სიახლეები
სიახლეები

2018 წლის მთავარი მოვლენები - რომელი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
24-12-2018
-
+


რით იყო გამორჩეული 2018 წელი ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოს სტუმრობით ფრანკფურტში, მოწევის აკრძალვით კაფე-ბარებში თუ ვალების საყოველთაო ჩამოწერით? 

რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი თავის განსხვავებულ ვერსიას დაასახელებს და იმ მოვლენას აღნიშნავს, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 

etaloni.ge-მ 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გადახედა და გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში და ქვემოთ, კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი 2018 წლის მთავარი მოვლენების შესახებ. 

1. მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია - „მარიხუანას მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას“ - წერია ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლი გააუქმა, რომლის შედეგადაც მარიხუანას უშუალოდ მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა. 

2. პრეზიდენტის არჩევნები - წელს საქართველოში რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდა, სადაც საქართველოს მოსახლეობამ პირველად აირჩია ქალი პრეზიდენტად. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ეს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე საქართველო კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა. ამიერიდან, ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით - 300 პირისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა. 

3. საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე - წელს ფრანკფურტის რიგით 70-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა. ეს სტატუსი საქართველომ 2014 წელს, დიდხნიანი მუშაობის შედეგად მოიპოვა. წიგნის ბაზრობა 9-14 ოქტომბერს გაიმართა და საქართველომ მსოფლიოს ქართული პროგრამა წარმოუდგინა კონცეფციით - Georgia Made By Characters („ანბანით მოთხრობილი საქართველო“). მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პლატფორმაზე საქართველომ 72 ავტორმა წარმოადგინა. სხვადასხვა შეფასებით, სტუმარი ქვეყნის სტატუსმა საქართველოს ჯერ არნახული წარმატება მოუტანა. 

4. „We Dance Together“ აქცია ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შემდეგ - ორი დღის განმავლობაში, 12 და 13 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აქცია გზავნილით „ჩვენი თავისუფლებისთვის“ „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ და სხვა ორგანიზაციებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩატარდა. პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების რეალიზატორებთან ბრძოლით ახსნა.

5. ვალების ჩამოწერა მილიონზე მეტი ადამიანისთვის - 19 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი ინიციატივა გაახმოვანა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლება საბანკო დავალიანებას იმ მოქალაქეებს დაუფარავდა, რომლებიც ე.წ. შავ სიაში იყვნენ მოხვედრილი. იმ პირებისთვის, ვინც ამ სიაში მოხვდნენ, სპეციალური საიტი შეიქმნა, სადაც მოქალაქეებს საკუთარი თავის გადამოწმება შეეძლოთ. საიტი 15 დეკემბერს ამოქმედდა და ამ დროისთვის ჯამური დავალიანების თანხა 3 933 145 876 ლარს შეადგენს, ხოლო სესხების რაოდენობა მილიონ სამასი ათასს აღემატება. 

6. სიგარეტის მოწევის აკრძალვა კაფე-ბარებსა და დაწესებულებებში - 2018 წლის 1 მაისიდან  ძალაში შევიდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში აიკრძალა. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მუხლი, დახურულ ადგილებში მოწევას კრძალავს. აკრძალვა შეეხო ფაქტობრივად ყველა დახურულ სივრცეს, გარდა, კერძო საცხოვრებელი ბინებისა (თუ ისინი ოფისებად არ გამოიყენება), კაზინოების და სიგარ-ბარებისა, სადაც მხოლოდ სიგარის მოწევა დაიშვება და არა სიგარეტის, ამასთან, აკრძალული იქნება საკვების გაყიდვა. კანონის თანახმად, სამასპინძლო ბიზნეს ობიექტი, რომელიც კანონს არ აღასრულებს პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო დაუმორჩილებელი მოქალაქე კი - 100 ლარის ოდენობით.

7. მცოცავი ოკუპაცია - რუსეთის აგრესიიდან 10 წლის მერეც, ოკუპანტმა სახელმწიფომ კვლავ გააგრძელა პროვოკაციული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი არაერთი უკანონო ფაქტია, კერძოდ კი, გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეების დაკავება და მავთულხლართების გადმოწევა. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად შიდა ქართლის 103 სოფლის ოკუპაცია მოხდა, თუმცა რუსეთის საჯარისო ნაწილის მიერ დამატებითი ტერიტორიების დაკავების ფაქტები პერმანენტულად გრძელდება. რაც შეეხება მოქალაქეების გატაცების ფაქტს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით[ი] 2008 წლიდან 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების 1 864 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 1 180. გარდა ამისა, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ერთზე მეტჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 60 ადამიანი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 53 ადამიანი. 

8. საპენსიო რეფორმა - 2019 წლის პირველი იანვრიდან მთავრობა საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება (40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ). 

9. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ერთა ლიგის პლეიოფში გასვლა
- 2018 წელი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში პირველი ერთა ლიგა წარმატებით დაასრულა - ჯგუფში 6 მატჩიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ვლადიმირ ვაისის ბიჭებმა მარტო ჯგუფში კი არა, მთელ D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ბელარუსი იქნება, რომელსაც ასევე, საშინაო არენაზე, 2020 წლის მარტში  დაუპირისპირდება, მანამდე კი ჩვენს ნაკრებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის. (საერთო ჯამში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წელს 10 მატჩი გამართა, 8 მატჩი მოიგო, 1 დათმო, 1 ფრედ დაასრულა, FIFA-ს რეიტინგში კი წინ 15 ადგილით წაიწია და 89-ე ადგილზე გადავიდა). 

თქვენ რომელ მოვლენას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ბოლოს, კი სკოლაში კედლის გაზეთების გამოფენა მოეწყო, V, VI, VII და IX კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს და მნახველთა მოწონებაც დაიმსახურეს
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება