| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ლიდერის როლი კარდინალურად შეიცვალა. დირექტორი აღარ არის შორეული, მკაცრი ადმინისტრატორი, იგი მთავარი დასაყრდენი გახდა მოსწავლისთვის. ფაქტია - როდესაც სკოლის ხელმძღვანელობასა და ბავშვებს შორის ნდობაა, სწავლის ხარისხიც და მოქალაქეობრივი თვითშეგნებაც თვისებრივად ახალ საფეხურზე გადადის. მალე კიდევ ერთი თაობა დატოვებს ცოდნის ტაძრის კედლებს, ცხოვრების ახალ გზაზე კი სკოლის დირექტორთა გზავნილები საუკეთესო ორიენტირი იქნება მათთვის. მაშ ასე, etaloni.ge გიზიარებთ თანამოაზრე ლიდერთა რჩევებსა და სურვილებს, რომელთა შორის უმთავრესს გამვყოფდით:
შეინარჩუნეთ ადამიანების ნდობა;
დააფასეთ სახელმწიფო და ენა;
არასოდეს შეგეშინდეთ ინიციატივების;
გულნაზ ხორბალაძე, თბილისის N128 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი, პედაგოგების უპირველესი მოვალეობაა, მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაცია გვქონდეს. მასწავლებლობა არ არის მარტივი პროფესია. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ხელში მომავალი თაობა იზრდება და მათ წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ბავშვებს სკოლაში ყოველთვის უნდა ეიმედებოდეთ მასწავლებლისა და დირექტორის. მქონია შემთხვევა, როდესაც ბავშვებმა შემომჩივლეს, ზამთარში ცივი წყალია და ხელები გვეყინებაო - ეს საკითხი მყისიერად მოვაგვარეთ, რადგან მათ კომფორტზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა. ყოფითი საკითხების მიღმა, მაქსიმალურად ვცდილობ მხარში დავუდგე მათ შემოქმედებით ინიციატივებს. მაგალითად, როდესაც ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩავატარეთ, პირადად გავგზავნე მოწვევა ისრაელის საელჩოში. ბავშვების ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც თავად ელჩის მოადგილე გვესტუმრა სკოლაში... ბავშვები ყოველთვის სავსენი არიან საინტერესო იდეებითა და ინიციატივებით, ჩვენგან კი მხოლოდ ერთი რამაა საჭირო - მათი მოსმენა უნდა ვიცოდეთ.“
ფაიაზ ველიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ილმაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
„ყოველთვის მეგობარი უნდა იყო ბავშვის. როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მათ გვერდით ხარ, უპირობოდ გენდობიან... ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ კრიზისულ მომენტებში დახმარებისთვის ხშირად მომმართავენ და ეს ნდობა არის საფუძველი, რაზეც შემდეგ სწავლის ხარისხი და მოსწავლის პიროვნული თავისუფლება შენდება. მალე მე-12 კლასის მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპი დაეწყებათ - აქ გადაწყვეტილებებს უკვე დამოუკიდებლად მიიღებენ, თუმცა მინდა იცოდნენ, რომ ის მეგობრობა, ნდობა და მხარდაჭერა, რომელსაც სასკოლო კედლებში გრძნობდნენ, არსად გაქრება.“
კახა გიორხელიძე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლის ყოველდღიურობა სრულიად განსაკუთრებულია - ამ ეტაპზე არც პირველი კლასის მოსწავლეები გვყავს და არც მეთორმეტეკლასელები, თუმცა ეს არაფერს ცვლის ჩვენს უდიდეს პასუხისმგებლობაში. სკოლის თითოეული მოსწავლე ჩვენი საერთო შვილი და მომავალია. მთელი ჩვენი პედაგოგიური კოლექტივი, თითოეული მასწავლებელი, უდიდესი ენთუზიაზმითა და სრული რესურსით არის ჩართული ბავშვების აღზრდისა და განვითარების პროცესში. ჩვენ არ ვყოფთ მოსწავლეებს კლასების მიხედვით, ერთიანად ვქმნით მათ მომავალს. ქვეყნის ყველა მოსწავლეს, ყველა პირველკლასელსა თუ კურსდამთავრებულს ვუსურვებ უდიდეს წარმატებას. მინდა იცოდნენ, რომ პედაგოგების სიყვარული და მხარდაჭერა მათი მთავარი საყრდენია.“
გია რამინაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პატარა ონის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლის მთავარი ძალა და უნიკალურობა მის სიმცირეშია. მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, რაც გვაძლევს საშუალებას, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად მივუდგეთ. ჩვენი პედაგოგები, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი მოსწავლეების რეპეტიტორები და პერსონალური მენტორები არიან. ყოველდღიურად იმდენად მჭიდრო, სიღრმისეული და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს თითოეულ ბავშვთან, რომ არ არსებობს გაუგებარი მასალა ან შეუმჩნეველი ნიჭი. ეს ოჯახური, მზრუნველი გარემო მოსწავლეებს განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას ანიჭებს. ცხოვრების ამ დიდ გზაზე, ჩვენი სკოლის სახელით, თითოეულ ბავშვს უდიდეს და უპირობო წარმატებებს ვუსურვებ. მჯერა, რომ ის ინდივიდუალური ზრუნვა და ცოდნა, რაც მათ აქ მიიღეს, საუკეთესო საძირკველი იქნება მათი მომავლისთვის.“
ნინო კობახიძე, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის N46 საჯარო სკოლის დირექტორი:
„თითოეულ კურსდამთავრებულს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე. ჩვენი სკოლის სპეციფიკა უნიკალურია - ბავშვები პროფესიულ საბალეტო და სახელოვნებო გზას ასრულებენ. მათ უკვე მყარად აქვთ არჩეული საკუთარი მომავალი, მათი გონება და გული ხელოვნებისკენ არის მიმართული. სწორედ ამიტომ, ამ უდიდესი შემოქმედებითი მუხტისა და შინაგანი დისციპლინის წყალობით, ჩვენს მოსწავლეებთან ე.წ. პრობლემური ქცევები თუ სირთულეები პრაქტიკულად არ არსებობს - მათ ზუსტად იციან, რა სურთ, ნაპოვნი აქვთ საკუთარი უნიკალური გზა და მთელ ენერგიას საყვარელ საქმეს ახმარენ. თუმცა, პროფესიულ მწვერვალებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანობა. ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, უმთავრესია, რომ ამ დიდ შემოქმედებით გზაზე ისინი, პირველ რიგში, ღირსეულ, კეთილშობილ და მაღალი კულტურის მქონე პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.“
შალვა ფუტკარაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
„მეგობრული ურთიერთობები დირექტორსა და მოსწავლეებს შორის წარმატებული სკოლის საფუძველს ქმნის, თუმცა იმავდროულად, ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენს მოსწავლეს თავდაჯერებული ქართული სიტყვა ეთქმოდეს. უდიდეს სიამაყეს მგვრის იმის დანახვა, რომ ბავშვებმა კარგად იციან სახელმწიფო ენა. მათ სიღრმისეულად აქვთ გააზრებული, რომ ქართული ენის ფლობა არის მათი წარმატებული მომავლის, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და თვითრეალიზაციის უმთავრესი გარანტია. მართლაც სამაგალითოა, რომ ეთნიკური სხვაობის მიუხედავად, ჩვენი მოსწავლეები უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს და მათ შორის არსებული მტკიცე მეგობრობა სკოლაში საოცარ, პოზიტიურ კლიმატს ქმნის. ეს ერთობა კი პირდაპირ აისახება სწავლის მაღალ ხარისხსა და მათ ყოველდღიურ ურთიერთობებზე.“
ნესტან ონიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენს სკოლაში სასწავლო წლის დასრულებას სრულიად განსხვავებული, მშვიდი და უნიკალური ტრადიციები ახლავს - მოსწავლეებს ლამაზი ღონისძიებით ვაცილებთ და ასევე გვაქვს ერთი ულამაზესი ტრადიცია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს: ამ საზეიმო დღეს სკოლაში მომავალ პირველკლასელებს ვიწვევთ, ჩვენი მეთორმეტეკლასელები კი მათ სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. ეს ჟესტი საოცრად ემოციური და ამაღელვებელია ყველასთვის. ფაქტობრივად, თაობათა შეხვედრა ხდება - პირველკლასელებიც და მეთორმეტეკლასელებიც ერთდროულად იწყებენ ცხოვრების სრულიად ახალ, უცნობ ეტაპს. მინდა, თითოეულ მათგანს ცხოვრების ამ დიდ გზაზე ხელი მოემართოს, უდავოდ გამორჩეული, ნიჭიერი და კარგი ბავშვები არიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ.“
თამილა გელაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლის თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებ ბედნიერ, მშვიდობიან და შემოქმედებით მომავალს. მათ ცხოვრებაში სრულიად ახალი, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპი იწყება. ჩვენთვის, პედაგოგებისა და მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის, ეს მომენტი უაღრესად ემოციური და ამაღელვებელია - ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ ეს ბავშვები, რომლებმაც სკოლის კედლებში 12 წელი გაატარეს, აქ შეიმეცნეს სამყარო და აქ ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად.
ამ დიდი სიხარულის პარალელურად, მინდა თითოეულ მათგანს მაქსიმალური სიფრთხილის, გონიერებისა და წინდახედულობისკენ მოვუწოდო. ცხოვრების ახალ გზაზე უსაფრთხოება და საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია. მჯერა, რომ ის ღირებულებები, რაც მათ სკოლამ მისცა, დაეხმარება, ყოველი გადაწყვეტილება გონივრულად მიიღონ.“
ტიგრან სარუხანიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დილითის საჯარო სკოლის დირექტორი:
„თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი დიდი მიღწევის საძირკველი ბავშვების შინაგანი მოტივაცია და მიზანსწრაფულობაა. უდიდეს სიამაყეს მგვრის იმის დანახვა, თუ როგორ უყვართ ჩვენს მოსწავლეებს სწავლა და როგორი ენთუზიაზმით უდგებიან ყოველ სასწავლო გამოწვევას. განათლებისადმი ასეთი დამოკიდებულება მაძლევს მყარ საფუძველს, ვიყო დარწმუნებული მათ შესაძლებლობებში. მჯერა, რომ ცხოვრების დიდ გზაზე ისინი კიდევ არაერთ მწვერვალს დაიპყრობენ და ასახელებენ როგორც საკუთარ ოჯახს, ისე მშობლიურ სკოლას.
თამაზ ბერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის ტანძიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი:
„ჩვენი ქვეყნის ყველა მოსწავლეს გულით ვუსურვებ უდიდეს წარმატებას ცხოვრების ახალ ასპარეზზე. თუმცა, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, მივიჩნევ, რომ სწორედ ახლა, სასწავლო წლის დასრულებისას, თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიფრთხილისა და გონიერების გამოჩენა გვმართებს. ამ გარდამტეხ დღეებში ბავშვებს ორმაგი ყურადღება, მზრუნველობა და მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ სკოლამ, მასწავლებელმა და დირექტორმა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მოსწავლეთა მაქსიმალური უსაფრთხოება, რათა ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული მშვიდობიანი და დაუვიწყარი იყოს. სწორედ ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეებთან ყოველთვის გვქონდეს უწყვეტი, ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია - ჩვენი ყურადღება მათი მშვიდი მომავლის გარანტიაა.“
მალხას მალხასიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქარცეფის საჯარო სკოლის დირექტორი:
„სკოლაში ბავშვი დაცულად უნდა გრძნობდეს თავს, ჩვენი მოვალეობა კი მათი მხარდხაჭერაა. ყველა მე-12 კლასელს ცხოვრების ახალ, დამოუკიდებელ გზაზე უდიდეს გამარჯვებებსა და შინაგან სიმშვიდეს ვუსურვებ! დარწმუნებული ვარ, რომ ბრწყინვალე მომავალი ელით. არასოდეს შეეშინდეთ შეცდომების, შეინარჩუნონ ადამიანობა, ემპათია და მუდამ სჯეროდეთ, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებენ.“
მელანია ვართანიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პატარა არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ყველა კურსდამთავრებულს ამ ახალ, დიდ ცხოვრებაში უდიდეს წარმატებებსა და აღიარებას ვუსურვებ! დარწმუნებული ვარ, ყოველი მათგანი იქნება პოზიტიური ცვლილებების ავტორი საზოგადოებაში. ჩვენ კი მათი მხარდამჭერნი უნდა ვიყოთ - სკოლა მხოლოდ განათლებას არ უნდა აძლევდეს ბავშვებს, ჩვენი ვალია ისინი ქვეყნის ღირსეულ მოქალქეებად ჩამოყალიბდნენ.“
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა
ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული - იხილეთ რომელ გამოცდაზე რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა
„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“
საინტერესო პრაქტიკა და გამოცდილება ქვეყნების მიხედვით