| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის და ტურცხის საჯარო სკოლების ურთიერთანამშრომლობით, არაფორმალური განათლების ფარგლებში, საინტერესო პროექტი განხორციელდა.
პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი გახლდათ, ტურცხის საჯარო სკოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და კოთელიის საჯარო სკოლის ქართულ ენასა და ლიტერატურას პედაგოგი თამარ დევდარიანი.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ მოსწავლის განვითარება მხოლოდ საკლასო ოთახში მიღებული ცოდნით არ შემოიფარგლება. არაფორმალური განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი უნარების განვითარებაში, როგორებიცაა: თანამშრომლობა, კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პროექტი - „გაიცანი საქართველო“, რომელიც განხორციელდა ორი სკოლის თანამშრომლობით. პროექტის მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, სხვადასხვა კულტურული ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლეების დაახლოება და ინტერკულტურული დიალოგის გაძლიერება.
„ორი სკოლის მოსწავლეები გავაერთიანე სასწავლო-შემეცნებით პროექტში. ვთანამშრომლობ, ტურცხის საჯარო სკოლის ბილინგვური სწავლების სპეციალისტ შუშანა ქედლიანთან და კოთელიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნინო ბერიძესთან. პროექტი სრულად მოიცავს 2025-26 სასწავლო წლის მეორე სემესტრს.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან აქტივობებში: სწავლობდნენ საქართველოს ისტორიას, სახელმწიფო სიმბოლოებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ეთნიკურ მრავალფეროვნებას, ქართულ ტრადიციებსა და სამზარეულოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სკოლების დამეგობრების პროცესს, რადგან სწორედ უშუალო ურთიერთობები ქმნის იმ გარემოს, სადაც განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი ბავშვები ერთმანეთის გაცნობას, პატივისცემასა და თანამშრომლობას სწავლობენ. პროექტი მიზნად ისახავდა ქართულენოვანი და სომხურენოვანი მოსწავლეების დაახლოებასა და ენობრივი კომპეტენციების განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის. როგორც პროექტის ავტორისა და ხელმძღვანელი მასწავლებლისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისწავლიდნენ. პროექტის დასკვნითი ღონისძიება იყო შემაჯამებელი ექსკურსია, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ყველა მონაწილეზე. მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთად მოინახულეს საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლები - ვარძია, ხერთვისის ციხე და კუმურდოს ტაძარი. თითოეული ეს ადგილი ცოცხალ გაკვეთილად იქცა საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს ის ძეგლები, რომელთა შესახებაც პროექტის განმავლობაში სწავლობდნენ, რამაც მიღებული თეორიული ცოდნა კიდევ უფრო გაამყარა. ექსკურსიის განსაკუთრებული ნაწილი იყო ვიზიტი სოფელ ჭობარეთში მდებარე მესხურ ოდაში - სამასი წლის ისტორიის მქონე უნიკალურ მესხურ სახლში, რომელიც დღეს მუზეუმის ტიპის კულტურულ სივრცედ ფუნქციონირებს. აქ მოსწავლეები არა მხოლოდ დამთვალიერებლები, არამედ აქტიური მონაწილეები გახდნენ. მათ ჩაუტარდათ მასტერკლასები, თავად მიიღეს მონაწილეობა მესხური პურის, ქადის და ხაჭაპურის გამოცხობაში, გაეცნენ მესხური კულინარიის ტრადიციებსა და ძველ საოჯახო ყოფას. ბავშვებისთვის განსაკუთრებული ემოცია იყო საკუთარი ხელით მომზადებული კერძების დაგემოვნება. ტრადიციულ მესხურ გარემოში გამართული სადილი ნამდვილ კულტურულ თავგადასავლად იქცა. მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ მასპინძლების მონათხრობს, აკვირდებოდნენ ძველ საყოფაცხოვრებო ნივთებს და ეცნობოდნენ მესხეთის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ექსკურსიის დასრულების შემდეგ მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს დღე მათთვის მხოლოდ გასართობი ღონისძიება არ ყოფილა. მოსწავლეები საუბრობდნენ ახალ ცოდნაზე, ახალ მეგობრებზე და იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც მათ სამუდამოდ დაამახსოვრდებათ. მშობლები განსაკუთრებულად აფასებდნენ იმ ფაქტს, რომ ბავშვებმა შეძლეს სწავლა რეალურ გარემოში, ისტორიისა და კულტურის უშუალო შეხებით. მასწავლებლები კი ხაზს უსვამდნენ იმას, თუ რამდენად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, თავდაჯერებულობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა“,- გვიყვება პროექტის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ პროექტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ არაფორმალური განათლება სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
„სწორედ მსგავსი პროექტები ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებაში, კულტურული მრავალფეროვნების დაფასებასა და ეროვნული იდენტობის გაძლიერებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას, ქართული ენის პრაქტიკულ გამოყენებასა და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობას.ამრიგად, პროექტი - „გაიცანი საქართველო“ მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა არ ყოფილა. იგი იქცა მეგობრობის, თანამშრომლობისა და საერთო ღირებულებების დამაკავშირებელ ხიდად, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ განათლების საუკეთესო შედეგები მაშინ მიიღწევა, როდესაც სწავლა ემოციებთან, გამოცდილებასთან და რეალურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული“,- აღნიშნავს მასწავლებელი და პროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
„დასკვნით ეტაპზე სკოლაში მოვიწვიეთ წიგნის ავტორი თამარ გეგეშიძე“