სიახლეები
ინტერვიუ

„მასწავლებლები მეუბნებოდნენ, არ გრცხვენია ნოდარის შვილსო...“ - ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის მოგონებები სკოლაზე
15-01-2019
-
+


ლეგენდარული ქართველი მწერილის, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე ამბობს, რომ მამას მისთვის ჭკუა არასოდეს დაურიგებია, მაგრამ მუდამ ისეთ ამბებს უყვებოდა, რაც ცხოვრებაში აუცულებლად გადახდებოდა ხოლმე თავს და უკვე იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. 

- მამა ჩემი უფროსი მეგობარი გახლდათ და ის ყველასთვის მაგალითი იყო. აბსოლუტურ დამოუკიდებლობას გვაძლევდა და ყოველთვის აინტერესებდა  ჩვენი აზრი. როდესაც რამეზე მუშაობდა, ან სადმე საზოგადოების წინაშე უნდა გამოსულიყო, გვიკითხავდა მე და ჩემს დას იმ სიტყვას თუ ნაწარმოებს და აზრს გვეკითხებოდა. არადა, მანანა ჩემზე 10 წლით უფროსია.  ანუ მამასთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი ნათქვამი ერთნაირად საინტერესო ყოფილიყო ყველა ასაკის ადამიანისთვის, ყველა თაობისთვის. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის ბევრის მომცემი იყო – ფიქრის, აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების უნარს გვიყალიბებდა. ამის მიუხედავად, მუდამ რიდი გვქონდა მისი. მამა ავად იყო, გული სტკიოდა და სულ ვცდილობდით, სახლში არ დაგვეგვიანა, რომ მას არ ენერვიულა. მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო და ვერავინ შეგამოწმებდა, სად და როგორ იყავი. 

- სკოლაში მიღებულ ნიშნებს თუ გიმოწმებდათ მამა?

- მამას არასოდეს ჰქონია ნიშნებზე რეაქცია. არადა, მე განსაკუთრებულად კარგი მოწაფე არ ვიყავი. იყო საგნები, რომლებიც მიყვარდა და ვსწავლობდი, მაგრამ ზოგ საგნებში სამიანებიც მყვებოდა. ქიმიას და ფიზიკას ვერ ვსწავლობდი. მაშინ მასწავლებლები მეუბნებოდნენ, არ გრცხვენია ნოდარის შვილსო... კარგად თუ დაწერდი, გეტყოდნენ, აა, მამა მოგეხმარაო, რაც ძალიან სასაცილო იყო. არ ვბრაზდებოდი, რადგან იმდენად წარმოუდგენელი იყო,  მამა დამხმარებოდა რაიმეს დაწერაში... ეს აბსოლუტურად გამორიცხული იყო. სცოდავდნენ პედაგოგები ამ მხრივ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა არა. მსგავსი რამ არასდროს შეეშლებოდა თამარ ბურჯანაძეს, რომელიც ქართული ენის ბრწყინვალე მასწავლებელი იყო. მოსწავლეს არასოდეს მიაყენებდა მსგავს შეურაცხყოფას. უნივერსიტეტშიც უთქვამთ ჩემთვის, სტიპენდია რად გინდა, მამაშენს იმდენი ფული აქვსო... მაშინ სტიპენდია ნიშნების მიხედვით გაიცემოდა და ასეთი რამ მითხრეს სამდივნოში. ძალიან გავბრაზდი. უკვე სტუდენტი ვიყავი და ჩემს უფლებებს ვიცავდი და... თუმცა, შეჩვეული ვიყავი ასეთი ფრაზების მოსმენას. 

დედა დადიოდა მშობელთა კრებაზე. ბოლო კლასებში რომ ვიყავი, დედა მამას უვლიდა, სულ მის გვერდით იყო და ვერც ის იცლიდა სკოლაში მოსასვლელად. სრული თავისუფლება მქონდა – არავინ არაფერში მბოჭავდა. მიყვარდა ქართული, რუსული, ისტორია... ინგლისურზე დავდიოდი. უფრო ჰუმანიტარი ვიყავი. ქიმიაზე, მათემატიკაზე თუ გეომეტრიაზე ვიტანჯებოდი. მათემატიკის მასწავლებელი, ეთერ სიმონია ძალიან მიყვარდა, რადგან სამართლიანი ქალი იყო. როგორც ჩანს, რაღაც მქონდა გამოტოვებული საფუძველში და ამიტომ არ მიყვარდა ეს საგანი, მაგრამ ახლადახსნილ გაკვეთილს ვიგებდი. ეს მასწავლებელი მაშინ მიძახებდა, რომ კარგი ნიშანი მიმეღო. საკონტროლოებს კი ვერ ვწერდი. ძალიან მიყვარდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნათელა სიჭინავა, ძალიან მკაცრი გახლდათ, მაგრამ ამ სიმკაცრის მიღმა საოცარი სიყვარული იმალებოდა. სულს და გულს გაიღებდა ბავშვებისთვის. 

ძალიან განვიცდი და ვნანობ, მუსიკაზე რომ არ ვიარე. მაშინ არ მინდოდა სიარული, რადგან ვხედავდი, ჩემი სკოლის მეგობარს, რომელიც არასწორად უკრავდა გამებს, როგორ ურტყამდნენ ხელებში. მაშინ ვთქვი, მე მუსიკაზე არასოდეს ვივლი–მეთქი. ვფიქრობდი, რომ თუ რაიმეს არასწორად გავაკეთებდი, ასე დამსჯიდნენ. არც დაუძალებიათ ჩემებს, რომ გინდა თუ არა, იარე მუსიკაზეო. როდესაც მომინდა, რომ დამეკრა და მემღერა, გვიანი იყო. ჩემი და დადიოდა მუსიკაზე და თავისუფლად შეუძლია აჰყვეს სიმღერას, მე ამას ვერ ვახერხებ და ძალიან განვიცდი. 

დედა თუ გაბრაზდებოდა ჩემი სწავლის გამო და სკოლიდან საყვედურებით დახუნძლული მოვიდოდა, შეიძლებოდა დავესაჯე იმით, რომ, მაგალითად, ეთქვა, თეატრში, პრემიერაზე მივდივართ და შენ არ წამოხვალო. წასვლამდე 15 წუთით ადრე კი მეტყოდა ხოლმე, კარგი, ჩაიცვი, ჯანდაბას შენი თავიო და მაინც მივყავდი. 

ბავშვობიდან ბიჭებთან უფრო ვმეგობრობდი, ვიდრე გოგონებთან. ეზოში ფეხბურთსაც ვთამაშობდი, ველოსიპედით დავქროდი... გოგონები რომ თოჯინებით დადიოდნენ და იპრანჭებოდნენ, მე ბიჭური თამაშები უფრო მიყვარდა. ხეებზე დავძვრებოდი, ვცურავდი... მამამ მასწავლა ცურვა. ჩემი ძმა 5 წლის ასაკში გარდაიცვალა წითელას გართულებით. მამამ რაც მასზე ვერ დახარჯა, ჩემზე გადმოიტანა და ბიჭურ რაღაცებს მასწავლიდა.

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა ხელოვნებათმცოდნეობაზე. ჩვენ გვქონდა მხატვრების უზარმაზარი ალბომები, ბავშვობიდან ვათვალიერებდი და ხელოვნებისკენ მიწევდა გული. მე–10 კლასში რომ ვიყავი, სამხატვრო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად ხელოვნების ისტროიის ლექციებსაც ვესწრებოდი. მერე კი უცბად გადავწყვიტე, რომ რეჟისორობა მინდოდა. როცა ეს ვთქვი სახლში, მამას გაუხარდა და მითხრა, საშუალო დონის არა, ძალიან მაგარი რეჟისორი თუ იქნებიო. კი, ვიქნები–მეთქი, ვუპასუხე. მერე კი, მამამ კიდევ ერთი ინფარქტი გადაიტანა და ერთ დღეს მითხრა, მე მალე აღარ ვიქნები და ჩემს არქივს შენ უნდა მიხედოო. ამიტომაც, ავდექი და ფილოლოგიურზე ჩავაბარე. უფრო შემოქმედებითი ტიპი ვიყავი და იქ როცა დაყოფა დაიწყო, ლიტერატურული ურთიერთობები და თარგმანი ავირჩიე. იმის გაბედვა, რომ რაღაც გეწერა, რთული იყო ჩემთვის. ჩვენ ყველა რაღაცას ვწერდით, მაგრამ მე ვერც  ვბედავდი თქმას, ვწერ–მეთქი. თარგმანი კი გავბედე. არაჩვეულებრივი ლექტორი მყავდა – თამარ ბურჯანაძის და, ქეთო ბურჯანაძე, რომელიც საოცარ თავისუფლებას გვაძლევდა და იმდენ რამეს გვასწავლიდა... ყველა ჩვენი საშინაო დავალება იყო ურთულესი ტექსტების თარგმანი. მაშინ ვუთხარი მამას, რაღაცები უნდა წაგაკითხო–მეთქი. მამას მოეწონა და გავბედე კიდეც  ჩემი თარგმანების გამოქვეყნება. რეჟისორობა კი მაინც არ მასვენებდა და მერე, 20 წელი ტელევიზიაში ვიმუშავე სხვადასხვა გადაცემაზე მთავარ რედაქტორად, პროდიუსერად და ა.შ. ჟურნალისტიკაში რომ წავედი, პრესსამსახურებში, პიარში ვმუშაობდი  და ვწერდი კიდეც, მაგრამ ეს ლიტერატურა არ იყო. სამაგიეროდ, გემოვნებიან მკითხველად ჩამოვყალიბდი.

- მამას ნაწარმოებებიდან ყველაზე მეტად რომელი გიყვართ?

- ყველა მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და მოთხრობები. 

- რითი ჰგავხართ მამას?

- მეუბნებიან, რომ გარეგნობით ძალიან ვგავარ და მეც უკვე ვიჭერ ამ დეტალებს, სარკეში რომ ვიხედები. მანერით, საუბრით ვგავარ. რამეს რომ ვყვები, მამას მეგობრები მეუბნებიან ხშირად, როგორ ჰგავხარო. ძალიან დახაზული ხელის გული მაქვს და მამასაც ასეთი ჰქონდა. ხელმარჯვეობაშიც ვგავარ. მამას ეხერხებოდა რაღაცების კეთება. მაგალითად, გულრიფშში, ჩვენს აგარაკზე ხეების გასხვლა უყვარდა, ვენახსაც სხლავდა. მეც ვიცი გასხვლა. ეზოსაც აწესრიგებდა და მეც გამომდის ასეთი რაღაცები. მწვადის შეწვა იცოდა კარგად და მეც ვიცი. სათევზაოდაც დავყავდი...

- საოცარი იუმორის პატრონი ცხოვრებაში მხიარული იყო თუ ნაღვლიანი?

- მამას საოცრად მეტყველი თვალები ჰქონდა – ძალიან სევდიანი და ცრემლიანიც კი, მაგრამ თან ეშმაკუნები დაუხტოდა. ხალისიანი, მაგრამ სევდიანი იყო ცხოვრებაშიც. ისეთი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, ხანდახან ისე წავიდოდა ფიქრებში და სევდა შეეპარებოდა... მაგრამ, არასდროს გადაჰქონდა ეს სიმძიმე სხვაზე. როცა რამე სტკიოდა, მაშინაც ასე იყო. სანამ გაუსაძლისი არ გახდებოდა მისთვის ტკივილის ატანა და მიხვდებოდა, რომ სასწრაფო იყო გამოსაძახებელი, მანამდე იმასაც კი არ იტყოდა, რაღაც ვერ ვარ კარგადო. ამიტომ, სულ დაფეთებულები ვიყავით – მამა როგორ ხარ, რამე ხომ არ გაწუხებსო, ვეკითხებოდით. დედაჩემი განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე. ღამეში რამდენჯერმე უსინჯავდა პულსს. ნანული, დამაცადე ძილიო, ეუბნებოდა მამა. დედას 15 წელი ფაქტობრივად არ სძინებია. შეეძლო, 24  საათი მამას გვერდით მჯდარიყო და ეყურებინა, როგორ სუნთქავდა. ეს სიყვარულის საოცარი მაგალითია. პირველივე დღეებიდან, როცა მათი ურთიერთობა დაიწყო, ეს სამაგალითო სიყვარული იყო. 

- მამის რა შეგონება გახსოვთ გამორჩეულად?

- მამა თავად იყო მაგალითი და ჭკუასაც კი არ დაგარიგებდა. სულ რაღაც ამბებს ყვებოდა და ეს ისეთი ამბები იყო, მსგავს სიტუაციაში აუცილებლად აღმოჩნდებოდი ერთი თუ ათი წლის მერე და უკვე იცოდი, როგორ უნდა მოქცეულიყავი. მაშინ ვხვდებოდი, რატომ მოგვიყვა ესა თუ ის ამბავი. მასავით ჩვენც ვცდილობთ, შუბლის ძარღვი არასოდეს გავიწყვიტოთ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში მოსწავლეთა წრმატება ახარებთ და მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობს უხდიან
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის
მასწავლებლების ორი გუნდი:  „ორბი“ და „ირაო“, შეეჯიბრა ერთმანეთს
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და საფრთხეების თავიდან აცილება
ღონისძიებაზე წარდგენილი იქნა ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება