაზე მხოლოდ ნაცნობებთან კი არ იურთიერთობონ, არამედ უცხოებიც გაიცნონ.ფსიქოლოგიის პროფესორი ფილიპ გაბიეც მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტი ნაცნობი გვყავს, მით უფრო მაღალია ბედნიერი შემთხვევის ალბათობა. სხვებთან ურთიერთობისას საკმარისია, ყურადღებიანი და დიდსულოვანი იყოთ, ისინიც ანალოგიური ქცევით გიპასუხებენ.

5. იყენებენ თილისმას



2010 წელს კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს კვლევა: სტუდენტებს შესთავაზეს გოლფის ბურთის ჩაგდება ფოსოში. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველ ჯგუფს მისცეს „ბედნიერი“ ბურთი, მეორე ჯგუფს კი - ჩვეულებრივი. პირველი ჯგუფის საშუალო შედეგი 36%-ით უფრო უკეთესი იყო, ვიდრე მეორისა.

სხვა ექსპერიმენტში სტუდენტებს სთხოვეს, თავიანთი თილისმებით მისულიყვნენ გამოცდაზე. შემდეგ გამოართვეს თილისმები, რომ ფოტო გადაეღოთ. ამის შემდეგ მონაწილეებს ტესტი უნდა დაეწერათ. ამასთან, მონაწილეთა პირველ ნახევარს თილისმები დაუბრუნეს, მეორე ნახევარს კი უთხრეს, რომ დავალების შესრულების შემდეგ გადასცემდნენ თილისმებს. პირველი ჯგუფის სტუდენტებმა კვლავ უკეთესი შედეგები აჩვენეს.

ასე მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ თილისმა ადამიანს მიზნის მიღწევაში უწყობს ხელს: თილისმა ზრდის თავდაჯერებულობას, ხსნის დაძაბულობას. ადამიანი უკეთ აკონტროლებს სიტუაციას და დავალებასაც მაქსიმალურად კარგად ასრულებს.

6. სხვა ადამიანების მხარდაჭერას საჭიროებენ



კიდევ ერთ ექსპერიმენტში სტუდენტებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეესრულებინათ საბავშვო თამაში: 36 პატარა ბურთი 36 პატარა ხვრელში უნდა მოეხვედრებინათ. იმ ჯგუფმა, რომელიც მხარდაჭერას გრძნობდა (ინსტრუქტორი მონაწილეებს ამხნევებდა შემდეგი ფრაზებით: „თქვენ ყველაფერი გამოგივათ“, „მე თქვენ გგულშემატკივრობთ“) დავალებას უფრო სწრაფად გაართვა თავი, ვიდრე იმ ჯგუფმა, რომელიც უბრალოდ გააფრთხილეს, როდის დაეჭრათ ღილაკზე ხელი.

იკონტაქტეთ იმ ადამიანებთან, ვინც არ წუწუნებს ცხოვრებაზე, ვისაც შეუძლია თქვენი მხარდაჭერა, გამხნევება, ვინც თავადაც წარმატებული და იღბლიანია და მზადაა, გაგიზიაროთ თავისი ჩანაფიქრები და პოზიტიური ენერგია.

წარმატება - ჩვენი ცნობიერების მდგომარეობაა. როდესაც ცხოვრებას ვუყურებთ არა როგორც ტანჯვას, არამედ როგორც თავგადასავალს, სირთულეებს კი გამოწვევად აღვიქვამთ და პრობლემების გადაჭრისგან სიამოვნებას ვიღებთ, ამ შემთხვევაში ყოველთვის წარმატება გველოდება. შესაძლებლობები კარებია. დააკაკუნეთ და თქვენ აუცილებლად გაგიღებენ!

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
აღდგომას იწვიმებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
რა შემთხვევაში უნდა გააუქმოთ ჟურნალში ჩანიშნული შემაჯამებელი დავალება

 
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
სასკოლო საზოგადოება ამირან მარგველაშვილს ულოცავს და წინსვლას უსურვებს
დასუფთავების აქციაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება