სიახლეები
სკოლები

„პანდემიამდე“ ვიწამე, ვისწავლე, დავაჩქარე სიყვარული“- ფოთის N5 სკოლის მოსწავლე ნიკა გვასალია ჩანახატს გვიზიარებს
12-05-2020
-
+


​ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკა გვასალიამ პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა. 

გთავაზობთ ნიკა გვასალიას ჩანახატს:

 „მონატრების ერთი თვე- რა გვასწავლა სიჩუმემ...“

    „კაცის ცხოვრებას ეპოქა განაპირობებს,“- ვკითხულობთ ქარჩხაძის „ქარავანში“ და მიჩნდება კითხვა: რა ეპოქაში ვცხოვრობთ?

    პანდემია... ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი დაზუსტებით 21-ე საუკუნის ახალგაზრდამ. ჩემს უმეცრებას კი ნუ მიაწერთ, უბრალოდ, მე არ ვიცოდი ის შეგრძნება, ის ემოცია, ის რთული დღეები, რომლებიც ამ სიტყვას, თურმე, თან ახლავს. თავიდან, სანამ საქართველოში გავრცელდებოდა, არაფრად ვთვლიდი.. ისევ ქარჩხაძეს დავესესხები: „რაც ჩვენს თვალწინ არ ხდება, იმას ყოველთვის ნაკლებად განვიცდით“, დიახ, ნაკლებად განვიცდიდი. თუმცა დაიწყო მძიმე დღეები, რომლებსაც თქვენც ეზიარეთ...

    შეყვარებული და საყვარელი ადამიანის სუნით „დამთვრალი“ და თანაც „დაღალული“ (რა ვიცოდი, რა მელოდებოდა წინ?!) სახლში ამოვედი და დედამ მითხრა: მგონი, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯერ არ ამბობენო... აქ მივხვდი, მივხვდი, რომ მე, ვისაც თავი ძლიერი მეგონა, თურმე მეშინია. შეშინებულმა მანქანის გასაღებს ვსტაცე ხელი და ღამის 11 საათზე თავქუდმოგლეჯილი გარეთ გავვარდი. რისთვის? პირბადისათვის! ალბათ, ქალაქის არც ერთი აფთიაქი დამიტოვებია და შევაკოწიწე კიდევაც რამდენიმე. არ ვიკმარე, ჩვენი ცხოვრება ხომ, ბარათაშვილისა არ იყოს, „საწყაულია აღუვსებელი“. ვიფიქრე, იქნებ იქით, სადღაც გადაკარგულში, კიდევ იყოს-მეთქი და მანქანა დავაყენე ერთ-ერთი აფთიაქის პარალელურ ქუჩაზე. ფეხით გადავედი. ვხედავ, თან ვერ ვხედავ (სიბნელეში რთული იყო გარჩევა), მაგრამ ვიღაცები ქვებს ისვრიან აფთიაქის მიმართულებით. აშკარად, რამდენიმე კაცია. მაინც წავედი, მაგრამ „შიშიანობამ სიძულვილი მოიტანა, თან გაუტანლები და დაუნდობლები გავხდით, ძმა არ ვიცით და ნათესავი“, და ეს ვიღაცები დამედევნენ. მე ისევ შემეშინდა... მანქანაში ჩავჯექი და გამოფიტული, სასოწარკვეთილი, შეშინებული და ისევ შეშინებული სასწრაფოდ გავვარდი რომელიღაც უცნობ ქუჩაზე. ვიმეორებ, შემეშინდა. სახლში ამოვედი, იოტისოდენა იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თავს დავიცავდით და გადავრჩებოდით. არც სოლომონის ბეჭედი მქონდა წარწერით: „ყველაფერი გაივლის“, ამიტომ არც ვიცი, რატომ მჯეროდა. ისევ ქარჩხაძისა არ იყოს, იმედი მიწისქვეშა წყალს ჰგავს, რომელიც როდის ამოხეთქავს, არ იცი... ეს ყველაფერი ერთ საათში მოხდა. ვერ გავიაზრე. ვიჯექი და ვშიშობდი.

     „რბიან დღეები“ და ყოველდღიურად მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა. მატულობს. 100, 200, 300 და დღეს უკვე 600-მდე ადამიანი ინფიცირებულია და ჩვენთვის (ჩვენ ვინ ვართ?!), ექიმებისთვის და ყველასთვის გაუგებარი ვირუსი ქვეყანას მოედო (რაღა ქვეყანას? მთელ მსოფლიოს). ამასობაში მესმოდა და მესმის გამოუძინებელი, შეშინებული ექიმებისა და სხვათა მოწოდება: „დარჩი სახლში!“. გურამ დოჩანაშვილის მოწოდებაც: „დავრჩეთ შინ“, რადგან სახლი ბევრია.. მაშ, უნდა დავრჩეთ „შინ!“

    მდგომარეობა მძაფრდება. „გმირი-ყველაზე ხანმოკლე პროფესიაა ამქვეყნად“ და მსოფლიოში იხოცებიან ექიმები, ექთნები, მედპერსონალი, რომლებიც იბრძოდნენ. დიდი პატივი მინდა მივაგო მათ, შეუპოვრობისა თუ მყარად დგომისათვის. შეუდარებლად შეასრულეს მოვალეობა და დადებული ჰიპოკრატეს ფიცი.

   ამასთანავე, ვერ ვიტყვი, რომ „თათქარიძეობა“ შემოგვეპარა ქართველებს, თუმცა კარგი „ქართველური დასვენება“ არ დაგვიკლია, ისეთებიც არიან პოლიციასა და მედპერსონალს რომ უპირისპირდებიან, მაგრამ ოჰ, როგორ მესმის მათი! შიში-მომაკვდინებელი სენია...

   რა ხდებოდა ამ დროს ჩემთან.. სახლში ჩემი და დედას დიალოგი იწყებოდა ასე: როგორ ფიქრობ, როდის მორჩება? სავსებით პოზიტიურად ვპასუხობდით ერთმანეთს,-აი, ამ თვის ბოლოს.. მაგრამ ვხედავთ, დიდი ხანი გაგრძელდა. დავიღალეთ. რამდენიმე დღეა, არაფერს ვეკითხებით ერთმანეთს და ვსხედვართ ხმაამოუღებლად.

    „სიკვდილი ერთ რამეს გვასწავლის მხოლოდ: ვიჩქაროთ სიყვარული,“-ემანუელ შმიტის სიტყვებს დავესესხები, მაგრამ უნდა აღვნიშნო, „პანდემიამდე“ ვიწამე, ვისწავლე, დავაჩქარე სიყვარული და ვიპოვე ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი, რომლის ხმაც უდრიდა სიტყვებს: „და ესეც გაივლის..“ ალბათ, მიხვდებით, რაოდენ შვება იყო ეს ადამიანი ჩემთვის. თუმცა ის „ორი წვეთი თაფლი“, რომელიც ერთ დღეს „სიტკბოდ შეერთდა“, დღეს გავშორდით ერთმანეთს. „დავიღალე და, მგონი, შენც საკმაოდ“-იყო მისი ბოლო წერილი.. იქამდე 2 წუთით ვნახე და ბოლო სიტყვა, რომელიც ჩემგან გაიგო იყო- დავიღალე. აღარ ვიცი, შვება რაში უნდა ვიპოვო. იქნებ თქვენ მითხრათ? მითხარით და ისე მოვიქცევი. თქვენ სად პოულობთ შვებას? ვისში პოულობთ შვებას?

   ახლა უფრო მძაფრად ვიგრძენი „პანდემია“ და ძალა იმ ვირუსისა, რომლის სახელიც არცერთხელ მიხსენებია და არც ვახსენებ, იმიტომ რომ ვიცი, უფრო შემეშინდება. ვეღარ იქნება ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც იყო ადრე, პანდემიამდე. ბევრი ჩანაწერი წავიკითხე სიყვარულით გაბრუებული ადამიანებისა, რომლებიც იმავეს შიშობდნენ, რასაც მე. დაკარგვას იმ ერთისას, რომელიც გაძლევს იმედს და უდრიდა „მიწის სიღრმიდან ამოვარდნილ წყალს“.

   მინდა ვთქვა, არა ხართ მარტო. გავიმეორებ, მე, ვისაც თავი ძლიერი მეგონა, შემეშინდა. ვიცი, თქვენც გეშინიათ. ზოგი მალავს, ზოგი-არა. მე კი ვმალავ. „ვინც ცოტას ჰყვება, ის უეჭველად ბევრს მალავს“, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მე მაკვირდებოდა ის დიდი ადამიანი და მაშინ დაწერა ეს სიტყვები. ამ წერილში არ ვიცი, მკითხველო, რა ესთეტიკურ სიამოვნებას მიიღებ, ან რომელ ოპტიმიზმს გაგიღვივებ, ვინაიდან უნდა შეგებრალო.. მაგრამ მე ვეცდები, ვიდგე მყარად. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ მე ვიდგები და დაველოდები ორ რამეს ჩემს ცხოვრებაში: პანდემიის „მოშთობასა“ და, უმთავრესს, ჩემს სიყვარულს, რომელიც მე დღეს გავუშვი, მაგრამ უნდა დავიბრუნო. ნებისმიერ ფასად.

   ფიქრები მიმძაფრდება. გალაკტიონივით (ვმკრეხელობ!) ვზივარ-„დაღალული მარტოობაში“. სიჩუმე? არ არის სიჩუმე გარეთ, ქუჩაში, ბოლნისსა და სოფლებში, სადაც მოსახლეობა პროტესტით ცდილობს თავის გატანას, მაგრამ ჩემ გარშემო სიჩუმეა და ეს სულ ასე იყო. ასეც გაგრძელდება. გაგიკვირდებათ: რატომ, ხომ აღნიშნავ-არ არის სიჩუმეო, თუმცა იცით რატომ? რადგან მე და დედა აღარ ვკითხავთ ერთმანეთს-როდის მორჩება ეს ყველაფერი, მე არ გავალ გარეთ, ვერ ვნახავ ადამიანებს და ვერ გავიგებ ჩემი საყვარელი ადამიანის ხმას, რომელიც ჩამჩურჩულებდა თავისი საოცარი ხმით: „და ესეც გაივლის...“

   დაბოლოს,  ყვარყვარე თუთაბერის „ოქროს სარაიას აგიშენებ, ოღონდ ჩემს საკუთარს რომ მოვრჩები მერე“-პრინციპი უნდა დავივიწყოთ, რადგან ასე ვცხოვრობთ ჩვენ. კითხვის ნიშნის ქვეშ ნუ დავაყენებთ ვიღაცის სიცოცხლეს, „დავრჩეთ შინ!“ და გავაგრძელოთ ერთმანეთის მოსმენა, კითხვა, ფიქრი. გვახსოვდეს, „თვით დასასრულში დგას დასაწყისი“ და მე თუ ვეღარ გავიგებ, თქვენ მაინც გეტყვით, რომ -„ყველაფერი გაივლის..“

                                                         ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა გვასალია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება